თინა ბოჭორიშვილი და იური დვალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

თინა ბოჭორიშვილი და იური დვალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/5/1738
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 18/04/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016918
2/5/1738
18/04/2024
ვებგვერდი, 14/05/2024
000000000.00.000.016918
თინა ბოჭორიშვილი და იური დვალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/5/1738

2024 წლის 18 აპრილი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: თინა ბოჭორიშვილი და იური დვალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

განსახილველი საკითხი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – მანანა კობახიძის შუამდგომლობა №1738 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. 2024 წლის 29 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ №1738 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

2. №1738 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი დაუსაბუთებელ ქონებად მიიჩნევს, მათ შორის, იმ ქონებას, რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობ პირს, მისი ოჯახის წევრს, მის ახლო ნათესავს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან რომელიც/რომლებიც მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია, განცხადებით მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობა, ხოლო ამავე კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.

3. შუამდგომლობის თანახმად, 2011 წლის 19 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე №2/1419-2011, რომელშიც მანანა კობახიძე გახლდათ №1738 კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი ავტორის – თინა ბოჭორიშვილის წარმომადგენელი და იცავდა მის ინტერესებს საერთო სასამართლოებში. ზემოხსენებულ საქმეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სარჩელი, რის შედეგადაც, №1738 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის საფუძველზე, დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი თინა ბოჭორიშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, რადგან, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, იგი იყო ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, ნუგზარ ბოჭორიშვილის ახლო ნათესავი – და.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე სუბიექტური თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რადგან მას არ გააჩნია პირადი დაინტერესება არც მოსარჩელის მიმართ და არც სადავო ნორმის კონსტიტუციურობის გადაწყვეტის თაობაზე. მანვე განმარტა, რომ წარსულში მოსარჩელის ინტერესების დაცვის ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს მის მიუკერძოებლობაზე წინამდებარე საქმის გადაწყვეტისას. მიუხედავად ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ისეთი გარემოება, როგორიცაა წარსულში მოსარჩელის ინტერესების დაცვა საერთო სასამართლოებში იმ საქმეზე, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლო დაეყრდნო №1738 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმას, შეიძლება, საზოგადოებისთვის ქმნიდეს მოსამართლის მიუკერძოებლობაში ობიექტური ეჭვის შეტანისა და, ამდენად, მისი აცილების საფუძველს.

5. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არსებობს №1738 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველი.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვიდან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია – საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და, მეორე მხრივ, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის. თავად მოსამართლის მიერ საქმიდან თვითგანრიდების შემთხვევას აწესრიგებს ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუკი არსებობს ხსენებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის აცილებისათვის საჭიროა ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ მას არ შეუძლია საქმის მიუკერძოებლად განხილვა/გადაწყვეტა. ამავდროულად, ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, მოსამართლის საქმიდან ჩამოცილება, თუ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდებოდა საფუძვლიანი ეჭვი მისი მიუკერძოებლობის შესახებ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის №3/1/1693,1700 განჩინება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-7).

3. განსახილველ შემთხვევაში, მოსამართლე მანანა კობახიძის განცხადებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია საქმისგან მისი განრიდების საფუძვლების გარკვევა, სუბიექტური მიუკერძოებლობის ტესტის საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანია, სასამართლოს მიუკერძოებლობის შეფასების ობიექტური ტესტის საფუძველზე, დაადგინოს – ობიექტურ დამკვირვებელს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული გარემოებები, გაუჩნდებოდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი მოსარჩელის საქმესთან მიმართებით, მოსამართლე მანანა კობახიძის მიკერძოების თაობაზე და, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა განსახილველი საქმისგან თვითგანრიდების შუამდგომლობა.

4. თვითგანრიდების განცხადების ავტორი – მოსამართლე მანანა კობახიძე მიუთითებს, რომ 2011 წლის 19 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე №2/1419-2011, რომელშიც მანანა კობახიძე გახლდათ №1738 კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი ავტორის – თინა ბოჭორიშვილის წარმომადგენელი და იცავდა მის ინტერესებს. აღნიშნულ საქმეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სარჩელი, რის შედეგადაც, №1738 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის საფუძველზე, დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი თინა ბოჭორიშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, რადგან იგი გახლდათ ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, ნუგზარ ბოჭორიშვილის ახლო ნათესავი – და.

5. საყურადღებოა ის გარემოება, რომ №1738 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე თინა ბოჭორიშვილი სადავოდ ხდის, მათ შორის, იმ ნორმას, რომელიც დაუსაბუთებელ ქონებად მიიჩნევს იმ ქონებას, რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი პირის ახლო ნათესავს არ გააჩნია. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის №2/1419-2011 საქმის განხილვის ფარგლებში, მანანა კობახიძე იცავდა რა თინა ბოჭორიშვილის ინტერესებს, წარმოადგენდა მხარეს, რომლის საქმეშიც გამოყენებულ იქნა №1738 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა.

6. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს ზემოთ აღწერილ გარემოებებს, ეთანხმება მოსამართლე მანანა კობახიძის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ №1738 კონსტიტუციური სარჩელის განხილვაში მისი მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა, წარმოიშვას გონივრული ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით. ობიექტურ დამკვირვებელს შესაძლოა, გაუჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლე მანანა კობახიძე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას მხარს დაუჭერს იმგვარი შედეგის დადგომას, რომელიც თანხვედრაში იქნება კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციასთან.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მნიშვნელოვანია, კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას სასამართლო სარგებლობდეს საზოგადოების სათანადო ნდობით, სასამართლოს/მოსამართლის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ არ უნდა არსებობდეს ობიექტურად გამართლებული ეჭვები. სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ყველასათვის – როგორც საქმის მხარეების, ისე საზოგადოებისათვის – იოლად აღქმადი, ცხადი, თვალნათლივი და უდავო უნდა იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/9/1362 განჩინება საქმეზე „ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს და ადასტურებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის თვალსაჩინოების საკითხზე სამართალში ფართოდ აღიარებულ პრინციპს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „საქმის განმხილველი სასამართლო არა მხოლოდ ფაქტობრივად უნდა იყოს ობიექტური, არამედ, ასევე, ასეთად აღიქმებოდეს საზოგადოების მხრიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის №3/1/1459 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

8. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ №1738 კონსტიტუციური სარჩელის განხილვაში მონაწილეობის შემთხვევაში, იქნება რისკი, რომ იგი ვერ ისარგებლებს საზოგადოების სათანადო ნდობით, რადგან იარსებებს ობიექტურად გამართლებული ეჭვები მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. შედეგად, საფრთხის ქვეშ დადგება და შესუსტდება საზოგადოების რწმენა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურობისა და კანონიერების მიმართ. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – მანანა კობახიძის შუამდგომლობა №1738 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

III
სარეზოლუციო ნაწილი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – მანანა კობახიძის შუამდგომლობა №1738 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში