„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024545
152
26/04/2024
ვებგვერდი, 26/04/2024
240110000.10.003.024545
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2024 წლის 26 აპრილი

 ქ. თბილისი

 

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 240110000.10.003.018733) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:

„ო) „ცხვრისა და თხის ყვავილთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი“ (დანართი №14);

პ) „წვრილფეხა საქონლის ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი“ (დანართი №15).“.

2. დაემატოს თანდართული შინაარსის 14 და №15 დანართები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი №14

ცხვრისა და თხის ყვავილთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ცხვრისა და თხის ყვავილი (შემდგომში – ყვავილი) არის მწვავე კონტაგიოზური დაავადება, რომელიც მიეკუთვნება Poxviridae-ს ოჯახს და Capripoxvirus-ის გვარს. დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია: ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ქუთუთოების შეშუპება, თვალებიდან და ცხვირიდან ლორწოვანი ექსუდატის გამონადენი, კანზე და ლორწოვან გარსებზე პაპულოზურ-პუსტულოზური გამონაყარის განვითარება.

2. დაავადების აღმძვრელი დნმ-ის შემცველი ვირუსია, რომელიც მდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ. ყვავილოვან ნაწიბურებში ვირუსი ნარჩუნდება 1.5-დან 6 თვემდე. ვირუსი ნადგურდება ლეშის ლპობისას, მზის სხივების ზემოქმედებით და, ასევე, 55 0C -ზე ზევით გაცხელებით. დაავადების ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 4-დან 21 დღემდე. ზრდასრულ ცხოველებში ლეტალობამ შეიძლება მიაღწიოს 50%-ს, ხოლო ბატკნებში 100%-ს.

3. აღმძვრელის წყაროა დაავადებული და დაავადებამოხდილი ამთვისებელი ცხოველები.

4. ყვავილით დაინფიცირება ხდება აეროგენული და ალიმენტარული გზით, დაავადებული ცხოველის პირდაპირი კონტაქტით, დაინფიცირებული საკვებით, წყლით, ნიადაგით, მატყლით, ქვეშსაფენით, ინვენტარით, ცხოველის სეკრეტებით და ექსკრემენტებით, მომსახურე პერსონალის ტანსაცმლით, სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებებით, ასევე სისხლის მწოველი მწერებითა და ტკიპებით, რომლებიც არიან დაავადების გადამტანები.

5. დიფერენციალური დიაგნოზის დროს უნდა გამოირიცხოს ცხვრის კატარული ცხელება, ცხვრისა და თხის კონტაგიოზური ექტიმა, წვრფილფეხა საქონლის ჭირი, სირსველა, ქეცი, არაინფექციური ეგზემა.

6. ცხოველებში (ცხვარი, თხა) ყვავილის დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური ნიშნების, პათანატომიური ცვლილებების, ეპიზოოტიური მონაცემების გათვალისწინებითა და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული მეთოდებით (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals-ის განახლებული ვერსიის შესაბამისად).

7. ყვავილთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ლაბორატორიული  გამოკვლევების ჩატარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში –სმსლ).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

„ცხვრისა და თხის ყვავილთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ (შემდგომში-წესი) მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) ეპიზოოტიური კერა – ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც არის ინფექციის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო;

) დამცავი ზონა – მოიცავს ზონას ეპიზოოტიის კერის გარშემო არანაკლებ 1-5 კმ რადიუსით,  სადაც ტარდება დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებები, იმისათვის რომ არ მოხდეს დაავადების აღნიშნული ზონიდან გავრცელება;

) საკონტროლო ზონა – მოიცავს ზონას, დამცავი ზონის საზღვრიდან 10-20 კმ რადიუსით, სადაც დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებები ხორციელდება იმისათვის, რომ მოხდეს დაავადების გავრცელების პრევენცია დამცავი ზონიდან;

) პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს დაავადების ამთვისებელ ცხოველს ან/და პასუხისმგებელია მის მოვლა-შენახვაზე;

) სახელმწიფო ვეტერინარი – ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

) სადგომი – შენობა-ნაგებობა, სადაც ყვავილით დაავადების ამთვისებელ ცხოველებს ინახავენ ან ამრავლებენ დროებით ან მუდმივად;

) დაავადების საეჭვო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენას;

) დაავადების დადასტურებული შემთხვევა – შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიულად;

ი) დაავადების ამთვისებელი ცხოველი – ცხვარი, თხა;

კ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (შემდგომში – ცწადპ) ცხოველის მთლიანი სხეული ან მისი ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის ოოციტი, ემბრიონი და სპერმა.

მუხლი 3. ყვავილის   შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. ყვავილის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევისას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

2. დაავადების საეჭვო შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებები ეკისრება:

ა) პასუხისმგებელ პირს;

ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ცხოველების ტრანსპორტირებისას, მათ შორის, გადარეკვისას;

გ) კერძო ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ცხოველების ჯანმრთელობის სერვისში;

დ) სახელმწიფო ვეტერინარს;

ე) ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც პროფესიული შეხება აქვს  ამთვისებელ ცხოველებთან  ან ასეთი ცხოველებისგან მიღებულ პროდუქტებთან.

3. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებები ეკისრება სმსლ-ს.

4. სააგენტო ვალდებულია ყვავილის დაავადების დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს  ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH).

მუხლი 4. პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები

პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, დეზინფექციის, დეზაკარიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;

ბ) დაავადებაზე საეჭვო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

გ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად:

გ.ა) დაუყოვნებლივ მოახდინოს დაავადებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება;

გ.ბ) უზრუნველყოს ჯანმრთელი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველთა ჯგუფების ცალ-ცალკე კვება და დაწყურება;

გ.გ) საკარანტინო პერიოდში უზრუნველყოს სადგომების მექანიკური დასუფთავება, ნაკელის გაუვნებლობა  და სადეზაკარიზაციო სამუშაოების განხორციელება;

გ.დ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე არ დაუშვას დაავადებაზე საეჭვო ცხოველების გადაადგილება, რეალიზაცია და დაკვლა;

გ.ე) არ დაუშვას დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ლეშის გაკვეთა და გატყავება;

გ.ვ) უზრუნველყოს დაავადებაზე საეჭვო ცხოველიდან მიღებული ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, ცწადპ-ის, სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების გადატანა და რეალიზაცია ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე.

მუხლი 5. სააგენტოს ვალდებულებები

1. დაავადებაზე საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე;

ბ) ჩაატაროს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს:

ბ.ა) დროის ინტერვალს, ვირუსის სადგომში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან ცხვრისა და თხის ყვავილის დაავადების შეტყობინებამდე;

ბ.ბ) სადგომში დაავადების შესაძლო წარმოშობასა და სხვა სადგომის იდენტიფიკაციას, სადაც ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდნენ იმავე წყაროდან;

ბ.გ) შესაძლო მასშტაბს, რომლითაც წვრილფეხა საქონელი შეიძლება დაინფიცირდეს ან მოხდეს კონტამინაცია;

ბ.დ) სადგომში რძის, რძის პროდუქტების, ხორცის, ხორცის პროდუქტების, ტანხორცის, ტყავისა და მატყლის, სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის, ნაკელის ყველა მარაგის, ასევე ცხოველის საკვების მარაგის დადგენა/აღწერა და მონაცემების შენახვის ჩატარებას;

გ) განახორციელოს ცხოველების კლინიკური დათვალიერება და პასუხისმგებელ პირს მისცეს მითითებები კლინიკურად ჯანმრთელი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების განცალკევებაზე, ავადმყოფი ცხოველების  მშრალ, კარგად ვენტილირებულ შენობაში განთავსებაზე და მოახდინოს სადგომში არსებული ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების რაოდენობის დადგენა;

დ) აიღოს გამოსაკვლევად ნიმუშები და ბიოუსაფრთხოების პროცედურების დაცვით გადააგზავნოს სმსლ-ში;

ე) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე, მისცეს მითითებები პასუხისმგებელ პირს დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ან/და მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტის გადაადგილებისა და რეალიზაციის შეზღუდვაზე.

2. დაავადების დადასტურების შემთხვევაში, ძალაში რჩება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემზღუდავი ღონისძიებები და, ასევე, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დამატებით  განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები, კერძოდ:

ა) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის, დამცავი და საკონტროლო ზონის ტერიტორიის საზღვრები, შეაფასოს ეპიზოოტიური სიტუაცია;

ბ) განსაზღვროს ამთვისებელ ცხოველებში დაავადების შესაძლო გავრცელების მასშტაბი მოსალოდნელი და არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე (სეზონურ საძოვრებზე მიგრაცია, ცხოველთა პოპულაციის სიმჭიდროვე და სხვა);

გ) შეიმუშაოს პროექტი კარანტინის დაწესების თაობაზე სახელმწიფო რწმუნებულისთვის ან საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად;

დ) ეპიზოოტიურ კერაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზება (კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, დეზაკარიზაცია, საჭიროების შემთხვევაში პათოლოგიური მასალის აღება), შესრულება ან/და ზედამხედველობა;

ე) განახორციელოს საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.

მუხლი 6. დაავადების საწინააღმდეგოდ გასატარებელი პროფილაქტიკური  ღონისძიებები

1. ყვავილის დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, ვაქცინაციის ჩატარების საჭიროებას, მასშტაბებსა და ვაქცინაციის გეგმას განსაზღვრავს სააგენტო;

2. სააგენტოს გადაწყვეტილებით ხორციელდება:

ა) პასიური და აქტიური ზედამხედველობა წვრილფეხა საქონელზე;

ბ) ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია სამიზნე ჯგუფებისათვის.

3. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ცხოველთა სადგომში დაუშვას დაავადების ამთვისებელი ცხოველების შეყვანა, რომლებიც:

ა) დაბადებიდან ან ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ სადგომებში, სადაც ამ პერიოდისათვის არ იყო დაფიქსირებული ყვავილის შემთხვევა და ეს სადგომები არ მდებარეობდა ეპიზოოტიურ კერაში;

ბ) ტრანსპორტირების დროს არ ამჟღავნებდნენ დაავადების კლინიკურ ნიშნებს.

4.  სადგომებში, რომლებიც მდებარეობდა ინფექციის კერაში, დამცავ და საკონტროლო ზონებში, 36 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ამთვისებელი ცხოველების შეყვანა, რომლებიც ვაქცინირებულნი არიან ყვავილის საწინააღმდეგოდ არანაკლებ 15 დღისა და არაუმეტეს 4 თვით ადრე.

5.  სადგომებიდან, რომლებიც მდებარეობდა ინფექციის კერაში, დამცავ და საკონტროლო ზონებში, 36 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ამთვისებელი ცხოველების გაყვანა, რომლებიც ვაქცინირებულნი არიან ყვავილის საწინააღმდეგოდ არანაკლებ 15 დღისა და არაუმეტეს 10 თვით ადრე.

მუხლი 7. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

1. დაავადების დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს დაავადების გამომწვევის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას.

2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 8. ყვავილზე გამოსაკვლევი მასალის აღება

დაავადების საეჭვო შემთხვევის დროს:

ა) გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება და სმსლ-ში გადაგზავნა დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარის მიერ, ბიოუსაფრთხოების პროცედურების დაცვით;

ბ) ვეტერინარი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით (ბიოუსაფრთხოების სპეციალური ტანსაცმელი, ჩექმა, ორმაგი ხელთათმანი, ქუდი, რესპირატორი, სათვალე);

გ) კლინიკური ნიშნების მქონე ცოცხალი ცხოველებიდან ნიმუშების აღება  ხდება: სისხლის – არანაკლებ 7 მლ (ანტიკოაგულანტითა და ანტიკოაგულანტის გარეშე); ვეზიკულების შიგთავსით, მთლიანი პაპულები და პუსტულები მათ ირგვლივ არსებულ შეშუპებულ კანთან ერთად  დაზიანებული კანის არანაკლებ 5 უბნიდან;

დ) მკვდარი  ცხოველიდან ნიმუშებს იღებენ: დაზიანებულ კანსა და კანქვეშა ქსოვილს დაჩირქების   ნიშნების გარეშე  ზომით 10X10 სმ.  დაზიანებული ფილტვის ფრაგმენტებს არანაკლებ 10 გრამის ოდენობით და დაზიანებულ ლიმფურ კვანძებს მთლიანად, არაუმეტეს 3 ლეშიდან. ნიმუშების ლაბორატორიაში გაგზავნა უნდა მოხდეს აღებიდან 48 საათის განმავლობაში. ნიმუშების მოთავსება და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის და  ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით.

მუხლი 9. ყვავილთან   ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები

1. დადასტურებული შემთხვევის დროს ეპიზოოტიურ კერაში ცხადდება კარანტინი, სადაც: 

ა)  იკრძალება:

ა.ა) ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გაყვანა;

ა.ბ) ცხოველთა გადაჯგუფება;

ა.გ) ჯანმრთელი და დაავადებული ცხოველების საერთო გუბურიდან დაწყურება და საერთო საძოვრით სარგებლობა;

ა.დ)  ცხოველის საკვების დამზადება და გატანა, რომელთან შეხება შესაძლებელია ჰქონოდათ  დაავადებულ ცხოველებს;

ა.ე)  რძისა და რძის პროდუქტების გატანა; 

ა.ვ)  ამთვისებელი ცხოველის გაპარსვა, ტყავის და მატყლის  გატანა;

ა.ზ) ცხოველების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონების გატანა;

ა.თ) ამთვისებელი ცხოველის ლეშის გაკვეთა ან/და გატყავება;

ა.ი) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან;

ა.კ)  უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა/გამოსვლა, რომელიც დაკავშირებული არ არის საკარანტინო ზონაში არსებულ ობიექტების მომსახურებასთან;

ბ)  ხორციელდება:

ბ.ა) არაკეთილსაიმედო სადგომში ამთვისებელი ცხოველების აღრიცხვაზე აყვანა, ვეტერინარული შემოწმება, ავადმყოფი ცხოველების იზოლირება, აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომატიკური მკურნალობა ან მძიმედ ავადმყოფი ცხოველების მოკვლა უსისხლო მეთოდით;

ბ.ბ) ყვავილის კლინიკური ნიშნებით მკვდარი ცხოველების დაწვა;

ბ.გ) ყველა კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველის აცრა  ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით, ინსტრუქციით (დარიგებით) განსაზღვრული ვაქცინაციის სქემის შესაბამისად. ვაქცინირებული ცხოველები 14 დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ  ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. დაავადების გამოვლინებისას უნდა მოხდეს  ცხოველების გადაყვანა  დაავადებულ ცხოველთა ჯგუფში;

ბ.დ) დეზინფექცია,  იმ სადგომებსა და სხვა ადგილებში, სადაც მოთავსებულნი იყვნენ   დაავადებული ამთვისებელი ცხოველები ან იმყოფებოდნენ ამ ობიექტებთან  შემხებლობაში. დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამ ეტაპად:

ბ.დ.ა) ამთვისებელი ცხოველების სიკვდილის ან მოკვლის  შემდგომ;

ბ.დ.ბ) სადგომის მექანიკური დასუფთავების შემდგომ;

ბ.დ.გ) კარანტინის მოხსნის წინ;

ბ.ე)  დეზაკარიზაცია, სადგომებში ტკიპების აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ.ვ) ავადმყოფი ცხოველებისგან მიღებული რძისა და სხვა ცხოველური პროდუქტების  განადგურება. კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებისგან მიღებული რძე, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ადგილზე მისი თერმულად (850C-ზე 30 წუთის განმავლობაში ან 5  წუთი  ადუღებით) დამუშავების შემდეგ;

ბ.ზ) საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.

2. ეპიზოოტიურ კერაში, ცხოველის საკვები, რომელთანაც შეხება შეიძლება ჰქონდეს დაავადებულ ცხოველს, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ადგილზე ყვავილის არაამთვისებელი  ან/და დაავადებაგადატანილი  ცხოველებისთვის.

მუხლი 10. ზომები დამცავ ზონაში

1. დამცავ ზონაში უნდა განხორციელდეს:

ა) სადგომების აღწერა;

ბ) ცხოველების კლინიკური შემოწმება;

გ) ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, მიუხედავად წინა ჩატარებული ვაქცინაციის თარიღისა;

დ)  საინფორმაციო კამპანია;

ე) ცხოველების გადაადგილებაზე ზედამხედველობა;

ვ) დამცავი ზონიდან გამოსვლის წინ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია.

2. დამცავ ზონაში რძე შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ადგილზე მისი თერმულად (850C-ზე 30 წუთის განმავლობაში პასტერიზებით ან 5 წუთი  ადუღებით) დამუშავების შემდეგ. 

3. დამცავ ზონაში იკრძალება:

ა) ყვავილზე არავაქცინირებული ამთვისებელი ცხოველების შემოყვანა;

ბ) დამცავი ზონიდან ამთვისებელი ცხოველების გაყვანა, გარდა მათი სასაკლაოზე გადაყვანისა;

გ) ამთვისებელი ცხოველებიდან მიღებული რძის გატანა;

დ) ამთვისებელი ცხოველების გაპარსვა და მატყლის გატანა;

ე) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ამთვისებელი ცხოველების თავშეყრასთან.

მუხლი 11. ზომები საკონტროლო ზონაში

1. საკონტროლო ზონაში ხორციელდება:

ა) ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, მიუხედავად წინა ჩატარებული ვაქცინაციის თარიღისა; 

ბ)  საინფორმაციო კამპანია.

2. საკონტროლო ზონაში იკრძალება:

ა) ყვავილზე არავაქცინირებული ამთვისებელი ცხოველების შეყვანა;

ბ)  ამთვისებელი ცხოველების გაყვანა, გარდა მათი სასაკლაოზე გადაყვანისა;

გ) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ამთვისებელი ცხოველების თავშეყრასთან.

მუხლი 12. სადგომის დასუფთავება, დეზინფექცია, დეზაკარიზაცია, დერატიზაცია და დეზინსექცია

1. სადგომის დასუფთავება, დეზაკარიზაცია და ნაკელის გაუვნებლობა ხორციელდება პასუხისმგებელი პირის მიერ.

2. ნაკელის ბიოთერმული გაუვნებლობა არანაკლებ 2 თვე 0 გრადუსზე მაღალ ტემპერატურის არსებობისას ან 3 თვე 00C-ზე დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, ან დამარხვით, ან დაწვით.

3. დეზინფექცია ხორციელდება სააგენტოს მიერ.

4. წინასწარი გაწმენდა, დეზინფექცია და დეზაკარიზაცია უნდა მოხდეს ისე, რომ დაცული იყოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი ყვავილის ვირუსის გავრცელება.

5. უნდა მოხდეს ყველა იმ შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალების გაწმენდა, დეზინფექცია და დეზაკარიზაცია, რომელშიც მოთავსებული იყვნენ ყვავილით დაავადებული ან/და დაავადებაზე საეჭვო ცხოველები.  

მუხლი 13. კარანტინის მოხსნა

1. ყვავილზე კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ბოლო ამთვისებელი ცხოველის სიკვდილის/მოკვლის და ლეშის განადგურებიდან ან ამთვისებელი ცხოველიდან მიღებული ცხოველური პროდუქტის ამოღებისა და განადგურების შემთხვევიდან 21 დღის გასვლის შემდეგ, თუ:

ა) ადგილი არ ჰქონდა ცხოველში დაავადების საეჭვო ან/და დადასტურებულ გამოვლინებას;

ბ) ვაქცინაციიდან გასულია ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციით განსაზღვრული  იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად გათვალისწინებული პერიოდი;

გ) ჩატარებულია სადგომების მექანიკური დასუფთავება და დეზინფექცია ცხოველთა სადგომებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2. კარანტინი იხსნება:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 14. საგანგებო გეგმა

1. სააგენტო ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსზე (ადამიანური, მატერიალური) და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;

ბ) რეგიონებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;

გ) ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;

დ) ლაბორატორიის პერსონალისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტიანი კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;

ე) საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ვაქცინაციის, მათ შორის, გადაუდებელი ვაქცინაციის, დეტალური გეგმები (გადაუდებელ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რეგიონები, ვაქცინაციისათვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა).

2. სახელმწიფო ვეტერინარებმა რეგულარულად უნდა გაიარონ სწავლებები ყვავილის კლინიკური ნიშნებისა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

3. საგანგებო გეგმა შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

4. სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

მუხლი 15. ვაქცინის შესყიდვა და გამოყენება

1. ვაქცინის შესყიდვის ტექნიკურ პირობებს ადგენს სააგენტო.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ვაქცინების შენახვისა და გამოყენების პირობების დაცვა.

დანართი №15

წვრილფეხა საქონლის ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წვრილფეხა საქონლის ჭირი (Peste de petits Ruminants) – თხისა და ცხვრის, ასევე ველური თხის, ცხვრის, საიგაკის მაღალკონტაგიოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ხასიათდება მწვავე და ქვემწვავე მიმდინარეობით. მწვავედ მიმდინარეობისას ამთვისებელი ცხოველებისათვის დამახასიათებელია ტემპერატურის მატება 410C და მეტი, ჰემორაგიული გასტროენტერტი, გაძნელებული სუნთქვა და ხველება. ქვემწვავე მიმდინარეობისას, ცხოველებს აღენიშნებათ ნერწყვდენა, პირის ღრუს  და ცხვირის ლორწოვანი გარსების წყლულოვან-ნეკროზული დაზიანებები, ჩირქოვანი კონიუქტივიტი, დეჰიდრატაცია, აბორტი, სიგამხდრე, ლიმფური სისტემის დაზიანება.

2. წვრილფეხა საქონლის ჭირის აღმძვრელია Paramyxoviridae-ს ოჯახის, Paramyxovirinae-ს ქვეოჯახის, სახეობა Morbillivirus ვირუსი. ანტიგენური და იმუნოგენური თვისებების მიხედვით, ვირუსი  მსხვილფეხა საქონლის ჭირის, ხორცისმჭამელი ცხოველების ჭირის და ადამიანის წითელას აღმძვრელების მსგავსია. დაავადების ამთვისებელია ყველა ასაკის, როგორც შინაური, ისე, გარეული ცხვარი, თხა და საიგაკი. დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს 2-18 თვის მოზარდებში. დაავადების ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 3-10 დღე, ლეტალობა თხებში აღწევს 95%-ს, ცხვრებში – 40%-ს. დაავადება გრძელდება 4-5 დღე და ცხოველი კვდება.

3. აღმძვრელის წყაროა დაავადებული, დაავადებამოხდილი და ინკუბაციურ პერიოდში მყოფი ამთვისებელი ცხოველები.

4. წვრილფეხა საქონლის ჭირით დაინფიცირება ხდება აეროგენული და ალიმენტარული გზით. ასევე, დაავადებული ცხოველის პირდაპირი კონტაქტით ჯანმრთელ ცხოველებთან, დაინფიცირებული/დაბინძურებული საკვებით, წყლით, ქვეშსაფენით, ინვენტარით, დაავადებული ცხოველებისგან მიღებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით, მათი სეკრეტებით და ექსკრემენტებით, მომსახურე პერსონალის ტანსაცმლით, სატრანსპორტო საშუალებებით და სხვა.

5. დიფერენციალური დიაგნოზისას უნდა გამოირიცხოს – თურქული, ცხვრის კატარალური ცხელება, ცხვრისა და თხის კონტაგიოზური ექტიმა.

6. ცხოველებში წვრილფეხა საქონლის ჭირის დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური ნიშნების, პათანატომიური ცვლილებების, ეპიზოოტიური მონაცემების გათვალისწინებითა და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული მეთოდებით (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals-ის განახლებული ვერსიის შესაბამისად).

7. წვრილფეხა საქონლის ჭირთან დაკავშირებული ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ლაბორატორიული  გამოკვლევების ჩატარებაზე პასუხისმგებელია სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – სმსლ).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

„წვრილფეხა საქონლის ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ (შემდგომში – წესი) მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) ეპიზოოტიური კერა – ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც არის ინფექციის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო;

) დამცავი ზონა – მოიცავს ზონას ეპიზოოტიის კერის გარშემო არანაკლებ 3 კმ რადიუსს,  სადაც ტარდება დაავადებასთან ბრძოლის ღინისძიებები, იმისათვის, რომ არ მოხდეს დაავადების აღნიშნული ზონიდან გავრცელება;

) საკონტროლო ზონა – მოიცავს ზონას, ეპიზოოტიური კერიდან არანაკლებ 10 კმ რადიუსში, სადაც დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებები ხორციელდება იმისათვის, რომ მოხდეს დაავადების გავრცელების პრევენცია დამცავი ზონიდან;

) პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ცხოველს ან/და პასუხისმგებელია ცხოველის მოვლა-შენახვაზე;

) სახელმწიფო ვეტერინარი – ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

) სადგომი – შენობა-ნაგებობა, სადაც წვრილფეხა საქონლის ჭირის დაავადების ამთვისებელ ცხოველებს ინახავენ ან ამრავლებენ დროებით ან მუდმივად;

) დაავადების საეჭვო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენას;

) დაავადების დადასტურებული შემთხვევა – შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიულად;

ი) დაავადების ამთვისებელი ცხოველი – ცხვარი, თხა, ველური თხა, ცხვარი, საიგაკი;

კ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (ცწადპ) – ცხოველის მთლიანი სხეული ან მისი ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის ოოციტი, ემბრიონი და სპერმა.

მუხლი 3. წვრილფეხა საქონლის ჭირის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. წვრილფეხა საქონლის ჭირის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

2. დაავადების საეჭვო შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრებათ:

ა) პასუხისმგებელ პირს;

ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ცხოველების ტრანსპორტირებისას, მათ შორის, გადარეკვისას;

გ) კერძო ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ცხოველების ჯანმრთელობის სერვისში;

დ) სახელმწიფო ვეტერინარს;

ე) ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც პროფესიული შეხება აქვს ცხოველების ამთვისებელ სახეობებთან ან ასეთი ცხოველებისგან მიღებულ პროდუქტებთან.

3. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრება სმსლ-ს.

4. სააგენტო ვალდებულია წვრილფეხა საქონლის ჭირის დაავადების დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH).

მუხლი 4. პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები

პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, წვრილფეხა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, დეზინფექციის და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;

ბ) დაავადებაზე საეჭვო შემთხვევის თაობაზე აცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ;

გ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად:

გ.ა) დაუყონებლივ მოახდინოს დაავადებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება;

გ.ბ) უზრუნველყოს ჯანმრთელი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველთა ჯგუფების ცალ-ცალკე კვება და დაწყურება;

გ.გ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე, არ დაუშვას დაავადებაზე საეჭვო ცხოველების გადაადგილება, რეალიზაცია და დაკვლა;

გ.დ) არ დაუშვას დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ლეშის გაკვეთა და გატყავება;

გ.ე) უზრუნველყოს დაავადებაზე საეჭვო ცხოველიდან მიღებული ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, ცწადპ-ის, სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების გადაადგილება და რეალიზაცია ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე;

გ.ვ) საკარანტინო პერიოდში უზრუნველყოს სადგომების მექანიკური დასუფთავება, ნაკელის გაუვნებლობა და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში სააგენტოს ხელშეწყობა.

მუხლი 5. სააგენტოს ვალდებულებები

1. დაავადებაზე საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე;

ბ) ჩაატაროს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს:

ბ.ა) დროის ინტერვალს, ვირუსის სადგომში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან ჭირის დაავადების შეტყობინებამდე;

ბ.ბ) სადგომში დაავადების შესაძლო წარმოშობას და სხვა სადგომის იდენტიფიკაციას, სადაც ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდნენ იმავე წყაროდან;

ბ.გ) შესაძლო მასშტაბს, რომლითაც წვრილფეხა საქონელი შეიძლება დაინფიცირდეს ან მოხდეს კონტამინაცია;

ბ.დ) ინფორმაციის შეგროვებას იმასთან დაკავშირებით სადგომში ხდებოდა თუ არა რძის, რძის პროდუქტების, ხორცის, ხორცის პროდუქტების, ტანხორცის, ტყავისა და  მატყლის, სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის, ნაკელის ყველა მარაგის, ასევე ცხოველის საკვების მარაგის დადგენა/აღწერა და მონაცემების შენახვა;

გ) განახორციელოს ცხოველების კლინიკური დათვალიერება და პასუხისმგებელ პირს მისცეს მითითებები კლინიკურად ჯანმრთელი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების ცალ-ცალკე ჯგუფებად განცალკევებაზე და სადგომში არსებული ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების რაოდენობის დადგენასთან დაკავშირებით;

დ) აიღოს მკვდარი ან/და დაავადებაზე საეჭვო ცხოველისაგან საკვლევი ნიმუში და ბიოუსაფრთხოების პროცედურების დაცვით გადააგზავნოს სმსლ-ში;

ე) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე, მისცეს მითითებები პასუხისმგებელ პირს დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ან/და მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტის გადაადგილებისა და რეალიზაციის შეზღუდვაზე.

2. დაავადების დადასტურების შემთხვევაში, ძალაში რჩება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემზღუდავი ღონისძიებები და, ასევე,  სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დამატებით განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები, კერძოდ:

ა) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის, დამცავი და საკონტროლო ზონის ტერიტორიის საზღვრები, შეაფასოს ეპიზოოტიური სიტუაცია;

ბ) განსაზღვროს ამთვისებელ ცხოველებში დაავადების შესაძლო გავრცელების მასშტაბი მოსალოდნელი და არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე (სეზონური საძოვრებზე მიგრაცია, ცხოველთა პოპულაციის სიმჭიდროვე და სხვა);

გ) შეიმუშავოს პროექტი კარანტინის დაწესებაზე სახელმწიფო რწმუნებულისთვის ან საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად;

დ) ეპიზოოტიურ კერაში, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზება (ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, საჭიროების შემთხვევაში პათოლოგიური მასალის აღება), განხორციელება ან/და ზედამხედველობა.

მუხლი 6. წვრილფეხა საქონლის ჭირზე გასატარებელი პროფილაქტიკური  ღონისძიებები

1. წვრილფეხა საქონლის ჭირის პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინაციის ჩატარების საჭიროებას, მასშტაბებს და ვაქცინაციის გეგმას განსაზღვრავს სააგენტო.

2. სააგენტოს გადაწყვეტილებით ხორციელდება:

ა) პასიური და აქტიური ზედამხედველობა წვრილფეხა საქონელზე;

ბ) ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია სამიზნე ჯგუფებისათვის.

3. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შერჩევით ხორციელდება პოსტვაქცინალური ანტისხეულების შეფასება.

4. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ცხოველთა სადგომში დაუშვას დაავადების ამთვისებელი ცხოველების შეყვანა, რომლებიც:

ა) დაბადებიდან ან ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ სადგომებში, სადაც ამ პერიოდისათვის არ იყო დაფიქსირებული წვრილფეხა საქონლის ჭირის შემთხვევა და ეს სადგომები არ მდებარეობდა ეპიზოოტიურ კერაში და დამცავ ზონაში;

ბ) ტრანსპორტირების დროს არ ამჟღავნებდნენ დაავადების კლინიკურ ნიშნებს.

მუხლი 7. ფერმაში  წვრილფეხა საქონლის რეპოპულაცია (აღწარმოება)

სადგომში, რომელიც მდებარეობდა ინფექციის კერაში, კარანტინის მოხსნის შემდგომ უნდა მოხდეს:

ა) ინდიკატორი არავაქცინირებული 8-10 თვემდე ამთვისებელი ცხოველების შეყვანა, რომლებზეც 42 დღის განმავლობაში ხდება დაკვირვება და აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, სისხლის ნიმუშების აღება და ჭირის ანტისხეულებზე გამოკვლევა;

ბ) გამოკვლევის შედეგად უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, დასაშვებია იმ ამთვისებელი ცხოველების შეყვანა, რომლებსაც სადგომში შეყვანამდე არ აღენიშნებათ არანაკლებ 21 დღის განმავლობაში წვრილფეხა საქონლის ჭირისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები.

მუხლი 8. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

1. დაავადების დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს ვეტერინარული კარანტინის დროს, დაავადების გამომწვევის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას.

2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 9. წვრილფეხა საქონლის ჭირზე   გამოსაკვლევი მასალის აღება

1.  დაავადების საეჭვო შემთხვევის დროს:

ა) გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება და სმსლ-ში გადაგზავნა დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარის მიერ, ბიოუსაფრთხოების პროცედურების დაცვით;

ბ) ვეტერინარი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით (ბიოუსაფრთხოების სპეციალური ტანსაცმელი, ჩექმა, ორმაგი ხელთათმანი, ქუდი, რესპირატორი, სათვალე);

გ) ცოცხალი ცხოველიდან ნიმუშების აღება ხდება: თვალიდან, ცხვირისა და პირის ღრუს  ჩამონარეცხიდან, ნერწყვიდან, პირის ღრუს ნეკროზული ქსოვილიდან, ასევე სისხლი არანაკლებ 3-5 გრ (ანტიკოაგულანტით და ანტიკოაგულანტის გარეშე);

დ) მკვდარი ცხოველიდან ნიმუშების აღება ხდება: ბეჭწინა და ფილტვის ლიმფური კვანძებიდან, ფრაგმენტებს პირის ღრუს დანეკროზებული გარსიდან, ფილტვიდან და ელენთიდან არანაკლებ 5 გრამი თითოეული ნიმუშიდან. 

2. ნიმუშების ლაბორატორიაში გაგზავნა უნდა მოხდეს აღებიდან 48 საათის განმავლობაში.

3. ნიმუშების მოთავსება და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

მუხლი 10. წვრილფეხა საქონლის ჭირთან  ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები

დადასტურებული შემთხვევის დროს, ეპიზოოტიურ კერაში ცხადდება კარანტინი, სადაც:

ა) იკრძალება:

ა.ა) ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გამოყვანა;

ა.ბ) ამთვისებელი ცხოველის სახორცედ დაკვლა;

ა.გ) ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული რძისა და რძის პროდუქტების გატანა;

ა.დ) ცხოველთა გადაჯგუფება;

ა.ე) ამთვისებელ ცხოველებში ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გადაუდებელი შემთხვევების გარდა;

ა.ვ) ცხოველის დაწყურება საერთო გუბურიდან და სხვა წყალსაცავიდან;

ა.ზ) ცხოველური პროდუქტების დამზადება და გამოტანა;

ა.თ) ცხოველებით და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობა;

ა.ი) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან;

ა.კ) ამთვისებელი ცხოველის ლეშის გაკვეთა ან/და გატყავება;

ა.ლ) უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა/გამოსვლა, რომელიც დაკავშირებული არ არის საკარანტინო ზონაში არსებულ ობიექტების მომსახურებასთან;

ა.მ) ცწადპ-ს გატანა;

ა.ნ) ცხოველის საკვების დამზადება და გატანა;

ა.ო) ამთვისებელი ცხოველის ტყავის და მატყლის  გატანა;

ბ) ხორციელდება:

ბ.ა) არაკეთილსაიმედო  სადგომში ამთვისებელი ცხოველების აღრიცხვაზე აყვანა, ვეტერინარული შემოწმება, ავადმყოფი ცხოველების იზოლირება და მოკვლა უსისხლო მეთოდით;

ბ.ბ)  კლინიკური ნიშნებით მკვდარი და მოკლული ცხოველების დაწვა;

ბ.გ) ყველა კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველების აცრა წვრილფეხა ჭირის  საწინააღმდეგო ვაქცინით ინსტრუქციის შესაბამისად;

ბ.დ) ავადმყოფი ცხოველებიდან მიღებული რძისა და სხვა ცხოველური პროდუქტების   განადგურება;

ბ.ე) კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებიდან მიღებული რძის განადგურება ან მისი ადგილზე გამოყენება თერმულად (5 წთ ადუღებით) დამუშავების შემდგომ;

ბ.ვ) ცხოველის საკვების განადგურება ან ადგილზე გამოყენება თერმული (900C ტემპერატურაზე 60 წთ ან 1000C-ზე  არანაკლებ 30 წთ) დამუშავების  შემდგომ.

მუხლი 11. ზომები დამცავ ზონაში

1. დაავადების დადასტურების შემდგომ, დამცავ ზონაში ცხადდება კარანტინი.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება:

ა) უმოკლეს დროში უნდა მოხდეს სადგომების აღწერა, რომელთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს:

ა.ა) ცხოველების კლინიკური მდგომარეობა;

ა.ბ) წვრილფეხა საქონლის ჭირის აღმძვრელით შესაძლო ინფიცირებული  სატვირთო ავტომობილების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციის ჩატარება;

ა.გ) სადგომებში შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა;

ბ) კლინიკურად ჯანმრთელი ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია;

გ) ამთვისებელი ცხოველებისგან სისხლის ნიმუშების აღება ანტისხეულებზე გამოკვლევის მიზნით;

დ)  საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.

3. დამცავ ზონაში იკრძალება:

ა) სააგენტოს თანხმობის გარეშე, ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გადაადგილება (გარდა ცხოველების დაკვლის მიზნით სასაკლაოში გადაყვანისა მათი ვაქცინაციიდან 21 დღის შემდეგ, რომლებსაც არ აღენიშნებათ დაავადების კლინიკური ნიშნები);

ბ) ცოცხალი ცხოველების ბაზრობების, გამოფენების, აუქციონების გამართვა;

გ) ამთვისებელი ცხოველის ტყავის და მატყლის გატანა მათი თერმული დამუშავების (600C-ზე არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში) გარეშე;

დ) ცხოველების დაკვლა (გარდა, კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებისა, რომლებიც არიან ვაქცინირებული და გასულია ვაქცინაციიდან 21 დღე);

ე) რძისა და რძის პროდუქტების გატანა (5 წთ დუღილის შემდგომ, თერმულად დამუშავებული რძე გამოიყენება ადგილზე);

ვ) ცხოველის საკვების დამზადება და გატანა თერმული დამუშავების გარეშე (900 ტემპერატურაზე 60 წთ ან 100 გრადუსზე არანაკლებ 30 წუთის);

ზ) ინვენტარისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გატანა, რომლებსაც შეხება ჰქონდა ამთვისებელ ცხოველებთან;

თ) მატყლის გაპარსვა, შეგროვება და მათი გატანა;

ი) ცწადპ-ს გატანა;

კ) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან.

4. თუ ამ მუხლის მე-3  პუნქტში მითითებული აკრძალვები გაგრძელდება 30 დღეზე მეტ ხანს, დაავადების შემდგომი ეპიზოოტიის ან ცხოველების შენახვიდან გამომდინარე ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული ან სხვა პრობლემების შედეგად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია პასუხისმგებელი პირის მიერ დასაბუთებული მიმართვის შემდეგ, დაუშვას დამცავ ზონაში მდებარე სადგომიდან  ცხოველების გადაყვანა, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ სასაკლაოზე.

5. სააგენტოს შეუძლია დაუშვას სადგომიდან ცხოველების გადაადგილება, იმ პირობით, რომ:

ა) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს სადგომში არსებული და გადასაყვანი ცხოველების კლინიკურ შემოწმებას და აღნიშნული შემოწმებით არ დადასტურდება  წვრილფეხა საქონლის ჭირის კლინიკური ნიშნების არსებობა;

ბ) განახორციელებს ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ.

6. თუ ცხოველების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაკლაოზე:

ა) სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასაკლაოზე დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომ პროცესებს, ინფორმირებული უნდა იყოს ცხოველების სასაკლაოზე გაგზავნის შესახებ, რაც უნდა აცნობოს სააგენტოს;

ბ) სასაკლაოზე ცხოველების განთავსება და დაკვლა უნდა მოხდეს ცხოველების სხვა პარტიისაგან განცალკევებით;

გ) სასაკლაოზე ცხოველების დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა ყურადღება უნდა გაამახვილოს წვრილფეხა საქონლის ჭირის კლინიკური ნიშნების არსებობაზე.

7. ამ მუხლით დადგენილი ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგრძელდეს:

ა) დაინფიცირებული სადგომების დასუფთავების და დეზინფექციის განხორციელებამდე;

ბ) წვრილფეხა საქონლის ჭირის ვირუსის არსებობის შესაძლო გამოვლენის მიზნით ცხოველების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე.

8. დამცავ ზონაში წვრილფეხა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო.

მუხლი 12. ზომები საკონტროლო ზონაში

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, საკონტროლო ზონაში შემდეგი ზომების  გამოყენება:

ა) საქონლის ყველა სადგომის აღწერა;

ბ) ცხოველების კლინიკური შემოწმება და სისხლის ნიმუშების აღება ანტისხეულებზე გამოკვლევის მიზნით.

2. საკონტროლო ზონაში იკრძალება:

ა) სააგენტოს ნებართვის გარეშე, ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გადაადგილება, გარდა, იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება მათი პირდაპირ სასაკლაოზე გადაადგილება;

ბ) სადგომიდან ცწადპ-ს გატანა;

გ) მატყლისა და ტყავის გატანა, რაც დასაშვებია შესაბამისი თერმული დამუშავების შემდგომ;

დ) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ზომების გამოყენება საკონტროლო ზონაში უნდა გაგრძელდეს დაინფიცირებულ კერაში საკარანტინო ღონისძიებების დასრულებამდე.

4. საკონტროლო ზონაში ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო.

მუხლი 13. დასუფთავება, დეზინფექცია

1. სადგომის, ტრანსპორტის დასუფთავება და ნაკელის გაუვნებლობა ხორციელდება პასუხისმგებელი პირის მიერ.

2. ნაკელის გაუვნებლობა შესაძლებელია განხორციელდეს დაწვით ან დამარხვით.

3. დეზინფექცია ხორციელდება სააგენტოს მიერ სადგომებსა და სხვა ადგილებში, სადაც მოთავსებული იყვნენ დაავადებული/ამთვისებელი ცხოველები ან იმყოფებოდნენ ამ ობიექტებთან  შემხებლობაში.

4. დეზინფექცია ტარდება სამ ეტაპად:

ა) ამთვისებელი ცხოველების სიკვდილის ან მოკვლის  შემდგომ;

ბ) სადგომის მექანიკური დასუფთავების შემდგომ;

გ) კარანტინის მოხსნის წინ.

5. წინასწარი გაწმენდა და დეზინფექცია (ანტივირუსული საშუალებებით) უნდა მოხდეს ისე რომ, დაცული იყოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი ჭირის ვირუსის გავრცელება.

მუხლი 14. კარანტინის მოხსნა

1. კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ბოლო შემთხვევიდან 42 დღის გასვლის შემდეგ, თუ აღნიშნულ პერიოდში:

ა) ადგილი არ ჰქონდა ცხოველის საეჭვო ან/და დადასტურებულ გამოვლინებას;

ბ) ვაქცინაციიდან გასულია ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციით იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად გათვალისწინებული პერიოდი;

გ) ჩატარებულია დასკვნითი დეზინფექცია.

2. კარანტინი იხსნება:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 15. საგანგებო გეგმა

1. სააგენტო ვალდებულია შეიმუშავოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსზე (ადამიანური, მატერიალური) და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;

ბ) რეგიონებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების  სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;

გ) ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;

დ) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტიანი კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;

ე) საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ვაქცინაციის, მათ შორის, გადაუდებელი ვაქცინაციის, დეტალური გეგმები (გადაუდებელ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რეგიონები, ვაქცინაციისათვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა).

2. სახელმწიფო ვეტერინარებმა რეგულარულად უნდა გაიარონ სწავლებები წვრილფეხა საქონლის ჭირის დაავადების კლინიკური ნიშნებისა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

3. საგანგებო გეგმა შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

4. სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს.

მუხლი 16. ვაქცინის შესყიდვა და გამოყენება

1. ვაქცინის შესყიდვის ტექნიკურ პირობებს ადგენს სააგენტო.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ვაქცინების შენახვისა და გამოყენების პირობების დაცვა.

3. სააგენტო ვაქცინებს იყენებს გეგმის შესაბამისად.