გიორგი ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გიორგი ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/7/1761
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 11/04/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016912
2/7/1761
11/04/2024
ვებგვერდი, 12/04/2024
000000000.00.000.016912
გიორგი ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №2/7/1761   

2024 წლის 29 მარტი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გიორგი ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1761) მომართა გიორგი ზაქარეიშვილმა. №1761 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 29 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 29 მარტს.

2. №1761 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 59-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით“. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველ ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლთან დაკავშირებული სიტყვის „დამთავრებული“ და ამავე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის კვალიფიკაციით წარდგენის შემთხვევაში, გამორიცხავს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით მიხედვით, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.

5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დამთავრებული დანაშაულის ჩადენისთვის. მოგვიანებით, მის მიმართ წარდგენილი თავდაპირველი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მას ბრალი ედება დაუმთავრებელი დანაშაულის, კერძოდ, ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის, მასზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების შედეგად, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა არ ვრცელდება.

6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოებისას, წინასასამართლო სხდომამდე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, საქმეზე ბრალდების კვალიფიკაციის განსაზღვრის ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ პროკურორს გააჩნია. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოებისას, პროკურორის გადაწყვეტილებით მოსარჩელის ბრალი განზრახ მკვლელობის ჩადენიდან (დამთავრებული დანაშაული) შეიცვალა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობით (დაუმთავრებელი დანაშაული). მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის მოქმედება ქმნის იმგვარ მოცემულობას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება დამოკიდებულია ბრალდების მხარის ნებაზე, რომელსაც, თავის მხრივ, დისკრიმინაციულად შეუძლია, შეუზღუდოს ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობით სარგებლობა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მასში განხორციელებული 2016 წლის 24 ივნისის ცვლილებამდე, დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული პირებისთვის, თანაბრად უზრუნველყოფდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის არჩევანის შესაძლებლობას.

7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ დამთავრებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირებს, დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირებისაგან განსხვავებით, უფლება აქვთ, აირჩიონ მათი საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა მაშინ, როდესაც ამ პირთა საპროცესო სტატუსი, ისევე, როგორც დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირებისთვის მოსალოდნელი სასჯელი და მტკიცების სტანდარტი, იდენტურია. შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ წესს არსებითად თანასწორი ბრალდებული პირების მიმართ, რომელთაც ჩაიდინეს მსგავსი დანაშაული. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ლეგიტიმური მიზნისა და დასაბუთების გარეშე, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებებს და ითხოვს მის არაკონსტიტუციურად ცნობას.

8. კონსტიტუციურ სარჩელში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ერთხმად და უპირობოდ აღიარებს სამართლიანი სასამართლოს უფლების და კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომობას. მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ წარდგენილი დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრალდების საქმე, სადავო ნორმის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობაში არ ექცევა, ხოლო მათი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა, უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს.

9. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

11. №1761 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის დაუყოვნებლივ, წინასასამართლო სხდომის ჩატარებამდე შეჩერების გარეშე, მისი საქმე განსახილველად გადაეცემა არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, არამედ საქმის ერთპიროვნულად განმხილველ კონკრეტულ მოსამართლეს. ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა კი, მოსარჩელის უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, გამოიწვევს ისეთ ნეგატიურ შედეგს, რომლის გამოსწორება, მოგვიანებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება.

12. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილია შუამდგომლობა განსახილველ საქმეში პერსონალურ მონაცემთა დაფარვის თაობაზე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ პირი უდანაშაულოდ ითვლება იმ მომენტამდე, ვიდრე კანონით დადგენილი წესით მიღებული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ამ ეტაპზე კი მოსარჩელე ატარებს ბრალდებულის სტატუსს და, შესაბამისად, მას არ სურს თავისი პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.

2. №1761 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით“. მოსარჩელე სადავოდ ხდის სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის კვალიფიკაციით, ბრალდების წარდგენის შემთხვევაში, გამორიცხავს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა, ლეგიტიმური მიზნისა და დასაბუთების გარეშე, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობისა და სასამართლოსათვის მიმართვის უფლებებს.

4. მოსარჩელე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის შესაბამისადაც, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულება ახდენს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის ზოგადი პრინციპის დეკლარირებას და იგი არ ადგენს ძირითად უფლებას. აღნიშნული გარანტია თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდანაც. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპის კონტექსტში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ამდენად, დასახელებული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმას, რომელიც ადგენს ზოგად პრინციპს და არ განსაზღვრავს კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურ სამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, ვერ განხორციელდება განცალკევებულად (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21). ამგვარად, №1761 კონსტიტუციური სარჩელი ამ თვალსაზრისით, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1761 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1761 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

7. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველ ნაწილში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლთან დაკავშირებული სიტყვის „დამთავრებული“ და ამავე ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის ბრალდების კვალიფიკაციით წარდგენის შემთხვევაში, გამორიცხავს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას.

8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 22 დეკემბერს ჩანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც, მათ შორის, უნდა გადაწყდეს საკითხი იმის თაობაზე, განიხილავს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოსარჩელის საქმეს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ შეაჩერებს დასახელებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსის მოქმედებას, მას შეეზღუდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომის უფლება და მის საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს კონკრეტული მოსამართლე, რითაც მიადგება შეუქცევადი ზიანი, რომლის გამოსწორებაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება. მოგვიანებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და აცნობა, რომ მოსარჩელის წინასასამართლო სხდომის ახალ თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 28 დეკემბერი.

9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).

10. ამ კუთხით, გასათვალისწინებელია, რომ №1761 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2022 წლის 28 დეკემბერს, ხოლო არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 29 დეკემბერს. მოსარჩელე მხარის ცნობით, წინასასამართლო სხდომა, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი იმის შესახებ, მის საქმეს არსებითად განიხილავდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თუ ერთპიროვნულად განმხილველი კონკრეტული მოსამართლე, ჩანიშნული იყო ჯერ 2022 წლის 22 დეკემბერს, ხოლო მოგვიანებით გადაიდო ამავე წლის 28 დეკემბრისთვის. ამრიგად, მოცემული გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეჩერება ვერ იქონიებდა რაიმე გავლენას მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე, ვერ შეძლებდა იმ პოტენციური შეუქცევადი საფრთხეების განეიტრალებას, რომელზეც მიუთითებდა მოსარჩელე მხარე, ვინაიდან კანონით დადგენილი წესით, №1761 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიისთვის გადაცემის მომენტისათვის, უკვე გასული იყო მოსარჩელის მიერ მითითებული წინასასამართლო სხდომის ჩატარების თარიღი. აღნიშნული გარემოება კი, თავისთავად, აზრს უკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან სადავო ნორმის შეჩერების ინსტიტუტის გამოყენებაზე მსჯელობას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს შუამდგომლობით და არც სხვაგვარად უცნობებია მისი წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღის კვლავ გადადების ან სხვა რაიმე ისეთი ახალი გარემოების გამოვლენის შესახებ, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმის შეჩერებაზე მსჯელობის საფუძვლიანობას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

12. №1761 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აგრეთვე შუამდგომლობს განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსაქვეყნებელ აქტებში მისი პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

13. პერსონალურ მონაცემთა დაფარვის თაობაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობასთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაფარვა უნდა მოხდეს არა ავტომატურად, მოსარჩელის სურვილის მიხედვით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეპირისპირებულ კერძო და საჯარო ინტერესთა დაბალანსების შედეგად. საქართველოს კონსტიტუცია, ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევაში, მოსარჩელის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, უშვებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის შესაძლებლობას იმ პირობით, რომ დადგენილი იქნება სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, მოსარჩელის ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე, საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).

14. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე, პერსონალური მონაცემების დაფარვის თვალსაზრისით, მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მას ამ ეტაპზე აქვს ბრალდებულის სტატუსი და მის მიერ დანაშაულის ჩადენა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, დამტკიცებული არ არის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ ბრალდებულის სტატუსის ქონა, თავისთავად, არ ქმნის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის საფუძველს. იმავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რა საფრთხე წარმოიშობა მოსარჩელის ბრალდებულის სტატუსის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებით. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებისგან მომდინარე ისეთი საფრთხის არსებობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გადაწონიდა საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის საჯარო ინტერესს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1761 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1761 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

5. №1744, №1746, №1760 და №1761 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

6. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

7. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

8. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

9. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში