„საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 193-2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016773
193-2
21/09/2023
ვებგვერდი, 11/04/2024
480610000.03.030.016773
„საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ 


საქართველოს მთავრობა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

მხედველობაში იღებენ რა ორივე ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, სურთ რა გააძლიერონ არსებული მეგობრული კავშირები,

მიზნად ისახავენ რა, გაამარტივონ და ხელი შეუწყონ იმ მოქალაქეთა მიმოსვლას, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს,

აცნობიერებენ რა, რომ დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა მიმოსვლის გაზრდა ქვეყნებს შორის გააძლიერებს მხარეთა ურთიერთგაგებას, რომელიც მიმართულია თანამშრომლობის გაღრმავებაზე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ასოთხმოც (180) დღიან პერიოდში.

მუხლი 2

1. თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი     არიან     მეორე     მხარის     სახელმწიფოს     ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის ვიზა მოეთხოვებათ.

2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტის  დებულებები  ვრცელდება  აღნიშნულ  პირთა  ოჯახის წევრებზე, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს.

3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

4. თითოეული მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

მუხლი 3

1. დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ ოთხმოცდაათი (90) დღისა მასპინძელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის თარიღისთვის.

2. დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ და დატოვონ მასპინძელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, რომელიც ღიაა საერთაშორისო მიმოსვლისთვის.

მუხლი 4

1. მიუხედავად წინამდებარე შეთანხმებაში არსებული დებულებებისა ვიზის მიღების ვადლებულებისაგან გათავისუფლების შესახებ, დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები მასპინძელი მხარის სახელწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში ვალდებულნი არიან პატივი სცენ ამ სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.

2. მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს თავიანთ სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც არეგულირებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლას, მოგზაურობასა და ყოფნას.

მუხლი 5

თითოეული მხარე ინარჩუნებს უფლებას, უარი უთხრას მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე, შეუმციროს ან შეუწყვიტოს ყოფნის ვადა ნებისმიერი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ არასასურველად.

მუხლი 6

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტის მფლობელი მოქალაქე დაკარგავს თავის მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტს მასპინძელი მხარის ტერიტორიაზე, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მასპინძელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს. შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, ამ მხარის ტერიტორიაზე დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, ასეთ პირზე გასცემს ახალ პასპორტს ან სამგზავრო დოკუმენტს.

მუხლი 7

1. თითოეულ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზეზებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

2. მხარემ, რომელიც შეაჩერებს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებას, დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უნდა აცნობოს მეორე მხარეს მისი გადაწყვეტილების შესახებ.

3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებზე, რომლებიც უკვე იმყოფებიან მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

მუხლი 8

1. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.

მუხლი 9

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 10

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 11

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2023 წლის 21 სექტემბერს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

 

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)