„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4206-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.102279
4206-XIVმს-Xმპ
29/05/2024
ვებგვერდი, 14/06/2024
260000000.05.001.102279
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) ქსელი − თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფართო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა და რომელიც ცალსახად ორიენტირებულია მოგებაზე ან ხარჯების განაწილებაზე ან არის საერთო საკუთრება, ექვემდებარება საერთო კონტროლს ან მართვას, იყენებს საერთო საფირმო სახელწოდებას ან პროფესიული რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს და აქვს საერთო ხარისხის მართვის პოლიტიკა, პროცედურები და ბიზნესსტრატეგია;“;

ბ) „ჰ2“ ქვეპუნქტი:

„ჰ2) მნიშვნელოვანი წილი − აუდიტორული ფირმის/საბუღალტრო ფირმის წილის ან/და ხმის უფლების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხმის უფლების ოდენობის მიუხედავად.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტისგან (IFRS for SMEs);

გ) მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისგან;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისგან.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ დამტკიცებული, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs).“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს (IFRS for SMEs).“;

დ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის  (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS);“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მეოთხე კატეგორიის საწარმოებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, გამოიყენონ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) ან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ანგარიშგებების ამ კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვას უზრუნველყოფს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით.

32. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო ნორმა არ ვრცელდება იმ აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც მეოთხე კატეგორიის საწარმოები არიან. სამსახური ვალდებულია ამ აუდიტორული ფირმების ანგარიშგებები თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 7პუნქტი:

„72. სერტიფიცირებული ბუღალტერი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია სერტიფიცირებული ბუღალტერი.“;

ბ) მე-11 პუნქტი:

„11. სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომლითაც სერტიფიცირებულ ბუღალტერს სანქცია ეკისრება, ამ ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლისა და აღნიშნული სერტიფიცირებული ბუღალტრის ინფორმირების შემდეგ დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და უთითებს მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).“.

5. მე-13 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია აუდიტორი;“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გარიგების პარტნიორს არ აქვს უფლება, იყოს გარიგების პარტნიორი ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას.“;

გ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია აუდიტორული ფირმა. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას სამსახური აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვს რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.“.

6. 131 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-6 პუნქტები:

„4. საბუღალტრო ფირმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია საბუღალტრო ფირმა. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას სამსახური საბუღალტრო ფირმისგან გამოითხოვს რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.

5. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი.

6. სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომლითაც პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტერს/საბუღალტრო ფირმას სანქცია ეკისრება, ამ ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლისა და აღნიშნული პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრის/საბუღალტრო ფირმის ინფორმირების შემდეგ დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და უთითებს მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:

„მუხლი 132. ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

1. აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრსა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირი ვალდებულია რეგისტრაციისას და მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურაში ცვლილების შეტანისას უზრუნველყოს სამსახურისთვის ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა და ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობების წარდგენა.

2. საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრსა და სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრში რეგისტრირებული პირი ვალდებულია თავის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების თაობაზე შეატყობინოს სამსახურს ან/და პროფესიულ ორგანიზაციას სათანადო ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. არააუდიტორული მომსახურებების გაწევის აკრძალვა

1. აუდიტორულ ფირმას, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, ან იმ ქსელის ნებისმიერ სხვა წევრს, რომელშიც ეს აუდიტორული ფირმაა გაერთიანებული, არ აქვს უფლება, აუდიტისადმი დაქვემდებარებულ იმავე სდპ-ის სუბიექტს, მის მშობელ საწარმოს ან მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საწარმოს (საქართველოს ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ფარგლებში) გაუწიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არააუდიტორული მომსახურებები:

ა) აუდიტირებული საანგარიშგებო პერიოდის დაწყებიდან აუდიტორული დასკვნის გაცემამდე პერიოდში;

ბ) იმ ფინანსური წლის განმავლობაში, რომელიც უსწრებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პერიოდს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არააუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის აკრძალულია, გაწეულ იქნეს შემდეგი არააუდიტორული მომსახურებები:

ა) მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია:

ა.ა)  საგადასახადო ანგარიშგების ფორმების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებისა და დანართების მომზადებასთან;

ა.ბ) ხელფასიდან/ანაზღაურებიდან საშემოსავლო გადასახადის დაკავებასთან;

ა.გ) იმპორტის გადასახდელთან;

ა.დ) სახელმწიფო სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირებასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრულია აუდიტორული ფირმის მიერ ასეთი მომსახურების გაწევა;

ა.ე) საგადასახადო ორგანოების მიერ განხორციელებულ საგადასახადო კონტროლთან/ანალიტიკურ პროცედურებთან დაკავშირებულ მხარდაჭერასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია აუდიტორული ფირმის მიერ ასეთი მომსახურების გაწევა;

ა.ვ) პირდაპირი, არაპირდაპირი და გადავადებული გადასახადების გამოთვლასთან;

ა.ზ) საგადასახადო კონსულტაციის გაწევასთან;

ბ) მომსახურება, რომელიც გულისხმობს აუდიტირებული სუბიექტის ხელმძღვანელობაში ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნებისმიერი სახით მონაწილეობას;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, ბუღალტრული ჩანაწერებისა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;

დ) სახელფასო ანგარიშსწორების მომსახურება;

ე) ფინანსური ინფორმაციის მომზადებასთან ან/და კონტროლთან ან ფინანსური საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის ან რისკების მართვის პროცედურების შემუშავება და განხორციელება;

ვ)  შეფასების მომსახურება, მათ შორის, აქტუარულ მომსახურებასთან ან სასამართლო პროცესის მხარდაჭერის მომსახურებასთან დაკავშირებით შეფასების განხორციელება;

ზ) შემდეგი იურიდიული მომსახურებები:

ზ.ა) იურიდიულ საკითხებში მთავარი მრჩევლის როლის შესრულება;

ზ.ბ) აუდიტირებული სუბიექტის სახელით მოლაპარაკებების წარმოება (წარმომადგენლობა);

ზ.გ) სასამართლო დავის გადაწყვეტის პროცესში ადვოკატის ფუნქციის შესრულება;

თ) აუდიტირებული სუბიექტის შიდა აუდიტის ფუნქციასთან დაკავშირებული მომსახურება;

ი) აუდიტირებული სუბიექტის დაფინანსებასთან, კაპიტალის სტრუქტურასა და განაწილებასთან, ინვესტირების სტრატეგიასთან დაკავშირებული მომსახურება, გარდა ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული მარწმუნებელი მომსახურებისა, როგორიცაა აუდიტირებული სუბიექტის მიერ გამოცემულ პროსპექტთან დაკავშირებით მხარდაჭერის წერილის გაცემა;

კ) აუდიტირებულ სუბიექტში წილების შეთავაზება, წილებით ვაჭრობა ან მათი გარანტირებული განთავსება (ანდერაიტინგი);

ლ) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული მომსახურება, რომელიც უკავშირდება:

ლ.ა) ისეთი კანდიდატების მოძიებას, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ აუდიტისადმი დაქვემდებარებული ბუღალტრული ჩანაწერების ან ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაზე ან/და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმებაზე;

ლ.ბ) სუბიექტისთვის ორგანიზაციული სტრუქტურის შედგენას;

ლ.გ) სუბიექტის ხარჯების კონტროლს.

3. აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გასწიოს ამ მუხლის  მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“–„ა.ზ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებები, თუ იგი იცავს დამოუკიდებლობის პრინციპს, ეს მომსახურებები ცალ-ცალკე ან ერთობლივად პირდაპირ გავლენას არ ახდენს ან არაარსებით გავლენას ახდენს აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე ზემოქმედების შეფასება სრულად არის დოკუმენტირებული და განმარტებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ, აუდიტის კომიტეტისთვის წარდგენილ დამატებით ანგარიშში.

4. თუ აუდიტორული ფირმა/ქსელის წევრი აუდიტორული ფირმა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, აუდიტორულ ფირმას/ქსელის წევრ აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, აუდიტის კომიტეტის თანხმობით, აუდიტის კომიტეტის მიერ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საფრთხეების სათანადოდ შეფასების შემდეგ აუდიტირებულ სუბიექტს, მის მშობელ საწარმოს ან მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საწარმოს გაუწიოს სხვა არააუდიტორული მომსახურებები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არააუდიტორული მომსახურებებისა. 

5. აუდიტორული ფირმა/ქსელის წევრი აუდიტორული ფირმა ვალდებულია იხელმძღვანელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული, აუდიტის კომიტეტის მიერ გამოცემული, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ არააუდიტორულ მომსახურებებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებით (ასეთი მითითების არსებობის შემთხვევაში).

6. აუდიტორული ფირმა ვალდებულია სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაწყებამდე ან გაგრძელებამდე განახორციელოს შეფასება და დაადასტუროს, რომ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები დაცულია.“.

9. მე-19 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებას სამსახური მისი წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს. სამსახური ვალდებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა დაიწყოს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.“;

ბ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:

„22. აუდიტორული ფირმა, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, ვალდებულია თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოქვეყნების დღიდან სულ მცირე 5 წლის განმავლობაში. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს ევროკავშირის შესაბამისი მარეგულირებელი დირექტივების/რეგულაციების მოთხოვნების დაცვით ადგენს სამსახური.“.

10. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს;“.

11. 21-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საბჭოს წევრობის კანდიდატი/საბჭოს წევრი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს.“.

12. 221 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მატერიალური ფორმით წარდგენილ დოკუმენტს სამსახური აგზავნის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ რეესტრში მითითებულ იურიდიულ მისამართზე ან/და ფაქტობრივ მისამართზე. ამ დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას გონივრულ ვადაში განმეორებით ეგზავნება. განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს ჩაუბარებელი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) მეშვეობით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, რასაც იგი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ადასტურებს. თუ ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებას ადრესატი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით არ ადასტურებს, სამსახური უფლებამოსილია ეს აქტი, მატერიალური ფორმით ჩაბარების ნაცვლად, მისი ხელმოწერიდან 20 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ გაასაჯაროოს ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებით. აღნიშნული აქტი ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 7პუნქტი:

„71. სამსახური სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო მისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გასაჯაროებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც ადრესატს სავალდებულო შეტყობინების ფორმით წარუდგენს ინფორმაციას აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე.“.

13. 23-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.გ“ ქვეპუნქტი:

„ე.გ) რეგისტრაციის გაუქმება.“.

14. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) დარღვევა გამოიწვევს პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას ან მისთვის 5 000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის დაკისრებას ან/და მისი რეგისტრაციის გაუქმებას. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დროებით, არაუმეტეს 3 წლით აუკრძალოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერა და აუდიტორული ფირმის პარტნიორისთვის/აქციონერისთვის აუდიტორული მომსახურების განხორციელება.“.

15. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები, სუბიექტის მიერ წერილობითი გაფრთხილებით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტის დაჯარიმება. სუბიექტის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებისას დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის გაორმაგება. სუბიექტის მიერ ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტისთვის გაორმაგებული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგი დააჯარიმოს აგრეთვე საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.

3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს წერილობითი გაფრთხილება ეგზავნება. წერილობითი გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში სუბიექტის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარუდგენლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სამსახური სუბიექტს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად ფულადი ჯარიმის შესახებ აქტით დამატებით ვადას განუსაზღვრავს. სამსახურის მიერ სუბიექტისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“.

16. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ კანონის 23-ე−26-ე მუხლების ფარგლებში სამსახურის მიერ სანქციის სახის/ოდენობის განსაზღვრისა და სანქციის დაკისრების წესი დგინდება სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

17. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:

„23. სამსახური უფლებამოსილია მეოთხე კატეგორიის საწარმოების მიერ ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის მათ მიმართ გამოიყენოს მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება ამ საწარმოთა მიერ 2023 წლის საანგარიშგებო პერიოდის ჩათვლით წარსადგენ ანგარიშგებებთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2

1. აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულმა აუდიტორულმა (აუდიტურმა) ფირმებმა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის მოთხოვნა უნდა დაიცვან 2024 წლის და მის შემდგომ საანგარიშგებო პერიოდებთან მიმართებით.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-9 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ გამოქვეყნებული ანგარიშგებების კანონით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 8 თვის ვადაში.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 8 თვის ვადაში. 

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სანქციის სახის/ოდენობის  განსაზღვრისა და სანქციის დაკისრების წესის დადგენის თაობაზე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს 2025 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი  3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-9 მუხლის 32 პუნქტისა, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 და მე-16 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-9 მუხლის 32 პუნქტი, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-8 და მე-16 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-6, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2024 წ.

N4206-XIVმს-Xმპ