ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 75969/14
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 07/05/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2024
სარეგისტრაციო კოდი
75969/14
07/05/2024
ვებგვერდი, 03/06/2024
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 

მეხუთე სექციის გადაწყვეტილება

საქმე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი N 75969/14)

სტრასბურგი

2024 წლის 7 მაისი

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

          კარლო რანზონი, თავმჯდომარე,
          ლადო ჭანტურია,
          მარია ელოსეგუი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 75969/14) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2014 წლის 26 ნოემბერს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ ბატონმა ვახტანგ მაისაიამ (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1972 წელს, მცხოვრები თბილისში, რომელსაც წარმოადგენდნენ ქ-ნი ნ. ლონდარიძე და თ. ავალიანი, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში;

გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;

მხარეთა მოსაზრებები;

გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის პრეტენზიის უარყოფასთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ საჩივრის განხილვის შესახებ;

2024 წლის 4 აპრილის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

საქმის არსი

1. საქმე ძირითადად ეხება კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მომჩივნის მიმართ სავარაუდო ცუდ მოპყრობას ციხეში, რაც, სავარაუდოდ, იყო პატიმრების მიმართ გავრცელებული და სისტემატური ცუდი მოპყრობის შემადგენელი ნაწილი იმ დროისათვის, აგრეთვე, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების წარუმატებლობას, ეფექტურად გამოეძიებინათ მისი ბრალდებები.

2. 2009 წლის 5 მაისს მომჩივანი დააკავეს და მოათავსეს საპოლიციო პატიმრობაში ჯაშუშობის ჩადენაში ეჭვის საფუძველზე, რისთვისაც ის შემდგომში გაასამართლეს.

3. 2009 წლის 8 მაისს მომჩივანი საპოლიციო პატიმრობიდან გადაიყვანეს თბილისის მე-8 საპყრობილეში (შემდგომში „გლდანის ციხე“). გლდანის ციხეში გადაყვანისთანავე ექიმმა ის გასინჯა და სამედიცინო ჩანაწერში აღნიშნა, რომ მიყვანის მომენტში მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და ჯანმრთელი იყო, ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე.

4. 2010 წლის 25 აგვისტოს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მომჩივნის იმავე დღეს წარდგენილი საჩივრის საპასუხოდ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება იმ ცუდი მოპყრობის ფაქტზე, რომელიც მომჩივანმა განიცადა ციხის ბადრაგის მხრიდან წინა დღეს, 24 აგვისტოს, გლდანის ციხეში. მომჩივანს დაუყოვნებლივ დაენიშნა სამედიცინო შემოწმება, რომლის შედეგებმაც გამოავლინა ცუდი მოპყრობის ნიშნები (ბევრი სისხლჩაქცევა და დაზიანებები) მის სახესა და სხეულზე. გამომძიებლებმა ასევე დაკითხეს რამდენიმე მოწმე – მომჩივნის თანამესაკნეები, აგრეთვე, გლდანის ციხის ბადრაგები. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა თანამესაკნემ დაადასტურა, რომ მომჩივანს სცემეს ციხის ბადრაგებმა, სხვა გამოკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ მომჩივანმა თავად მიაყენა ეს დაზიანებები საკუთარ თავს და სხეულს კედელსა და ფანჯრის ცხაურზე დარტყმით.

5. 2010 წლის 25 აგვისტოს გამომძიებლების მიერ დაკითხვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ 2010 წლის 24 აგვისტოს ინციდენტის გარდა, ის რეგულარულად განიცდიდა ცუდ მოპყრობას გლდანის ციხეში და, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ეს სისტემატური ქმედებები გაგრძელდა 2009 წლის 8 მაისსა და 23 ივნისს შორის პერიოდში. მან ასევე გადასცა გამომძიებლებს მასზე მოძალადეების სახელები და მიაწოდა დამატებითი დეტალები მის მიმართ ცუდი მოპყრობის გარემოებების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2010 წლის 24 აგვისტოს.

6. 2010 წლის 13 სექტემბერს მომჩივნის საქმის შესახებ გამოცემულ სპეციალურ განცხადებაში წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციამ (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარია) შეშფოთება გამოხატა ციხეში მომჩივნის უსაფრთხოების შესახებ. განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ მომჩივნის ოჯახიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც მან გლდანის ციხეში ცუდი მოპყრობის შესახებ განაცხადა (იხ. წინა პარაგრაფი), მან დაიწყო ციხის სიკვდილის მუქარების მიღება ციხის ბადრაგების მხრიდან.

7. 2010 წლის 22 სექტემბრიდან 2012 წლის მაისამდე მომჩივანმა რამდენჯერმე (მინიმუმ ოთხჯერ) მოიკითხა ინფორმაცია სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში, ასევე მთავარ პროკურატურაში. გარდა ამისა, ეყრდნობოდა რა ცუდი მოპყრობის კვალის არსებობის დამადასტურებელ სამედიცინო დასკვნას (იხ. პარაგრაფი 4 ზემოთ), მან არაერთხელ მოითხოვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მისი წერილები ან უპასუხოდ დარჩა, ან ხელისუფლების ორგანოებმა აცნობეს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

8. 2012 წლის სექტემბერში ქართულმა მედიამ გაავრცელა კადრები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში პატიმართა მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ („ციხის სკანდალი“).

9. 2013 წლის 13 იანვარს მომჩივანი გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ამნისტიის საფუძველზე.

10. 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის ოქტომბრამდე პერიოდში მომჩივანი არაერთხელ (მინიმუმ ექვსჯერ) დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მოითხოვა დაზარალებული სტატუსის მინიჭება. ეს განმეორებითი მოთხოვნები ან უპასუხოდ დარჩა, ან პროკურატურამ აცნობა მომჩივანს, რომ ის უნდა დალოდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას.

11. საქმის მასალებში არსებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის გამოძიება გლდანის ციხეში მომჩივნის მიმართ ცუდი მოპყრობის ფაქტზე, თუმცა სხვა დეტალები მისი მიმდინარეობის შესახებ უცნობია.

სასამართლოს შეფასება

  1. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

12. რაც შეეხება საჩივრის მისაღებობას, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს საჩივარი არ წარუდგენია სასამართლოში საკმარისად სწრაფად, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, რადგან მომჩივანმა დროულად ვერ გააჟღერა თავისი პრეტენზიები შესაბამის ეროვნული ორგანოებში. მომჩივანი არ დაეთანხმა.

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ, თუმცა, მომჩივანს სავარაუდოდ სცემეს გლდანის ციხის ბადრაგებმა 2010 წლის 24 აგვისტოს, მან თავისი საჩივრები მიმართა კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებში მეორე დღესვე. 2005 წლის 25 აგვისტოს გამომძიებლების მიერ პირველად დაკითხვისას, მომჩივანი ასევე პრეტენზიას აცხადებდა რეგულარულ ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებით, რასაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა გლდანის ციხეში 2009 წლის 8 მაისიდან 23 ივნისამდე პერიოდში. აღნიშნული პერიოდი არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მომჩივნის სათანადო გულისხმიერება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან ცუდი მოპყრობის ფსიქოლოგიურმა შედეგებმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს აუცილებელი ზომები დამნაშავის წინააღმდეგ სამართალწარმოების დროულად დასაწყებად მაშინ, როცა დაზარალებული რჩება იმავე სახელმწიფო წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ (იხ. საქმეOchigava v. Georgia, no. 14142/15, § 51, 2023 წლის 16 თებერვალი). ამის გათვალისწინებით, სასამართლოსთვის საკმარისია ის, რომ მომჩივანმა დაუყოვნებლივ გააჟღერა თავისი პრეტენზია კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებში გლდანის ციხეში მის მიმართ სავარაუდო ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, რეგულარულად ცდილობდა გაეგო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ეფექტური შედეგის იმედით, ამ საჩივრის წარდგენამდე (იხ. პარაგრაფები 7და 10ზემოთ და შეადარეთ Ochigava-ს საქმე, ციტირებული ზემოთ, § 52, მასში მომდევნო მითითებებით).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, რომ დაასკვნას, რომ 2014 წლის 26 ნოემბერს, სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს მომჩივანმა იცოდა, ან მას უნდა სცოდნოდა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ არ არსებობდა ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების პერსპექტივა. ამიტომ, მთავრობის პრეტენზია უნდა იქნეს უარყოფილი. ვინაიდან საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით, ის მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

15. მხარეებმა სამართლებრივი არგუმენტები გაცვალეს საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით.

16. შესაბამისი ზოგადი პრინციპები, რომლებიც ეხება პროცედურულ და მატერიალურ ვალდებულებებს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში, შეჯამებულია სასამართლოს მიერ საქმეში Bouyid v. Belgium ([GC], no. 23380/09, §§ 81-88 და 114‑23, ECHR 2015).

17. რაც შეეხება მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პროცედურულ ვალდებულებებს, სასამართლო იმეორებს, რომ ეფექტური შემაკავებელი ფაქტორი ისეთი სერიოზული ქმედებებისთვის, როგორიცაა პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობაზე განზრახ თავდასხმა, მოითხოვს ეფექტურ სისხლის სამართლის რეაგირებას (შეადარეთ, მაგ., საქმე Pulfer v. Albania, no. 31959/13, § 71, 2018 წლის 20 ნოემბერი). თუმცა, ამ საქმის გარემოებები მიუთითებს მნიშვნელოვან ხარვეზებზე მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მიღებულ სისხლის სამართლის ღონისძიებებში. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა ოფიციალურად გააჟღერა ცუდი მოპყრობის შესახებ პრეტენზიები ჯერ კიდევ 2010 წლის აგვისტოში, ყველა დეტალი და სავარაუდო დამნაშავეების ვინაობაც კი, კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანოებმა მაინც ვერ გამოიძიეს მისი საქმე და ვერ მისცეს დამნაშავე პასუხისგებაში. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან იყო აუხსნელი უმოქმედობის პერიოდები და, უფრო მეტიც, მომჩივანს დაუსაბუთებლად ჩამოერთვა დაზარალებული მხარის საპროცესო უფლებაუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემდა თვალყური ედევნებინა გამოძიების მიმდინარეობისთვის, შეეფასებინა მისი სანდოობა და წვლილი შეეტანა მის სათანადო განხორციელებაში (შეადარეთ საქმე Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia, no. 21571/05, § 108, 2017 წლის 1 ივნისი). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ „დაყოვნებული მართლმსაჯულება ხშირად არის მართლმსაჯულების უარყოფა“, ვინაიდან უსაფუძვლო უმოქმედობის პერიოდებმა და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სამართალწარმოებისას გულმოდგინეობის ნაკლებობამ შესაძლოა გამოძიება არაეფექტური გახადოს (შეადარეთOchigava-ს საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 58-59).

18. რაც შეეხება საჩივარს მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის ფარგლებში, სასამართლო იხსენებს, რომ თითქმის იდენტურ საქმეში მან უკვე დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მოწოდებული შესაბამისი დასკვნების საფუძველზე პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ენდემური პრობლემის არსებობასთან დაკავშირებით ქვეყნის სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, განსახილველი პერიოდის განმავლობაში მართლაც იყო „სისტემური და სისტემატური ცუდი მოპყრობა“ საქართველოს რიგ ციხეებში პატიმრების მიმართ ციხის თანამშრომლების მხრიდან (შეადარეთ Ochigava-ს საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 7, 34 და 61). ანიჭებს რა დამატებით მნიშვნელობას იმ ფაქტს, რომ მოცემულ საქმეში არსებობს საკმარისი სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მომჩივნის სახეზე დაზიანებების არსებობას, რომელთა წარმოშობა შეესაბამება სავარაუდო მოპყრობას და, რომ საჭირო არასასურველი დასკვნები შეიძლება გამოტანილ იქნეს ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ ეფექტური გამოძიების წარუმატებლობის გამო (შეადარეთ, იქვე, § 61), სასამართლო იღებს მომჩივნის მიერ წარმოდგენილ შესაბამის ფაქტებს და ადგენს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ცუდ მოპყრობას და ეს მიეკუთვნება მოპასუხე სახელმწიფოს.

19. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ასპექტების დარღვევას.

  1. საჩივრის დანარჩენი ნაწილი

20. მომჩივანმა ასევე გამოთქვა სხვა პრეტენზიები მე-3 მუხლის ფარგლებში. სასამართლომ განიხილა საჩივრის ეს ნაწილი და მიიჩნია, რომ მის წინაშე არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით და, რამდენადაც გასაჩივრებული საკითხები მის კომპეტენციაში შედის, ეს საჩივრები ან არ აკმაყოფილებს კონვენციის 34-ე და 35-ე მუხლებში დადგენილ მისაღებობის კრიტერიუმებს, ან არ აჩვენებს კონვენციაში ან მის ოქმებში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რაიმე ნიშანს.

21. აქედან გამომდინარეობს, რომ საჩივრის ეს ნაწილი უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

22. მომჩივანმა მოითხოვა 50 000 ევრო მორალურ ზიანთან დაკავშირებით.

23. მთავრობამ უპასუხა, რომ მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.

24. სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანს მიადგა მორალური ზიანი, რომლის კომპენსაციაც ვერ მოხდება მხოლოდ დარღვევის დადგენით. საქმის შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე, სხვადასხვა სამართლიანი მოსაზრებიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მომჩივანს მიაკუთვნოს 15,000 ევრო ამ მიმართებით, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად

  1. აცხადებს მისაღებად საჩივარს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში, რომელიც ეხება გლდანის ციხეში მომჩივნის მიმართ ცუდ მოპყრობას და კომპეტენტური ეროვნული ორგანოების მიერ გამოძიების წარუმატებლობას, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს მიუღებლად;
  2. ადგენს, რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას მის მატერიალურ და პროცედურულ ასპექტებში;
  3. ადგენს,
  1. რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს მომჩივანს 15 000 ევრო (თხუთმეტი ათასი ევრო), რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით;
  2. რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
  1. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2024 წლის 7 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

  მარტინა კელერი   

სექციის განმწესრიგებლის მოადგილე 

კარლო რანზონი

  თავმჯდომარე