სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024523
130
08/04/2024
ვებგვერდი, 10/04/2024
300160070.10.003.024523
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №130

2024 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ სა­ქო­ნ­­ლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად და ადგენს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი­სათვის“ საქონლისა და მომსახუ­რე­ბის შესყიდვების სპეციალურ წესს.

 2. ამ წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალი­სწი­ნებით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა.

 3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მოთხოვნები და მოქმედება.

4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება, გამო­ყენე­ბულ იქნეს მსოფ­ლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგა­ნიზაციის, ევროპის  რე­კონსტრუქციისა და განვითარების ბან­კის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინ­ვეს­ტიციო ბანკისა (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანი­ზა­ცი­ებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედუ­რები, თუ ეს ორგანიზაციები და/ან ქვეყნები არიან შესყიდვების განხორცი­ელებას­თან დაკავ­შირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შეს­ყიდ­ვების გან­ხორ­ციე­ლე­ბასთან დაკავშირებული სამართალურ­თი­ერთო­ბის მონაწი­ლენი, მა­თი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძ­ლე­ბელია, გამო­ყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის გან­კარ­გულების  სა­ფუძ­­ველზე.

5. ამ წესის №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად.

 

მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომლებიც მოცემულია ამ წესის №1 და №2 დანართებში;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო) – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (ს/ნ: 404391975);

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;

დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი, რომელიც მოცემულია №1 დანართში, ასევე საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ე) სისტემა – სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა;

ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მოცემულია №2 დანართში;

ზ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებს შესყიდვის პროცედურაში;

თ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ი) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს;

კ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც ხდება მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;

ლ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი;

მ) ტენდერი – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც მიმწოდებლის შერჩევას, სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე, ახდენს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია, ამასთანავე, საქონლისა და მომსახურების ტენდერის მეშვეობით შესყიდვის შემთხვევაში, დასაშვებია ვაჭრობა;

ნ) ალტერნატიული წინადადება – ტენდერში ან ფასთა გამოკითხვაში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განსხვავებული ტექნიკურ-ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე სატენდერო წინადადება ან/და შეთავაზებული განსხვავებული ტექნიკური ან ორგანიზაციული გადაწყვეტილება;

ო) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოყოფილი შესყიდვის ობიექტი;

პ) ფასის კლების ბიჯი – ფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით;

ჟ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე ურთიერთჩანაცვლებადი შესყიდვის ობიექტები.

 

მუხლი 3. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;

დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) რაციონალურად და შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელოს შესყიდვები ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში;

ბ) ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას პრეტენდენტთა მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.

3. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე მიღებული გადაწყვეტილება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით შეათანხმოს სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან. ასევე არ აქვს ვალდებულება, განახორციელოს ბიზნესგეგმის, ხელშეკრულების, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშის წარდგენა.

 

მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:

ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას;

ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადებას;

გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შეფასებას;

დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოლაპარაკების გამართვას;

ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას.

2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნულ შესყიდვების პროცედურაში მონაწილეობა.

3. დაუშვებელია საწარმომ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მიიწვიოს პირი, თუ იგი:

ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;

ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში;

გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მონაწილეთა მიმართ;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შესყიდვის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეთა მიმართ.

 

მუხლი 5. შესყიდვის საშუალებები

1. შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს ტენდერის, ფასთა გამოკითხვის ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. შესყიდვა შეიძლება, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ქართულ ენაზე, ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე, თუ:

ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს;

ბ) ხორციელდება საბანკო ან/და ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, საბროკერო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო).

3. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები).

 

მუხლი 6. ფასთა გამოკითხვა

1. შესყიდვა შეიძლება, განხორციელდეს ფასთა გამოკითხვის საშუალებით, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აჭარბებს 100 000 (ასი ათასი) ლარს და არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით, საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში.

3. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 2 პირს.

4. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არაუმეტეს 20 დღისა იღებს მიწვეული პირების გადაწყვეტილებებს მონაწილეობის მიღების თაობაზე და განაცხადებს, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) განცხადება მონაწილეობის მიღების შესახებ;

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.

6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები ხელმოწერილი უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.

7. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა.

8. მიწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.

9. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი.

 

მუხლი 7. ტენდერი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს, შესყიდვა ხორციელდება ტენდერის მეშვეობით. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.

2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლები.

3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე, რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

6. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.

 

მუხლი 8. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების შევსება და განთავსება ხდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.

2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განცხადების ნომერი;

ბ) შემსყიდველის დასახელება;

გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;

ვ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე;

თ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;

ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;

კ) ბიჯის ოდენობა, მათ შორის, ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები.

4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.

5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.

6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.

 

მუხლი 9. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;

ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მიუთითოს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დაუშვას მსგავსი ან/და ეკვივალენტური ან/და ანალოგიური მახასიათებლების მქონე საქონლისა და მომსახურების წინადადების მიღება;

დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);

ე) შესყიდვების კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;

ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ტექნიკური დოკუმენტაცია შესაძლებელია, სისტემაში განთავსდეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

3. შესყიდვების კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

 

მუხლი 10. წინადადების წარდგენა

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება შესაძლებელია,  გაფორმდეს ლარში ან აშშ დოლარში ან ევროში, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის − „წინადადებების მიღება დასრულებულია“ დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. რეზიდენტი პირის შემთხვევაში,  ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ გადახდის სხვა მექანიზმზე ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

7. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

 

მუხლი 11. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი

1. შემსყიდველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს.

3. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.

4. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე დაბრუნება შეუძლებელია.

5. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).

 

მუხლი 12. შერჩევა/შეფასება

1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული მონაწილეობის გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წინასწარ, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა.

3. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.

4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.

7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.

9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.

10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

 

მუხლი 13. დისკვალიფიკაცია

1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;

ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;

დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;

ე) თუ ის, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;

ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.

 

მუხლი 14. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია

1. პრეტენდენტი ვალდებულია, გარდა ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევისა, წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ან OECD წევრ ქვეყანაში რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ.

2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 2-დან 5 პროცენტამდე.

3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.

4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:

ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;

ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;

დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;

ე) პრეტენდენტი არ წარადგენს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ან/და წარადგენს ხარვეზის მქონე საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

 

მუხლი 15. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა

1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება, აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.

3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.

4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება 10%-ის ოდენობით. შემსყიდველის კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია, გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით ან/და შემსყიდველის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით.

6. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.

7. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული შესყიდვებისას. ასეთ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას, მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი დასახელება და მისამართი).

8. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

9. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 16. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულების დასადებად საჭიროა დამატებითი ვადები, მხარეებმა აღნიშნულ ვადაში უნდა გააფორმონ წინარე ხელშეკრულება ან მემორანდუმი.

2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები:

ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;

ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება;

გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);

დ) შესყიდვის ობიექტის ხარისხი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;

ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები და ადგილი;

ვ) შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი;

ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები);

თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);

ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;

კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;

ლ) ფორსმაჟორული სიტუაციები;

მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა;

ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ო) დავების გადაწყვეტის წესი;

პ) ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები.

 

მუხლი 17. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების შემთხვევაში, შემსყიდველი გამოყოფს შესაბამის პირთა ჯგუფს (ინსპექტირების ჯგუფი).

2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია:

ა) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება;

ბ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება;

დ) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მომთხოვნის) ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით.

4. შემსყიდველი უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების მიერ მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ინსპექტირება.

5. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 18. ხელშეკრულების ფორმა და მისი გადასინჯვის წესი

1. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, ქართულ, ინგლისურ ან სხვა უცხო ენაზე.

2. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა შესაძლებელია, განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ.

 

მუხლი 19. ცვლილების შეტანის წესი

ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დანართი №1

 

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი

 

საქონლის დასახელება

1

ქარის მეტეოანძის, ელექტროსადგურისა და მზის ელექტროსადგურის მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე მათი დემონტაჟ-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები.

2

მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის მასალა-მოწყობილობები.

3

განახლებადი ენერგიის ობიექტების მართვის სისტემა, მისი პროგრამული და არაპროგრამული მოწყობილობები, მისი მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები.

4

განახლებადი ენერგიის ობიექტების კვლევის, პროექტირებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროგრამა და მისი ლიცენზიები.

 

 

დანართი №2

 

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მომსახურების ჩამონათვალი

 

მომსახურების დასახელება

1

საექსპერტო, საპროექტო, ეკოლოგიის სფეროს, საინჟინრო, არქიტექტურული, საბროკერო, საბაჟო, საკონსულტაციო, საინვესტიციო, აუდიტორული, საბანკო, სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურება, ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა, გამოკითხვები და სტატისტიკა.

2

ენერგეტიკის სფეროში ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული კონფერენციების, გამოფენების, სამუშაო შეხვედრების, პრეზენტაციების, ფორუმების ან სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების მოწყობისათვის საჭირო მომსახურება.

3

იურიდიული მომსახურება, დაკავშირებული სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან.

4

განახლებადი ენერგიის ობიექტების კვლევის, პროექტირებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროგრამა და მისი ლიცენზიები.