გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/21940-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 19/03/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/21940-19
19/03/2024
ვებგვერდი, 05/04/2024
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/21940-19   

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების  შესახებ

2024 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი  – მარიამ საბაძე

განმცხადებელი   ინდ.მეწარმე კამანიზ იუსუბოვი;

წარმომადგენელი   ზვიად გადელია;

გაკოტრების მმართველის სსიპ  – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი  – სალომე ამნიაშვილი;

კრედიტორი   სს „თიბისი ბანკი“;

წარმომადგენელი   ირაკლი ლუაშვილი;

კრედიტორი  – სსიპ – შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი   ანა ჭაჭიაშვილი;

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მომართა ინდ.მეწარმე კამანიზ იუსუბოვმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც აღმოფხვრილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2019 წლის 18 სექტემბერს კამანიზ იუსუბოვის მიერ შევსებულ იქნა დადგენილი ხარვეზი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ინდ.მეწარმე კამანიზ იუსუბოვის (პ/ნ 28001005753) განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და კანონით დადგენილი წესით მოწვეულ იქნა კრედიტორთა პირველი კრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ინდ.მეწარმე კამანიზ იუსუბოვის (პ/ნ 28001005753) განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.

2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით აღიარებულ იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორის  სს „თიბისი ბანკის“ მოთხოვნა 371367.35 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილ იქნა მე-4 რიგის მოთხოვნად. ასევე 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით აღიარებული იქნა კრედიტორის სს მისო „ქართული კრედიტის“ მოთხოვნა 12 634.42 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა მე-7 რიგში.

2022 წლის 27 დეკემბრის კრედიტორთა კრებაზე ინდ.მეწარმე კამანიზ იუსუბოვის მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და კრედიტორთა გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა  სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით აღიარებულ იქნა მეურვის სსიპ  აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა მეურვის ფუნქციის განხორციელებისას 25 000 ლარის, ხოლო გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას 8 768.33 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილ იქნა პირველი რიგის მოთხოვნად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით აღიარებულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის მიმართ 738.91 ლარის ნაწილში და კრედიტორთა რეესტრში ასახულ იქნა მე-2 რიგის მოთხოვნად, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის (საურავის - 87.3 ლარის) აღიარებაზე ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტს განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სალომე ამნიაშვილმა და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენისა და ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის განჩინებით მოწვეულ იქნა კრდიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ქონების რეალიზაციიდან ამოღებული თანხის განაწილების; გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის; საქმის დასრულებისა და კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით.

2024 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა  გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სალომე ამნიაშვილმა და წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვა ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის (პ/ნ 28001005753) საბოლოო ანგარიშის დამტკიცება, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის სალომე ამნიაშვილის განმარტებით, მეურვის  სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ კრედიტორთა კრებაზე გაკეთდა მოხსენება, რის საფუძველზეც კრედიტორთა კრებას წარედგინა ინფორმაცია ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის პ/ნ 28001005753) ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უმეტესწილად ეყრდნობოდა მეურვის მიერ მოძიებულ ინფორმაციას, ვინაიდან მოვალე საწარმოს წარმომადგენლის მიერ არ მომხდარა სრულყოფილად მეურვის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარდგენა. მეურვის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, კამანიზ იუსუბოვის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო შემდეგ უძრავ ნივთებზე: 1. ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქუჩა, ჩიხი 3, №2-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1621.00 კვ.მ. (ს/კ 83.02.09.873); საკუთრების ტიპი: საკუთრება; 2. ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქუჩა, ჩიხი 3, №3-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 329 კვ.მ. (ს/კ 83.02.09.874); საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; 3. ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქუჩა, ჩიხი 3, №3-ში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1060.00 კვ.მ. (ს/კ 83.02.09.824); საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოვალის სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოვალე საწარმოს მიმდინარე ანგარიში გააჩნდა საქართველოს ბანკში, თუმცა მასზე დადებითი ნაშთი არ ფიქსირდებოდა. გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო მასაში შემავალი ქონების მოძიების, შეფასებისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით განხორციელდა მასაში შემავალი ქონების დაზუსტება, სადაც დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტისადმი მიმართვის საფუძველზე მოძიებული იქნა ორი ერთეული მოვალის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.  სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ შეფასდა მოვალე საწარმოს სახელზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონება. 2023 წლის 19 ივნისის (№41326; №41323 და 16 ოქტომბრის №69568 შეფასების დასკვნების მიხედვით უძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 332 650.00 ლარი. ხოლო მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 2023 წლის 20 ივნისის №41927 დასკვნის მიხედვით შეადგინა 2200 ლარი.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლების ფარგებში, ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის (პ/ნ 28001005753) სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით, 2023 წლის 06 ნოემბერს 17:00 საათზე საჯარო აუქციონზე განათავსა ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის (პ/ნ 28001005753) მოძრავი და უძრავი ქონება ერთიანი კომპლექსის სახით (ლოტი №64342), რომელიც დასრულდა 2023 წლის 14 ნოემბერს უშედეგოდ. ხსენებულ აუქციონთან დაკავშირებით, რადგან პირველ აუქციონზე არ მოხდა ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის (პ/ნ 28001005753) ქონების რეალიზაცია და აუქციონი დასრულდა უშედეგოდ, 2023 წლის 16 ნოემბერს A23006399-010/007 მიმართვით გამოთხოვილ იქნა გადაწყვეტილება უზრუნველყოფილი კრედიტორისგან, სს ,,თიბისი ბანკისგან“, რომ მიეღო გადაწყვეტილება სამეურვეო მასაში შემავალი ქონების შემდგომ აუქციონზე გატანის წესთან დაკავშირებით ამ კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიხედვით ქონების რეალიზაცია აუქციონზე უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ (ორ ლოტად), კერძოდ, მოძრავი ქონება ცალკე, უძრავი ცალკე. ხოლო სამეურვეო  ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა საბაზრო ღირებულების 25%-ით. 2023 წლის 28 ნოემბერს 17:00 საათზე მეორე აუქციონზე განთავსდა ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის (პ/ნ 28001005753) მოძრავი და უძრავი ქონება ორ ლოტად (ლოტი №64680 და №64682), რომელიც დასრულდა 2023 წლის 6 დეკემბერს ორივე ელექრონულ საჯარო აუქციონში ნივთების რეალიზაციის გზით.

უძრავი ქონების აუქციონზე შემძენი გახდა სს ,,თიბისი ბანკი.“ კომპანიამ ქონება შეიძინა 123080.5 ლარად. სს ,,თიბისი ბანკმა“ კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა შეძენილი ქონების ღირებულება და შესაბამისად კანონის ნორმათა დაცვით გამარჯვებულზე გაიცა განკარგულება, ხოლო მოძრავი ქონების ელექტრონულ საჯარო აუქციონზე გამოვლენილმა გამარჯვებულმა კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების სრული საფასური, რის შესახებაც ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა განკარგულება და გაუქმდა 2023 წლის 6 დეკემბერს აუქციონზე ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის (პ/ნ 28001005753) საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე დასრულებული აუქციონის შედეგი (ლოტი N64682). შესაბამისად, გაკოტრების მმართველმა  კანონის ნორმათა დაცვით, მოვალე კომპანიის სამეურვეო მასაში შემავალ ქონებაზე განმეორებით გამოაცხადა აუქციონი იგივე პირობებით, აუქციონი დაიწყო 2023 წლის 21 დეკემბერს და დასრულდა 2023 წლის 29 დეკემბერს ნივთების რეალიზაციით.

მოძრავი ქონების შემძენი აუქციონზე გახდა მურთაზ საბაძე (პ/ნ 52001015750). ფიზიკურმა პირმა ქონება შეიძინა 2574 ლარად. შემძენმა კანონით განსაზღვრულ ვადაში სრულად გადაიხადა შეძენილი ქონების ღირებულება და შესაბამისად კანონის ნორმათა დაცვით გამარჯვებულზე გაიცა განკარგულება. რეალიზაციის შედეგად, ამონაგებმა თანხამ შეადგინა 125 654.50 ლარი, საიდანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის საფუძველზე, დამატებითი ღირებულების გადასახადმა შეადგინა - 392.64 ლარი, რომელიც დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას. საბოლოოდ კი, გაკოტრების საქმის წარმოების შედეგად გაკოტრების მმართველის მიერ ამოღებული და კრედიტორებისთვის გადასაცემი/გასანაწილებელი თანხა ჯამში შეადგენს 125 261.86 ლარს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. ხოლო ამავე კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრდიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისიწინებული.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი საწარმოს ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან პირველ რიგში კმაყოფილდება მეურვისა და გაკოტრების მმართველის საფასური.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით, რომლის მე-9 მუხლის თანახმად: 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების, ასევე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

ა.გ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 200 001 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 25 000 ლარისა. ხოლო ამავე ბრძანების ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად: ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმათა დანაწესის თანახმად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მეურვის და გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, შეადგენს: 1. მეურვის ფუნქციის განხორციელებისას - 25 000 ლარს; 2. გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას - 8 768.33 ლარს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვალისგან ამოღებული თანხა ნაწილდება კრედიტორთა რეესტრის შესაბამისად დადგენილი რიგითობით.

გაკოტრების მმართველი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარომადგენელი სალომე ამნიაშვილი უთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის (საქმე N2/21940-19) საოქმო განჩინების ამონარიდზე და 2024 წლის 20 თებერვლის კრედიტორთა კრების ოქმის ამონაწერზე, რომელთა მიხედვით კრედიტორთა რეესტრის მიხედვით, მოვალე საწარმოს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებულნი არიან: 1. მეორე რიგში რეგისტრირებულია ერთი კრედიტორი სსიპ – შემოსავლების სამსახური 738.91 ლარის კრედიტორული მოთხოვნის ოდენობით; 2. მეოთხე რიგში რეგისტრირებულია ერთი კრედიტორი სს ,,თიბისი ბანკი“ (ს/ნ 204854595) 371 367.35 ლარის კრედიტორული მოთხოვნის ოდენობით; 3. მეშვიდე რიგში რეგისტრირებულია ერთი კრედიტორი სს მისო „ქართული კრედიტი“ (ს/ნ 206238800) 12 634.42 ლარის კრედიტორული მოთხოვნის ოდენობით;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის  მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

ვინაიდან სსიპ  აღსრულების ეროვნულ ბიუროს მომსახურების საფასურის გამოკლებით კრედიტორებისათვის გასანაწილებელი თანხა შეადგენს 91 493.47 ლარს, აღნიშნული თანხით დაკმაყოფილდება მეორე რიგის სსიპ შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნა სრულად 738.91 ლარის ოდენობით. ხოლო, დარჩენილი თანხა 90 754.62 ლარი სრულად მიექცევა სს ,,თიბისი ბანკის“ (ს/ნ 204854595) ანგარიშზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გაკოტრების მმართველს სსიპ   აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები უნდა განაწილდეს შემდეგი სახით:

1) პირველი რიგი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო - 33 768.33 ლარი.

2) მეორე რიგი სსიპ – შემოსავლების სამსახური - 738.91 ლარი.

3) მეოთხე რიგი სს ,,თიბისი ბანკი“ (ს/ნ 204854595) - 90 754.62 ლარი.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს, წარმოდგენილ კრედიტორებს და მიაჩნია, რომ  გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.  გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის  წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში  აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის/გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;

ხოლო ამავე ბრძანების ,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად:

ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმათა დანაწესის თანახმად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, შეადგენს 5000 ლარს, ხოლო გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური შეადგენს 5000 ლარს;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური, წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას 10000 ლარის ფარგლებში;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად დარჩენილი თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი რიგის კრედიტორზე.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი სახით:

1) პირველი რიგი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო - 33 768.33 ლარი;

2) მეორე რიგი სსიპ – შემოსავლების სამსახური - 738.91 ლარი;

3) მეოთხე რიგი სს ,,თიბისი ბანკი“ (ს/ნ 204854595)- 90 754.62 ლარი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ადგილზე თათბირით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასრულდეს ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვის (პ/ნ 28001005753) გაკოტრების საქმის წარმოება.

2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს ინდ. მეწარმის კამანიზ იუსუბოვის (პ/ნ 28001005753) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე ინდ. მეწარმის კამანიზ იუსუბოვის რეგისტრაცია (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3. ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვს დაეკისროს მომსახურების საფასური 25 000 ლარისა  და 8 768.33 ლარის (პირველი რიგი) გადახდა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ მის მიერ მმართველის და მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

4. ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვს (პ/ნ 28001005753) დაეკისროს 738.91 ლარის (მეორე რიგი) გადახდა სსიპ – შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.

5. ინდ. მეწარმე კამანიზ იუსუბოვს (პ/ნ 28001005753) დაეკისროს 90 754.62 ლარის  (მეოთხე რიგი) გადახდა სს ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ.

6. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge).

7. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                                                        გოჩა დიდავა