„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016854
1-1/144
11/04/2024
ვებგვერდი, 12/04/2024
300300000.22.024.016854
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/144

2024 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე – 34-ე პუნქტები:
 
„30. 2024 წლის მარტის თვეში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული სრული მოცულობის (ანაზღაურების გარეშე) ელექტროენერგიის მიმღებად და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმწოდებლად მიჩნეულ იქნეს შპს „ენგურჰესი“, ამ წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის დაბალანსების მიზნებისათვის.
 
31. 2024 წლის მარტის თვეში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის დაკმაყოფილება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, 2024 წლის მარტის თვეში ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგია;
 
ბ) რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, 2024 წლის მარტის თვეში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული და ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის მიერ შესყიდული ელექტროენერგია;
 
გ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოცულობის ზემოთ დარჩენილი რაოდენობის დაფარვა ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურების მიერ 2024 წლის მარტის თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიით, ბაზრის წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
 
32. ამ მუხლის 30-ე პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა განისაზღვრება, სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტში (შემაჯამებელი აღრიცხვის აქტი) ასახული ელექტროენერგიის მოცულობების საფუძველზე. შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის ზემოთ აღნიშნული შემაჯამებელი აღრიცხვის აქტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის 30-ე პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა განისაზღვრება, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და რუსეთის ენერგოსისტემის ტექნიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ორმხრივად დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტში ასახული ელექტროენერგიის მოცულობების, ხოლო რუსეთის შესაბამისი ტექნიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული აქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, – გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, ოპერატიული მონაცემებით, მათ შორის SCADA-ს/აღრიცხვის სისტემების მონაცემებით შედგენილ ცალმხრივ აქტში ასახული ელექტროენერგიის მოცულობების საფუძველზე. ამასთან, ამ მუხლის 30-ე პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება საქართველოსა და რუსეთის შესაბამის სუბიექტებს შორის გაფორმებული იმპორტის ხელშეკრულებებით ფაქტობრივად მოწოდებულ ელექტროენერგიაზე გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული ელექტროენერგიის მოცულობები.
 
33. ამ მუხლის 30-ე – 32-ე პუნქტების მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2024 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე.
 
34. ამ მუხლის 30-ე – 33-ე პუნქტებში აღნიშნული, 2024 წლის მარტის თვეში რუსეთ - საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“ ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგიის ღირებულება განისაზღვროს იმავე ელექტროგადამცემ ხაზებზე 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ღირებულების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საბაჟო გაფორმებაზე ვრცელდება ამ წესების 147 მუხლი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი