სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 340140000.10.003.024554
161
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
340140000.10.003.024554
სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2024 წლის 30 აპრილი

  ქ. თბილისი

 

სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და   მე-13 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული  „სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს და არეგულირებს ჭარბი სურსათის შეწირულებისა და გადანაწილებისათვის სავალდებულო პირობებსა და სურსათის შეწირულებასთან, აღდგენასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. გარდა ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა, სურსათის შეწირულება და გადანაწილება რეგულირდება „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. მიზანი და გამოყენების სფერო

1. ეს წესი მიზნად ისახავს სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას.

2. ეს წესი ადგენს:

ა) სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს სურსათის გადანაწილებისთვის, რაც მოიცავს სურსათის შეწირულებას, აღდგენას, შენახვასა და გადანაწილებას;

ბ) სურსათის ჰიგიენის წესებს;

გ) იმ სურსათის ჩამონათვალს, რომლის გამოყენება და გადანაწილება დასაშვებია;

დ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეების მიერ ჭარბი სურსათის ერთმანეთისთვის გადაცემის პროცედურებს;

ე) მიკვლევადობის მოთხოვნებს;

ვ) იმ სურსათის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცედურებს, რომელსაც გასული აქვს ვარგისობის მინიმალური ვადა − „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ...-მდე“.

3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ბიზნესოპერატორზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ავტორიზებულია სურსათით საქველმოქმედო საქმიანობაზე.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სურსათის შეწირულების გამცემი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს სურსათის მიწოდების ჯაჭვში და ახდენს სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისთვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემას;

ბ) შეწირული სურსათის მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს სურსათის მიწოდების  ჯაჭვში და ახდენს სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისთვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემას ან შეწირულების სახით გაცემული ჭარბი სურსათის შეგროვებას, შენახვას, აღდგენასა და გადანაწილებას;

გ) ავტორიზებული პირი  –  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტით მინიჭებული აქვს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების უფლება.

2. ამ წესის  მიზნებისათვის გამოიყენება „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები

1. სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი წარმოადგენს ბიზნესოპერატორს, რომელიც ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

2. სურსათის შეწირულება და სურსათის გადანაწილება ხორციელდება  მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ავტორიზებული პირის მიერ, სურსათის ბაზარზე განთავსებითა და უსასყიდლოდ მიწოდებით.

მუხლი 5. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები

1. სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილე ყველა ავტორიზებული ბიზნესოპერატორი, თავისი საქმიანობის ფარგლებში, ვალდებულია, უზრუნველყოს სურსათის უვნებლობა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. დაუშვებელია სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ ისეთი სურსათის შეწირულება და გადანაწილება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

3. სურსათის შეწირულებისა და სურსათის გადანაწილებისათვის განკუთვნილი სურსათი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,  მიზანშეწონილი უნდა იყოს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

4. სურსათის აღდგენისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზანშეწონილობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს, თუ რამდენად დასაშვებია ადამიანის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენება მისი დაბინძურების, დაობების, ლპობის ან მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების არსებობის გამო.

5. თუ სურსათი მავნეა, ამ სურსათის მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.

მუხლი 6. სურსათის ჰიგიენის წესები

1. სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილე ყველა ავტორიზებული ბიზნესოპერატორი, თავისი საქმიანობის ფარგლებში, ვალდებულია, ჭარბი სურსათის შეგროვება, შენახვა, აღდგენა და გადანაწილება განახორციელოს „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 და „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებებით განსაზღვრული მოთხოვნების  შესაბამისად.

2. აუცილებლობის შემთხვევაში, გადასაზიდი საშუალებები, ასევე კონტეინერები და შესანახი ჭურჭელი უნდა უზრუნველყოფდეს ტრანსპორტირებისას სურსათისათვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებასა და მათი მონიტორინგის საშუალებას.

მუხლი 7. სურსათის ჩამონათვალი, რომლის გამოყენება და გადანაწილება დასაშვებია

1. სურსათის შეწირულების სახით გამცემი ავტორიზებული პირის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის/სურსათის ბანკისათვის ან ბენეფიციარისათვის უსასყიდლოდ გადაცემას ექვემდებარება შემდეგი სურსათი:

ა) დაფასოებული სურსათი, რომლის ვარგისობის მინიმალური ვადა, „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილების თანახმად,  მითითებულია შემდეგი სახით  –  „უმჯობესია გამოყენებული იქნეს...მდე“ და ეს ვადა გასულია;

ბ) დაფასოებული სურსათი, რომლისთვისაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვარგისობის მინიმალური ვადის განსაზღვრა არ არის სავალდებულო;

გ) დაუფასოებელი სურსათი, რომლისთვისაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვარგისობის მინიმალური ვადის განსაზღვრა არ არის სავალდებულო და რომლის ფიზიკური დათვალიერება, ორგანოლეპტიკური შეფასება, დახარისხება და დაფასოება შეიძლება, განხორციელდეს უშუალოდ ბენეფიციარისათვის გადაცემის წინ.

2. სურსათის შეწირულებასა და სურსათის გადანაწილებას   ექვემდებარება ამ წესის დანართით – „სურსათის შეწირულებისა და სურსათის განაწილებისთვის განკუთვნილი სურსათის რეკომენდებული ჩამონათვალით“ განსაზღვრული სურსათი.

3. ბენეფიციარისათვის ან სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის/სურსათის ბანკისათვის უსასყიდლოდ გადაცემას არ ექვემდებარება:

ა) ალკოჰოლური სასმელები;

ბ) ოჯახური წარმოების სუბიექტის მიერ წარმოებული სურსათი;

გ) ვარგისობის მინიმალური ვადის – „უმჯობესია გამოყენებული იქნეს....მდე“ მქონე სურსათი, რომლის სამომხმარებლო შეფუთვის მთლიანობა   შეცვლილია ისე, რომ ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს სურსათის უვნებლობაზე;

დ) სურსათი,  რომლის ეტიკეტზე სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია არ შეესაბამება „ტექნიკური რეგლამენტის –  მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია ავტორიზებული პირი.

მუხლი 8. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეების მიერ ჭარბი სურსათის  გადაცემა

1. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეების ავტორიზებული პირების მიერ ჭარბი სურსათის გადაცემა უნდა განხორციელდეს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. სურსათის შეწირულების სახით გამცემი პირი ვალდებულია,  შეწირული სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/ სურსათის ბანკს ან ბენეფიციარს ჭარბი სურსათი მიაწოდოს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

3. სურსათის შეწირულების სახით გამცემი პირი ვალდებულია,  სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს ან ბენეფიციარს მიაწოდოს სურსათი:

ა) რომლის სამომხმარებლო შეფუთვის/დაფასოების მთლიანობა არ არის დარღვეული ან/და შეცვლილი ისე, რომ ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს სურსათის უვნებლობაზე;

ბ) რომელიც ინახებოდა ბიზნესოპერატორის მიერ განსაზღვრულ ტემპერატურაზე და შენახვის პირობებში;

გ) რომელიც მიზანშეწონილია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

4. სურსათის შეწირულების სახით გამცემი პირი ვალდებულია,  სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ჭარბ სურსათთან დაკავშირებული, საქართველოს  კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ეტიკეტის ან სხვა თანმხლები მასალის საშუალებით.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, სურსათის შეწირულების სახით გამცემი პირი ვალდებულია, სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს მიაწოდოს ინფორმაცია ჭარბის სურსათის ზუსტი რაოდენობის შესახებ.

6. სურსათის შეწირულების სახით გამცემი პირი ვალდებულია,  სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს, საჭიროების მიხედვით, მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციის/სურსათის ბანკის საქმიანობას.

7. სურსათის შეწირულების მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

8. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს უფლება აქვს, მიიღოს ჭარბი სურსათი შეწირულების სახით, აღადგინოს ის და გადაუნაწილოს სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებს/სურსათის ბანკებს ან მიაწოდოს უშუალოდ ბენეფიციარს, თუ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

9. სურსათის შეწირულების მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის, ვალდებულია, შემუშავებული ჰქონდეს თვითკონტროლის გეგმა, რომელშიც მოცემული იქნება სურსათის შეწირულებასა და სურსათის გადანაწილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება.

10. სურსათის შეწირულების მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი ვალდებულია, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.

11. შეწირული სურსათის მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი ვალდებულია, დაათვალიეროს ჭარბი სურსათი, რათა შეძლებისდაგვარად შეფასებულ იქნეს სურსათის ხარისხობრივი მდგომარეობა, რისთვისაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი:

ა) დესტრუქციული მეთოდი (მაგ.: შეფუთვის გახსნა, სენსორული ანალიზი და ა. შ.);

ბ) არადესტრუქციული მეთოდი (მაგ.: ტემპერატურის ჩანაწერები, სურსათის ვიზუალური დათვალიერება, კონდენსატის არსებობა, კონსისტენციის/ტექსტურის ცვლილება, შეფერილობის ცვლილება,  შეფუთვის მთლიანობა და ა. შ.).

12. სურსათის აღდგენის მიზნით, დასაშვებია სურსათის მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციის/სურსათის ბანკის მიერ სურსათის ფიზიკური დათვალიერება (მათ შორის, შეფუთვის დარღვევით) ორგანოლეპტიკური შეფასება და დახარისხება, რომლის დროსაც დეტალური შემოწმებისას შესაძლებელია, დადასტურდეს, რომ სურსათის ნაწილი აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და მიზანშეწონილია ადამიანის მიერ მისი მოხმარება.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული სურსათის დახარისხებისას, სურსათის ნარჩენები, საჭიროების მიხედვით, უნდა იყოს გატანილი იმ სათავსებიდან, რომლებშიც სურსათია განთავსებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი დაგროვება. სურსათის ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს ნარჩენების მართვის კოდექსისა და „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

14. შეწირული სურსათის მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი ვალდებულია, უზრუნველყოს ბინზესოპერატორის მიერ დადგენილი სურსათის შენახვის პირობებისა და ტემპერატურის დაცვა.

მუხლი 9. მიკვლევადობის მოთხოვნები

1. სურსათის შეწირულებისა და სურსათის გადანაწილებისათვის განკუთვნილი სურსათი სურსათის მიწოდების ჯაჭვში უნდა იყოს მიკვლევადი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მიკვლევადობის მოთხოვნებს.

2. მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილე ყველა ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს, რისთვისაც მას შემოღებული უნდა ჰქონდეს სათანადო სისტემები და პროცედურები.

მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი

1. იმ სურსათის მიმართ სახელმწიფო კონტროლი, რომელსაც გასული აქვს ვარგისობის მინიმალური ვადა − „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ...- მდე“  ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ წესის დანართით განსაზღვრული სურსათი, რომელსაც გასული აქვს ვარგისობის მინიმალური ვადა − „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ...-მდე“,  დაშვებულია, გამოყენებულ იქნეს სურსათის შეწირულებისა და განაწილებისათვის, თუ არ აღენიშნება ნიშნები, რომელთა არსებობისას დაუშვებელია სურსათის შეწირულებისთვის გამოყენება.          

 

დანართი

სურსათის შეწირულებისა  და სურსათის განაწილებისთვის განკუთვნილი სურსათის რეკომენდებული ჩამონათვალი

 

სურსათის კატეგორია

1

მაკარონის ნაწარმი

2

ჩაი, ყავა, კაკაო და სხვა მსგავსი პროდუქტები, სასმელების მოსამზადებლად

3

მარცვლოვნები (ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, ფეტვი, სიმინდი, ბრინჯი, სორგო, ღომი, ფეტვი) და ფსევდომარცვლოვნები (წიწიბურა, ქინოა, ამარანტი) და მათგან მიღებული პროდუქტები, სახამებელი

4

კანფეტი (მაგარი), შოკოლადი შიგთავსის გარეშე

5

სიროფი, თაფლი

6

დაფასოებული უალკოჰოლო სასმელები, დაფასოებული წვენები, დაფასოებული წყალი

7

დაკონსერვებული სურსათი (მინისა და ალუმინის ქილებში)

8

ძმარი

9

სუფრის მარილი

10

ახალი ხილი და ბოსტნეული, მათ შორის, კარტოფილი, რომელიც არ დაექვემდებარა გაფცქვნას, დაჭრას ან სხვა მსგავსი სახით დამუშავებას

11

შაქარი (ფხვნილის ან ნატეხების სახით)

12

საღეჭი რეზინი და სხვა მსგავსი პროდუქტები

13

საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც პრაქტიკულად სრულად შედგება არომატიზებული ან/და შეღებილი შაქრებისაგან

14

პურფუნთუშეული და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც მისი შემადგენლობის გათვალისწინებით, მოიხმარება წარმოებიდან 24 საათის განმავლობაში

15

სხვადასხვა მარცვლოვანისა და ფსევდომარცვლოვნის ფქვილი

16

სოუსები, ტოპინგები, სანელებლები  (კეტჩუპი, ტყემალი, აჯიკა, მდოგვი და მსგავსი პროდუქტები)

17

ზეთი

18

ორცხობილა, ყოველგვარი მალფუჭებადი შიგთავსის გარეშე

19

მარცვლოვნებისა და ფსევდომარცვლოვნების ბურღულეული, ჩიპსები და სხვა მსგავსი პროდუქტები

20

სწრაფი მომზადების პროდუქტები, დაფასოებული (მშრალი სუპები, ფაფები)

21

ღრმად გაყინული სურსათი.