დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პროკურორის ორგანოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 25/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 26/10/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.39.036.007.814 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.39.036.007.814
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №23
2005 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის “ო” ქვეპუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 10.12.2004, №146, მუხ. 1326) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის პირობებს.”.
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-8 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის “თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“თ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).”.
ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “დ” ქვეპუნქტი:
“დ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ.”.
4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ა) კონკურსის პროგრამას და კონკურსის პირველი ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებს.”.
5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
კონკურსის პირველი ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობები ქვეყნდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.”.
6. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14.
კომისიის თავმჯდომარე ტესტირების ჩატარების დღიდან გონივრულ ვადაში აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატებს ტესტირების შედეგებს.
მუხლი 15.
სტაჟიორობის კანდიდატის თეორიული ცოდნისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისათვის ტარდება გასაუბრება.”.
7. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით პირი შეიძლება დაინიშნოს სტაჟიორად საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.”.
8. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20.
1. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
2. სტაჟიორს კომისიის თავმჯდომარე განუსაზღვრავს სტაჟირების გავლის ინდივიდუალურ პროგრამას.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არა უადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე.
4. სტაჟიორს, რომელიც სტაჟირების მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, კომისიის დასკვნის საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირება.
5. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის განხილვის პროცესში სტაჟიორის მონაწილეობა სავალდებულოა.
6. სამუშაოზე ხანძლივად არყოფნის პერიოდი (ხანძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება და სხვა) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.
7. სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში.”.
9. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.”.
10. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24.
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან ათი დღის ვადაში შეადგინოს დასკვნა სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით და წარუდგინოს იგი კომისიის თავმჯდომარეს და გენერალურ პროკურორს.”.
11. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25.
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) ამ წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა;
ე) “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”–”გ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”–”გ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მოწმობას 3 დღის ვადაში აბარებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ მუშაკს აბარებს ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” – ”გ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ მუშაკს აბარებს იმ დოკუმენტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.”.
12. მე-8 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VIII
სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება და საქართველოს პროკურატურის რეზერვი
მუხლი 26.
1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ კომისია ერთი თვის განმავლობაში ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.
2. კომისიას სტაჟიორთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს.
3. კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორს წარუდგენს იმ პირების მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. აღნიშნული პირები გენერალური პროკურორის ბრძანებით ინიშნებიან შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ირიცხებიან საქართველოს პროკურატურის რეზერვში (შემდგომში – რეზერვი).
4. რეზერვის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის მუშაკთა კანდიდატების შერჩევა საქართველოს პროკურატურაში წარმოქმნილი ვაკანსიების დასაკავებლად.
5. პროკურატურის ორგანოებში ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში, რეზერვში ჩარიცხული პირის თანხმობით, კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორს წარუდგენს რეზერვში ჩარიცხულ იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. გენერალური პროკურორის მიერ კანდიდატის მოწონების შემთხვევაში რეზერვში ჩარიცხული პირი ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე.
6. პირი, რომელმაც გაიარა სტაჟირება, საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე არ ინიშნება, ხოლო რეზერვში ჩარიცხული პირი რეზერვიდან ამოირიცხება:
ა) გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანად ცნობის შემთხვევაში;
ე) სხვა სამუშაოდან მაკომპრომეტირებელი საფუძვლით დათხოვნის შემთხვევაში;
ვ) ორი წლის განმავლობაში რეზერვში ჩარიცხული პირის პროკურატურის ორგანოებში დაუნიშნავობის შემთხვევაში, თუ თანამდებობაზე დაუნიშნავობა გამოწვეულია რეზერვში ჩარიცხული პირის მიზეზით.
7. პირის რეზერვიდან ამორიცხვა ხდება სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
8. რეზერვში ჩარიცხული პირი, “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება ატესტაციას.
9. რეზერვში ჩარიცხული პირთა აღრიცხვას აწარმოებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
10. რეზერვში ჩარიცხულ პირს რეზერვში ყოფნის პერიოდი ეთვლება საერთო შრომის სტაჟში.”.
13. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები