ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 8827/19
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 14/12/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
8827/19
14/12/2023
ვებგვერდი, 30/04/2024
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

(საჩივარი №8827/19)

საქმე „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

სტრასბურგი

2023 წლის 14 დეკემბერი

 

   

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეზე „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (№ 8827/19) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 24 იანვარს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ, ბ-ნმა ვლადიმერ მჭედლიშვილმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1980 წელს, მცხოვრები სიღნაღში, რომელსაც წარმოადგენდნენ ქ-ნები თ. სამხარაძე, ა. ნასრაშვილი და ს. ვერძეული, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თბილისში;

გადაწყვეტილება, ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;

მხარეთა მოსაზრებები;

2023 წლის 23 ნოემბრის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

საქმის არსი

1. საქმე ეხება მომჩივნის პრეტენზიებს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მის მიმართ ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებით და ამ მიმართებით ჩატარებული გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობას.

2. მომჩივნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ ოქმის თანახმად, ის დააკავეს 2017 წლის 15 მაისს 22:30 საათზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო და გადაიყვანეს ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში. მის დაკავებაში მონაწილეობდა სამი პოლიციელი (გ. ნ., გ. ტ. და ს. კ.). ოქმში მითითებული იყო, რომ მომჩივანი ლუდს სვამდა საზოგადოებრივ მოედანზე, „დაკავებისას აგრესიული გახდა და სიტყვიერად შეურაცხყო პოლიციელები მათი მოთხოვნის საპასუხოდ, შეეწყვიტა [სმა საზოგადოებრივ ადგილზე], ვინაიდან ეს [კანონის] დარღვევას წარმოადგენდა...“. ოქმში მითითებული იყო, რომ მომჩივანს „მარცხენა ლოყასა და მარცხენა მხარეზე სიწითლე აღენიშნებოდა“, რაც „დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობის“ შედეგი იყო. მომჩივანმა უარი განაცხადა, ხელი მოეწერა ოქმზე.

3. 2017 წლის 16 მაისს, 12:20 საათზე მომჩივანი მოათავსეს იმავე პოლიციის განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში. პარამედიკოსის დასკვნის თანახმად, მას პატარა დალურჯებები და ჰემატომები აღენიშნებოდა თავის მარცხენა მხარეს, კონკრეტულად, მარცხენა საფეთქელსა და მარცხენა ლოყაზე. მას აგრეთვე ჰქონდა ნაკაწრები, ჰემატომები და სიწითლე მისი სხეულის მარცხენა მხარეს. მომჩივანმა განმარტა, რომ მან დაზიანებები მიიღო „დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევისას“ და პრეტენზია განაცხადა მის „ფიზიკურ და სიტყვიერ“ შეურაცხყოფაზე მისი დამკავებელი ერთ-ერთი პოლიციელის, გ. ნ.-ის, მიერ. დასკვნას ხელს აწერდა მომჩივანი. დაუზუსტებელ დროს პარამედიკოსებს ისევ დაუძახეს, რადგან მომჩივანი ტკივილებს უჩიოდა. პროკურორს შეატყობინეს მომჩივნის დაზიანებებისა და პრეტენზიების შესახებ.

4. მომჩივანი გაათავისუფლეს 2017 წლის 16 მაისს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი ბრძანებისადმი – შეეწყვიტა ლუდის სმა და გინება საზოგადოებრივ ადგილზე – დაუმორჩილებლობისთვის, მისი დამნაშავედ ცნობის შემდეგ. მას დაეკისრა ჯარიმა 300 ქართული ლარის ოდენობით (დაახლოებით 112 ევრო). მსჯავრდება უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 29 ივნისით დათარიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით.

5. 2017 წლის 16 მაისს მომჩივანი გამოჰკითხა პროკურორმა. მან განაცხადა, რომ 2017 წლის 15 მაისის საღამოს ის ლუდს სვამდა საზოგადოებრივ ადგილზე სხვა პირებთან ერთად. მან მიუთითა, რომ მას აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ იქ შეკრებილმა პირებმა სთხოვეს პოლიციელებს, არ დაეკავებინათ მომჩივანი. ის აცხადებდა, რომ მას გ. ნ.-მ სცემა პოლიციის განყოფილებაში შესასვლელიდან მარცხნივ მდებარე ოთახში. ის მოთავსებული იქნა პოლიციის განყოფილების დაკავების იზოლატორში. მისი ტკივილების გამო, საჭირო გახდა პარამედიკოსის გამოძახება. მან დაამატა, რომ მას ჯერ კიდევ „საშინელი“ ტკივილი აწუხებდა მუცლის არეში.

6. 2017 წლის 17 მაისს სისხლის სამართლის გამოძიება ხელახლა გახსნა კახეთის საოლქო პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით.

7. მომდევნო დღეს, 2017 წლის 18 მაისს, მომჩივანმა გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ის გადაყვანილი იქნა კერძო კლინიკაში. რენტგენოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა მარცხენა ნეკნების (მე-6, მე-7 და მე-8) მოტეხილობა. ხელისუფლების ორგანოებმა მოითხოვეს დამატებითი რენტგენოლოგიური კვლევა, რომელმაც გამოავლინა მხოლოდ მე-6 და მე-8 ნეკნების მოტეხილობა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა გამოიკვლია მომჩივანი და შეადარა 2 რენტგენის სურათი. მან დაასკვნა, რომ მომჩივანს მიღებული ჰქონდა მარცხენა მე-6 და მე-8 ნეკნების მოტეხილობა (და დალურჯებები მარცხენა თვალბუდის, მენჯისა და ბარძაყის არეში). ექსპერტმა მიუთითა, რომ დაზიანებების დრო შეიძლება დამთხვეოდა მომჩივნის მიერ მითითებულ დროს, ან შეიძლება ისინი მიყენებული ყოფილიყო ამ დრომდე ან მის შემდეგ; დაზიანებების მიყენების ზუსტი დროის დადგენა შეუძლებელია. ექსპერტმა განმარტა, რომ პარამედიკოსებს, რომლებმაც მომჩივანი გამოიკვლიეს დროებითი დაკავების იზოლატორში, შეიძლება ვერ შეემჩნიათ ნეკნის მოტეხილობა, ვინაიდან მხოლოდ რენტგენოლოგიურ კვლევას შეეძლო მოტეხილობის არსებობის დადგენა. მომჩივანს შეეძლო ამ მოტეხილობებით სიარულიც შეეძლებოდა მათ აღმოჩენამდე.

8. 2017 წლის 18 მაისს საგამოძიებო ორგანოებმა გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებმაც დააკავეს მომჩივანი. მათი ჩვენების თანახმად, 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე მათ შენიშნეს მომჩივანი და სხვა პირები, რომლებიც იგინებოდნენ და ლუდს სვამდნენ საზოგადოებრივ მოედანზე. ჯგუფში მყოფმა პირმა ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ მეტი გინება ან საზოგადოებრივი სმა აღარ იქნებოდა, მაგრამ პოლიციელები მალევე უკან შეიქნენ დასაბრუნებელი, რადგანაც დაპირება არ იქნა შესრულებული. გ. ნ.-მ მათ სთხოვა შეეწყვიტათ სმა საზოგადოებრივ ადგილზე. საპასუხოდ მომჩივანმა შეავსო ჭიქა, მიიტანა გ. ნ.-ის სახესთან და შეურაცხმყოფელი სიტყვები წარმოთქვა პოლიციელების მისამართით. გ. ნ.-ის თანახმად, ეს იყო მომენტი, როცა მან და მისა კოლეგებმა გადაწყვიტეს, დაეკავებინათ მომჩივანი, მაგრამ მათ წინააღმდეგობა გაუწია ჯგუფმა და თავად მომჩივანმა, რომელიც ხელებსა და ფეხებს ამოძრავებდა, არ უნდოდა რა პოლიციის მანქანაში მოთავსება. გ. ნ.-მ განმარტა, რომ ის და მისი პარტნიორები ვეღარ უმკლავდებოდნენ მომჩივნის წინააღმდეგობას და იძულებული გახდნენ, მიემართათ დახმარებისთვის. როგორც კი მომჩივანმა და პირთა ჯგუფმა გაიგო, რომ დამატებითი ძალები იქნა გამოძახებული, მათ შეწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევა და მომჩივანი დაეთანხმა, გაჰყოლოდა ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში (დაახლოებით 40 მეტრის მოშორებით). იმყოფებოდა რა ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ, მომჩივანმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა მის ადმინისტრაციული დაკავების ოქმზე და ალკოტესტზე, მისი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დონის განსასაზღვრად. პოლიციელებმა უარყვეს მომჩივნის მიმართ ცუდი მოპყრობა.

9. 2017 წლის მაისსა და ივნისში პროკურორმა გამოჰკითხა სხვადასხვა მოწმეები 2017 წლის 15-16 მაისის მოვლენების შესახებ. მათ შრის იყვნენ დროებითი დაკავების იზოლატორის ინსპექტორები, პარამედიკოსები, პოლიციის განყოფილების უფროსი, მომჩივნის მეგობარი (დ. დ.) და ნათესავი (ტ. გ.). დ. დ.-მ დაადასტურა საზოგადოებრივი შენობის კიბეებთან სმის ფაქტი. მან განაცხადა, რომ ადგილზე არ ყოფილა აგრესიული ქმედება ვინმეს მხრიდან, მაგრამ მას არ დაუნახავს, თუ რა მოხდა, როცა ის მოკლე ხნით ადგილზე არ იმყოფებოდა. ტ. გ.-მ განაცხადა, რომ მომჩივანი საკუთარი სურვილით დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას და გაჰყვა მას ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში, თავისი ან სხვა პირების მხრიდან ყოველგვარი ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

10. 2017 წლის 27 მაისსა და 2 ივნისს გამომძიებელმა განიხილა სიღნაღის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ვიდეოთვალთვალის გარე და შიდა კამერებისა და ახლომდებარე აფთიაქის კამერების ჩანაწერები. შესაბამისი ოქმების თანახმად, პოლიციის განყოფილებაში მდებარე შიდა კამერა იწერდა მხოლოდ მისაღების ტერიტორიას, სადაც ვიდეოჩანაწერი რაიმე ძალადობას სამოქალაქო პირის მიმართ არ აჩვენებდა (ვიდეოჩანაწერი აჩვენებდა მომჩივნის სახის მხოლოდ მარჯვენა მხარეს, დაზიანებების გარეშე). ერთი ოქმი ეხებოდა პერიოდს 2017 წლის 15 მაისის 10:49 საათსა და 10:54 საათს შორის და აცხადებდა, რომ რამდენიმე სამოქალაქო ტანსაცმელსა და პოლიციის ფორმაში ჩაცმულ პირს საუბარი ჰქონდა სიღნაღის პოლიციის განყოფილებასთან დაყენებულ მანქანასთან. საუბრის შემდეგ ორმა პოლიციელმა ერთი სამოქალაქო პირი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა. გამომძიებელმა განაცხადა, რომ ამ ვიდეოჩანაწერში პოლიციის მიმართ არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა.

11. 2018 წლის 10 იანვარს გამოძიების საქმისმწარმოებელმა პროკურორმა მომჩივანს მიანიჭა დაზარალებულის პროცედურული სტატუსი, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე სრული წვდომით.

12. 2020 წელს, სხვადასხვა თარიღებში გამოკითხული იქნა რამდენიმე პოლიციელი და პროკურორი, რომლებმაც დაარეგისტრირეს მომჩივნის თავდაპირველი პრეტენზიები. 2021 წლის ივნისში მომჩივანი ისევ გამოჰკითხეს.

13. 2022 წლის 14 ნოემბერსა და 3 დეკემბერს მთავრობამ სასამართლოს წარმოუდგინა ფაქტობრივი განახლება მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, ოქმების ასლები, რომლებიც ეხებოდა მომჩივნის დაკავების ვიდეოჩანაწერებს და შესაბამისი ორიგინალი ვიდეოჩანაწერები. ამ მასალების თანახმად, 2022 წლის 11 ნოემბერს მომჩივნის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა შეაფასა პროკურატურის გამომძიებელმა. შედეგად მიღებული ოქმის თანახმად, მოვლენებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იყო მრავალი მასალა. ერთ-ერთი ჩანაწერი ასახავდა გარემოებებს 22:49 საათსა და 22:54 საათს შორის (რომლებიც უკვე შეფასებული იქნა 2017 წელს – იხ. პარაგრაფი 10ზემოთ). რაც შეეხება დანარჩენ ჩანაწერებს, ისინი უკავშირდებოდა პერიოდს 22:40 საათსა და 22:49 საათს შორის. გამომძიებელი აცხადებდა, რომ შეუძლებელი იყო შესაბამის პირთა სახეების ამოცნობა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ერთ პირს აცილებდა ორი პოლიციელი, ხოლო დაახლოებით 6 სამოქალაქო პირი მათ უკან მიყვებოდა და ცდილობდა გზის გადაღობვას პირველი სამი პირისთვის. ოქმში აღნიშნულია:

„კონფლიქტი მოწინააღმდეგე მხარეებს შორის გრძელდება მანქანასთან, რომელიც გაჩერებულია გზასთან. ვიდეოჩანაწერში ასახული პირები ცდილობენ ერთ-ერთი პირის ჩასმას მანქანაში, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის ქმედება აშკარად ხილულია. წინააღმდეგობის გამწევ პირს ეხმარებიან პირები, რომლებიც მათ უკან გაჰყვნენ. [პირველი] ჩანაწერის ბოლოს ისინი ჯერ კიდევ მანქანასთან არიან შეგროვილი. შემდეგ [ნანახი] იქნა მომდევნო ჩანაწერი ... რომელიც გაკეთებულია 22:45:00 საათსა და 22:49:59 საათს შორის. ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებია იგივე სიტუაცია: მოწინააღმდეგე მხარეები წინააღმდეგობას წევენ. ჩანაწერის ბოლოს გახსნილი იქნა შემდეგი ფაილი ... ის გაკეთებულია 22:50:00 საათსა და 22:54:59 საათს შორის... ამ ჩანაწერის თანახმად, ... სიტუაცია მშვიდდება და დაძაბულობა ცხრება. ...“

14. გამოძიება მიმდინარეობს.

სასამართლოს შეფასება

კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

15. მომჩივნის მტკიცებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, მისი მატერიალურ და პროცედურულ ასპექტში.

16. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის საჩივარი ნაადრევი იყო. ალტერნატიულად, შესაბამისი დებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან მომჩივანმა ვერ წარმოადგინა სავარაუდო ცუდი მოპყრობის გარემოებების თანმიმდევრული ანგარიში და არ დადგენილა, რომ გათავისუფლების შემდეგ აღმოჩენილ დაზიანებებს მიზეზობრივი კავშირი ჰქონოდა მის დაკავებასა და დაპატიმრებასთან. მათ ასევე განაცხადეს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა აუცილებელი და პროპორციული იყო მის დასაკავებლად და, რომ ამ საქმის სისხლის სამართლის გამოძიება ეფექტური იყო. მომჩივანმა უპასუხა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალები (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ) არ ასახავდა წინააღმდეგობის გაწევას, არამედ ასახავდა მხოლოდ იმას, რომ ადგილი ჰქონდა „აურზაურს“ პოლიციის მანქანასთან და, რომ მას ცუდად მოეპყრნენ დაკავების შემდეგ. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიება არაეფექტური იყო.

17. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პრეტენზიები არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. ამიტომ ისინი მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

18. შესაბამისი ზოგადი პრინციპები სასამართლოს მიერ შეჯამებული იქნა საქმეში Bouyid v. Belgium ([GC], no. 23380/09, §§ 81-88, 100-01 და 114‑23, ECHR 2015), საქმეში El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia ([GC], no. 39630/09, §§ 151-53 და 182-85, ECHR 2012) და საქმეში Mikiashvili v. Georgia (no. 18996/06, §§ 69-72, 2012 წლის 9 ოქტომბერი).

19. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, უდავოა, რომ დაკავების შემდეგ მომჩივანს აღმოაჩნდა სხვადასხვა დაზიანება (იხ. პარაგრაფები 2-3 ზემოთ). გათავისუფლებიდან ორი დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ნეკნები ჰქონდა მოტეხილი იმ მხარეს, რომელზეც სიწითლე აღენიშნებოდა და რის გამოც ძლიერ ტკივილს უჩიოდა (იხ. პარაგრაფები 3 და 7 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ნეკნების მოტეხის ზუსტი დრო, მან არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ისინი შეიძლება მიყენებული ყოფილიყო მომჩივნის დაკავების დღეს (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნეკნების მოტეხილობის დიაგნოზი ასევე დაკავშირებული არის მის დაკავებასთან და, რომ ხელისუფლების ორგანოებს უნდა ჩაეტარებინა ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიება მომჩივნის პრეტენზიებთან დაკავშირებით.

20. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მომხდარზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება და განხორციელებული იქნა მრავალი შესაბამისი და დროული საგამოძიებო მოქმედება. მომჩივანს ასევე მიენიჭა დაზარალებულის პროცედურული სტატუსი, საქმის მასალებზე სრული წვდომით.

21. თუმცა, სასამართლოს არ შეუძლია, უგულებელყოს ის ფაქტი, რომ გამოძიებამ ვერ მოჰფინა ნათელი მომჩივნის ბრალდებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებს. კერძოდ, ხელისუფლებას არ დაუდგენია მოვლენების ზუსტი ქრონოლოგია, მათ შორის, თუ რა მოხდა მომჩივნის დაკავებასა და შემდგომ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებას შორის (შეადარეთ პარაგრაფები 2 და 3 ზემოთ). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამედიცინო სასამართლო-ექსპერტიზისთვის არ უთხოვიათ, დაედგინა, შეიძლებოდა თუ არა მომჩივნის დაზიანებები მიყენებული ყოფილიყო დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის დროს, როგორც ეს ნაჩვენებია საქმის მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერებში. უფრო მეტიც, გამოძიებას არ შეუფასებია მომჩივნის მიერ დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის ინტენსივობა, პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების მასშტაბი ან რომელიმე ასეთი ზომის პროპორციულობა. დაბოლოს, სისხლის სამართლის გამოძიება ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, უმოქმედობის მნიშვნელოვანი პერიოდებით (მაგალითად, ვიდეომასალა, რომელსაც ეყრდნობოდა მთავრობა იმის მტკიცებით, რომ მომჩივანი დაშავდა დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევის დროს, ეროვნულ დონეზე განიხილებოდა შემთხვევის შემდეგ ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ მიმართებით რაიმე განმარტება არ გაკეთებულა. ხაზს უსვამს რა გაჭიანურებული სისხლის სამართლის გამოძიებების პრობლემის ხასიათს, კერძოდ, საქმეებში, რომლებიც ეხება სავარაუდო ცუდ მოპყრობას სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით (იხ., inter alia, საქმე Mikeladze and Others v. Georgia, no. 54217/16, § 68, 2021 წლის 16 ნოემბერი, შემდგომი მითითებებით), სასამართლო ამ გაჭიანურებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

22. ზემოაღნიშნული გარემოებები საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას.

23. რაც შეეხება პრეტენზიას კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის შესაბამისად, სასამართლოს არ შეუძლია, უგულებელყოს ის ფაქტი, რომ მომჩივნის დაკავებისას ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას, რომლის დროსაც მომჩივანმა, როგორც ჩანს, მთვრალ მდგომარეობაში – შემთხვევის ადგილზე შეკრებილი სხვა პირების დახმარებით – წინააღმდეგობა გაწია დაკავებისას (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ). არ არის გამორიცხული, რომ როგორც ხელისუფლება აცხადებს, პოლიციელებს მოუწიათ ფიზიკური ძალის გამოყენება შემდგომი არეულობის თავიდან ასაცილებლად და ამ პირების დასამშვიდებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომჩივანს არ უხსენებია ეს შემთხვევა სასამართლოსთვის წარდგენილ წარდგინებებში, რაც ძირს უთხრის მისი ანგარიშის სანდოობას.

24. ასეთ გარემოებებში, იმეორებს რა, რომ სასამართლო ფრთხილი უნდა იყოს მატერიალური ფაქტების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს როლის მორგებისას, თუ ეს გარდაუვალია კონკრეტული საქმის გარემოებებში (იხ. საქმე Adam v. Slovakia, no. 68066/12, § 52, 2016 წლის 26 ივლისი), შეუძლებელია მონათხრობის მთავრობისეული ან მომჩივნისეული ვერსიის გამორიცხვა. შედეგად, სასამართლოს არ შეუძლია, დაასკვნას „გონივრულ ეჭვის მიღმა“, რომ დამკავებელმა პოლიციელებმა მომჩივანი დაუქვემდებარეს კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას.

25. ამრიგად, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის დარღვევას.

კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

26. მომჩივანმა მოითხოვა 35 000 ევრო, მორალურ ზიანთან დაკავშირებით.

27. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნა გადაჭარბებული იყო.

28. ითვალისწინებს რა აღმოჩენილი დარღვევის ხასიათს და გამოაქვს რა გადაწყვეტილება სამართლიან საფუძველზე, სასამართლო მომჩივანს აკუთვნებს 3 000 ევროს, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივნებს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

2. ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტი;

3. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი;

4. ადგენს,

(a). რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს მომჩივანს 3 000 ევრო (სამი ათასი ევრო), რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით, მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს;

(b). რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;

5. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2023 წლის 14 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

                       

               მარტინა კელერი                                                                   სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                                                              თავმჯდომარე