ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქეთევან ხმალაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქეთევან ხმალაძე საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 29836/19
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 23/11/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
29836/19
23/11/2023
ვებგვერდი, 30/04/2024
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქეთევან ხმალაძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეხუთე სექციის გადაწყვეტილება

ქეთევან ხმალაძე
საქართველოს წინააღმდეგ

საჩივარი №29836/19

 

 

 


 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ 2023 წლის 23 ნოემბერს შემდეგი შემადგენლობით:

სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 29836/19) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 27 მაისს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ, ქ-მა ქეთევან ხმალაძემ (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1979 წელს, რომელსაც წარმოადგენდნენ ქ-ნი ე. კობესაშვილი და ბ-ნი მ. ზაქარეიშვილი, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თბილისში;

გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად და გამოცხადდეს მიუღებლად საჩივრის დანარჩენი ნაწილი;

მხარეთა მოსაზრებები;

განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

საქმის არსი

1 . საქმე ეხება, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, პოლიციელების მიერ მომჩივნის მიმართ სავარაუდო ცუდ მოპყრობას დაკავების დროს და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში.

სასამართლოს შეფასება

2 . 2019 წლის 10 ივლისს სასამართლომ საჩივრის შესახებ აცნობა მთავრობას. მეგობრული მორიგების წინადადების პროექტი სასამართლოს სამდივნომ მხარეებს გაუგზავნა 2019 წლის 17 ივლისს და მომჩივანს ეცნობა, სასამართლოს რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით, რომ არსებობდა კონფიდენციალურობის მკაცრი მოთხოვნა მეგობრული მორიგების მოლაპარაკებებისთვის.

3 . ვინაიდან მხარეებს შორის მეგობრული მორიგების მიღწევის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, სასამართლომ მოიწვია მთავრობა, წარმოედგინა თავისი წერილობითი მოსაზრებები საქმის მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებით. შესაბამისი წერილი, რომელიც საქმისწარმოების საინფორმაციო შენიშვნაზე მიუთითებდა, საჩივრის გაცნობის შემდეგ გაეგზავნა მომჩივნის წარმომადგენელს 2019 წლის 4 ოქტომბერს.

4 . 2020 წლის 7 ივლისს მთავრობამ, განმცხადებლის დამატებით შენიშვნებზე საპასუხოდ, წამოაყენა ახალი პრეტენზია მიუღებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ აცნობეს სასამართლოს, რომ მომჩივნის წარმომადგენელმა მედიას გააცნო მეგობრული მორიგების მოლაპარაკებების დეტალები, მათ შორის, სასამართლოს სამდივნოს მიერ შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა. მთავრობა შეედავა ინდივიდუალური შუამდგომლობის უფლების ბოროტად გამოყენების გამო და მოსთხოვა სასამართლოს, უარეყო საჩივარი.

5 . მომჩივანს რაიმე წარდგინება არ გაუკეთებია მთავრობის ახალ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიუღებლობის მოთხოვნით.

6 . სასამართლოს რეგლამენტის 55-ე წესის შესაბამისად, რამდენადაც მისი ხასიათი და გარემოებები იძლევა ამის საშუალებას, ნებისმიერი მტკიცება მიუღებლობის შესახებ მოპასუხე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა წამოაყენოს თავის მოსაზრებებში საჩივრის მისაღებობის შესახებ. წინამდებარე საქმეში, მთავრობამ წამოაყენა თავისი პრეტენზია მიუღებლობასთან დაკავშირებით თავის დამატებით მოსაზრებებში. თუმცა, აუცილებლობას არ წარმოადგენს საკითხის განხილვა, არსებობდა თუ არა განსაკუთრებული გარემოებები, რომლებმაც მთავრობა გაათავისუფლა პრეტენზიის დროულად წამოყენების ვალდებულებისგან, რადგან სასამართლოს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ამ საკითხის წამოჭრა და შემოწმება საკუთარი სურვილით (იხ. საქმე Dimo Damo and Others v. Bulgaria, no. 30044/10, § 41, 2020 წლის 7 ივლისი, შემდგომი მითითებებით).

7 . სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მეგობრული მორიგების მოლაპარაკებები კონფიდენციალურია. ეს წესი გამეორებულია სასამართლოს რეგლამენტის 62-ის მე-2 პუნქტში. წესი, რომ მეგობრული მორიგების მოლაპარაკებები კონფიდენციალურია, არის აბსოლუტური და არ იძლევა იმის ინდივიდუალური შეფასების საშუალებას, თუ რამდენი დეტალი იქნა გამჟღავნებული (იხ., ბევრ სხვა საქმეს შორის, საქმე Lesnina Veletrgovina d.o.o. v. the former Yugoslav Republic of Macedonia (dec.), no. 37619/04, 2010 წლის 2 მარტი; საქმე Abbasov and Others v. Azerbaijan (dec.), no. 36609/08, § 28, 2013 წლის 28 მაისი, და საქმე Gorgadze v. Georgia (dec.), no. 57990/10, § 18, 2014 წლის 2 სექტემბერი და მათში ციტირებული პრეცედენტული სამართალი). ის უკრძალავს მხარეებს მეგობრული მორიგების მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას როგორც მედიით, ისე წერილის მეშვეობით, რომელიც შეიძლება წაიკითხოს ხალხის მნიშვნელოვანმა რაოდენობამ, ან სხვა საშუალებებით (იხ. საქმე Abbasov and Others, ციტირებული ზემოთ, § 30; ასევე იხ. საქმე Tsonev v. Bulgaria (dec.), no. 44885/10, § 26, 2015 წლის 8 დეკემბერი).

8 . გარდა ამისა, კონფიდენციალურობის პრინციპის ზოგადი მიზანია მხარეებისა და სასამართლოს დაცვა შესაძლო ზეწოლისგან. შესაბამისად, მეგობრული მორიგების მოლაპარაკებების კონფიდენციალურობის ვალდებულების განზრახ დარღვევა შეიძლება ჩაითვალოს საჩივრის შეტანის უფლების ბოროტად გამოყენებად და გამოიწვიოს საჩივრის უარყოფა (იხ. საქმე Hadrabová v. the Czech Republic (dec.), no. 42165/02, 2007 წლის 25 სექტემბერი; საქმე Miroļubovs and Others v. Latvia, no. 798/05, § 66, 2009 წლის 15 სექტემბერი; საქმე Benjocki and Others v. Serbia  (dec.), nos. 5958/07, 6561/07, 8093/07 და 9162/07, 2009 წლის 15 დეკემბერი; საქმე Baucal-Đorđević and Đorđević v. Serbia (dec.), no. 38540/07, 2013 წლის 2 ივლისი; საქმე  Abbasov and Others, § 29, საქმე Gorgadze, §§ 19 და 21, საქმე Tsonev, § 26, ყველა ციტირებული ზემოთ; საქმე Ausad Valimised Mtü  v. Estonia (dec.), no. 40631/14, 2016 წლის 27 სექტემბერი; და საქმე Y and others v. Bulgaria, no. 1666/19, § 25, 2020 წლის 8 ოქტომბერი).

9 . უბრუნდება რა წინამდებარე საქმეს, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის წარმომადგენელმა განზრახ გაამჟღავნა მეგობრული მორიგების მოლაპარაკებების დეტალები, მათ შორის, შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა. კონვენციის 39-ე მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 62-ე წესის მე-2 პუნქტი ციტირებული იყო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის წერილში, როცა დაიწყო მეგობრული მორიგების პროცედურა (იხ. პარაგრაფი 2 ზემოთ). გარდა ამისა, საინფორმაციო შენიშვნა, რომელზეც მიუთითებდა სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის წერილი, აცხადებდა, რომ მეგობრული მორიგების მოლაპარაკებები მკაცრად კონფიდენციალური იყო (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანსა და მის წარმომადგენლებს უნდა სცოდნოდათ ამ მოთხოვნის შესახებ და შეესრულებინათ ის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე. მათ ეს არ გაუკეთებიათ და არანაირი დასაბუთება არ წარმოუდგენიათ.

10 . ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის წარმომადგენლის ასეთი ქცევა წარმოადგენს კონფიდენციალურობის წესის დარღვევას, რომელიც აგრეთვე მიჩნეული უნდა იქნეს ინდივიდუალური საჩივრის უფლების დარღვევად, სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 7-8 ზემოთ).

11 . შედეგად, საჩივარი მიუღებელია და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(ა) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად

აცხადებს საჩივარს მიუღებლად.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2023 წლის 14 დეკემბერს.      

                                      

მარტინა კელერი 

სექციის განმწესრიგებლის მოადგილე    

 

სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი
            თავმჯდომარე