გრიგოლ დოჩია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გრიგოლ დოჩია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/4/1744
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016909
2/4/1744
29/03/2024
ვებგვერდი, 12/04/2024
000000000.00.000.016909
გრიგოლ დოჩია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

 მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო

 ჩანაწერი №2/4/1744

2024 წლის 29 მარტი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გრიგოლ დოჩია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის და 250-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1744) მომართა გრიგოლ დოჩიამ. №1744 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 7 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 29 მარტს.

2. №1744 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით“. ამავე კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით განმარტებულია დანაშაულის მცდელობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია დანაშაულის მცდელობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ქმედების შემადგენლობა, რომელიც გულისხმობს, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, დაცულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“.

5. №1744 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. მოსარჩელე მხარის მითითებით, წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, მან დააფიქსირა მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის ინტერესი, რის შედეგადაც, მოსამართლის მიერ ჩაინიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მის მიმართ კვალიფიკაციიდან მოიხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დამთავრებული დანაშაულის ბრალდება. შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დამთავრებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებაზე, ხოლო მოსარჩელის მიმართ წარდგენილია ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის, მოსარჩელის საქმის განხილვა გაგრძელდა ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის მიერ. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმებით დადგენილმა რეგულაციამ განაპირობა მისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობით სარგებლობის უფლების შეზღუდვა.

6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ბრალდების მხარის უფლებამოსილებას, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, პროკურორს ანიჭებს უფლებამოსილებას, ერთგვარ პრივილეგიას  მოსარჩელის მიმართ, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომაზე ფორმალურად შეცვალოს ბრალდება, რითაც ბრალდებულს ეზღუდება უფლება, მისი საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის დასახელებული პრივილეგია პროკურორს ანიჭებს უფლებამოსილებას, მსგავსი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირებს, წარუდგინოს განსხვავებული ბრალდებები ანუ არსებითად თანასწორ პირებს მოექცეს დისკრიმინაციულად, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება. მოსარჩელეს ასევე მიაჩნია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ბრალდების მხარისთვის მსგავსი დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, სისხლის სამართლის პროცესში არღვევს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს და, აქედან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დამთავრებული დანაშაულისთვის. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი არ არის ის შემთხვევა, როდესაც ბრალდებულის მიერ პირთა ნაწილის მიმართ ჩადენილია დასრულებული დანაშაული, ნაწილის მიმართ კი, დანაშაულის მცდელობა, ანუ დაუსრულებელი დანაშაული. ამგვარ შემთხვევებში, დანაშაული კვალიფიცირდება არა დასრულებულ დანაშაულად, არამედ მის მცდელობად, რაც გამორიცხავს ბრალდებული პირის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯადობით სარგებლობის შესაძლებლობას. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი უნდა ვრცელდებოდეს, მათ შორის, დაუმთავრებელ დანაშაულებზეც.

8. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას და ითხოვს აღნიშნული ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას, მაშინ როდესაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას როგორც დამთავრებულ მკვლელობაზე, ისე მკვლელობის მცდელობაზე.

9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უშუალო დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფოს მიერ თანამედროვე რეალობაში დამკვიდრებულ მონაპოვარს, რომელმაც, მათ შორის, ასახვა პოვა საქართველოს კონსტიტუციაში. მოსარჩელის პოზიციით, მას სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილად რეალიზების ერთადერთ გზად საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა ესახება, რომელზე წვდომაც სწორედ სადავო ნორმების მოქმედებით აქვს შეზღუდული. შესაბამისად, იგი ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 250-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.

10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

11. №1744 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ საოქმო განჩინებით დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა მოსარჩელის მიმართ ბრალდების დაზუსტების თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელე მხარეს მოეხსნა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში. აღნიშნულმა გარემოებამ, ავტომატურად გამორიცხა მოსარჩელის საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობა, რის გამოც საქმე განსახილველად გადაეცა კონკრეტულ მოსამართლეს. ამ მოსამართლესთან მოსარჩელის საქმის განხილვის სხდომა ჩაინიშნა 2022 წლის 20 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ შეჩერება არის მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის ერთადერთი გზა. სადავო ნორმების დაუყოვნებლივი შეჩერების გარეშე კი მის საქმის ერთპიროვნულად განხილვას დაიწყებს კონკრეტული მოსამართლე, რითაც მას მიადგება შეუქცევადი ზიანი, რომლის გამოსწორება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1744 კონსტიტუციური სარჩელში, მოსარჩელე მხარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას ამავე კოდექსის მე-19 მუხლთან ერთად, სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას, მაშინ, როდესაც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდების კვალიფიკაცია, მოიცავს ბრალდებას დამთავრებულ მკვლელობაზეც.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს დანაშაულის მცდელობის განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია დანაშაულის მცდელობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით კი გათვალისწინებულია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ, ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობა. აშკარაა, რომ დასახელებული ნორმების რეგულირების სფეროს არ მიეკუთვნება ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საქმეების დადგენა. სადავო ნორმებს არ აქვს შემხებლობა არც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომის უფლებასთან და არც მისი განსჯადობის რეგულირებასთან. შესაბამისად, სადავო ნორმებს არ გააჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი.

4. ამგვარად, №1744 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

5. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.“ მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმის საფუძველზე, ბრალდების მხარეს აქვს უფლებამოსილება, ფორმალურად შეცვალოს ბრალდება იმგვარად, რომ გამოირიცხოს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობა.

6. როგორც წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, მოსარჩელის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულ დანაშაულში ბრალდების შემთხვევაში, მას ეზღუდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომის უფლება. სწორედ ამ თვალსაზრისით მიაჩნია მას პრობლემურად პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება ბრალდების შემცირების ან უფრო მსუბუქი ბრალდებით შეცვლის თაობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს ბრალდების მხარის უფლებამოსილებას, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. სადავო ნორმის შინაარსი, ბრალდების მხარის მითითებული უფლებამოსილების განსაზღვრით ამოიწურება და იგი მიმართული არ არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების განსაზღვრისკენ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ასევე გასაჩივრებულია წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში. სწორედ ამ ნორმაში კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობების გაუთვალისწინებლობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს. დამატებით აღსანიშნავია, რომ განხილული შემთხვევის მიღმა, დამოუკიდებლად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურობასთან მიმართებით, მოსარჩელე მხარეს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1744 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

8. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუმთავრებელ დანაშაულზეც იმ შემთხვევაში, როდესაც წარდგენილი ბრალი თავისი შინაარსით მოიცავს დამთავრებულ დანაშაულსაც.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს  სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები  ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106).

10. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმაში 109-ე მუხლთან მიმართებით, დამთავრებულ დანაშაულზე მითითება, პირისათვის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდების წაყენების შემთხვევაში, ზღუდავს ბრალდებულის უფლებას, მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რითაც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი და კონსტიტუციით გარანტირებული შესაბამისი უფლება. ამრიგად, მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომა საერთოდ არ გააჩნია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი შედგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მრავალი უფლებრივი კომპონენტისაგან, რომელთა შორის, სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, ისევე როგორც მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, მიემართება სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და არა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფეროს შეზღუდვას. ხაზგასასმელია აგრეთვე ისიც, რომ №1744 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვის წარმოსაჩენად, არ არის წარმოდგენილი დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, მოსარჩელის საქმეს განიხილავს, რაიმე ფორმით, არაუფლებამოსილი და არაგანსჯადი სასამართლო.

11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1744 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1744 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

13. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსის შეჩერების თაობაზე.

14. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ საოქმო განჩინებით, დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა მოსარჩელის მიმართ ბრალდების დაზუსტების თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელე მხარეს მოეხსნა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში. აღნიშნულმა გარემოებამ ავტომატურად გამორიცხა მოსარჩელის საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობა, რის გამოც საქმე განსახილველად გადაეცა კონკრეტულ მოსამართლეს. ამ მოსამართლესთან მოსარჩელის საქმის განხილვის სხდომა ჩაინიშნა 2022 წლის 20 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელის განმარტებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ შეაჩერებს დასახელებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსის მოქმედებას, მას შეეზღუდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომის უფლება და მისი საქმის ერთპიროვნულად განხილვას შეუდგება კონკრეტული მოსამართლე, რითაც მიადგება შეუქცევადი ზიანი, რომლის გამოსწორება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება.

15. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).

16. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ №1744 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2022 წლის 4 ნოემბერს, ხოლო არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 7 ნოემბერს. №1744 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ნათელი ხდება, რომ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტისათვის, კერძოდ, 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის საქმის კონკრეტული მოსამართლისთვის გადაცემის თაობაზე. უფრო მეტიც, აღნიშნულ მოსამართლესთან საქმის განხილვის სხდომა ჩანიშნული იყო 2022 წლის 20 ოქტომბერს. მაშასადამე, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის, უკვე დაწყებული იყო მოსარჩელის საქმის განხილვა კონკრეტულ მოსამართლესთან. შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეჩერება ვერ იქონიებდა რაიმე გავლენას მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე, ვერ შეძლებდა იმ პოტენციური შეუქცევადი საფრთხეების განეიტრალებას, რომელზეც აპელირებდა მოსარჩელე მხარე. აღნიშნული გარემოება, თავისთავად, აზრს უკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, სადავო ნორმის შეჩერების ინსტიტუტის გამოყენებაზე მსჯელობას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს შუამდგომლობით და არც სხვაგვარად უცნობებია რაიმე ისეთი ახალი გარემოების გამოვლენის შესახებ, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმის შეჩერებაზე მსჯელობის საფუძვლიანობას.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1744 კონსტიტუციური სარჩელი („გრიგოლ დოჩია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1744 კონსტიტუციური სარჩელი („გრიგოლ დოჩია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე.

4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში