დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გელა ნიორაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/6/1760 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 29/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016913 |
|
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი; სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე. საქმის დასახელება: გელა ნიორაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის და 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1760) მომართა გელა ნიორაძემ. №1760 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 29 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 29 მარტს. 2. №1760 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს დანაშაულის მცდელობის განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია დანაშაულის მცდელობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ქმედების შემადგენლობები. კერძოდ, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობა. პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის მიმოწერის ანდა სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით კი გარანტირებულია დაცვის უფლება და შესაბამისი უფლებრივი კომპონენტები. 5. №1760 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯადობა ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დამთავრებულ დანაშაულზე, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გავრცელებას იმ შემთხვევებზე, როდესაც პირი ბრალდებულია დამამძიმებელ გარემოებებში განხორციელებული განზრახი მკვლელობის მცდელობაში, მაშინაც კი, როდესაც, ფაქტობრივად, დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირთა გარკვეული ნაწილის მიმართ ჩადენილია დასრულებული დანაშაული, ნაწილის მიმართ კი – დანაშაულის მცდელობა. 6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საკითხის ამგვარი მოწესრიგება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის განსაზღვრისას, პროკურორს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არსებითად მსგავსი შემთხვევები თანაბარი წარმატებით დააკვალიფიციროს როგორც დასრულებულ დანაშაულად, ისე დანაშაულის მცდელობად და ამგვარად გადაწყვიტოს, თუ რომელი ბრალდებულის საქმე შეიძლება გახდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი და რომელი – არა, რაც იწვევს ბრალდებული პირების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, ხოლო ბრალდების მხარეს აძლევს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კერძოდ, კონკრეტული პირის საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე არდაშვების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე, დამატებით, განმარტავს, რომ მისთვის აუხსნელი და გაუგებარია, რატომ ვრცელდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ დამთავრებულ დანაშაულზე და არა დანაშაულის მცდელობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სადავო ნორმა უშვებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადებისა და მცდელობის შემთხვევების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას. 7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტები არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას და ითხოვს სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას, მაშინ, როდესაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას როგორც დამთავრებულ მკვლელობაზე, ისე მკვლელობის მცდელობაზე. 8. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უშუალო დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფოს მიერ თანამედროვე რეალობაში დამკვიდრებულ მონაპოვარს, რომელმაც, მათ შორის, ასახვა პოვა საქართველოს კონსტიტუციაში. მოსარჩელის პოზიციით, მას სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილად რეალიზების ერთადერთ გზად საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა ესახება, რომელზე წვდომაც, სწორედ სადავო ნორმების მოქმედებით აქვს შეზღუდული. შესაბამისად, იგი ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით. 9. პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება ვრცელდება, მათ შორის, ადვოკატთან მიმოწერასა და სატელეფონო საუბარზე. კერძოდ, გამომძიებელმა მას ადვოკატთან მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდა სწორედ დასახელებულ ნორმაზე მითითებით, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახა მის მიერ ადვოკატთან კომუნიკაციასა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული დაცვის უფლებით სარგებლობაზე. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის საფუძველზე, დაცვის უფლების ხელყოფის საპირწონე, დამაბალანსებელ არგუმენტად ვერ გამოდგება ადვოკატის უფლება, შეხვდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში, რამდენადაც ეს მექანიზმი არ არის ადვოკატთან კომუნიკაციის სწრაფი და ეფექტური საშუალება. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულისათვის კომუნიკაციის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მოწინააღმდეგე მხარის - პროკურორის/გამომძიებლის პრივილეგიაა, რომლის შედეგადაც ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებას. 10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე. 11. №1760 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მის საქმეზე 2022 წლის 22 დეკემბერს ჩანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც, მათ შორის, უნდა გადაწყდეს საკითხი, მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის თაობაზე. ვინაიდან ბრალდების მხარე მოსარჩელის ქმედებას აკვალიფიცირებს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობად, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, მოსარჩელეს არ ექნება წვდომა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე და მის საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს კონკრეტული მოსამართლე. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო ნორმების წინასასამართლო სხდომის ჩატარებამდე შეუჩერებლობის შემთხვევაში აღნიშნული ზიანის გამოსწორება, კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომის შეზღუდვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედების შეჩერებას, მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მას, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, შეზღუდული აქვს ადვოკატთან სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლება, რაც იწვევს დაცვის უფლების ყოველდღიურ, შეუქცევად დარღვევას, რომლის გამოსწორება ასევე შეუძლებელი იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისა და აღნიშნული ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაშიც კი.
II 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“. 2. №1760 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმის საფუძველზე, გამომძიებლის დადგენილებით მას შეეზღუდა სატელეფონო კომუნიკაციისა და მიმოწერის შესაძლებლობა. აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდა, მათ შორის, ადვოკატთან კომუნიკაციაზეც, რითაც დაირღვა მისი დაცვის უფლება. 3. აღსანიშნავია, რომ №1760 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის №2/8/1444 გადაწყვეტილებით საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წლის 22 ნოემბრიდან სადავო ნორმა გამოცხადდა ძალადაკარგულად და, შესაბამისად, გაუქმდა. 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის „არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, სადავო ნორმის ძალადაკარგულობის პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რაც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ერთი მხრივ, რამდენად არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი და შემდგომში ძალადაკარგული ნორმის არსებითად მსგავსი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც იწვევს მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებებით გარანტირებული ძირითადი უფლებების შეზღუდვას. 5. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდგომ, კერძოდ, საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის 3988-XIIIმს-Xმპ კანონით მიღებულ იქნა პენიტენციური კოდექსი, რომლის საფუძველზეც, პატიმრობის კოდექსი 2024 წლის პირველი იანვრიდან მთლიანად ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღნიშნულის პარალელურად, პენიტენციური კოდექსის მიღებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის №2/8/1444 გადაწყვეტილების კვალდაკვალ, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის 4031-XIIIმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ცვლილება განიცადა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილმა და 37-ე მუხლის მე-6 ნაწილმა. იმავდროულად, ხსენებული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კოდექსს დაემატა 1652 მუხლი. 6. დასახელებული ცვლილებების საფუძველზე, დღეს მოქმედი პენიტენციური კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები კვლავ უშვებენ გამომძიებლის/პროკურორის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის სატელეფონო კომუნიკაციისა და მიმოწერის შეზღუდვას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1652 მუხლით გაიწერა ამ ღონისძიების გამოყენების კონკრეტული საფუძვლები. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1652 მუხლის თანახმად, გამომძიებელს/პროკურორს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლების შეზღუდვის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიერ მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შედეგად ჩადენილი იქნება დანაშაული, განხორციელდება მოწმეზე ზემოქმედება, ხელი შეეშლება მტკიცებულების მოპოვებას ან სხვაგვარად შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელება. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჩამოყალიბდა კრიტერიუმები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს გამომძიებელმა/პროკურორმა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შემთხვევაში (მაშინაც კი, თუ ის ამ უფლებების შეზღუდვას ახორციელებს პენიტენციური კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე). 7. ამავე დროს, პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაორაზროვნად მიუთითებს, რომ „ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას“. ამდენად, ბრალდებულსა და ადვოკატს შორის შეუზღუდავი კომუნიკაცია, თავისთავად, უზრუნველყოფილია მოქმედი კანონმდებლობით. ამ ფონზე, ბუნებრივია, მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების გონივრული განმარტების პირობებში, პროკურორი/გამომძიებელი ვერ დაასაბუთებს, რომ ადვოკატთან მიმოწერის ან/და სატელეფონო კომუნიკაციის ზოგადი შეზღუდვა საჭიროა დანაშაულის ჩადენის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა მოპოვების ან მართლმსაჯულების განხორციელების სხვაგვარი შეფერხების პრევენციის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოქმედი კანონმდებლობის გონივრული განმარტების პირობებში, სადავო ნორმის მსგავსი მოქმედი ნორმების საფუძველზე, პროკურორი/გამომძიებელი ბრალდებულს ადვოკატთან მიმოწერას ან/და სატელეფონო კომუნიკაციას ვერ შეუზღუდავს. ამავდროულად, ბუნებრივია, რომ წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში, ვერ იქნება წარმოდგენილი საერთო სასამართლოების პრაქტიკა ცვლილებების შედეგად მიღებული ნორმების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის ადვოკატთან სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლების შეზღუდვის თაობაზე. თავის მხრივ, მსგავსი პრაქტიკის არსებობის შესახებ არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არის ცნობილი. 8. როგორც უკვე ითქვა, იმისათვის, რომ საქმის არსებით განხილვამდე სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააგრძელოს სამართალწარმოება, უნდა დადასტურდეს, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი. მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზისა და №1760 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოქმედ კანონმდებლობაში სადავო ძალადაკარგული ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე ნორმის არსებობა, რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის დაცვის უფლების შეზღუდვის პოტენციალი. 9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1760 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს. 10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად. 11. №1760 კონსტიტუციური სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას, მაშინ, როდესაც ბრალდების განზრახ მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაცია თავის თავში მოიცავს ბრალდებას დამთავრებულ მკვლელობაზეც. 12. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სწორედ ხსენებულ სადავო ნორმებზე დაყრდნობით ბრალდების მხარეს აქვს პრივილეგია, დააკვალიფიციროს ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობად, მაშინ, როდესაც ქმედება მოიცავს დამთავრებულ დანაშაულსაც. პროკურორის ამგვარი გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება და შედეგად, მოსარჩელე ვერ სარგებლობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობით, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დამთავრებულ დანაშაულზე ვრცელდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას, მაშინ, როდესაც მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას დამთავრებულ მკვლელობაზეც და მკვლელობის მცდელობაზეც. 13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს დანაშაულის მცდელობის განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია დანაშაულის მცდელობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია ის გარემოებები, რომლებიც პირის მიერ ჩადენილ ქმედებას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობად აკვალიფიცირებს. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საქმეების დადგენა სადავო ნორმების რეგულირების სფეროს არ მიეკუთვნება, ისევე, როგორც ამ ნორმებით არ ხდება პროკურორისათვის ბრალდების განსაზღვრის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება. ამდენად, სადავო ნორმებს არ აქვს მიმართება არც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის რეგულირებასთან და არც პროკურორის მიერ დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციასა და შესაბამისი ბრალდების განსაზღვრასთან. შესაბამისად, სადავო ნორმებს არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი. 14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1760 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 15. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუმთავრებელ დანაშაულებზეც იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ წარდგენილი ბრალი თავისი შინაარსით მოიცავს დამთავრებულ დანაშაულსაც. 16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106). 17. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმაში 109-ე მუხლთან მიმართებით დამთავრებულ დანაშაულზე მითითება, პირისათვის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდების წაყენების შემთხვევაში, ზღუდავს ბრალდებულის უფლებას, მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რითაც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი და კონსტიტუციით გარანტირებული შესაბამისი უფლება. ამდენად, მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში მას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება საერთოდ არ გააჩნია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი შედგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მრავალი უფლებრივი კომპონენტისაგან, რომელთა შორის, სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, ისევე როგორც მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, მიემართება სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და არა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფეროს შეზღუდვას. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ №1760 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვის წარმოსაჩენად, არ არის წარმოდგენილი რაიმე დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, მოსარჩელის საქმეს, რაიმე ფორმით, განიხილავს არაუფლებამოსილი და არაგანსჯადი სასამართლო. 18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1760 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1760 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი. 20. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერების თაობაზე, რომელიც ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას მაშინ, როდესაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას როგორც დამთავრებულ მკვლელობაზე, ისე მკვლელობის მცდელობაზე. 21. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 22 დეკემბერს ჩანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც, მათ შორის, უნდა გადაწყდეს საკითხი იმის თაობაზე, განიხილავს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოსარჩელის საქმეს. შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ შეაჩერებს დასახელებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსის მოქმედებას, მას შეეზღუდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომის უფლება და მის საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს კონკრეტული მოსამართლე, რითაც მიადგება შეუქცევადი ზიანი, რომლის გამოსწორებაც, შემდგომში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება. 22. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). 23. ამ კუთხით გასათვალისწინებელია, რომ №1760 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2022 წლის 26 დეკემბერს, ხოლო არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 29 დეკემბერს. №1760 კონსტიტუციურ სარჩელში თავად მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ წინასასამართლო სხდომა, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი იმის შესახებ, მის საქმეს არსებითად განიხილავდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თუ ერთპიროვნულად განმხილველი კონკრეტული მოსამართლე, ჩანიშნული იყო 2022 წლის 22 დეკემბერს. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 20 სექტემბრის №10ა/4955-22 განჩინებით, წინასასამართლო სხდომის თარიღად განსაზღვრულია 2022 წლის 3 ნოემბერი. მაშასადამე, ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული თარიღების განსხვავებულობის მიუხედავად, მოცემულ ვითარებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეჩერება ვერ იქონიებდა რაიმე გავლენას მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე, ვერ შეძლებდა იმ პოტენციური შეუქცევადი საფრთხეების განეიტრალებას, რომელზეც აპელირებდა მოსარჩელე მხარე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1760 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის, უკვე გასული იყო წინასასამართლო სხდომის ჩატარების როგორც მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განჩინებით განსაზღვრული თარიღი. აღნიშნული გარემოება, თავისთავად, აზრს უკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან სადავო ნორმის შეჩერების ინსტიტუტის გამოყენებაზე მსჯელობას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს შუამდგომლობით და არც სხვაგვარად უცნობებია მისი წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღის გადადების ან სხვა რაიმე ისეთი ახალი გარემოების გამოვლენის შესახებ, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმის შეჩერებაზე მსჯელობის საფუძვლიანობას. 24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1760 კონსტიტუციური სარჩელი („გელა ნიორაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. 2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1760 კონსტიტუციური სარჩელი („გელა ნიორაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით. 3. შეწყდეს საქმე №1760 კონსტიტუციურ სარჩელზე („გელა ნიორაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. 4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. 5. №1744, №1746 და №1760 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული. 6. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. 7. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 8. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 9. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა: მანანა კობახიძე ირინე იმერლიშვილი ხვიჩა კიკილაშვილი თეიმურაზ ტუღუში
|
დოკუმენტის კომენტარები