ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016523
11
05/06/2024
ვებგვერდი, 06/06/2024
010250020.35.119.016523
ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 5 ივნისი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და 85-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე



დანართი
ხონის  მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი

„სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფის“ მიზანია ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას ჩართულ იქნეს სამოქალაქო ინიციატივები, მომავალი გეგმების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს საზოგადოებრივი ინტერესები, მიეცეს ქ. ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, საინიციატივო ჯგუფებსა და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა, თვითონ შეიმუშაონ და განსაზღვრონ კონკრეტულ დასახლებაში, უბანში არსებული პრიორიტეტული პროექტები.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წესი შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და განსაზღვრავს ხონის  მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს – „სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფი“ (შემდგომში „სამუშაო ჯგუფი0“) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის და თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელე/ები,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი/ები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი/ები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი/ები.

3. სამუშაო ჯგუფი შედგება 7 წევრისაგან.

4. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.


მუხლი 2. დასაფინანსებელი პროექტის წარდგენა და ადმინისტრირება
1. საპროექტო განაცხადის წარდგენა (რეგისტრაცია) ხდება ელექტრონულად, ამისთვის სპეციალურად შექმნილი მართვისა და ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის ელექტრონული მისამართია:    https://khoni.cpc.org.ge/.

2. საპროექტო განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება აქვს  ქ. ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს, საინიციატივო ჯგუფებს.

3. პროექტი უნდა შეიცავდეს:

ა) წარმდგენის ან/და უფლებამოსილი პირის დასახელებას ან/და სახელს, გვარს, პირად, ნომერს, იურიდიული მისამართს, ელექტრონულ ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

ბ) პროექტის მოკლე აღწერა სავარაუდო მოცულობის და ღირებულების მითითებით.

4. განხილვას ექვემდებარება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ წესს.

5. დაუშვებელია შემდეგი შინაარსის პროექტების განხილვა:

ა) შეეხება ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს;

ბ) პროექტის დაფინანსება წარმოადგენს სხვა უწყების კომპეტენციას.

გ) წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების პროცედურა, რომელიც გამორიცხავს პროექტის განხორციელებას.

6. რეგისტრირებული პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:

ა) ამ წესთან შესაბამისობის დადგენის მიზნით განიხილება ელექტრონული სისტემისა და პროექტის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ;

ბ) თუ ადმინისტრატორის მიერ ვერ მოხდა შესაბამისობის დადგენა, პროექტი განსახილველად გადაეცემა სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით;

გ) გამოქვეყნდება ხმის მიცემის პროცედურებში მონაწილეობის მიღების მიზნით.

7. ხმის უფლება აქვს ხონის მუნიციპალიტეტის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სრულწლოვან პირს.

8. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის განხორციელება ხდება ეტაპებად, რომლის მიმდევრობისა და ვადების დადგენა ხდება მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. ერთი ეტაპი არ შეიძლება გაგრძელდეს 1 საბიუჯეტო წელზე მეტი ხნის განმავლობაში.


მუხლი 3. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება და დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენა
1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ მომზადების ეტაპზე განიხილოს  ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული საპროექტო განცხადებები (შემდგომში „პროექტი“), შეამოწმოს განცხადებების სისწორე შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სამართლებრივი ასპექტები (არის თუ არა მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი), ტექნიკური ასპექტები (რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება), ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასება), პროექტის განხორციელების ვადები, ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს; საჭიროების შემთხვევაში პროექტის განხილვისას მოიწვიოს პროექტის ავტორი.

2. პროექტის ფარგლებში სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშზე ყოველი ეტაპის დასაწყისისას ირიცხება ვაუჩერი, რომელიც ამავე დროს შეადგენს ერთი სრული ხმის დადგენილ ფასს. მომხმარებლების მიერ ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე ეტაპის განმავლობაში.

3. ხმის მიცემის შედეგად ხმის დადგენილი ფასით  ხდება პროექტის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ღირებულების შესაბამისი თანხის შეგროვება.

4. პროექტები, რომლებიც შეძლებენ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი თანხის შეგროვებას დაფინანსდება თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით.

5. ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 100 (ასი) ლარს.

6. ხონის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია ყველა ის პროექტი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს, ასახოს პროექტის გამარჯვების მომენტისათვის მიმდინარე ან მომავალი პირველი წლის დასაგეგმ ბიუჯეტში   და შეასრულოს  სტანდარტული პროცედურების გამოყენებით. 

7. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია პროექტის მიმდინარეობისას შეამოწმოს  მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივები კონკრეტულ დასახლებაში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების თაობაზე, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

8. 2024 წელს ,,სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი საერთო თანხა შეადგენს 100 000 (ასი ათასი) ლარს, რომელიც გადანაწილდება ქ. ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში.

სამოქალაქო ბიუჯეტირების განხორციელება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) საინფორმაციო კამპანია;

ბ) პროექტების შემუშავება და წარდგენა;

გ) პროექტების ვერიფიკაცია;

დ) სამოქალაქო ბიუჯეტირების საპროექტო ინიციატივებზე  საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა;

ე)  ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა;

ვ) პროექტის განხორციელება, შეფასება და მონიტორინგი.

9. საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ თარიღებში.

10. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გამოავლინოს ვერიფიცირებული პროექტი  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ თარიღების შესაბამისად.

11. მოქალაქეთა  ინიციატივები   განხილვის მიზნით  წარედგინება სამუშაო ჯგუფს.   სამუშაო ჯგუფი თავის სხდომებზე შემოსული საპროექტო განაცხადებს განიხილავს, შეისწავლის და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს  დასკვნებსა და რეკომენდაციებს. მიღებულ გადაწყვეტილებებს გადაუგზავნის ხონის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებების ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით.


მუხლი 4. სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა და საქმიანობის წესი
1. სამუშაო ჯგუფი  შედგება სამუშაო ჯგუფის წევრთაგან მათ შორისაა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

2.  სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) უხელმძღვანელოს სამუშაო ჯგუფის მუშაობას, მოიწვიოს და გაუძღვეს სამუშაო ჯგუფის სხდომებს;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას;

გ) ხელი მოაწეროს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმებს;

დ) დაამტკიცოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა და დღის წესრიგი, აკონტროლოს მისი სამუშაო გეგმისა და მიღებული გადაწყვეტილების შესრულება;

ე) შეასრულოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობითი ფუნქცია;

ვ) არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე მოიწვიოს სამუშაო ჯგუფის სხდომა და სამუშაო ჯგუფის სხდომამდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობოს აღნიშნულის შესახებ სამუშაო ჯგუფის წევრებს და დაინტერესებულ სუბიექტებს;

ზ) სხდომა გამოაცხადოს გახსნილად, წარადგინოს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები და სხდომა გამოაცხადოს დახურულად;

თ) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ისევე როგორც სამუშაო ჯგუფის სხვა წევრები, სარგებლობს კონკრეტული საკითხის განხილვისას ერთი ხმის უფლებით;

ი) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მონაწილეობის მიღების მიზნით მოიწვიოს სპეციალისტი, რომელმაც შეიძლება ისარგებლოს სათათბირო ხმის უფლებით.

3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე.

4.  სამუშაო ჯგუფის მდივანი:

ა) ადგენს დღის წესრიგს და დასამტკიცებლად წარუდგენს თავმჯდომარეს;

ბ) ადგენს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმს, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე,  სამუშაო ჯგუფის წევრები და ასევე ის პირები, რომლებიც ამ სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდნენ.

5. სამუშაო ჯგუფის წევრი:

ა) მონაწილეობას იღებს სამუშაო ჯგუფის სხდომებში;

ბ) აფიქსირებს სრულყოფილ პოზიციას დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე და  სარგებლობს ერთი ხმის უფლებით;

გ) ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმს.

6. მოწვეულ სპეციალისტზე ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.

7. სამუშაო ჯგუფის წევრებს უნდა მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება სამუშაო ჯგუფში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

8. სამუშაო ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

გ) გამოიჩინა აშკარა მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის სამუშაო ჯგუფის წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ე) სასამართლომ აღიარა მხარდაჭერის მიმღებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადდა გარდაცვლილად;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების არსებობისას, რაც შეუძლებელს ხდის სამუშაო ჯგუფის წევრის უფლებამოსილების განხორციელებას.

9. სხდომის ოქმს არაუგვიანეს 5 დღის ვადაში  სამუშაო ჯგუფი წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.

10. სამუშაო ჯგუფი იკრიბება არსებული საჭიროებისას,  სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის ან/და სამუშაო ჯგუფის წევრთა 1/3-ის მოთხოვნის შემთხვევაში. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგი შედგება მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო განცხადებების   შესაბამისად.


მუხლი 5. ანგარიშვალდებულება
სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია ხონის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.