„საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული/ორდინალური ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული/ორდინალური ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 199-2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016772
199-2
18/09/2023
ვებგვერდი, 08/04/2024
480610000.03.030.016772
„საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული/ორდინალური ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის
ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული/ორდინალური ვიზის მიღების
ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება

საქართველოს მთავრობა და პერუს რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი;

მხედველობაში იღებენ რა ორივე ქვეყნის ინტერესს გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა;

სურთ რა, გაამარტივონ საქართველოსა და პერუს რესპუბლიკის მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეების  თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმოსვლა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

საქართველოსა და პერუს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ, ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა ნებისმიერ 180 (ასოთხმოც)-დღიან პერიოდში.

 

მუხლი 2

საქართველოსა და პერუს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომელთაც განზრახული აქვთ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 (ოთხმოცდაათ) დღეზე მეტი ვადით დარჩენა, მოეთხოვებათ, წინასწარ მიიღონ შესაბამისი ვიზა.

 

მუხლი 3

წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნულ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია მგზავრთა საერთაშორისო გადაადგილებისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

 

მუხლი 4

საქართველოსა და პერუს რესპუბლიკის მოქალაქეები, მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.

 

მუხლი 5

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს საქართველოსა და პერუს რესპუბლიკის უფლებაზე, უარი განუცხადოს თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ხანგრძლივობა მეორე სახელმწიფოს მოქალაქეებს, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე.

 

მუხლი 6

1. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან თავიანთი მოქმედი ორდინალური პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებისას.

2. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან, მათი ახალი ან შეცვლილი მოქმედი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების დეტალურ აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე.

 

მუხლი 7

1. თითოეულ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერებისა და ამ შეჩერების გაუქმების შესახებ მეორე მხარეს დაუყონებლივ, წინასწარ უნდა ეცნობოს დიპლომატიური არხების საშუალებით.

 

მუხლი 8

მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა  გადაწყდება მათ შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით, დიპლომატიური არხების საშუალებით.

 

მუხლი 9

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის, დიპლომატიური არხების საშუალებით  უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლითაც მხარეები ერთმანეთს აცნობებენ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის ყველა აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. ასეთ შეტყობინებებთან ერთად, მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან თავიანთი მოქმედი ორდინალური პასპორტების ასლებს ამ შეთანხმების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად.

2. წინამდებარე შეთანხმებაში,  მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2023 წლის 18 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი  თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

პერუს რესპუბლიკის მთავრობის

სახელით