საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ

საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 02/05/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016338
97
02/05/2024
ვებგვერდი, 07/05/2024
310150000.54.066.016338
საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №97

2024 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსის 83 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანება.
მუხლი 3
ავიასაწარმო, რომელსაც ამ წესის ამოქმედებამდე დანერგილი ჰქონდა უსაფრთხოების მართვის სისტემა, ამ წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში ვალდებულია განახორციელოს უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისობის ანალიზი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს წარუდგინოს ანალიზის შედეგები და არაუმეტეს 6 თვეზე გაწერილი შეუსაბამობათა აღმოფხვრის გეგმა.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი



საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესი

 


მუხლი 1. წესის მიზანი
1. წესის მიზანია, საავიაციო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება, საავიაციო მოვლენის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეტყობინების, შეგროვების, შენახვის, დაცვის, გაცვლის, მოკვლევის, ანალიზის და გავრცელების გზით.

2. საავიაციო მოვლენის შეტყობინების მიზანია საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების პრევენცია და არა ვინმეს ბრალეულობისა და/ან პასუხისმგებლობის დადგენა.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის, ამ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტებები

ა) ავიასაწარმო – საწარმო, რომელიც ახორციელებს საავიაციო პროდუქტების მიწოდებას და/ან რომელიც ასაქმებს, ან იყენებს იმ პირთა მომსახურებას, რომლებმაც უნდა განახორციელონ საავიაციო მოვლენის შეტყობინება ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;

ბ) დაინტერესებული პირი/მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა, სახელმწიფო უწყება, რომელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაში და რომელიც შედის დანართ №3-ში განსაზღვრული დაინტერესებული მხარეების რომელიმე კატეგორიაში;

გ) დეიდენტიფიკაცია – მიღებული შეტყობინებიდან მიმწოდებლის პირადი მონაცემების და იმ ინფორმაციის ამოღება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ცნობილი გახდეს ინფორმაციის მიმწოდებლის ან მესამე მხარის ვინაობა;

დ) დეიდენტიფიცირებული ინფორმაცია – ნიშნავს ინფორმაციას, საავიაციო მოვლენის შეტყობინების შესახებ, საიდანაც ამოღებულია ყველა პერსონალური მონაცემი, როგორიცაა ფიზიკური პირების სახელები ან მისამართები;

ე) ევროპის რისკის კლასიფიკაციის  სქემა (ERCS)  – ნიშნავს მეთოდოლოგიას, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი საავიაციო მოვლენის რისკის შესაფასებლად უსაფრთხოების რისკის  მაჩვენებელის სახით;

ვ) პირის ანონიმურობის უზრუნველყოფა/ანონიმიზაცია – ნიშნავს საავიაციო მოვლენის შეტყობინების ანგარიშებიდან ყველა პერსონალური მონაცემების ამოღებას, რომელიც ეხება შემტყობინებელს და საავიაციო მოვლენის შეტყობინებაში მოხსენიებულ პირებს, ასევე სხვა დეტალი, მათ შორის ავიასაწარმოს სახელი, რომელიც მონაწილეობს საავიაციო მოვლენაში, რამაც შეიძლება გამოავლინოს შემტყობინებელი პიროვნების  ან მესამე მხარის ვინაობა ან გამოიწვიოს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პიროვნებების ან ავიასაწარმოს დადგენა;

ზ) საავიაციო მოვლენა – საავიაციო შემთხვევა, სერიოზული ინციდენტი ან ინციდენტი, აგრეთვე, საჰაერო ხომალდის და/ან მისი სისტემის გაუმართაობა, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული სისტემების და ტექნიკური საშუალებების მტყუნება ან სხვა სახის უჩვეულო ვითარება, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ან რომელსაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა ფრენის უსაფრთხოებაზე.

შენიშვნა: შეტყობინების გაიოლების მიზნით და ამ წესის მიზნებისთვის საავიაციო მოვლენა ასევე მოიცავს უშიშროებასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

თ) საბორტო თვითმწერი – ნებისმიერი თვითმწერი მოწყობილობა, რომელიც მონტაჟდება სხ-ზე და წარმოადგენს დამატებითი ცნობების წყაროს საავიაციო მოვლენის მოკვლევის პროცესში;

ი) საკონტაქტო პირი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი.

შენიშვნა: ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ ქვეყნდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კ) სამართლიანი/არადამსჯელობითი გარემო – სამუშაო გარემოს კონცეფცია, როდესაც სამუშაოს შემსრულებელი ან სხვა პირი არ ისჯება იმ ქმედებისთვის (მათ შორის, უმოქმედობა ან სხვა გადაწყვეტილება), რომელიც შეესაბამება მის გამოცდილებასა და ცოდნას, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი არ ჰქონდა უხეშ დაუდევრობას, განზრახ დარღვევას და დესტრუქციულ ქმედებას;

ლ) საფრთხე – ნიშნავს გარემოებას ან ობიექტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის დაზიანება, აღჭურვილობის ან მისი სტრუქტურის დაზიანება, მოწყობილობის დაკარგვა ან განსაზღვრული ფუნქციის შესრულების უნარის დაქვეითება;

მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო (მოკვლევის ბიურო) – უწყება, რომელიც აწარმოებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას;

ნ) უსაფრთხოების რისკის მაჩვენებელი – ნიშნავს შემთხვევის რისკის კლასიფიკაციის შედეგს ორი ცვლადის სიმძიმისა და ალბათობის მნიშვნელობების გაერთიანებით;

ო) საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული მოვლენა – უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს  უშიშროების  დონის შემცირება,   საექსპლუატაციო რისკების ზრდა  ან  საფრთხე შეუქმნას მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, სახმელეთო პერსონალის და  ზოგადად მოსახლეობის უსაფრთხოებას ან მოვლენა  წარმოადგენს საავიაციო უშიშროების მოთხოვნების პოტენციურ დარღვევას.  აღნიშნული ითვალისწინებს  მოწყვლადობის  გამოვლენას ან მასზე დაკვირვებას, სამოქალაქო ავიაციის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან დაცვის მიზნით;

პ) შემტყობინებელი – ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც ახორციელებს საავიაციო მოვლენის ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შეტყობინებას ამ წესის შესაბამისად;

ჟ) ERCS მატრიცა – ნიშნავს ცვლადებისაგან შემდგარ ბადეს, რომელიც შედგება ორი ცვლადის, სიმძიმის ხარისხისა და ალბათობისგან, რომელიც ემსახურება უსაფრთხოების რისკის მაჩვენებლის ასახვას;


მუხლი 3. რეგულირების სფერო
1. წესი ადგენს იმ საავიაციო მოვლენების შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეეძლო საფრთხე შეექმნა საჰაერო ხომალდისთვის, მასზე მყოფი ან სხვა ნებისმიერი პირისათვის, ასევე მოწყობილობებისა და დანადგარებისათვის, რომლებიც გავლენას ახდენენ საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენაზე.

2. წესი ასევე ადგენს საავიაციო მოვლენისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გაანალიზებისა და მომდევნო ქმედებების განხორციელების მიმართ მოთხოვნებს, საავიაციო სპეციალისტების დაცვის  მოთხოვნებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების და გამოყენების წესს და დაინტერესებული მხარეთათვის იმ ანონიმური ინფორმაციის მიწოდების წესს, რომელიც მათ ესაჭიროებათ საავიაციო უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად.

3. წესი ვრცელდება იმ საავიაციო მოვლენებზე და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში ექსპლუატირებულ ან საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდს ეხება.


მუხლი 4. საავიაციო მოვლენის სავალდებულო შეტყობინების წარდგენის წესი
1. საავიაციო მოვლენა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მნიშვნელოვან რისკს საავიაციო უსაფრთხოებისთვის და რომელიც მოცემულია ამ წესის პირველ დანართში, უნდა ეცნობოს სააგენტოს შემდეგი ფიზიკური პირების მიერ:  

ა) იმ საჰაერო ხომალდის მეთაური, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, ან არ არის რეგისტრირებული საქართველოში, მაგრამ მის ფრენებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველო, ხოლო თუ მას არ შეუძლია წარადგინოს შეტყობინება, ეკიპაჟის თანამდებობით მომდევნო წევრი;

ბ) პირი, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ან მისი მოწყობილობისა და შემადგენელი ცალკეული ნაწილის დამზადებას, ტექმომსახურებას ან მოდიფიცირებას, რომლის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო;

გ) პირი, რომელიც ხელს აწერს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის, მისი რომელიმე აღჭურვილობის ან რაიმე ნაწილის ტექმომსახურების შემოწმების სერტიფიკატს ან ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატს, რომლის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო;

დ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე;

ე) საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების ოფიცერი;

ვ) საფრენოსნო მონაცემთა დამუშავების ოპერატორი;

ზ) საავიაციო მეტეოროლოგი (დამკვირვებელი/პროგნოზისტი);

თ) სააერნაოსნო ინფორმაციის ოფიცერი;

ი)  პირი, რომელიც დაკავშირებულია სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებათა მონტაჟთან და ტექნიკურ მომსახურებასთან;

კ) პირი, რომელიც ასრულებს საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, მათ შორის, საწვავით მომსახურებას, ტექმომსახურებას, ამზადებს კრებითი ჩატვირთვის უწყისს, ახორციელებს ბარგის/ტვირთის (მათ შორის, სახიფათო ტვირთის) მიღებას, დამუშავებას, ჩატვირთვა-გადმოტვირთვას, შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებას და ბუქსირებას;

ლ) პირი, რომელიც ახორციელებს აეროდრომის  ექსპლუატაციის და/ან სააეროდრომო შუქტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს;

მ) იმ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის დისტანციური პილოტი, რომელიც ახორციელებს ფრენას საქართველოს საჰაერო სივრცეში და რომლის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო;

ნ) იმ საჰაერო ხომალდის მეთაური, რომელიც ახორციელებს ფრენას საქართველოს საჰაერო სივრცეში გარდა გადამფრენი საჰაერო ხომალდებისა;

ო) პირი, რომელიც ასრულებს აეროპორტის და საავიაციო სატვირთო ტერმინალის უშიშროებასთან დაკავშირებულ ფუნქციას;

შენიშვნა: ამ წესის №1 დანართით მოცემული საავიაციო მოვლენების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, შესაბამისად პირს შეუძლია სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ, რომელიც მის მიერ მიჩნეული იქნება, როგორც ფრენის უსაფრთხოებისთვის რისკის მატარებლად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულმა პირებმა საავიაციო მოვლენების შესახებ  სავალდებულო შეტყობინების წარდგენა უნდა განახორციელონ მოვლენის მოხდენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულმა პირებმა საავიაციო მოვლენების შესახებ შეტყობინება უნდა განახორციელონ სააგენტოს ვებგვერდზე (www.gcaa.ge) გამოქვეყნებული ფორმის შესაბამისად.

4. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ან საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატაციაში მყოფ სხ-ზე მომხდარ საავიაციო მოვლენის შესახებ უნდა ეცნობოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ.

5. შეტყობინების წარმდგენი ან შეტყობინებაში ნახსენები პირის შესახებ ინფორმაცია არ იქნება გამჟღავნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან შესაბამისი პირის თანხმობისა.


მუხლი 5. საავიაციო მოვლენის ნებაყოფლობითი შეტყობინების წარდგენის წესი
1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება შეატყობინოს სააგენტოს იმ საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის მონაწილე ან მოწმეც იყო და თვლის, რომ მოვლენა წარმოადგენდა ფრენის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს, ან მან რისკის ქვეშ დააყენა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მართვა.

2. ნებაყოფლობითი შეტყობინების წარდგენა შესაძლებელია კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით ან სააგენტოს ვებგვერდის (www.gcaa.ge) საშუალებით.

3. შეტყობინების წარმდგენი ან შეტყობინებაში ნახსენები პირის შესახებ ინფორმაცია არ იქნება გამჟღავნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან შესაბამისი პირის თანხმობისა.


მუხლი 6. საავიაციო მოვლენის სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინების სისტემა ავიასაწარმოში
1. ავიასაწარმო ვალდებულია  შექმნას და დანერგოს საავიაციო მოვლენების სავალდებულო შეტყობინების სისტემა, რათა ხელი შეუწყოს საავიაციო მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებას.

2. ავიასაწარმო, საავიაციო მოვლენის შესახებ სავალდებულო შეტყობინების მიღების შემდეგ, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია მიაწოდოს საავიაციო მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააგენტოს, საავიაციო მოვლენის შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული მოვლენა უკვე იყო წარდგენილი ავიასაწარმოს თანამშრომლის მიერ.

3. ავიასაწარმო ვალდებულია დანერგოს ნებაყოფლობითი შეტყობინების სისტემა, რათა ხელი შეეწყოს:

ა) საავიაციო მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებას, რაც შესაძლოა მიღებული არ იყოს სავალდებულო შეტყობინების სისტემით;

ბ) ფრენის უსაფრთხოების შესახებ სხვა ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც შემტყობინებელი თვლის საავიაციო უსაფრთხოებისთვის ფაქტობრივ ან პოტენციურ საფრთხედ.

4. საავიაციო მოვლენის ნებაყოფლობითი შეტყობინების სისტემა გამოყენებული უნდა იქნეს საავიაციო მოვლენის მონაცემების და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების გასაადვილებლად, რომელიც:

ა) არ ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას;

ბ) არის შეტყობინებული იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ევალებათ სავალდებულო შეტყობინება.

5. იმ ნებაყოფლობითი საავიაციო მოვლენის შეტყობინების მიღების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს საავიაციო უსაფრთხოების რეალურ ან პოტენციურ რისკს, ავიასაწარმომ დროულად უნდა აცნობოს სააგენტოს, მაგრამ საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 72 საათისა, საავიაციო მოვლენის დეტალები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა ავიასაწარმოს ნებაყოფლობითი შეტყობინების სისტემის ფარგლებში.

6. ავიასაწარმოს შეუძლია შექმნას უსაფრთხოების ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების სხვა სისტემები, რათა შეაგროვოს საავიაციო მოვლენების დეტალები, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მიღებული ნებაყოფლობითი და სავალდებულო შეტყობინების სისტემების მიერ.

7. საავიაციო მოვლენების ნებაყოფლობითი და სავალდებულო შეტყობინების სისტემიდან მიღებული ინფორმაცია შეიძლება ინტეგრირებული იყოს ერთ სისტემაში.

8. ამ მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ავიასაწარმო ვალდებულია შექმნას და დანერგოს პროცედურები, რომლებიც აღწერს სააგენტოსთვის და  სხვა შესაბამისი ავიასაწარმოსთვის საავიაციო მოვლენის შეტყობინების პროცესს. აღნიშნული პროცედურები მინიმუმ მოიცავს შემდეგს:

ა) მოქმედი წესების აღწერას;

ბ) ავიასაწარმოს და პერსონალის პასუხისმგებლობებს;

გ) ანალიზის და მოკვლევის პროცესის აღწერას;

დ) შეტყობინების მექანიზმის აღწერას, მათ შორის ანგარიშგების ფორმებს, საშუალებებს და ვადებს;

ე) სხვა საწარმოებთან შეტყობინების ფარგლებს;

ვ) მომხსენებლის კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის აღწერას.

9. აეროდრომის ექსპლუატანტმა, გაფრენის და მოფრენის დარბაზებში, თვალსაჩინო ადგილას, უნდა განათავსოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მგზავრების მიერ ნებაყოფლობითი საავიაციო მოვლენის სააგენტოში შეტყობინების ხელშეწყობის მიზნით.

10. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა დააწესოს და დანერგოს საავიაციო მოვლენების შეტყობინების სისტემა ყველა პერსონალისა და ორგანიზაციისთვის, რომელიც მუშაობს ან ახორციელებს მომსახურებას შესაბამის აეროდრომზე, რათა ხელი შეუწყოს აეროდრომზე უსაფრთხოებას.


მუხლი 7. საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შენახვა
1. ავიასაწარმოებმა უნდა შეინახონ საავიაციო მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლებიც მიღებულია საავიაციო მოვლენის ნებაყოფლობითი და სავალდებულო სისტემების  საფუძველზე, ერთ ან რამდენიმე მონაცემთა ბაზაში.

2. ავიასაწარმო ვალდებულია დანიშნოს ერთი ან რამდენიმე პირი, საავიაციო მოვლენების შესახებ მიღებული ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გაანალიზების და შენახვის მიზნით.

3. შეტყობინებების დამუშავება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს მისი გამოყენება სხვა მიზნით, რომელიც არ უკავშირდება ფრენის უსაფრთხოებას, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს საავიაციო მოვლენის შეტყობინების წარმდგენი და შეტყობინებაში მოხსენებული პირების კონფიდენციალურობის დაცვას, არადამსჯელობითი გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

4. სააგენტოსთან შეთანხმებით, მცირე ავიასაწარმოებს შეუძლიათ შექმნან გამარტივებული მექანიზმი საავიაციო მოვლენების დეტალების შეგროვების, შეფასების, დამუშავების, ანალიზის, მოკვლევის და შენახვისათვის. მათ შეუძლიათ ეს ამოცანები გაუზიარონ იმავე ბუნების/ტიპის ავიასაწარმოებს, ამ წესის შესაბამისად დადგენილი კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვით.


მუხლი 8. საავიაციო მოვლენის ანალიზი და შემდგომი ქმედებები
1. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მიღებული საავიაციო მოვლენების პერიოდული ანალიზის პროცესი, რათა დადგინდეს საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ საავიაციო მოვლენასთან ან საავიაციო მოვლენების ჯგუფებთან.

2. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ავიასაწარმომ უნდა განახორციელოს შესაბამისი მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების იდენტიფიცირება, რომელიც მიმართული იქნება ფაქტობრივ ან პოტენციურ საავიაციო უსაფრთხოების ხარვეზის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში ავიასაწარმო ვალდებულია:

ა) დროულად დანერგოს  მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებები; და

ბ) დაადგინოს მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების დანერგვის პროცესი და ამ ქმედებების  ეფექტიანობა.

3. ავიასაწარმომ ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პერსონალს რეგულარულად, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია  საავიაციო მოვლენების ანალიზისა და შემდგომი ქმედებების შესახებ.

შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისთვის ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პერსონალში იგულისხმება ავიასაწარმოს თანამშრომლები ან/და ქვეკონტრაქტით დაქირავებული პერსონალი როგორც მუდმივი.

4. ავიასაწარმოები, რომელთაც ევალებათ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ვალდებულნი არიან სააგენტოს წლიურად, ყოველი წლის 25 იანვრამდე წარუდგინონ უსაფრთხოების მდგომარეობის ანგარიში, ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.


მუხლი 9. საავიაციო მოვლენის მოკვლევა
1. ყველა ის საავიაციო მოვლენა, რომელიც მოკვლევის ბიუროსთვის ინტერესს არ წარმოადგენს, მოკვლეული უნდა იყოს საავიაციო მოვლენაში მონაწილე ავიასაწარმოს მიერ  მოვლენის გამომწვევი მიზეზების და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენის მიზნით.

შენიშვნა: ავიასაწარმო უფლებამოსილია შიდა მოკვლევა ჩაატაროს ნებისმიერ მოვლენაზე მიუხედავად იმისა, ის წარმოადგენს თუ არა მოკვლევის ბიუროს კომპეტენციას.

2. ავიასაწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს საავიაციო მოვლენების მოკვლევის პროცედურა.

3. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს, რომ  ამ მუხლის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი მოკვლევა იყოს განცალკევებული ადმინისტრაციული წარმოებისგან,  პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

4. საავიაციო მოვლენის მოკვლევის ობიექტურად წარმართვის მიზნით, თუ მოკვლევის მონაწილეც არის საქართველოში რეგისტრირებული რამდენიმე ავიასაწარმო, თითოეული ვალდებულია გაცვალოს მოვლენასთან დაკავშირებული დეიდენტიფიცირებული ინფორმაცია და სურვილისამებრ უფლებამოსილია ჩაერთოს მოკვლევაში.

5. საავიაციო მოვლენები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს ფრენის უსაფრთხოებაზე, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოკვლეული.

6. ავიასაწარმომ უნდა აცნობოს სააგენტოს საავიაციო მოვლენის მოკვლევის შედეგების შესახებ, საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება მოკვლევის დამთავრება 30 დღის განმავლობაში, მან სააგენტოსთან წინაწარი შეთანხმების საფუძველზე მოკვლევის ანგარიში უნდა წარადგინოს არაუგვიანეს 90 დღის ვადაში.

7. საავიაციო მოვლენის მოკვლევის საფუძველზე, ავიასაწარმო ვალდებულია საჭიროებისამებრ განსაზღვროს მაკორექტირებელი ან პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია საავიაციო უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად.

8. თუ საავიაციო მოვლენის მოკვლევის შედეგად ავიასაწარმო განსაზღვრავს სათანადო მაკორექტირებელ ან პრევენციულ ღონისძიებებს, იგი ვალდებულია:

ა) დროულად განახორციელოს დასახული ღონისძიებები;

ბ) დანერგოს დასახული ღონისძიებების რეალიზებასა და ეფექტურობაზე მონიტორინგის პროცესი.

9. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების და გამოსასწორებელი ღონისძიებების შემუშავება, წერილობითი ფორმით შენახვა და მათი შესრულების მონიტორინგი.

10. მოკვლევის საბოლოო ანგარიში, მინიმუმ, უნდა მოიცავდეს საავიაციო მოვლენის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოკვლევის თავფურცელი (სააგენტოს მონაცემთა ბაზის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება ასეთის არსებობის შემთხვევაში ან უნიკალური კოდის, ასევე მოკვლევის დაწყების და დამთავრების თარიღების მითითება, მოკვლევის სახელწოდება და მომკვლევი ავიასაწარმოს დასახელება);

ბ) შინაარსი (იმის აღწერილობა, თუ რით იყო ამ საავიაციო მოვლენის მოკვლევის დაწყება განპირობებული, ასევე რა წეს(ებ)ის და პროცედურების მიხედვით არის შესრულებული აღნიშნული მოკვლევა);

გ) საავიაციო მოვლენის მომკვლევთა ჯგუფი (მიუთითეთ მოკვლევაში ჩართული პერსონალის ვინაობა მათი პოზიციების და ჩართულობის მიხედვით);

დ) ფაქტობრივი მონაცემები (მიუთითეთ ყველა შესაბამისი მოვლენის ტიპი ტაქსონომიის მიხედვით ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც უზრუნველყოფს მოვლენების ჯაჭვის უკეთ წაკითხვასა და სისრულეს);

ე) მონაცემების ანალიზი (გაანალიზეთ თუ რა შესრულდა ან არ შესრულდა პროცედურების ან წესების მიხედვით, მოწყობილობის ან აღჭურვილობის გამართულობა ან მისი არ არსებობა, ადამიანური ფაქტორები და კომპეტენციები, ორგანიზაციის მართვის სისტემა და ასევე გარემო სადაც აღნიშნული მოვლენა მოხდა);

დასკვნები:

ე.ა) საავიაციო მოვლენით წარმოქმნილი რისკის ინდექსი;

ე.ბ) საავიაციო მოვლენის გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები;

ე.გ) საავიაციო მოვლენის კლასი, იკაოს ტაქსონომიის მიხედვით;

ე.დ) საავიაციო მოვლენის კატეგორია, იკაოს ტაქსონომიის მიხედვით;

ვ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციები (რეკომენდაციების ჩამონათვალი ჯგუფების მიხედვით (საჰაერო ხომალდი/აღჭურვილობა/ტექნიკური საშუალება, პერსონალი, წესები/პროცედურები და მართვის სისტემა/გარემო);

ზ) დანართები. მოკვლევის დროს მოძიებული მტკიცებულებები.

11. მოკვლევის საბოლოო ანგარიში და სხვა ჩანაწერები, რომელიც უკავშირდება კონკრეტული საავიაციო მოვლენის მოკვლევას, უნდა ინახებოდეს საწარმოს მიერ მინიმუმ შვიდი წლის განმავლობაში და მოთხოვნისას წარედგინოს სააგენტოს.

12. ავიასაწარმო ვალდებულია რეგულარულად აცნობოს შესაბამის პირებს (თანამშრომლებს ან ქვეკონტრაქტით დაქირავებულ პერსონალს) იმ საავიაციო მოვლენების მოკვლევის და შემდგომი ქმედებების შესახებ, რომლის მიმართაც მიღებული იყო პრევენციული ან მაკორექტირებელი ღონისძიებები.

13. ავიასაწარმო ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნისას მიაწოდოს საავიაციო მოვლენის მოკვლევასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (ის დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ საავიაციო მოვლენასთან), მოკვლევის პირველადი ან საბოლოო შედეგები ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის შესახებაც სააგენტოს ეცნობა, მაგრამ რომელზედაც მას არ მიუღია ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია.

14. აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოს, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ან ახორციელებს მომსახურებას აეროდრომზე, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების საკითხებთან, მონაწილეობა მიიღოს საავიაციო მოვლენის მოკვლევაში და განხორციელდეს ნებისმიერი გამოვლენილი მაკორექტირებელი და/ან პრევენციული ღონისძიება.


მუხლი 10. საავიაციო მოვლენის მომკვლევის კომპეტენცია
1. ავიასაწარმო ვალდებულია დანიშნოს ან დაიქირავოს ერთი ან მეტი სათანადო კომპეტენციის მქონე პირი, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა საავიაციო მოვლენების შესახებ მიღებული ინფორმაციის კოორდინაციისა და მისი შემდგომი მოკვლევის მიზნით.

2. საავიაციო მოვლენის მომკვლევი უნდა იყოს ფუნქციურად დამოუკიდებელი, მათ შორის საფრენოსნო ვარგისიანობაზე, ფრენის ექსპლუატაციაზე, ტექნიკური საშუალების მოვლაზე, ლიცენზირებაზე, საჰაერო მოძრაობის მომსახურებაზე ან აეროდრომის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი სამსახურიდან და ნებისმიერი სხვა მხარისგან, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს საკუთარი ინტერესები საავიაციო მოვლენის მიმართ. მომკვლევმა უნდა აწარმოოს თავისი საქმიანობა სხვა ორგანიზაციების ჩარევისა და გავლენის გარეშე.

3. საავიაციო მოვლენის მომკვლევს უნდა გააჩნდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ა) მოკვლევის მასშტაბის გააზრების უნარი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს კანონმდებლობა და სხვა მოთხოვნები;

ბ) მოკვლევის ტექნიკის ცოდნა, მათ შორის, საწყისი მოქმედება საავიაციო მოვლენის ადგილზე, შეტყობინების პროცედურები, მოკვლევის მართვა, აღჭურვილობა, ინციდენტის ადგილის მართვა, მტკიცებულებების მოპოვება და დაცვა, თავდაპირველი მოქმედება ინციდენტის დროს, ინფორმაციის შეგროვების მეთოდები, კომუნიკაცია მედიასთან, ინტერვიუები, ჩამწერები, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმება, ადამიანური შესაძლებლობები, შეგროვებული ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზის მეთოდები, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა;

გ) საჰაერო ხომალდების ოპერირების და ავიაციის შესაბამისი ტექნიკური სფეროების ცოდნა;

დ) მოკვლევის წარმართვის საჭირო შესაბამისი ტექნიკური დახმარებისა და რესურსების მოპოვებისა და მართვის შესაძლებლობა;

ე) მტკიცებულებების შეგროვების, დოკუმენტაციაში ასახვის და შენახვის უნარი;

ვ) შესაბამისი მტკიცებულებების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი, რათა დაადგინოს გამომწვევი მიზეზები და საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს უსაფრთხოების რეკომენდაციები;

ზ) ანგარიშის დაწერის შესაძლებლობა, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

თ) ფაქტების ლოგიკური ანალიზის უნარი.

4. საავიაციო მოვლენის მოკვლევაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე უნდა ავლენდეს საქმისადმი მიდგომის, მიუკერძოებლობის, ფაქტობრივი ინფორმაციის აღქმის  ადამიანებთან ურთიერთობის თვისებებს.


მუხლი 11. საავიაციო მოვლენის შესახებ მტკიცებულებები
1. ავიასაწარმო ვალდებულია საავიაციო მოვლენის დადგომისას მოიძიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ საავიაციო მოვლენას და საჭიროებისას მიმართოს  შესაბამის ავიასაწარმოს, ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

2. იმ შემთხვევაში, თუ საავიაციო მოვლენის დადგომის დროს შესაძლებელია აუდიო, ვიდეო და ფოტომასალის მტკიცებულებების მოპოვება, ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს  აღნიშნული მტკიცებულებების გამოყენება/შენახვა.

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო და აეროდრომების ექსპლუატანტები ვალდებულნი არიან სამიმოსვლო არეს (სამუშაო მოედნის) ობიექტური კონტროლის მიზნით დაამონტაჟონ ვიდეორეგისტრატორი.

4. საავიაციო მოვლენის შესახებ საბორტო თვითმწერის მონაცემები საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა უნდა შეინახოს საავიაციო მოვლენის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არანაკლებ 30 დღის განმავლობაში ან, სააგენტოს მოთხოვნით, მეტი ვადით.


მუხლი 12. საავიაციო მოვლენათა მონაცემთა ბაზა
1. ავიასაწარმო ვალდებულია შეინახოს საავიაციო მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლებიც მიღებულია საავიაციო მოვლენის ნებაყოფლობითი და სავალდებულო შეტყობინების სისტემების  საფუძველზე, ერთ ან რამდენიმე მონაცემთა ბაზაში.

2. მონაცემთა ბაზის სირთულე/კომპლექსურობა უნდა იყოს  ავიასაწარმოს ზომის ან/და მის საქმიანობის პროპორციული,  ამ წესის მიზნებთან მიმართებაში და ის სულ მცირე უნდა შედგებოდეს მონაცემთა ფაილისაგან, რომელიც მოიცავს სავალდებულო მონაცემთა ველებს და საჭიროებისამებრ, კონკრეტული სავალდებულო მონაცემების ველებს.

3. ავიასაწარმოს მონაცემთა ბაზის ფორმატი, უნდა იყოს:   

ა) სტანდარტიზებული, ინფორმაციის გაცვლის გასაადვილებლად; და

ბ) თავსებადი ევროკავშირის საავიაციო მოვლენათა შეტყობინების (ECCAIRS) სისტემასთან და ADREP ტაქსონომიებთან.

4. საავიაციო მოვლენის შესახებ ანგარიშები უნდა იყოს დეიდენტირებული მონაცემთა ბაზაში.

5. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად, ავიასაწარმო ვალდებულია სააგენტოს ან მოკვლევის ბიუროს მოთხოვნისამებრ მისცეს სრული წვდომა მონაცემებზე, რომლებიც მოთავსებულია ავიასაწარმოს მონაცემთა ბაზაში.

6. ავიასაწარმოს მონაცემთა ბაზაში საავიაციო მოვლენის შესახებ ჩანაწერი, ასევე უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების რისკის კლასიფიკაციის მიერ მინიჭებული რისკის ინდექსს.


მუხლი 13. საავიაციო მოვლენების შესახებ შეტყობინებების ხარისხი და შინაარსი
1. მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის შეყვანისას ყველა მოვლენის შესახებ, რომელიც წარდგენილია სავალდებულო და  ნებაყოფლობითი შეტყობინების სისტემით, ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მათ მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული მოვლენების ჩანაწერები შეიცავდეს მინიმუმ ინფორმაციას, რომელიც მოცემულია ამ წესის მე-5 დანართში.

2. ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა ხარისხის შემოწმების პროცესის შემუშავება და მისი დანერგვა, რათა გაუმჯობესდეს შემოსული და შენახული მონაცემების შესაბამისობა.


მუხლი 14. საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და სათანადო გამოყენება
1. ავიასაწარმო ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს  მათ მიერ მიღებული  საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის სათანადო კონფიდენციალურობა.

2. ავიასაწარმომ პერსონალის შესახებ მონაცემების დამუშავება უნდა განახორციელოს მხოლოდ ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დაცვით.

3. საავიაციო მოვლენების შესახებ მიღებული ინფორმაცია უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც იგი შეგროვდა.

4. ავიასაწარმომ არ უნდა გახადოს ხელმისაწვდომი ან გამოიყენოს საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაცია:

ა) პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, გარდა მე-16 მუხლით დადგენილი მოთხოვნისა; ან

ბ) ნებისმიერი მიზნისთვის, რომელიც არ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოების დონის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას.


მუხლი 15. საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაციის წყაროს დაცვა
1. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პერსონალური მონაცემი ხელმისაწვდომი იყოს ამ ავიასაწარმოს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნული პირებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია საავიაციო უსაფრთხოების დონის გაზრდის მიზნით საავიაციო მოვლენის მოსაკვლევად.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის, „პერსონალური მონაცემები“ მოიცავს ფიზიკური პირების სახელებს და მისამართებს.

2. თუ საავიაციო მოვლენის ანალიზის შედეგად ავიასაწარმომ გამოავლინა სააგენტოს მიერ ლიცენზირებადი პერსონალის  არაკომპეტენტურობა, ამის შესახებ მონაცემები უნდა მიეწოდოს სააგენტოს.

3. ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს მხოლოდ დეიდენტიფიცირებული ინფორმაციის გავრცელება  ავიასაწარმოში.


მუხლი 16. დისციპლინური წარმოება
1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განხილული შემთხვევის გარდა, თუ ავიასაწარმოს მიერ დისციპლინური წარმოება აღიძრა, საავიაციო მოვლენის შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული:

ა) საავიაციო მოვლენის შემტყობინებლის; ან

ბ) საავიაციო მოვლენის შეტყობინებაში მოხსენიებული პირების მიმართ. 

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განხილული შემთხვევის გარდა, ავიასაწარმოს ან/და ქვეკონტრაქტით დაქირავებული პერსონალი, რომლებმაც განახორციელეს საავიაციო მოვლენის შეტყობინება ან არიან მოხსენიებულნი მიღებულ საავიაციო მოვლენის შეტყობინებაში, ავიასაწარმოს ან საავიაციო მოვლენაში მოხსენიებული ორგანიზაციის (რომელზეც ავიასაწარმო ახორციელებს მომსახურების გაწევას) მიერ არ უნდა განხორციელდეს შემტყობინებლის ან საავიაციო მოვლენაში მოხსენიებული პერსონალის მიმართ დისციპლინური ან ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

ა) განზრახ გადაცდომა;

ბ) თუ სახეზეა რისკის მძიმე უგულებელყოფა და არასაკმარისი პროფესიული პასუხისმგებლობა გარემოებისადმი, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნიდა პიროვნებას, საკუთრებას ან ფრენის უსაფრთხოებას და ცხადად საჭიროებდა შესაბამისი სიფრთხილის გამოჩენას.


მუხლი 17. რისკის კლასიფიკაციის სქემა
1. ავიასაწარმომ უნდა დაადგინოს სააგენტოსთან შეთანხმებით საავიაციო მოვლენის  უსაფრთხოების რისკის კლასიფიკაციის სქემა.

შენიშვნა: ევროპის რისკის კლასიფიკაციის საერთო სქემის მიხედვით დადგენის მეთოდოლოგია, იხილეთ ამ წესის მე-6 დანართში.

2. რისკის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიამ უნდა დაადგინოს საავიაციო მოვლენის უსაფრთხოების რისკი და არა მისი რეალური შედეგი.

3. თითოეული საავიაციო მოვლენის შეფასებამ უნდა დაადგინოს საავიაციო მოვლენის ყველაზე მძიმე სავარაუდო შედეგი, რომელიც შეიძლება გამოეწვია ამ მოვლენას და რამდენად მოსალოდნელი იყო სავარაუდო შედეგი.

4. რისკის კლასიფიკაციის სქემა უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოების რისკის   მატრიცას, რომელიც შედგება შემდეგი ორი ცვლადი მონაცემისგან:

ა) საავიაციო მოვლენის სიმძიმე:  საავიაციო მოვლენის ყველაზე მძიმე სავარაუდო შედეგის იდენტიფიცირება, რომელიც დადგებოდა, თუ ადგილი ექნებოდა საავიაციო შემთხვევას;

ბ) საავიაციო მოვლენის  ალბათობა: შესაფასებელი საავიაციო მოვლენის ალბათობის იდენტიფიცირება, რომ გადაიზარდოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საავიაციო მოვლენის ყველაზე მძიმე სავარაუდო შედეგამდე.


მუხლი 18. ინფორმაციის გაცვლა
1. ავიასაწარმო ვალდებულია შეატყობინოს ტექნიკური საშუალების მწარმოებელს სისტემისა და კომპონენტების ნებისმიერი გაუმართაობა, ტექნიკური ხარვეზი, ტექნიკური შეზღუდვების გადამეტება, ან სხვა არასტანდარტული გარემოება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის უსაფრთხო მომსახურებას.

2. საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოები, რომლებიც მონაწილეები არიან ერთი და იგივე საავიაციო მოვლენაში, ვალდებულნი არიან ერთმანეთში გაცვალონ  საავიაციო მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაცია , საავიაციო მოვლენის მოკვლევის მიზნით.


მუხლი 19. სააგენტოს საავიაციო მოვლენათა მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის წვდომა
1. სააგენტო უფლებამოსილია, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ყოველწლიურად გამოაქვეყნოს საავიაციო უსაფრთხოების შესახებ ანგარიში, სადაც ასახული იქნება საავიაციო მოვლენათა ანალიზის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემთა შესწავლის საფუძველზე მიღებული შედეგები, შესაბამის დაინტერესებულ პირთათვის, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას გამოიყენებენ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის.

3. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაინტერესებულ მხარეს არ მიეცემა პირდაპირი წვდომა სააგენტოს საავიაციო მოვლენების მონაცემთა ბაზაზე.

4. განაცხადს ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ დაინტერესებული პირები წერილობით წარუდგენენ სააგენტოს  ამ წესის მე-4 დანართის შესაბამისად.

5. საკონტაქტო პირმა უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებული და განხორციელებადია ინფორმაციის მოთხოვნა.

6. დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია, რომელიც მას სჭირდება საკუთარი საქმიანობის მიზნებისათვის. ინფორმაცია, რომელიც არ უკავშირდება დაინტერესებული პირის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ მოწყობილობებს, საქმიანობას ან საქმიანობის სფეროს, გაიცემა მხოლოდ ზოგადი ან არაიდენტიფიცირებული ფორმით, თუ ინფორმაციის მოთხოვნა დეტალურად არ არის დასაბუთებელი პირის მიერ.

7. ინფორმაციის გაცემა ხდება წერილობით. განაცხადის წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიუთითოს საკონტაქტო პირთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში პირთან კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

8. საკონტაქტო პირმა უნდა აწარმოოს რეესტრი თითოეული ინფორმაციის მოთხოვნის განაცხადისა და მის მიერ მასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

9. ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ ინფორმაციას დაინტერესებული მხარე გამოიყენებს შემდეგი პირობებით:

ა) დაინტერესებულმა მხარემ უნდა გამოიყენოს ინფორმაცია მხოლოდ მოთხოვნის ფორმაში მითითებული მიზნებისათვის, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის 1-ლ მუხლში მითითებულ მიზანს; და

ბ) დაინტერესებულმა მხარემ არ უნდა გაამჟღავნოს მიღებული ინფორმაცია ინფორმაციის მიმწოდებლის წერილობითი თანხმობის გარეშე და მიიღოს აუცილებელი ზომები მიღებული ინფორმაციის სათანადო კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.


მუხლი 20. ინფორმაციის დაცვა
1. სააგენტო სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ ამ წესით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

2. სააგენტო ატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დასაცავად.

3. საავიაციო მოვლენის კლასიფიკაციის მიუხედავად, დაუშვებელია კონკრეტული პირების პირადი მონაცემების მონაცემთა ბაზაში შეტანა.

4. სააგენტო  უზრუნველყოფს ინფორმაციის მიმწოდებელი პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალობას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


მუხლი 21. არადამსჯელობითი კულტურა
1. პირს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ საავიაციო მოვლენისათვის, რომლის მონაწილეც ის იყო, თუ საავიაციო მოვლენის შესახებ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა მისივე შეტყობინების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილი ჰქონდა განზრახვას ან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დარღვევას.

2. ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საავიაციო მოვლენის შესახებ შეტყობინებას, არ იქნებიან დასჯილნი ავიასაწარმოს მიერ  შეტყობინების მიწოდების გამო.

3. ავიასაწარმომ, თანამშრომლებთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა შეიმუშაოს   შიდა წესები, რომლებიც აღწერს, თუ როგორ არის დაცული და დანერგილი ამ ავიასაწარმოში არადამსჯელობითი კულტურის  პრინციპები.

4. ავიასაწარმომ, რომელსაც ევალება უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, უნდა შეიმუშაოს შიდა პროცედურა, რომელიც აღწერს, თუ როგორ მოხდება ამ მუხლით  გათვალისწინებული არადამსჯელობითი კულტურის პრინციპების დანერგვა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.

5. ავიასაწარმომ არ უნდა გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომა წესების წინასწარი განზრახვის გარეშე დარღვევის შემთხვევაში, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საავიაციო მოვლენის შეტყობინების სისტემის მეშვეობით, გარდა უხეში დაუდევრობით ან/და განზრახ დარღვევით გამოწვეული შემთხვევებისა.

6. ავიასაწარმოს თანამშრომლებს და ქვეკონტრაქტით დაქირავებულ პერსონალს შეუძლიათ შეატყობინონ სააგენტოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის შესახებ.