გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/5/1746
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016911
2/5/1746
29/03/2024
ვებგვერდი, 12/04/2024
000000000.00.000.016911
გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №2/5/1746

2024 წლის 29 მარტი

 ქ. ბათუმი

 

   

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1746) მომართა გიორგი გიგაურმა. №1746 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 7 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 29 მარტს.

2. №1746 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 59-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, დაცულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

5. №1746 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს, რომელიც, ამავდროულად, არასრულწლოვანია, ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად კრძალავს არასრულწლოვან ბრალდებულთა საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯადობა გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მხოლოდ დამთავრებული დანაშაულისთვის, რაც გამორიცხავს აღნიშნული მუხლებით აკრძალული ქმედების ჩადენის მცდელობისათვის ბრალდებულის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთად, არაკონსტიტუციურად ზღუდავს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობაზე მოსარჩელის არჩევანის შესაძლებლობას.

6. მოსარჩელე განმარტავს, რომ, ზოგადად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის გათვალისწინებულ სასჯელებთან მიმართებით, სრულწლოვან და არასრულწლოვან პირებს შორის არ არსებობს არსებითი განსხვავება და ისინი, ამ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, თანასწორ სუბიექტებად უნდა განიხილებოდნენ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი აკრძალვით, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, მის მიმართ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ საქმეზე ისარგებლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯადობით, იმ მიზეზით, რომ არასრულწლოვანია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ სუბიექტებს – სრულწლოვან და არასრულწლოვან პირებს შორის. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, მხოლოდ სრულწლოვან პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, აირჩიონ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა, მაშინ, როდესაც, როგორც სრულწლოვან, ასევე არასრულწლოვან პირს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დადგენილი სასჯელების მიმართ, არ აქვთ არსებითად განსხვავებული მოლოდინები. ამრიგად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი არღვევს როგორც სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის, ასევე სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციურ უფლებას.

7. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა ვრცელდება, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებულ მხოლოდ დამთავრებულ დანაშაულებზე. საყურადღებოა, რომ დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულების ჩადენისთვის დაწესებულ სასჯელებს შორის განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ დანაშაულის მომზადებისთვის ან მცდელობისთვის, სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა იმპერატიულად კრძალავს უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას არასრულწლოვნებისთვის. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დაუმთავრებელი და დამთავრებული დანაშაულების სუბიექტები არსებითად თანასწორი პირები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, ვინაიდან აღნიშნული მუხლებით დადგენილი სასჯელები პირთა ორივე ჯგუფს მსგავსად შეეფარდება. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უშუალო დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფოს მიერ თანამედროვე რეალობაში დამკვიდრებულ მონაპოვარს, რომელმაც, მათ შორის, ასახვა პოვა საქართველოს კონსტიტუციაში. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის საფუძველზეც, პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, ეზღუდება არჩევანის შესაძლებლობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1746 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1746 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. №1744 და №1746 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში