„მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №121/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №121/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016848
89/04
08/04/2024
ვებგვერდი, 10/04/2024
220010000.18.011.016848
„მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №121/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №89/04

2024 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

„მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №121/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №121/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016700) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მიკრობანკი  საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ მიკრობანკის ლიკვიდატორის ფუნქციების შესრულების დაწყებამდე  საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მიკრობანკის სალიკვიდაციო ანგარიშიდან, რომელიც პირველ რიგში დაკმაყოფილდება ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მიკრობანკს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გასცეს თანხა მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად, რომელიც დაკმაყოფილდება ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მოთხოვნათა წარდგენის 1-თვიან ვადაში, მიკრობანკის მეანაბრის ან სხვა კრედიტორის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე ან სხვა კრედიტორი ვერ წარადგენს ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტებს, რომელიც ეკუთვნის ამ მეანაბრეს ან ამ კრედიტორს და რომელიც არ ექცევა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ  ან/და ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების ნუსხაში და ამასთანავე, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, არცერთი კომერციული ბანკი ან/და სხვა მიკრობანკი არ განაცხადებს თანხმობას აღნიშნული ანგარიშების მიღებაზე ან მიმღები კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმს ან მიმღები კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი თანახმაა ანგარიშების მხოლოდ ნაწილის გადატანაზე, ასეთ ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე მესაკუთრის გამოვლენის მიზნით, გარდა იმ დეპოზიტებისა, რომლებიც არ აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებს. ეროვნულ ბანკში გადაირიცხება მხოლოდ ის სახსრები, რაც ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკრობანკში განთავსებული იყო ეროვნულ ვალუტაში ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში. სხვა ვალუტაში არსებული ფულადი სახსრების შემთხვევაში მოხდება მათი კონვერტირება ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით და შემდგომ გადაირიცხება ეროვნულ ბანკში.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიერ გაცემულ და დამოწმებულ საბანკო რეკვიზიტებთან ერთად უნდა დაერთოს, ასევე:

ა)  ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი, ხოლო განცხადების უფლებამონაცვლე პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ასევე,  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული  ამონაწერი და იურიდიული პირის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების იმ პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება ამონაწერის საფუძველზე, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ეკვივალენტური დოკუმენტები.“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიკვიდატორი, ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშების გადაცემის თხოვნით ერთდროულად მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს ან/და მიკრობანკს.  ლიკვიდატორის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება, რა ვადაში უნდა განაცხადოს მიმღებმა კომერციულმა ბანკმა ან/და მიკრობანკმა ანგარიშების მიღებაზე თანხმობა. შეტყობინებაში აგრეთვე აღინიშნება, რომ მიმღები კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი ვალდებულია მიუთითოს, რა მოცულობით არის თანახმა ანგარიშების მიღებაზე.“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. მოთხოვნების დაკმაყოფილება

1.  მიკრობანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში).

2. მიკრობანკის უზრუნველყოფილი კრედიტორის (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს), გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. მიკრობანკის იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო ვერ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში.

3. მიკრობანკის მიმართ მოთხოვნები, რომლებიც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული არ არის, შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:

ა) მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) კრედიტორი, რომლის მიმართ სასესხო ვალდებულება მიკრობანკს მისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, აგრეთვე  ეროვნული ბანკი. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც მიკრობანკისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება;

გ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა;

დ) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა;

ე) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ვ) მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, მიკრობანკის კაპიტალის 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა დეპოზიტები, აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები;

ზ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები;

თ) ფიზიკური პირის სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები;

ი) იურიდიული პირის სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა;

კ) მიკრობანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ლ) მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ მიკრობანკის სასესხო ვალდებულება, გარდა ამ პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

მ) მიკრობანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის;

ნ) მიკრობანკის ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ო) მიკრობანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

პ) მიკრობანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

ჟ) მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ მიკრობანკის სხვა ვალდებულებები.

4. პირობითი ვალდებულებები, რომელიც არსებობდა ლიკვიდაციის დაწყებამდე და რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ, წარმოშობილად ითვლება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული მოთხოვნა წარმოშობილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც წარმოიშვა კრედიტორის მოთხოვნა დავის საგანზე, რაც მიკრობანკის მიერ დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კლიენტი.

6. თუ არსებული თანხა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა შესაბამისი რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს.

7. მიკრობანკის კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად არსებობს საკმარისი ფულადი სახსრები და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თითოეულ ქვეპუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების თანაბარი პროპორციით დაფარვის უზრუნველსაყოფად, ლიკვიდატორს უფლება აქვს მოახდინოს აქტივების რეალიზაციის შედეგად ნაწილ-ნაწილ შემოსული თანხების აკუმულირება.

9. მიკრობანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად,  დეპოზიტარები იღებენ დაზღვეულ დეპოზიტებს (მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსაგან „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებში). დეპოზიტარის მოთხოვნა შემცირდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გაცემული ანაზღაურების ოდენობით და შემდეგ კმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რიგითობით. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გაცემული ანაზღაურების ოდენობა და შესაბამისი ხარჯები დაიფარება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი რიგითობით.

10. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაზღვეული დეპოზიტების თანხის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გასაცემი ანაზღაურების ოდენობით შემცირებისას, პირველ რიგში უნდა შემცირდეს ლარში, ხოლო შემდეგ უცხოურ ვალუტაში დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები. თუ დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები ერთზე მეტ უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ამ პუნქტით გათვალისწინებული შემცირება უნდა განხორციელდეს უცხოურ ვალუტაში არსებული ანგარიშებიდან ამ ანგარიშებზე არსებული თანხის მოცულობის შესაბამისი პროპორციით.

11. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

12. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს პირი შეყვანილი ხომ არ არის გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ  პირთა სიაში.

13. ლიკვიდატორი ვალდებულია მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა