„საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 180-8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016774
180-8
27/03/2024
ვებგვერდი, 11/04/2024
480610000.03.030.016774
„საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება

საქართველო და არგენტინის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების  წევრთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათი ოჯახის წევრების შრომის ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფის გზით,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

შეთანხმების მოქმედების სფერო

1. მისიის თანამშრომლის ოჯახის წევრები უფლებამოსილნი არიან, ნაცვალგების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებისა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განახორციელონ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა.

2. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:

  1. „მისიის თანამშრომელი“ ნიშნავს წარმგზავნი სახელმწიფოს ნებისმიერ მოსამსახურეს:
  1. ვინც არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები პირი; და
  1. ვინც დასაქმებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობასა (მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციასთან სახელმწიფოს მუდმივ წარმომადგენლობაში) ან საკონსულო დაწესებულებაში.
  1. „ოჯახის წევრი“ ნიშნავს მისიის თანამშრომლის ოჯახის ნებისმიერ წევრს:
  1. ვინც ამგვარ წევრად აღიარა ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ; და
  2. ვინც აღნიშნული მისიის თანამშრომელს თან ახლავს საცხოვრებლად.
  1. „ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა“ ნიშნავს ნებისმიერ დაქირავებით ან დამოუკიდებელ საქმიანობას, რომელიც წარმოშობს შემოსავალს, სრულ თუ არასრულ განაკვეთზე მუშაობისას.
  2. „ადგილსამყოფელი სახელმწიფო“ ნიშნავს მხარეს, სადაც ოფიციალურად აკრედიტებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრი, ან სადაც დაფუძნებულია ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც ოფიციალურად აკრედიტებულია მუდმივი წარმომადგენლობის წევრი.
  1. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ნებართვა არ გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც, ანაზღაურებად საქმიანობაში ჩართვის შემდეგ, აღარ წარმოადგენენ ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებულ პირთა ოჯახის წევრებს.
  2. ნებართვა ძალაში იქნება მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მეორე პუნქტში მითითებული პირები მივლენილ იქნებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიურ მისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში, მივლინების  დასრულებამდე (ან აღნიშნული ფაქტის შემდეგ  მისაღები ვადის განმავლობაში).

 

მუხლი  2

პროცედურები

1. შესაბამისმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის გაწევის მიზნით ნებართვის გაცემის მოთხოვნა უნდა წარუდგინოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

2. იმ შემთხვევაში, თუ პირი ამ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად წარმოადგენს მისიის თანამშრომლის ოჯახის წევრს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ და ოფიციალურად აცნობებს წარმდგენი სახელმწიფოს საელჩოს, რომ ოჯახის წევრს გააჩნია ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება.

3. პროცედურა უნდა შესრულდეს ისეთი წესით, რომ ნებართვის მიმღებ პირს ანაზღაურებადი საქმიანობის  განხორციელების უფლება რაც შეიძლება მალე მიეცეს.  მუშაობის ნებართვებთან და ნებისმიერ სხვა მსგავს ფორმალობასთან დაკავშირებული მოთხოვნები უნდა გადაწყდეს დადებითად.

4. ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელებაზე გაცემული ნებართვა არ ითვალისწინებს გათავისუფლებას კანონით დადგენილი ან სხვა მოთხოვნებისგან იმ პიროვნულ თვისებებთან, პროფესიულ კვალიფიკაციასთან ან სხვა უნარებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაბამის პირს უნდა გააჩნდეს ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელებისას.

5. ნებართვის გაცემის მოთხოვნაზე შესაძლებელია გაცემულ იქნას უარი იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, ან/და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.

 

მუხლი 3

იმუნიტეტი სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისგან

ანაზღაურებადი საქმიანობის  განხორციელებაზე ნებართვის მიმღებ პირებს, რომლებიც „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტის შესაბამისად, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სარგებლობენ იმუნიტეტით სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისაგან, ამგვარი იმუნიტეტი მოეხსნებათ ნებისმიერ იმ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ჩადენილ იქნა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელებისას და რომელიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირდება.

 

მუხლი 4

იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისგან

იმ შემთხვევაში, როდესაც ანაზღაურებადი საქმიანობის  განხორციელებაზე ნებართვის მიმღები პირები, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტის შესაბამისად,  ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სარგებლობენ იმუნიტეტით სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისგან:

წარმგზავნი სახელმწიფო ხსნის ნებართვის მიმღები პირის იმუნიტეტს სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისაგან იმ ქმედებასა და უმოქმედობასთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც წარმგზავნი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ იმუნიტეტის მოხსნა ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისაგან იმუნიტეტის გაუქმება არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სასჯელის აღსრულებაზე იმუნიტეტის მოხსნა, რისთვისაც აუცილებელია ცალკე პროცედურა. ამგვარი მოთხოვნის შემთხვევაში, წარმდგენი სახელმწიფო საფუძვლიანად განიხილავს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოთხოვნას.

 

მუხლი 5

საგადასახადო და სოციალური უსაფრთხოების რეჟიმები

დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის და ნებისმიერი სხვა გამოყენებადი საერთაშორისო დოკუმენტის შესაბამისად, ოჯახის წევრი მის ანაზღაურებად საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებით, დაექვემდებარება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგადასახადო და სოციალური უსაფრთხოების რეჟიმებს, ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით.

 

მუხლი 6

დავების მოგვარება

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 7

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნeს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 8

ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და გაუქმება

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ.

 

შესრულებულია ქ. ბუენოს-აირესში, 2024 წლის 27 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ქართულენოვანი და ესპანურენოვანი ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს

სახელით

(ხელმოწერილია)

არგენტინის რესპუბლიკის

სახელით

(ხელმოწერილია)

__________________________

__________________________