„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმი

„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმი
დოკუმენტის ნომერი 4-9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016776
4-9
16/02/2023
ვებგვერდი, 26/04/2024
480610000.03.030.016776
„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

 ოქმი

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე 


საქართველო და ესპანეთის სამეფო, შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“,

სურთ რა შექმნან აუცილებელი პირობები, რომლებიც გათვალისწინებულია 2010 წლის 22 ნოემბერს ხელმოწერილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-19 მუხლით (გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 52/25.02.2011), შემდგომში წოდებული როგორც „შეთანხმება“,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

კომპეტენტური ორგანოები

1. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოები არიან:

  • საქართველოს ხელშემკვრელი მხარისთვის:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიგრაციის დეპარტამენტი

მისამართი: მ. გახოკიძის ქ. 16, 0182 თბილისი, საქართველო

ტელ.: (+995 32) 2 41 96 35

ფაქსი: (+995 32) 2 41 96 26

ელფოსტა: readmission@mia.gov.ge

  • ესპანეთის ხელშემკვრელი მხარისთვის:

სამუშაო საათები (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 08:30-21:00):

  • რეადმისიის შესახებ განაცხადებისთვის:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორატი

უცხოელებისა და საზღვრების გენერალური კომისარიატი

ცენტრალური სასაზღვრო დანაყოფი

ტელ.: +34 913226926/27/28/30

ფაქსი: +34 913226961

ელ-ფოსტა: cgef.ucfstc@policia.es

  •  ტრანზიტის შესახებ განაცხადებისთვის:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორატი

უცხოელებისა და საზღვრების გენერალური კომისარიატი

დაბრუნების ცენტრალური დანაყოფი

ტელ.: +34 913226929

ფაქსი: +34 913226842/44

ელფოსტა: cged.0013@policia.es

არასამუშაო საათები:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორატი

უცხოელებისა და საზღვრების გენერალური კომისარიატი

ტელ.: +34 913226840/41

ფაქსი: +34 913226842/43/44

ელფოსტა: cged.0039@policia.es

2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს პირველ პუნქტში მოცემული თავიანთი კომპეტენტური ორგანოების სიაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

3. შეთანხმებისა და ოქმის დებულებების განხორციელების მიზნით, კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან დაამყარებენ უშუალო თანამშრომლობას.

4. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს საკონტაქტო მონაცემებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

მუხლი 2

სასაზღვრო გამტარი პუნქტები

1. რეადმისიისა და ტრანზიტის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ შემდეგ სასაზღვრო გამტარ პუნქტებს (სგპ-ებს):

  • საქართველოს ხელშემკვრელი მხარისთვის:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სგპ

  • ესპანეთის ხელშემკვრელი მხარისთვის:

ადოლფო სუარესის სახელობის მადრიდ-ბარახას საერთაშორისო აეროპორტი და ხოსეპ ტარადელას სახელობის ბარსელონა-ელ პრატის საერთაშორისო აეროპორტი.

2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს პირველ პუნქტში მოცემული სასაზღვრო გამტარი პუნქტების სიაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

მუხლი 3

რეადმისიის შესახებ განაცხადის წარდგენა და განაცხადზე პასუხი

1. შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად შედგენილი რეადმისიის შესახებ განაცხადი მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმით ავტორიზებული ელექტრონული სისტემით, ელფოსტის ან ფაქსის მეშვეობით შეთანხმების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადებში.

2. რეადმისიის შესახებ განაცხადზე პასუხი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ უნდა წარედგინოს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმით ავტორიზებული ელექტრონული სისტემით, ელფოსტის ან ფაქსის მეშვეობით შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში.

3. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადში შეტანილი პერსონალური მონაცემები წარდგენილი იქნება შეთანხმების მე-16 მუხლის დებულებების შესაბამისად.

4. იმ შემთხვევაში თუ ახალი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადზე დადებითი პასუხის გაცემის შემდეგ რეადმისიის მოთხოვნები არ იქნა დაცული, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას მიმართოს მომთხოვნ ხელშემკვრელ მხარეს რეადმისიის შესახებ განაცხადზე თანხმობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მუხლი 4

სხვა დოკუმენტები

1. იმ შემთხვევაში, თუ მომთხოვნ ხელშემკვრელ მხარეს მიაჩნია, რომ სხვა დოკუმენტები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შეთანხმების პირველი – მე-4 დანართებით, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის დასადგენად ან იმ მიზეზების დასადგენად, რომელიც შეიძლება მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის საფუძველი გახდეს, ასეთი დოკუმენტები შეიძლება დაერთოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის წარდგენილ რეადმისიის შესახებ განაცხადს.

2. რეადმისიის შესახებ განაცხადის განხილვის დროს პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტების გათვალისწინების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე.

3. რეადმისიის შესახებ განაცხადთან ერთად წარდგენილი თითის ანაბეჭდები, შეძლებისდაგვარად, გამოყენებულ უნდა იქნეს რეადმისიას დაქვემდებარებული პირთა პირადობის და, შესაბამისად, მათი ეროვნებისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისიის პირობებთან შესაბამისობის დასადგენად.

მუხლი 5

გასაუბრება

1. თუ მომთხოვნ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია შეთანხმების პირველი და მე-3 დანართებით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტის წარდგენა ან თუ მე-2 და მე-4 დანართებით გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტები არ არის საკმარისი, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლები ან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლები რეადმისიის შესახებ განაცხადის ფორმის პირველ გვერდზე აღნიშნული მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ჩაუტარებენ გასაუბრებას დასაბრუნებელ პირს რეადმისიის შესახებ განაცხადის წარდგენიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში. გასაუბრების პროცედურა შესულია შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დროის ფარგლებში.

იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა გასაუბრების ორგანიზება, რეადმისიის შესახებ განაცხადის ასლი მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მიერ გადაეცემა მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს გასაუბრებას დაქვემდებარებული პირის ტრანსპორტირებას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ხელშემკვრელი მხარეების შეთანხმებით, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების გარეთ. ასეთ შემთხვევაში, გასაუბრებასთან დაკავშირებულ ტრანსპორტირების ხარჯებს დაფარავს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობებისგან დამოუკიდებელი ფაქტობრივი მიზეზების გამო ოქმით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ორგანიზება, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ჩაატარებს გასაუბრებას და რეადმისიის შესახებ განაცხადზე პასუხს გააგზავნის არაუგვიანეს 12 კალენდარული დღისა მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრება ფაქტობრივი მიზეზები ან მას შემდეგ, რაც მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე შეატყობინებს მას მათი აღმოფხვრის შესახებ.

მუხლი 6

სამგზავრო დოკუმენტების გაცემა

1. შეთანხმების 2.4, 3.3, 4.4 და 5.4 მუხლების თანახმად, სამგზავრო დოკუმენტების გაცემის მიზნით მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო კომპეტენტურ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას აცნობებს რეადმისიის შესახებ განაცხადზე დადებითი პასუხის შესახებ.

2. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობისგან ან საკონსულო დაწესებულებისგან შეიძლება მოითხოვოს სამგზავრო დოკუმენტების გაცემა შეთანხმების 10.2 მუხლით გათვალისწინებული ვადების ამოწურვისთანავე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადზე პასუხის წარდგენის გარეშე.

3. სამგზავრო დოკუმენტების გაცემის ვადების ათვლა დაიწყება მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოსათვის რეადმისიის შესახებ განაცხადზე დადებითი პასუხის წარდგენისთანავე.

მუხლი 7

ტრანზიტის პროცედურა

1. შეთანხმების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი ტრანზიტის შესახებ განაცხადი მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმით ავტორიზებული ელექტრონული სისტემით, ელფოსტის ან ფაქსის მეშვეობით დაგეგმილ ტრანზიტამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღით ადრე.

2. ტრანზიტის შესახებ განაცხადზე პასუხი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ უნდა წარედგინოს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმით ავტორიზებული ელექტრონული სისტემით, ელფოსტის ან ფაქსის მეშვეობით ტრანზიტის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

3. ცალკეულ შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები შეიძლება შეთანხმდნენ უფრო მოკლე ვადებზე.

4. ტრანზიტი განხორციელდება მხოლოდ საჰაერო გზით და იმავე აეროპორტში.

5. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის დასაბრუნებლად ზომებს მიიღებს დაუყოვნებლივ, თუ:

  • ტრანზიტის ან დანიშნულების სახელმწიფოში პირის გადაყვანა ვერ მოხერხდა; ან
  • ტრანზიტის განხორციელება შეუძლებელია სხვა მიზეზების გამო.

მუხლი 8

გადაყვანის პროცედურები

1. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სავარაუდო გადაყვანამდე სულ მცირე 3 სამუშაო დღით ადრე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეატყობინოს გადაყვანის თარიღის, დროის, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, ავიარეისის და სხვა გარემოებების შესახებ.

2. ცალკეულ შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები შეიძლება შეთანხმდნენ უფრო მოკლე ვადაზე.

3. გადაყვანა მისაღებად ჩაითვლება, თუ გამონაკლისი გარემოებების გამო მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო სხვაგვარად არ აცნობებს მომთხოვნ ხელშემკვრელ მხარეს.

4. იმ შემთხვევაში, თუ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ შეთავაზებული გადაყვანის პირობები არ არის მისაღები მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოსთვის, ხელშემკვრელი მხარეები უმოკლეს ვადაში უნდა შეთანხმდნენ გადაყვანის სხვა ფორმებზე.

მუხლი 9

პროცედურები შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში

1. შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში, მომთხოვნმა ხელშემკვრელმა მხარემ შეთანხმების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში და მის შესაბამისად უნდა დაიბრუნოს რეადმისირებული პირი.  

2. შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში, რეადმისირებული პირების დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაფაროს მომთხოვნმა ხელშემკვრელმა მხარემ.

მუხლი 10

რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის ესკორტირება

1. იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის ან ტრანზიტის განხორციელებისთვის აუცილებელია ესკორტის გამოყოფა, მომთხოვნმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა გააგზავნოს ინფორმაცია ამ ფაქტისა და ესკორტის წევრთა რაოდენობის შესახებ წინამდებარე ოქმის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მეშვეობით, ან, შესაბამისად, შეთანხმების მე-6 დანართით განსაზღვრული ტრანზიტის შესახებ განაცხადის ფორმის C ნაწილში.

2. თუ პირველ პუნქტში მითითებულ ესკორტთან დაკავშირებულ ინფორმაციაში შეტანილია ცვლილება, მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.  

3. ესკორტის ოფიცრებმა უნდა დაიცვან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობა. მათ შეიძლება მიიღონ გონივრული და თანაზომიერი ზომები, რათა თავიდან აიცილონ რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის გაქცევა, მისი მხრიდან საკუთარი თავის ან მესამე პირის დაშავება, ან საკუთრების დაზიანება.

4. ესკორტის ოფიცრები მოვალეობას უნდა ასრულებდნენ შეუიარაღებლად, უნდა ატარებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელს და ჰქონდეთ მოქმედი პასპორტები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს რეადმისიის ან ტრანზიტის პირობებს.

5. ესკორტის ოფიცრები პასუხისმგებელნი არიან, თან იქონიონ რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირების სამგზავრო დოკუმენტები ან/და სხვა საჭირო სერტიფიკატები ან პერსონალური მონაცემები და ეს დოკუმენტები გადასცენ ან წარუდგინონ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს. აღნიშნულ ესკორტს არ შეუძლია, დატოვოს გადაყვანის შეთანხმებული ადგილი რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაყვანის დასრულებამდე, თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული.

6. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები, საჭიროების შემთხვევაში, იზრუნებენ იმაზე, რომ ესკორტი ფლობდეს შემდგომი ტრანზიტის ან დანიშნულების ქვეყანაში/ქვეყნებში შესასვლელ ვიზებს.

7. ესკორტის ოფიცრებს არა აქვთ უფლება, თან იქონიონ ნივთები, რომლებიც აკრძალულია ან ექვემდებარება სამართლებრივ შეზღუდვებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ნებადართული იქნება მყარი და მოქნილი ხელბორკილები, აგრეთვე იძულებითი ხასიათის სხვა შეთანხმებული აღჭურვილობა.

8. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ყველა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ესკორტის ოფიცრების ყოფნას. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ, საჭიროებისამებრ, ესკორტის ოფიცრებს უნდა აღმოუჩინოს ნებისმიერი შესაძლო დახმარება.

მუხლი 11

ხარჯები

1. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისიის ან ტრანზიტის ოპერაციებთან დაკავშირებით გაღებული ხარჯები, რომლებიც შეთანხმების მე-15 მუხლის თანახმად უნდა გადაიხადოს მომთხოვნმა ხელშემკვრელმა მხარემ, უნდა ანაზღაურდეს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მიერ ევროებში, გაღებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

2. მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს ეკისრება სამგზავრო დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება შეთანხმების მე-2 მუხლის მე-4 და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტების შესაბამისად.

მუხლი 12

მონიტორინგი

1. ამ ოქმის გამოყენებით განხორციელებული ტრანსფერებისა და ტრანზიტებისთვის, მონიტორინგის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეძლევათ უფლება დააკვირდნენ როგორც მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ განხორციელებულ დაბრუნების ოპერაციებს, ასევე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაბრუნების ოპერაციის მიმდინარეობას, მათ შორის, დაბრუნებულთა კომპეტენტური ორგანოსათვის საბოლოო გადაცემის პროცესს.

მუხლი 13

სამუშაო ენები

1. წინამდებარე ოქმის განხორციელების მიზნით, კომუნიკაცია, შეტყობინებები და სხვა დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე.

2. წინამდებარე ოქმის განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციები ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის უნდა გაიმართოს ინგლისურ ენაზე, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდება.

მუხლი 14

დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 15

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე ოქმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელი მხარეების ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები შედგენილი იქნება ცალკე დოკუმენტების სახით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს, და ძალაში შედის წინამდებარე ოქმის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 16

ძალაში შესვლა, მოქმედების შეწყვეტა და ცვლილებები

1. ხელშემკვრელმა მხარეებმა დიპლომატიური არხებით უნდა შეატყობინონ ერთმანეთს წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

2. წინამდებარე ოქმი იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე შეთანხმების მე-18 მუხლში მოცემული რეადმისიის ერთობლივი კომიტეტისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. აღნიშნული შეტყობინება იგზავნება ესპანეთის ხელშემკვრელი მხარის მიერ დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ხელშემკვრელი მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე. ესპანეთის ხელშემკვრელმა მხარემ ასევე უნდა შეატყობინოს საქართველოს ხელშემკვრელ მხარეს რეადმისიის ერთობლივი კომიტეტისათვის ხსენებული შეტყობინების გაგზავნის შესახებ.

3. წინამდებარე ოქმი წყვეტს მოქმედებას იმავე დროს, რა დროსაც შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას.

4. ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარეებმა შეიძლება მოახდინონ წინამდებარე ოქმის დენონსირება წერილობით დიპლომატიური არხების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, დენონსაცია ძალაში შევა შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.

5. გარდა ამისა, ხელშემკვრელი მხარეები რეადმისიის ერთობლივ კომიტეტს შეატყობინებენ მე-15 მუხლით და ამ მუხლის მე-3და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ.

6. დანართი წარმოადგენს აღნიშნული ოქმის განუყოფელ ნაწილს.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2023 წლის 16 თებერვალს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

 

საქართველოს სახელით

 

 

ესპანეთის სამეფოს სახელით

 

 

___________________________

___________________________

 

ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი

 

ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესი

შინაგან საქმეთა მინისტრი

 

დანართი

საქართველოს უქმე დღეების ნუსხა

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი"

მუხლი 30.1 უქმე დღეები

1. უქმე დღეებია:

ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;

გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

დ) 3 მარტი – დედის დღე;

ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

ი) 12 მაისი − ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე − იმედის დღე;

კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.