დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 21/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 28/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.060.000.17.010.007.820 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.17.010.007.820
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის დადგენილება №11
2005 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის დარეგულირების და სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და მე-15 თავის შესაბამისად, კომისიამ 2005 წლის 18 მაისს მიიღო დადგენილება №8 ,,საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილების 33 პუნქტში, საიდანაც ამოღებულ იქნა მითითებული SS7, H323, SIP ტექნიკური სტანდარტები, რის შემდეგაც აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირით მომსახურების ოპერატორებმა (მათ შორის ინტერნეტ ტელეფონიის სისტემების მფლობელმა ოპერატორებმა) ურთიერთოპარაბელურობის უზრუნველყოფის მიზნით აღიარებულ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი ქსელების სიგნალიზაციის სისტემები, შესაბამისი ინტერფეისები და უზრუნველყონ მათ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში სიგნალიზაციის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებების ასახვა ამ ინფორმაციის სახისა და მოცულობის მითითებით.” ამ ცვლილებით გამოირიცხა ელექტრონული კომუნიკაციების ოპერატორების მიერ სხვადასხვა ტექნიკური სტანდარტების გამოყენების შეზღუდვა.
აღნიშნული დადგენილება 2005 წლის 19 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შეტანილ იქნა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი №320.060.000.17.010.007.414), თუმცა იგი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად, „ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ იმ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილია ოფიციალურ ორგანოდ.“
კომისიას მიაჩნია, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 18 მაისის №8 დადგენილება, ცნობილ უნდა იქნეს იურიდიული ძალის არმქონე აქტად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილების 33 პუნქტში სათანადო ცვლილების შეტანის შესახებ, კომისიამ უნდა მიიღოს ახალი დადგენილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ვინაიდან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 18 მაისის №8 დადგენილების გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, ვინაიდან საქართველოს ნორმატიული აქტი ექვემდებარება გამოქვეყნებას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში, რაც გაშვებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და მე-15 თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:
1. ცნობილ იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 18 მაისის №8 დადგენილება ,,საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ იურიდიული ძალის არმქონე აქტად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე.
2. ,,საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში (სსმ III, 2001 წ., №55, მუხლი 413) შეტანილ იქნეს ცვლილება და მისი 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირით მომსახურების ოპერატორებმა (მათ შორის ინტერნეტ ტელეფონის სისტემების მფლობელმა ოპერატორებმა) ურთიერთოპარაბელურობის უზრუნველყოფის მიზნით აღიარებულ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი ქსელების სიგნალიზაციის სისტემები, შესაბამისი ინტერფეისები და უზრუნველყონ მათ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში სიგნალიზაციის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებების ასახვა ამ ინფორმაციის სახისა და მოცულობის მითითებით.”
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები