დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016516
9
28/03/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
010250020.35.156.016516
დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2024 წლის 28 მარტი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება“ დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №62 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 02/10/2014; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016180).

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი



დანართი
დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება ადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში  მუნიციპალიტეტის) ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს;

2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის:

ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ. უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.

3. დმანისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია: www.dmanisi.gov.ge.

მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება

1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

გ) ინფორმაციის განთავსებას;

დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის;

ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.

3. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის/დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად, სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.

მუხლი 3. ელექტრონული პეტიციის წარდგენა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

1. ვებგვერდი შეიცავს ველს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ელექტრონული პეტიციის წარდგენა და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა.

2. ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი ველით, აგრეთვე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული ფოსტის dmanisissakrebulo@gmail.com და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული ფოსტის dmanisi.mun@dmanisi.gov.ge საშუალებებით შესაძლებელია ელექტრონულად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა მუნიციპალიტეტის აღნიშნული ორგანოებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი

1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.

2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.

3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;

დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;

ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები.

5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) მუდმივი (ყოველდღიური);

ბ) პერიოდული (ყოველკვირეული,ყოველთვიური);

გ) ერთჯერადი.

მუხლი 5. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება

1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების; მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების; საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დმანისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე  განთავსებას ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის შესაბამისად.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:

ა) მუდმივად განახლებადი – ყოველი სამუშაო დღის 13.00 სთ;

ბ) ყოველკვირეული – ყოველი პარასკევის 13.00 სთ;

გ) ყოველთვიური – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.

მუხლი 6. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა

ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს შემდეგ განყოფილებებს: სიახლეებს, მერიას, საკრებულოს, სასარგებლო ინფორმაციას, დმანისის შესახებ, მაჟორიტარი დეპუტატს, ვაკანსიებს, კონტაქტს. აღნიშნული განყოფილებები იყოფა ქვეგანყოფილებებად.