„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4098-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.102244
4098-XIVმს-Xმპ
03/04/2024
ვებგვერდი, 18/04/2024
440050000.05.001.102244
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა, პროფესიული, სპეციალური პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმისა, ბიბლიოთეკისა, სკოლა-პანსიონისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამხედრო ორგანოებიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;“.

3. მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი

1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.

2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, გაზრდილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, სახელმწიფო პენსიის ზრდის ნომინალური ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12–153, მე-17 და მე-18−21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობაზე.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას და მისი ოდენობაა:

ა) 65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – სახელმწიფო პენსიას დამატებული:

ა.ა) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისთვის (გარდა ოფიცრისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 5 ლარზე ნამრავლი;

ა.ბ) უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი;

ა.გ) უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი;

ა.დ) უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 25 ლარზე ნამრავლი;

ბ) 65 წლის ასაკამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.

2. „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისთვის აღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 კალენდარული წელი.“;

ბ) 2პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 პუნქტები:

„22. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. კალენდარულ წელთა ნამსახურობის ვადის ათვლა იწყება პირის სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან და სრულდება მისი სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით თანამდებობიდან დათხოვნის დღეს. კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა (მათ შორის, ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს სამხედრო ძალებში/საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში ნამსახურობა; რიგითი და უფროსი შემადგენლობების პირების ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ და არაწევრ სახელმწიფოთა შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობა; ოფიცრების, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრების, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეების ყოფილი სსრკ-ისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობა, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრკ-ში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით)); პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახურის პერიოდი; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის (სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობა კადრში დატოვებით) პერიოდი; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვეს არ ჩაუდენია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული; საპატიმრო სასჯელის აღმსრულებელ ორგანოებში (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) სამსახურის პერიოდი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის პერიოდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე მუშაობის პერიოდები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე მუშაობის პერიოდები კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ითვლება სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე პირის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან მისი თანამდებობიდან დათხოვნის დღის ჩათვლით. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება იმ პირს და მისი ოჯახის წევრს, რომელსაც სასამართლო წესით ჩამოერთვა სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გამართლებულია ან რეაბილიტირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით).

23. ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ პირს საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არა იმავე პუნქტით გათვალისწინებული კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისთვის ჩაეთვლება სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, რომელსაც არ ფარავს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში მას შეჩერებული არ ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. თუ სწავლის პერიოდი 6 წელზე მეტია, 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.“;

გ) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, მოსამართლედ ან მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა. პირს საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არა ამ პუნქტით გათვალისწინებული კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისთვის ჩაეთვლება სახელმწიფო დაწესებულებაში წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. თუ სწავლის პერიოდი 6 წელზე მეტია, 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება.

31. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულში − საბაჟო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი (სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის პერიოდი), აგრეთვე მოსამართლედ ან მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა. პირს საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არა ამ პუნქტით გათვალისწინებული კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისთვის  ჩაეთვლება სახელმწიფო დაწესებულებაში წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. თუ სწავლის პერიოდი 6 წელზე მეტია, 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება.“;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკრის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა)) და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას შესაბამისი უწყება ან კომპენსაციის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ასეთი სტატუსის შეჩერების პერიოდის დადასტურებით.“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე დათხოვნილ პირებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილ პირებზე (მიუხედავად ამ პერიოდში სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე ნამსახურობისა), რომლებსაც აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში ჩაითვლება როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ისე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე მუშაობის პერიოდი და ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ უწყებებში ნამსახურობა. ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე სამსახურის პერიოდი. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება იმ პირს და მისი ოჯახის წევრს, რომელსაც სასამართლო წესით ჩამოერთვა სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გამართლებულია ან რეაბილიტირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით).“;

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არა იმავე პუნქტით გათვალისწინებული კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისთვის ჩაეთვლება სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, რომელსაც არ ფარავს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში მას შეჩერებული არ ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. თუ სწავლის პერიოდი 6 წელზე მეტია, 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

72. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან დათხოვნილი პირების ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა გაიანგარიშება მათ მიერ ნამსახურობის პერიოდში ბოლოს მიღებული სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გათვალისწინებით.“;

ზ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი), აგრეთვე მოსამართლედ ან მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა. 

9. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სამხედრო, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ორგანოებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სამსახური (სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი).“;

თ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ პირს საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არა იმავე პუნქტით გათვალისწინებული კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისთვის ჩაეთვლება სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, რომელსაც არ ფარავს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში მას შეჩერებული არ ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. თუ სწავლის პერიოდი 6 წელზე მეტია, 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

12. ამ მუხლით განსაზღვრული მოსამსახურისთვის კომპენსაციის დანიშვნისას გაითვალისწინება მისთვის შესაბამისი თანამდებობიდან/ სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების მომენტისთვის მინიჭებული სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება და დათხოვნის/გათავისუფლების დღისთვის არსებული ნამსახურობის წლები.“.

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.“.

7. 151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა:

ა) ხომალდის ყოფილი მეთაურისთვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 15 ლარზე ნამრავლი;

ბ) ყოფილი მეორე პილოტისთვის, შტურმანისთვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისთვის, „ან-2“-ის მეთაურისთვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 10 ლარზე ნამრავლი;

გ) ყოფილი ბორტგამცილებლისთვის, ბორტრადისტისთვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 5 ლარზე ნამრავლი;

დ) ყოფილი ბორტაეროლოგისთვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისთვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისთვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის (წლების) 5 ლარზე ნამრავლი.“.

8. მე-17 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (გარდა ამ მუხლის 41 და 42 პუნქტებით განსაზღვრული პირებისა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 125%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება.“;

ბ) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4​2 პუნქტი:

„42. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირებისთვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.“.

9. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად მის მიერ თადარიგში დათხოვნის მომენტისთვის ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს (ასაკის მიუხედავად).“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ან არაუგვიანეს 3 თვისა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნის შემდეგ ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც მან მიიღო სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად მის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს (ასაკის მიუხედავად).

12. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების  არმქონე პირის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ან არაუგვიანეს 3 თვისა აღნიშნული სამსახურიდან/დანაყოფიდან დათხოვნის შემდეგ ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც მან მიიღო სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 75%, მიუხედავად მის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს (ასაკის მიუხედავად).“.

10. 221 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის ოდენობა, გაზრდილი იმავე ოდენობით, რომლითაც იზრდება ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი.“.

11. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება და კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე შესაბამისი უწყების მიერ მომზადებული წარდგინება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს.“.

12. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება

1. ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება სათანადო საფუძვლის წარმოშობისას, განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის/დოკუმენტების (ნამსახურობის წლების ცვლილებისას საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყების მიერ მომზადებული წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების) წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომპენსაციის ოდენობა შემდეგ შემთხვევებში გადაანგარიშდება ავტომატურად, განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის/დოკუმენტების წარდგენის გარეშე:

ა) სახელმწიფო პენსიის ოდენობის ცვლილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სათანადო ცვლილების ძალაში შესვლის თვიდან;

ბ) კომპენსაციის მიმღები პირის მიერ 70 წლის ასაკის მიღწევისას, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევისას, მისი მიღწევის თვის მომდევნო თვიდან;

გ) ამ კანონით დადგენილი კოეფიციენტების − ლარის ან/და პროცენტის ან/და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თვიდან;

დ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.“.

13. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სხვა საფუძვლის არსებობისას, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.“.

14. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არაუმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევაში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით ან ვალდებულების შეუსრულებლობით.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:

„მუხლი 411. 2025 წლის 1 იანვრამდე კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი

1. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა 2024 წლის 1 მაისამდე შეადგენს 560 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 1 000 ლარს.

2. ამ კანონის 221 მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, 2015 წლიდან 2024 წლის 1 მაისამდე − 1 000 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 1 200 ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12−153, მე-17 და მე-18−21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობაზე.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-7−მე-10 და მე-15 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-7−მე-10 და მე-15 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 აპრილი 2024 წ.

N4098-XIVმს-Xმპ