ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 340040000.10.003.024525
132
08/04/2024
ვებგვერდი, 10/04/2024
340040000.10.003.024525
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №132 

2024 წლის 8 აპრილი

   ქ. თბილისი

 

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის“ „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



 

 

 

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის

ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა

1. „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება.

2. პროგრამის ამოცანაა ადგილობრივ ბაზარზე იურიდიული პირების მიერ ღონისძიებების (მათ შორის, ფესტივალების, კონკურსების) ჩატარების დაფინანსება.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება ანაზღაურების შესახებ;

ბ) ბენეფიციარი − პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია ანაზღაურების ხელშეკრულება;

გ) ანაზღაურების ხელშეკრულება − სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;

დ) ანაზღაურება − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები;

ე)  ღონისძიების ხარჯები – ამ პროგრამის მე-4 მუხლით განსაზღვრული ღონისძიების ფარგლებში გაწეული ხარჯები;

ვ) ღვინოპროდუქცია − საქართველოში წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი.

მუხლი 4. პროგრამის პირობები და ანაზღაურების ოდენობა

1. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი შინაარსის/ფორმატის ღონისძიებები:

ა) ქართული ღვინოპროდუქციის ფესტივალები;

ბ) ღვინოპროდუქციის თემატური გამოფენები ქართული ღვინის მონაწილეობით;

გ) ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინოპროდუქციის კონკურსები;

დ) ღვინოპროდუქციის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღვინოპროდუქციის კონკურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, ჟიურის შემადგენლობაში ჟიურის წევრები უნდა იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ჟიურის წევრებმა ღვინოპროდუქციის შეფასებისას უნდა გამოიყენონ საერთაშორისო სტანდარტები (საერთაშორისო სტანდარტის შეფასების სისტემა − OIV, IWC და სხვ.).

3. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება იურიდიული პირ(ებ)ი, რომელიც წარადგენს ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

4. ბენეფიციარს აუნაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიების ღირებულების, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ფაქტობრივად დადასტურებული ხარჯები,  არაუმეტეს ღონისძიების სრული ღირებულების 70%-ის ოდენობით, 150 000 ლარის ფარგლებში.

5. ბენეფიციარს ღონისძიების ხარჯი აუნაზღაურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული ანგარიშის შესაბამისად, რომელიც მომზადებულია ამავე სამსახურის მიერ სამოქმედოდ შემოღებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მუხლი 5. პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და უპირატესობის მინიჭების კრიტერიუმები

1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა  სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ბენეფიციარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არქონის შესახებ;

ე) ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან ამონაწერი;

ვ) ორგანიზაციის/კომპანიის მიმოხილვა და საქმიანობის სფერო;

ზ) ღონისძიების მიმოხილვა;

თ) ღონისძიების მიზნობრიობა და შედეგების შეფასების კრიტერიუმები  (წინა წელს, უკვე განხორციელებული ღონისძიება და ჯერადობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) ღონისძიების სრული ბიუჯეტი დეტალური ხარჯთაღრიცხვით;

კ) ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;

ლ) ინფორმაცია საერთაშორისო თანადამფინანსებლის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

2. განცხადებების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ სააგენტო განიხილავს ყველა შესულ განაცხადს და დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობას ანიჭებს ისეთ პოტენციურ ბენეფიციარს:

ა) რომლის თანადამფინანსებელია საერთაშორისო ორგანიზაცია;

ბ) რომელსაც ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების მეტი გამოცდილება აქვს;

გ) რომელსაც ერთისა და იმავე ღონისძიების ჩატარების მრავალჯერადი გამოცდილება აქვს.      

მუხლი 6. პროგრამის მონიტორინგი

1. პროგრამის განმახორციელებლის მიერ შესაძლოა, განხორციელდეს მონიტორინგი შემთხვევითობის პრინციპით.

2. პროგრამის განმახორციელებელს მონიტორინგის ფარგლებში უფლება აქვს, განახორციელოს ადგილზე ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს ვიზუალური დათვალიერება ან/და დოკუმენტაციის გადამოწმება.

მუხლი 7. განაცხადების მიღებისა და ანაზღაურების გაცემის პროცედურა

1. ინფორმაციას განაცხადების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ სააგენტო განათავსებს საკუთარ ვებგვერდზე.

2. პროგრამის ბენეფიციარის გამოვლენის, განაცხადის ფორმის, განაცხადის მიღების ვადებისა და ანაზღაურების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.