გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/11007-24
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 20/05/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/11007-24
20/05/2024
ვებგვერდი, 21/05/2024
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №330210324009201513 N2/11007-24

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 2024 წლის  20 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – გოჩა დიდავა


განმცხადებელი/მოვალე - შპს „კანადა კრედიტი“ (ს/ნ 402018703);

დირექტორი – სურენ მელიქიანი;

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „კანადა კრედიტის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და  გამოარკვია:  

2024 წლის 2 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს „კანადა კრედიტის“ (ს/ნ 402018703) დირექტორმა სურენ მელიქიანმა, რომელმაც მოითხოვა შპს „კანადა კრედიტის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, (დამატებითი განცხადება 16.05.24წ.) შპს „კანადა კრედიტი“ წარმოადგენს კომპანიას, რომელიც მოცემულ ეტაპზე გადახდისუუნაროა, ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, რომელთა ოდენობაც შეადგენს 94 339,68 ლარს, კერძოდ, შპს „კანადა კრედიტის“ წარმომადგენლის, გიორგი გელაძის განმარტებით, 11.08.2023 წელს სს „თიბისი ლიზინგმა“ (ს/ნ: 205016560) თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო წესით საქმის წარმოება შპს „კანადა კრედიტის“ მიმართ, სს „თიბისი ლიზინგისათვის“ თანხის: 94 339,68 ლარის დაკისრების მოთხოვნით. შპს „კანადა კრედიტის“ განმარტებით, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების პერიოდიდან შპს „კანადა კრედიტი“ როგორც ბიზნესი აღარ არსებობს. კომპანია აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მას არ აქვს არანაირი ფინანსური რესურსი, უძრავი ქონება ან წილი სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში. ერთადერთი ქონება, რაც შპს „კანადა კრედიტს“ გააჩნდა იყო 2015 წელს გამოშვებული ავტომობილი, მარკა: DATSUN DATSUN MI-DO (სახელმწიფო N: BUO94BB; VIN: ZSNFAABDOFO104876). მანქანის დაზიანების გამო მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი იყო, ამიტომ განხორციელდა მისი ჩამოწერა და ჯართის ფასად რეალიზება, კერძოდ, 1000 ლარად, რომელიც აღირიცხა შპს „კანადა კრედიტის“ ანგარიშზე. შესაბამისად ვინაიდან, თიბისი ლიზინგი თანხის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში დავობდა შპს „კანადა კრედიტის“ მიმართ, შპს „კანადა კრედიტის“ სახელზე არსებული ერთადერთი აქტივი, 1000 ლარი გადაირიცხა პირდაპირ სს „თიბისი ლიზინგის“ (ს/ნ 205016560) ანგარიშზე. დღესდღეობით კი შპს „კანადა კრედიტი“ აღარ ფუნქციონირებს, არ გააჩნია არანაირი ქონებრივი აქტივი, წარმოდგენილი ბიზნესის მიმართ არ აქვს არანაირი ინტერესი და ითხოვს შპს „კანადა კრედიტი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

ამასთან, კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „კანადა კრედიტს“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის /კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან). კომპანიას გააჩნია დავალიანება, მართალია სადავო, მაგრამ აღნიშნული თანხის დაკისრების შემთხვევაშიც კი კომპანია, მისი სახსრებით ვერ უზრუნველყოფს დაფარვას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე  მუხლებით და

დაადგინა:

1. უარი ეთქვას შპს „კანადა კრედიტს“ (ს/ნ 402018703, დირექტორი - სურენ მელიქიანი) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.  

მოსამართლე              გოჩა დიდავა