ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 134/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016859
134/04
30/05/2024
ვებგვერდი, 31/05/2024
220010000.18.011.016859
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ერთობლივი ბრძანება №134/04 –  №65

2024 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 526 მუხლის, „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი   მე-3 პუნქტებისა და მე-19 მუხლის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

დამტკიცდეს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის წესი“ თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა




         სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო

         ზედამხედველობის სამსახურის უფროსი                                                         დავით ონოფრიშვილი

 

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის წესი

  თავი I

ზოგადი დებულებები  

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის წესი (შემდგომ – წესი) ადგენს ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების (შემდგომ – რეგულირებული საწარმოები) კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის ტექნიკურ პრინციპებსა და შესაძლო მეთოდებს.

2. რეგულირებულმა საწარმოებმა ფინანსური კონგლომერატის დონეზე უნდა უზრუნველყონ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრულ კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. ამ წესით გათვალისწინებული გამოთვლის მეთოდებიდან ერთ-ერთი მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე იღებს კოორდინატორი.  

4. იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც არ არის რეგულირებული ამ წესით, საზედამხედველო ორგანოები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის 2002/87/EC დირექტივით, ევროკომისიის 2014 წლის 21 იანვრის №342/2014 დელეგირებული რეგულაციითა და შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კაპიტალი – იმ რეგულირებულ საწარმოთა შემთხვევაში, რომელთაც შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული აქვთ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები, გულისხმობს საზედამხედველო კაპიტალს, ხოლო სხვა შემთხვევაში – საწარმოს საკუთარ კაპიტალს;

ბ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად; რეგულირებული საწარმოსთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა დგინდება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ;

გ) გადახდისუნარიანობის მარჟა – „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი სექტორული ზედამხედველობის წესებით განსაზღვრული   გადახდისუნარიანობის მარჟა;

დ) გამოშვებული კაპიტალი – საწარმოს განთავსებული კაპიტალი, რომელიც არის სამეწარმეო საზოგადოების მიერ განსაზღვრული ფულადი ოდენობა;

ე) არარეგულირებული საწარმო – ჯგუფში შემავალი ფინანსური სექტორის არარეგულირებული საწარმო.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

  თავი II

ტექნიკური პრინციპები  

მუხლი 3. კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის ზოგადი პრინციპები

1. ამ წესით გათვალისწინებული გამოთვლის მეთოდთაგან ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას, როდესაც რეგულირებული საწარმო წარმოადგენს შვილობილ საწარმოს და აქვს კაპიტალის/გადახდისუნარიანობის დეფიციტი, ხოლო არარეგულირებული საწარმოს შემთხვევაში – პირობითი კაპიტალის/გადახდისუნარიანობის დეფიციტი, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შვილობილი საწარმოს კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მთლიანი დეფიციტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ კოორდინატორის მოსაზრებით მშობელი საწარმოს პასუხისმგებლობა შვილობილი საწარმოს წილთან მიმართებით მკაცრად შემოფარგლული და ცალსახაა, კოორდინატორს უფლება აქვს დაუშვას შვილობილი საწარმოს კაპიტალის/გადახდისუნარიანობის დეფიციტის პროპორციულად გათვალისწინება.

3. თუ ფინანსურ კონგლომერატში შემავალ საწარმოთა შორის არ არსებობს კაპიტალში წილის ფლობით გამოწვეული კავშირები, კოორდინატორი, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად განსაზღვრავს თუ რა პროპორციული ნაწილი უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში, იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რომელსაც არსებული ურთიერთობა წარმოშობს.

მუხლი 4. სხვა ტექნიკური პრინციპები

1. მიუხედავად ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლისას გამოყენებული მეთოდისა, კოორდინატორი და, საჭიროებისამებრ, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები, უზრუნველყოფენ შემდეგ პრინციპთა დაცვას:

ა) ფინანსური კონგლომერატის დონეზე კაპიტალის მოცულობის გამოთვლისა და   ხელმისაწვდომი კაპიტალის ოდენობის უკეთ განსაზღვრისთვის, უნდა მოხდეს როგორც ჯგუფის ფარგლებში კაპიტალის ელემენტთა/ერთეულების მრავალჯერადი გამოყენების (multiple gearing), ასევე პირდაპირი ან არაპირდაპირი შიდაჯგუფური ტრანზაქციებით წარმოშობილი კაპიტალის დაქვითვა (ელიმინირება). შესაბამისად, ფინანსური კონგლომერატის დონეზე კაპიტალის მოცულობის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება აღნიშნული გზებით წარმოშობილი კაპიტალი. კაპიტალის ელემენტთა/ერთეულების მრავალჯერადი გამოყენების (multiple gearing) და შიდაჯგუფური ტრანზაქციებით წარმოშობილი კაპიტალის დაქვითვის (ელიმინირების) მიზნით, საზედამხედველო ორგანოებმა, ანალოგიის პრინციპით უნდა გაავრცელონ შესაბამისი სექტორული ზედამხედველობის წესებით გათვალისწინებული პრინციპები;

ბ) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი   ფინანსური სექტორის თითოეული საწარმოს შემთხვევაში , კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟასთან დაკავშირებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს სექტორული ზედამხედველობის წესების მიხედვით, შესაბამისი კაპიტალის ელემენტების/ერთეულების საშუალებით. თუ კაპიტალის დეფიციტი სახეზეა ფინანსური კონგლომერატის დონეზე, მხოლოდ თითოეული სექტორული ზედამხედველობის წესებით გათვალისწინებული შესაბამისი კაპიტალის ელემენტები/ერთეულები (სექტორთშორისი კაპიტალი) იქნება გათვალისწინებული კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებით მოთხოვნებთან შესაფერისობის შეფასების/გადამოწმების მიზნებისათვის.

2. თუ სექტორული ზედამხედველობის წესებით განსაზღვრულია გარკვეული შეზღუდვები კაპიტალის ინსტუმენტების დასაშვებობის კუთხით (სექტორთშორისი კაპიტალი), აღნიშნული შეზღუდვები შესაბამისად გაითვალისწინება ფინანსური კონგლომერატის დონეზე კაპიტალის მოცულობის გამოთვლისას.

3. ფინანსური კონგლომერატის დონეზე კაპიტალის მოცულობის გამოთვლისას, საზედამხედველო ორგანოებმა ასევე მხედველობაში უნდა მიიღონ ჯგუფის შიგნით საწარმოთა შორის კაპიტალისა და აქტივების გადაცემისა და ვალდებულებათა დაფარვის შესაძლებლობის და ხელმისაწვდომობის ეფექტურობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ჯგუფში შემავალ რეგულირებულ საწარმოთა არსებული ისეთი კაპიტალი, რომელიც აღემატება სექტორული ზედამხედველობის წესების მიხედვით აღნიშნულ საწარმოთა კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნებს, ფინანსური კონგლომერატის დონეზე კაპიტალის მოცულობის გამოთვლისას, ისევე როგორც ჯგუფში შემავალი თითოეული რეგულირებული და არარეგულირებული საწარმოს ჯამურ კაპიტალში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია აღნიშნული სახსრების ფინანსური კონგლომერატის საწარმოებისთვის, მათ შორის განსხვავებულ სექტორებს შორის, შეუფერხებელი გადაცემა.

5. თუ ამ წესით გათვალისწინებული გამოთვლის მეთოდების ფარგლებში, არარეგულირებული საწარმოს შემთხვევაში, ხდება პირობითი კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნის გამოთვლა, აღნიშნული გულისხმობს კაპიტალის/გადახდისუნარიანობის იმგვარ მოთხოვნას, რომლის დაკმაყოფილებაც საწარმოს   შესაბამისი სექტორული ზედამხედველობის წესების თანახმად მოუწევდა, ფინანსური სექტორის რეგულირებული საწარმო რომ ყოფილიყო. შესაბამისად, პირობითი კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნის გამოთვლისას გამოიყენება არარეგულირებულ საწარმოსთან საქმიანობის მხრივ ყველაზე მეტად მიახლოებული რეგულირებული ფინანსური სექტორის/საწარმოს სექტორული ზედამხედველობის წესები, ხოლო თუ ასეთის განსაზღვრა შეუძლებელია, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სექტორის/საწარმოს სექტორული ზედამხედველობის წესები. შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოს შემთხვევაში, პირობითი კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნის განსაზღვრისთვის, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სექტორის/საწარმოს სექტორული ზედამხედველობის წესები.  

თავი III

გამოთვლის მეთოდები  

მუხლი 5. ბუღალტრული კონსოლიდაციის მეთოდი

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ბუღალტრული კონსოლიდაციის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ფინანსურ კონგლომერატში შემავალ რეგულირებულ საწარმოთა კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლა ხორციელდება შესაბამისი სექტორული წესებით გათვალისწინებული კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე.

2. ბუღალტრული კონსოლიდაციის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნები გამოითვლება  შემდეგ მაჩვენებელთა სხვაობის შედეგად:

ა) ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე განსაზღვრული ფინანსური კონგლომერატის კაპიტალი (კაპიტალში ჩასართავი ელემენტები/ერთეულები შეფასებული უნდა იყოს შესაბამისი სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად); და

ბ) ჯგუფში შემავალი ფინანსური სექტორის თითოეული საწარმოს მინიმალური კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნების ჯამი (კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნები ფინანსური სექტორის თითოეული საწარმოსთვის დაითვლება შესაბამისი სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვაობა არ უნდა იყოს უარყოფითი.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის, არარეგულირებული საწარმოების შემთხვევაში, პირობითი კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნა გამოითვლება ამ წესით დადგენილი პრინციპით.  

მუხლი 6 . ჩამოწერისა და აგრეგაციის მეთოდი

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჩამოწერისა და აგრეგაციის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ფინანსურ კონგლომერატში შემავალ რეგულირებულ საწარმოთა კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნები გამოითვლება ჯგუფში შემავალი თითოეული საწარმოს ინდივიდუალური ანგარიშგების საფუძველზე.

2. ჩამოწერისა და აგრეგაციის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნები გამოითვლება  შემდეგ მაჩვენებელთა სხვაობის შედეგად:

ა) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ფინანსური სექტორის თითოეული რეგულირებული და არარეგულირებული საწარმოს კაპიტალის ჯამი (კაპიტალში ჩასართავი ელემენტები/ერთეულები შეფასებული უნდა იყოს შესაბამისი სექტორული  ზედამხედველობის წესების შესაბამისად);და

ბ) შემდეგ მაჩვენებელთა ჯამი:

ბ.ა) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ფინანსური სექტორის თითოეული რეგულირებული და არარეგულირებული საწარმოს მინიმალური კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნა (მინიმალური კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნები დაითვლება შესაბამისი სექტორული  ზედამხედველობის წესების შესაბამისად);

ბ.ბ) ჯგუფის სხვა საწარმოებში მონაწილეობის საბალანსო ღირებულება.  

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვაობა არ უნდა იყოს უარყოფითი.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის, არარეგულირებული საწარმოების შემთხვევაში,  პირობითი კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნა გამოითვლება ამ წესით დადგენილი პრინციპით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ჩამოწერისა და აგრეგაციის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, გაანგარიშებისას პროპორციულობის პრინციპით მხედველობაში მიიღება გამოშვებული კაპიტალის ის წილი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მშობელი საწარმო ან საწარმო, რომელიც  ჯგუფში შემავალ სხვა საწარმოში მონაწილეობს.

მუხლი 7. კომბინაციის მეთოდი

1. კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის მიზნებისთვის შესაძლებელია კოორდინატორმა  შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება კომბინაციის მეთოდის გამოყენების თაობაზე,  რომელიც გულისხმობს ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მეთოდების კომბინირებულად გამოყენებას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული კომბინაციის მეთოდის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) კოორდინატორისა და შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების შეფასებით ან/და ფინანსური კონგლომერატის დასაბუთების საფუძელზე ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენება არ იქნება გამართლებულად მიჩნეული, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული მეთოდების გამოყენება არ იქნება შესაძლებელი ჯგუფში შემავალი ყველა საწარმოს მიმართ, კერძოდ:

ა.ა) ამ წესის მე-5 მუხლის გამოყენება ვერ მოხდება ჯგუფში შემავალი ერთი ან რამდენიმე საწარმოს მიმართ, რადგან ისინი არ ხვდებიან კონსოლიდირების ფარგლებში;

ა.ბ) ჯგუფში შემავალი რეგულირებული საწარმო მდებარეობს მესამე ქვეყანაში და შეუძლებელია საკმარისი ინფორმაციის მოპოვება ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებისთვის.

ბ) ჯგუფში შემავალი საწარმოები, რომელთა მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მეთოდები, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებით ზედამხედველობის მიზნებისთვის არიან უმნიშვნელო.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ყველა რეგულირებული საწარმოს მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ამ წესის მე-5 ან მე-6 მუხლით გათვალისწინებული გამოთვლის მეთოდი.

მუხლი 8. საზედამხედველო ზომების გატარება და სანქციების გამოყენება

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან სექტორული კანონმდებლობის საფუძველზე რეგულირებული საწარმოს მიმართ მიიღონ სექტორული ზედამხედველობის წესებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა, აგრეთვე , გამოიყენონ სექტორული ზედამხედველობის წესებით განსაზღვრული სანქციები.