დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4212-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320050.05.001.102267 |
|
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის: ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის არსებობისთვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ წარდგენილ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაზე.“; ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა 10 000 ლარს აღემატება, – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა, ფულადი თანხის წყარო და ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში;“. 3. 181 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული ხარვეზის ამ კანონის მე-14 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ 1-თვიან ვადაში აღმოუფხვრელობა.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191 ანტიკორუფციული ბიურო ამ თავით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სათანადო პირს აბარებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ეს შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი აღნიშნულ სისტემაში ასახვის მომენტიდან.“. 5. მე-20 მუხლის: ა) პირველი−12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა ან თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული ხარვეზის იმავე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ 1-თვიან ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. 11. ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, ხოლო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი − თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბოლოს მიღებული თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება. ამ პუნქტის მოქმედება შესაბამის პირზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ისეთ დარღვევას (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი ხარვეზის არსებობას), რომლისთვისაც ეს პირი დაჯარიმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 12. ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს ეძლევა გაფრთხილება, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება. ამ პუნქტის მოქმედება შესაბამის პირზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ისეთ დარღვევას (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი ხარვეზის არსებობას), რომლისთვისაც ეს პირი დაჯარიმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ანტიკორუფციული ბიურო ამ მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სათანადო პირს აბარებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ეს შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი აღნიშნულ სისტემაში ასახვის მომენტიდან.“. 6. 203 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია მამხილებელს სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მასზე რეაგირებისთვის სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს გაუგზავნოს. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების წესი დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანებით.“. 7. V2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ანტიკორუფციული ბიურო“. 8. 2012 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2012 ამ კანონით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია მას საქმიანობის სათანადო პირობები შეუქმნას. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.“. 9. 2015 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) შეიმუშავებს და ახორციელებს პროგრამებს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე, აგრეთვე შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს;“; ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ანტიკორუფციული ბიურო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება აქვს, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა სუბიექტი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.“. 10. 2017 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“. 11. 2019 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მის მიერ ამ კანონის 2018 მუხლის რომელიმე მოთხოვნის დარღვევით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;“. 12. 2022 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ბრძანებით დაადგინოს ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების წესი. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3−მე-5 პუნქტებისა და მე-9 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3−მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. |
თბილისი, 29 მაისი 2024 წ. N4212-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები