გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/383-24
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/03/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/383-24
15/03/2024
ვებგვერდი, 16/04/2024
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმე 2/383-24

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2024 წლის 15 მარტი 

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

განმცხადებელი (მოვალე) ‒ შპს „თიბი კომპანის“ დირექტორი თამილა ვარშალომიძე

მოთხოვნა: გადახდისუუნარობა/გაკოტრება.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თიბი კომპანის“ დირექტორის თამილა ვარშალომიძის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2024 წლის 8 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „თიბი კომპანის“ დირექტორმა თამილა ვარშალომიძემ, რომელმაც მოითხოვა შპს „თიბი კომპანის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „თიბი კომპანიში“ (ს/ნ 448406065) შექმნილია რთული ფინანსური მდგომარეობა, საწარმო ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ (სხვადასხვა ფაქტორთან ერთად) და კონტრაქტორი კომპანიების საქართველოს ბაზრიდან გასვლამ, მნიშვნელოვნად დაამძიმა საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა, საზოგადოებას არ აქვს შემოსავლები და ფინანსური რესურსი არსებული კრედიტორული დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. კომპანიას 05.02.2024 წლის მდგომარეობით გააჩნია 53843,33 ლარი არაუზრუნველყოფილი კრედიტორული (საგადასახადო-საბიუჯეტო) დავალიანება, რომელთა გადახდის საშუალება საზოგადოებას არ გააჩნია. კომპანიის აქტივები შეადგენს 0 ლარს. საზოგადოებაში ადგილი აქვს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობას.

განმცხადებელი დამატებით აღნიშნავს, რომ ამჟამად, კომპანია არ ახორციელებს სამეწარმეო, საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და დასაქმებულები არ ჰყავს. კომპანიას საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები არ ერიცხება. კომპანია არ ფლობს წილს ასევე სხვა საწარმოში. შპს „თიბი კომპანის“ დებიტორული მოთხოვნები, უზრუნველყოფილი კრედიტორული, სამომავლო, პირობითი და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები არ აქვს. ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს   სსიპ  შემოსავლების სამსახური. მის მიმართ კომპანიას ერიცხება საგადასახადო დავალიანება  53843,33 ლარის ოდენობით. შპს „თიბი კომპანი“-ს არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები. ამასთან, კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის საქმისწარმოება.

შესაბამისად, შპს „თიბი კომპანი“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი, სახეზეა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესხებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება, რის საფუძველზეც ითხოვს საწარმოს მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით, განმცხადებელ შპს „თიბი კომპანის“ (ს/ნ 448406065) დირექტორს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო 01.03.2024 წლის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან 6 სამუშაო დღის ვადა, რომელიც მხარის მიერ აღმოფხვრილი იქნა კანონით დადგენილ ვადაში.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „თიბი კომპანის“ (ს/ნ 448406065) დირექტორს, თამილა ვარშალომიძეს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან). როგორც საქმის მასალებიდან და განმცხადებლის, თამარ მუმლაძის განმარტებიდან ირკვევა, კომპანიას აქვს საგადასახადო ვალდებულება 53843,33 ლარის ოდენობით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და 

ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „თიბი კომპანის“ (ს/ნ 448406065) დირექტორს თამილა ვარშალომიძ ეს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის ელექტრონულ სიტემაში.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                                               მანანა ნიკაჭაძე