ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024520
127
03/04/2024
ვებგვერდი, 05/04/2024
300160070.10.003.024520
ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №127

2024 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 501 მუხლისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი).
მუხლი 2
ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ზოგიერთ საღებავზე, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 3
ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება შეიძლება ასევე დადასტურდეს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ქვეყნებში ზოგიერთ საღებავზე, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაზე  გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც წარდგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.
მუხლი 4
1. სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას და/ან რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო  უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას და/ან რისკის მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო  უფლებამოსილია საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის საექსპერტო დასკვნის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა საქონლის მიმართ, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტის და ბაზარზე განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფერო და მიზანი

1. „ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს ტექნიკური რეგლამენტის დანართi №1-ით გათვალისწინებულ ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმების, მწარმოებლის, იმპორტიორისა და დისტრიბუტორის ვალდებულებების, აგრეთვე აღნიშნული საღებავების, ლაქებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციის ეტიკეტირების შესახებ.

2. ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ზომებზე, მათ შორის ეტიკეტირების მოთხოვნებზე, რომლებიც გამომდინარეობს მომხმარებლისა და დასაქმებულის ჯანმრთელობისა და მათი სამუშაო გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობიდან.

3. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს ჰაერის დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია ტროპოსფერული ოზონის ფორმირებაში აონ-ის წილის გამო.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნივთიერებები – ნებისმიერი ქიმიური ელემენტი და მისი ნაერთები, როგორადაც ისინი გვხვდება ბუნებრივ მდგომარეობაში ან იწარმოება მრეწველობაში, მყარი, თხევადი ან აირადი ფორმით;

ბ) ნარევი – ნარევი ან ხსნარი, რომელიც შედგება ორი ან მეტი ნივთიერებისგან;

გ) ორგანული ნაერთი – ნებისმიერი ნაერთი, რომელიც შეიცავს, მინიმუმ, ელემენტურ ნახშირბადს და ერთ ან მეტ წყალბადის, ჟანგბადის, გოგირდის, ფოსფორის, სილიციუმის, აზოტის ან ჰალოგენის ატომს, გარდა ნახშირბადის ოქსიდებისა და არაორგანული კარბონატებისა და ბიკარბონატებისა;

დ) აქროლადი ორგანული ნაერთი (აონ) – ნებისმიერი ორგანული ნაერთი, რომლის საწყისი დუღილის ტემპერატურა სტანდარტული 101,3 კპა წნევის პირობებში გაზომვისას ნაკლებია ან ტოლია 250°C-ის;

ე) აქროლადი ორგანული ნაერთის შემცველობა – აქროლადი ორგანული ნაერთების მასა პროდუქტის გამოსაყენებლად მზად ყოფნის პირობებში, რომელიც გამოსახულია პროდუქტის რეცეპტურაში გრამებში/ლიტრზე (გრ/ლ). აქროლადი ორგანული ნაერთების მასა მოცემულ პროდუქტში, რომელიც ქიმიურ რეაქციაშია გაშრობისას, რათა წარმოქმნას საფარი მასალის ნაწილი, არ მიიჩნევა აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობის ნაწილად;

ვ) ორგანული გამხსნელი – ნებისმიერი აქროლადი ორგანული ნაერთი, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებლად ან სხვა აგენტებთან კომბინაციაში, რათა გახსნას ან გააზავოს ნედლეული, პროდუქტები ან ნარჩენი მასალები, ან რომელიც გამოყენებულია, როგორც გამწმენდი აგენტი დაბინძურების მოსაშორებლად, სადისპერსიო არედ, სიბლანტის რეგულატორად, ზედაპირის დაჭიმულობის რეგულატორად, პლასტიფიკატორად ან კონსერვანტად;

ზ) საფარი მასალა – ნებისმიერი ნარევი, მათ შორის ყველა ორგანული გამხსნელი ან ნარევი, რომელიც შეიცავს მისი სათანადო გამოყენებისთვის საჭირო ორგანულ გამხსნელებს, რომლებიც გამოიყენება იმისათვის, რომ წარმოქმნას დეკორატიული, დამცავი ან სხვა დანიშნულების გარსი ზედაპირზე;

თ) გარსი – უწყვეტი შრე, რომელიც წარმოიქმნება ერთი ან მეტი საფარი მასალის გამოყენებით სუბსტრატზე;

ი) წყლის ფუძეზე დამზადებული საფარი მასალა – საფარი მასალა, რომლის სიბლანტე რეგულირდება წყლის გამოყენებით;

კ) გამხსნელის ფუძეზე დამზადებული საფარი მასალა – საფარი მასალა, რომლის სიბლანტე რეგულირდება ორგანული გამხსნელის გამოყენებით;

ლ) სუბსტრატი – ზედაპირი, რომელზედაც დაიტანება  საფარი მასალა;

მ) პროდუქცია ან პროდუქტი – ზოგიერთი საღებავი, ლაქი და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქცია, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით;

ნ) მწარმოებელი – პროდუქციის მწარმოებელი, გადამკეთებელი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომლის სახელი, სავაჭრო ან სხვა განმასხვავებელი ნიშანი განთავსებულია საღებავებზე, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაზე და რომელიც თავს ამ საღებავების, ლაქებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციის  მწარმოებლად წარმოადგენს;

ო) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას;

პ) დისტრიბუტორი – მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მწარმოებელს და იმპორტიორს და რომელიც ხელმისაწვდომს ხდის პროდუქციას  ბაზარზე.

2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. მოთხოვნები პროდუქციისადმი აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობასთან დაკავშირებით

1. აკრძალულია ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი, თუკი მათში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა აღემატება ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში მითითებულ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

2. აკრძალულია ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრული პროდუქციის საქართველოს ბაზარზე განთავსება, თუკი მათში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა აღემატება ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში მითითებულ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან ისინი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ეტიკეტირების მოთხოვნებს.

3. ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით განსაზღვრულ აქროლადი ორგანული ნაერთების ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დასადგენად გამოიყენება ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ში მითითებული ანალიზის მეთოდები.

4. ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრულ იმ პროდუქციაში, რომელსაც გამოყენებისთვის გასამზადებლად ემატება გამხსნელი ან გამხსნელის შემცველი სხვა კომპონენტი, აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა განისაზღვრება გამოყენებისთვის გამზადებულ მდგომარეობაში და უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში მითითებულ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

5. ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებიც გამიზნულია მკაცრად შეზღუდული ოდენობით გამოსაყენებლად „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული არქეოლოგიური ობიექტების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ფასეულობების კონსერვაციის, მოვლა-პატრონობის, რესტავრაციის,  რეკონსტრუქციის, თავდაპირველი სახით აღდგენის მიზნით. ამ მიზნით პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი, შეძენა და გასხვისება დასაშვებია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება პროდუქციაზე, რომელიც წარმოადგენს საწარმოო ნედლეულს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული საქმიანობებისთვის.

მუხლი 4. ეტიკეტირების მოთხოვნები პროდუქციისადმი

ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრულ პროდუქციას საქართველოს ბაზარზე განთავსებისას უნდა ჰქონდეს ეტიკეტი, რომელზეც ქართულ ენაზე უნდა იყოს დატანილი:

ა) ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-სა და დანართ №2-ში   მითითებული პროდუქციის ქვეკატეგორია და აქროლადი ორგანული ნაერთების ზღვრულად დასაშვები ნორმები გრ/ლ-ში, ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ის შესაბამისად;

ბ) პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების მაქსიმალური შემცველობა გრ/ლ-ში გამოყენებისთვის გამზადებულ მდგომარეობაში.

მუხლი 5. მწარმოებლის ვალდებულებები

1. მწარმოებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი პროდუქციის განთავსება, რომელიც დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და პროდუქციას თან დაურთოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მწარმოებელი ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შეინახოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის წარსადგენად, პროდუქციის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) სერიული წარმოებისას უზრუნველყოს პროდუქციის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შენარჩუნება;

გ)  პროდუქციით შექმნილი რისკების გათვალისწინებით,  მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის წარმომავლობის მიკვლევადობა და არასათანადო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება;

დ) შეინახოს საჩივრები და ინფორმაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქციისა და მათი ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მოთხოვნის შეთხვევაში;

ე) პროდუქციის შეფუთვაზე დაიტანოს ტიპის, პარტიის, სერიის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტების იდენტიფიცირებას;

ვ) პროდუქციის შეფუთვაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისამართი, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ  ენაზე.

2. მწარმოებელი, რომლისთვისაც ცნობილი გახდება ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქცია არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული პროდუქციის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად; საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს პროდუქციის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. ამასთანავე, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია პროდუქციის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობისა და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

3. მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს მას პროდუქციის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებელი ინფორმაცია და სათანადო დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქციით შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 6. იმპორტიორის ვალდებულებები

1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქცია.

2. იმპორტიორი ვალდებულია პროდუქციის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა დააკმაყოფილა აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობისადმი ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები და პროდუქციას თან დაურთო აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. იმპორტიორი ვალდებულია არ განათავსოს ბაზარზე პროდუქცია, თუ მიიჩნევს ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ იგი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სანამ პროდუქცია შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი აღნიშნულ მოთხოვნებთან. ამასთანავე, იმპორტიორი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

4. იმპორტიორი ვალდებულია პროდუქციის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში ქართულ ენაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისამართი, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება.

5. იმპორტიორი ვალდებულია მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში პროდუქცია უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობებით, რომლებიც არ ხელყოფს აღნიშნული პროდუქტების თვისებებს.

6. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქცია არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული პროდუქციის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად; საჭიროების შემთხვევაში, ამოიღოს ან გამოითხოვოს ისინი ბაზრიდან. ამასთანავე, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია პროდუქციის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობებისა და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

7. იმპორტიორი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შეინახოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის წარსადგენად, პროდუქციის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

8. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს მას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა საჭირო  ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს პროდუქციის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. იმპორტიორი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქციით შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 7. დისტრიბუტორის ვალდებულებები

1. დისტრიბუტორი ვალდებულია პროდუქციის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

2. დისტრიბუტორი პროდუქციის ბაზარზე განთავსებამდე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ პროდუქტზე დატანილია შესაბამისი ინფორმაცია, რომ მას თან ახლავს საჭირო დოკუმენტაცია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქცია არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ვალდებულია არ გახადოს იგი ხელმისაწვდომი ბაზარზე მანამ, სანამ არ მოხდება მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ მოთხოვნებთან. როდესაც პროდუქცია შეიცავს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს, იმპორტიორსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. დისტრიბუტორი ვალდებულია მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში პროდუქცია უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობებით, რომლებიც არ ხელყოფს აღნიშნული პროდუქტების თვისებებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქცია, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე, არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიება პროდუქციის შესაბამისობაში მოსაყვანად და სათანადო შემთხვევებში, გამოითხოვოს ან ამოიღოს ისინი ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქცია შეიცავს რისკს, დისტრიბუტორმა აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, შეუსაბამობების შესახებ და ყველა განხორციელებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია პროდუქციის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომების ფარგლებში, რომლებიც მიღებულ იქნა იმ პროდუქციისგან წარმოშობილი რისკების აღმოსაფხვრელად, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე.

მუხლი 8. ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები

ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო პროდუქციის ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქციის ზედამხედველობის პროცედურებით.

მუხლი 9. ღონისძიებები ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობის ზღვრული ნორმების დარღვევით წარმოებული  პროდუქციის გამოვლენისას

ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ბაზარზე განთავსებული პროდუქციის გამოვლენისას, აღნიშნული პროდუქციის ბაზარზე ხელახლა განთავსებამდე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა უზრუნველყოს იმ ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელმაც განათავსა აღნიშნული პროდუქცია საქართველოს ბაზარზე.

დანართი №1

მოქმედების სფერო

 

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ზოგიერთი საღებავი და ლაქი ნიშნავს მასალებს, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ქვეკატეგორიებში და მიეკუთვნება ამავე დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდებსა და სასაქონლო პოზიციებს, აეროზოლების გარდა. ისინი არის საფარი მასალები, რომლებიც გამოიყენება შენობებზე, მათ დეკორაციებსა და ფასადებზე და დაკავშირებულ სტრუქტურებზე დასატანად, რომელთაც აქვთ დეკორატიული, ფუნქციური და დამცავი დანიშნულება. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, საღებავებისა და ლაქების ქვეკატეგორიებია:

ა) „გლუვი საფარი მასალები ინტერიერის კედლებისა და ჭერისთვის“ არის საფარი მასალები, რომლებიც განკუთვნილია ინტერიერის კედლებსა და ჭერზე გამოსაყენებლად, რომელთა პრიალის ხარისხი ≤25@60°;

ბ) „პრიალა საფარი მასალები ინტერიერის კედლებისა და ჭერისთვის“ არის საფარი მასალები, რომლებიც განკუთვნილია ინტერიერის კედლებსა და ჭერზე გამოსაყენებლად, რომელთა პრიალის ხარისხი > 25@60°;

გ) „საფარი მასალები ექსტერიერის კედლებისთვის მინერალურ სუბსტრატზე“ არის საფარი მასალები, რომლებიც განკუთვნილია ქვის, აგურის ან ბათქაშის გარე კედლებზე გამოსაყენებლად;

დ) „ინტერიერის/ექსტერიერის დეკორაციისა და გარსაკრავის საღებავები ხის, ლითონის ან პლასტმასისთვის“ არის საფარი მასალები, რომლებიც განკუთვნილია დეკორაციასა და გარსაკრავზე გამოსაყენებლად და წარმოქმნის გაუმჭვირვალე გარსს. ეს საფარი მასალები განკუთვნილია ხის, ლითონის ან პლასტმასის სუბსტრატისთვის. ამ ქვეკატეგორიაში შედის გრუნტისა და შუალედური საფარი მასალები;

ე) „ინტერიერის/ექსტერიერის დეკორაციის ლაქები და ტონალობის მიმცემები“ არის საფარი მასალები, რომლებიც განკუთვნილია დეკორაციასთან გამოსაყენებლად და რომლებიც წარმოქმნის გამჭვირვალე ან ნახევრადგამჭვირვალე გარსს ხის, ლითონისა და პლასტმასის დეკორირებისა და დაცვისათვის. ამ ქვეკატეგორიაში შედის გაუმჭვირვალე ტონალობის მიმცემები. გაუმჭვირვალე ტონალობის მიმცემები არის საფარი მასალები, რომლებიც წარმოქმნის გაუმჭვირვალე გარსს ხის გასაფორმებლად და ატმოსფერული მოვლენების ზემოქმედებისგან დასაცავად, როგორც ეს განსაზღვრულია სსტ ენ 927-1-ში, ნაკლებად მდგრად კატეგორიაში;

ვ) „მინიმალური სამშენებლო ტონალობის მიმცემები“ არის ტონალობის მიმცემები, რომელთა საშუალო სისქე სსტ ისო 2808, მეთოდი 5A-ის მიხედვით შემოწმებისას 5 მკმ-ზე ნაკლებია, სსტ ენ 927-1-ის შესაბამისად;

ზ) „პრაიმერები“ არის საფარი მასალები ჰერმეტიზაციის და/ან ბლოკირების თვისებებით, რომლებიც განკუთვნილია ხესთან ან კედლებსა და ჭერებთან გამოსაყენებლად;

თ) „შემკვრელი პრაიმერები“ არის საფარი მასალები, რომლებიც განკუთვნილია სუბსტრატის მორყეული ნაწილების გასამყარებლად ან ჰიდროფობიური თვისებების მისაცემად და/ან ხის დასაცავად გალურჯებისგან;

ი) „ერთმაგი დამცავი საფარი მასალები“ არის დამცავი საფარი მასალები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს გარსის წარმომქმნელი მასალები. ისინი განკუთვნილია განსაკუთრებული დანიშნულებით გამოსაყენებლად, როგორც პრაიმერი და ბოლო ფენა პლასტმასისთვის, პრაიმერის საფარი შავი ლითონის სუბსტრატებისთვის, პრაიმერის საფარი რეაქტიული ლითონებისთვის, როგორებიცაა თუთია და ალუმინი, კოროზიის საწინააღმდეგო ფენისთვის, საფარ მასალად იატაკისთვის, ხისა და ცემენტის იატაკების ჩათვლით, ვანდალიზმისგან დამცავ საფარად, ალის შემაკავებლად და საკვების ან სასმელის წარმოებაში ან ჯანდაცვის მომსახურებაში ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველსაყოფად;

კ) „ორმაგი დამცავი საფარი მასალები“ არის საფარი მასალები, რომლებიც ისეთივე დანიშნულებით გამოიყენება, როგორითაც ერთმაგი დამცავი მასალები, მაგრამ გამოყენებამდე ემატება მეორე კომპონენტი (მაგალითად, მესამეული ამინები);

ლ) „მრავალფეროვანი საფარი მასალები“ არის საფარი მასალები, რომლებიც განკუთვნილია ორი ტონის ან მრავალფეროვანი ეფექტის მისაცემად, უშუალოდ პირველადი გამოყენებით;

მ) „დეკორატიული ეფექტის მქონე საფარი მასალები“ არის საფარი მასალები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალური ესთეტიკური ეფექტების მისაცემად საგანგებოდ მომზადებულ, წინასწარ მოხატულ სუბსტრატზე ან საბაზო შრეებზე და შემდგომ მუშავდება სხვადასხვა იარაღით გაშრობის პერიოდში.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქცია“ ნიშნავს მასალებს, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ქვეკატეგორიებში და მიეკუთვნება ამავე დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდებსა და სასაქონლო პოზიციებს. ისინი გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მათი ნაწილების საფარი მასალით დასაფარად, როგორც სატრანსპორტო საშუალების შეკეთების, კონსერვაციის ან გაფორმების შემადგენელი ნაწილი საწარმოს გარეთ. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციის ქვეკატეგორიებია:

ა) „მოსამზადებელი და გამწმენდი“ ნიშნავს მასალებს, რომლებიც განკუთვნილია ძველი საფარი მასალებისა და ჟანგის მოსაცილებლად, მექანიკურად ან ქიმიური საშუალებებით, ან ახალი საფარი მასალებისთვის ტონალობის მისაცემად:

ა.ა) მოსამზადებელი მასალები მოიცავს პულვერიზატორის სარეცხ საშუალებას (პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია პულვერიზატორებისა და სხვა მოწყობილობების გასაწმენდად), საღებავის მოსაშორებელ სითხეებს, ცხიმის მოსაცილებელ საშუალებებს (მათ შორის, ანტისტატიკის ტიპის პლასტმასისთვის) და სილიკონის მოსაცილებელ საშუალებებს;

ა.ბ) „წინასწარ გამწმენდი“ არის საწმენდი საშუალება, რომელიც განკუთვნილია დაბინძურებული ზედაპირის გასაწმენდად საფარი მასალის გამოსაყენებლად მომზადებისას და მის გამოყენებამდე;

ბ) „საძარე შემავსებელი/საცობი“ არის სქელი ნაერთები, რომლებიც განკუთვნილია ზედაპირზე არსებული ღრმა უსწორმასწორობის შესავსებად ფითხისა და შემავსებლის გამოყენების წინ;

გ) „პრაიმერი“ არის ნებისმიერი საფარი მასალა, რომელიც განკუთვნილია შიშველ ლითონზე ან არსებულ მოპირკეთებაზე გამოსაყენებლად კოროზიისგან დაცვის მიზნით პრაიმერის ფითხის დატანამდე:

გ.ა) „ფითხი/შემავსებელი“ არის საფარი მასალა, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ ბოლო ფენის დატანამდე გამოსაყენებლად კოროზიამედეგობის უზრუნველსაყოფად, რათა ბოლო ფენა მიეწებოს და ზედაპირი იყოს ერთგვაროვანი, შეივსოს რა ზედაპირის მცირედი უსწორმასწორობები;

გ.ბ) „ლითონის ზოგადი პრაიმერი“ არის საფარი მასალა, რომელიც გამოიყენება, როგორც პრაიმერები, როგორებიცაა მიწებების ხელშემწყობი, ჰერმეტიზატორი, ფითხი, გრუნტი, პლასტმასის პრაიმერები, სველი სველზე, არაქვიშიანი შემავსებლები და პულვერიზატორით შემავსებლები;

გ.გ) „სარეცხი პრაიმერი“ – საფარი მასალა, რომელიც შეიცავს, მინიმუმ, 0,5% ფოსფორმჟავას და გამოიყენება უშუალოდ ლითონის შიშველ ზედაპირებზე კოროზიამედეგობისა და მიწებების უზრუნველსაყოფად; საფარი მასალები, გამოყენებული, როგორც შედუღების პრაიმერები და ამომჭმელი ხსნარები გალვანიზებული და მოთუთიებული ზედაპირებისთვის;

დ) „ბოლო ფენა“ არის ნებისმიერი პიგმენტირებული საფარი მასალა, რომელიც გამოიყენება სიპრიალისა და გამძლეობის უზრუნველსაყოფად, როგორც ერთმაგი შრე ან როგორც მრავალშრიანი. იგი მოიცავს ყველა დაკავშირებულ მასალას, როგორებიცაა საბაზისო საფარი მასალები და კრიალა საფარი მასალები:

დ.ა) „საბაზისო საფარი მასალები“ არის პიგმენტირებული საფარი მასალები, რომლებიც ანიჭებს ფერს და ნებისმიერ სასურველ ოპტიკურ ეფექტს, მაგრამ არ უზრუნველყოფს საფარი სისტემის სიპრიალეს ან ზედაპირის მედეგობას;

დ.ბ) „კრიალა საფარი მასალა“ არის გამჭვირვალე საფარი მასალა, რომელიც უზრუნველყოფს საფარი სისტემის საბოლოო სიპრიალეს და მედეგობას;

ე) „სპეციალური მოსაპირკეთებლები“ არის საფარი მასალები, რომლებიც გამოიყენება ისეთი სპეციალური თვისებების მქონე ბოლო ფენების მისაღებად, როგორებიცაა ლითონის ან მარგალიტის ეფექტი, ან ერთმაგ შრედ, როგორც ძლიერი ეფექტის მქონე ერთი ფერის და კრიალა საფარები, (მაგ., დაფხაჭნის მიმართ მედეგი და ფტორშემცველი კრიალა საფარი), ამრეკლავი საბაზისო საფარი, სპეციალური ტექსტურის მიმცემი (მაგ.: ჭედური ეფექტის), სრიალის საწინააღმდეგო, ძარის საჰერმეტიზაციო ნარევები, მსხვრევის საწინააღმდეგო საფარი მასალები, ინტერიერის მოსაპირკეთებელი და აეროზოლები.

3. ამ დანართის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული საღებავები, ლაქები და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქცია მიეკუთვნებიან საქართველოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შემდეგ სასაქონლო პოზიციებსა და კოდებს:

 

სეს ესნ კოდი

პოზიციის დასახელება

3208

საღებავები და ლაქები (ემალებისა და პოლიტურების ჩათვლით) სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული ბუნებრივი პოლიმერების ფუძეზე, დისპერგირებული ან უწყლო გარემოში გახსნილი; ხსნარები, მითითებული მოცემული ჯგუფის 4 შენიშვნაში:

3209

საღებავები და ლაქები (ემალებისა და პოლიტურების ჩათვლით) სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული ბუნებრივი პოლიმერების ფუძეზე, დისპერგირებული ან წყლიან გარემოში გახსნილი:

3210 00

საღებავები და ლაქები დანარჩენი (ემალების, პოლიტურებისა და წებოვანი საღებავების ჩათვლით); მზა წყლიანი პიგმენტები ტყავების გამოსაყვანად:

 

                                                                                                                                            დანართი №2

A. აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობის მაქსიმალური ზღვრულად დასაშვები ნორმები საღებავებისა და ლაქებისთვის

 

 

 

პროდუქტის ქვეკატეგორია

 

ტიპი

აონ-ების შემცველობა გამოყენებისთვის მზა მდგომარეობაში

(გრ/ლ)

ინტერიერის გლუვი კედლები და ჭერები (სიპრიალე <25@60°)

წფ(*)

30

 

გფ(**)

30

 

ინტერიერის პრიალა კედლები და ჭერები (სიპრიალე >25@60°)

წფ

100

 

გფ

100

 

ექსტერიერის მინერალური სუბსტრატის კედლები

წფ

40

 

გფ

430

ინტერიერის/ექსტერიერის დეკორაციისა და გარსაკრავების საღებავები ხისა და ლითონისთვის

წფ

130

 

გფ

300

ინტერიერის/ექსტერიერის დეკორაციის ლაქები და ტონალობის მიმცემები, გაუმჭვირვალე ტონალობის მიმცემების ჩათვლით

წფ

 

გფ

130

 

           400

ინტერიერის და ექსტერიერის მინიმალური სამშენებლო ტონალობის მიმცემები

წფ

130

 

გფ

 

700

პრაიმერები

წფ

30

გფ

350

შემკვრელი პრაიმერები

წფ

30

გფ

750

ერთმაგი დამცავი საფარი მასალები

წფ

140

გფ

500

ორმაგი რეაქტიული დამცავი საფარი მასალები სპეციფიკური საბოლოო დანიშნულებით გამოყენებისთვის, როგორიცაა იატაკების ზედაპირზე დატანა

წფ

          140

 

 

გფ

500

მრავალფეროვანი საფარი მასალები

წფ

100

გფ

100

დეკორატიული ეფექტის მქონე საფარი მასალები

წფ

200

გფ

200

(*) წყლის ფუძეზე დამზადებული  საფარი მასალა

 (**) გამხსნელის ფუძეზე დამზადებული

 

B. აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობის მაქსიმალური ზღვრულად დასაშვები ნორმები სატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციისთვის

 

 

 

მასალის ქვეკატეგორია

 

საფარი მასალები

აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა გრ/ლ (*)

მოსამზადებელი და გამწმენდი

მოსამზადებელი

 

წინასწარ გამწმენდი

850

 

200

საძარე შემავსებელი/საცობი

ყველა ტიპი

  250

პრაიმერი

ფითხი/შემავსებელი და ზოგადი (ლითონის) პრაიმერი

 

სარეცხი პრაიმერი

540

 

 

780

ბოლო ფენა

ყველა ტიპი

420

სპეციალური მოსაპირკეთებლები

ყველა ტიპი

840

(*) გამოსაყენებლად მზა პროდუქტი გრ/ლ. (ა) ქვეკატეგორიის გარდა, გამოსაყენებლად მზა მასალაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული არანაირი წყლის შემცველობა.

                                                                                                                                   

                                                                                                                                დანართი №3

საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დასადგენად გამოსაყენებელი ანალიზის მეთოდები

 

 

 

პარამეტრი

 

 

ერთეული

შემოწმება

მეთოდი

გამოქვეყნების თარიღი

აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა, როდესაც იგი ნაკლებია პროდუქტის მასის 15%-ზე და არ არის წარმოდგენილი რეაქტიული განმზავებელი

გრ/ლ

სსტ ისო 11890-2

2020

აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა, როდესაც იგი მეტია პროდუქტის მასის 15%-ზე და არ არის წარმოდგენილი რეაქტიული განმზავებელი

გრ/ლ

სსტ ისო  11890-1

 

სსტ ისო  11890-2

2007

 

2020

აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა, როდესაც წარმოდგენილია რეაქტიული განმზავებელი

გრ/ლ

ASTMD 2369

2020