„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.123.016685
93
27/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
010250040.35.123.016685
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №93

2024 წლის 27 მარტი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.07.2014, №010250040.35.123.016211), კერძოდ:

1. დადგენილების დანართის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შეუფერხებლად შეხვდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში. მუნიციპალიტეტის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი. ამ პუნქტის შესაბამისად გამართული შეხვედრების თაობაზე ინფორმაციას საკრებულოს წევრი ასახავს წლიურ ანგარიშში.“.

2. დადგენილების დანართის მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

საკრებულოს კომისიები“

3. დადგენილების დანართის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახალი კომისიის შექმნა, არსებული კომისიის გაუქმება ან კომისიათა გაერთიანება შესაძლებელია რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილების შეტანის გზით, ამ რეგლამენტის 137-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

4. დადგენილების დანართის 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ რეგლამენტის 331 მუხლის შესაბამისად აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს;“.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დადგენილების დანართის 26-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ამ რეგლამენტის 331 მუხლის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. კომისიის თავმჯდომარე მოვალეა ამ რეგლამენტის 132–ე მუხლით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს კომისიის მუშაობის ანგარიში, რომელშიც აგრეთვე მიუთითებს რეგლამენტით კომისიისათვის მინიჭებული კონტროლის ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე.“.

6. დადგენილების დანართის 28-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღებიდან 3 დღის ვადაში. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ერთგვაროვან ფუნქციათა დაჯგუფების მიხედვით შესაძლებელია შეიქმნეს კომისიის სამუშაო ჯგუფი.“.

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. კომისიისათვის ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით წარდგენილი საკითხი განსახილველად შესაძლებელია გადაეცეს კომისიის მომდევნო სხდომას.“.

7. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 – 335 მუხლები:

„მუხლი 331. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე

1. კომისია აკონტროლებს მისი გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების, აგრეთვე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობას.

2. საკრებულოსა და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლის მიზანია მათი აღსრულების მდგომარეობისა და ეფექტიანობის შესწავლა და გაანალიზება, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების, სამართლებრივი აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების იდენტიფიცირება, აგრეთვე, მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების განხილვა.

3. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, აგრეთვე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის მიზნით, კომისია უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტები. რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვიოს თანამდებობის პირები კომისიის სხდომაზე.

4. კომისია თავის წლიურ სამუშაო გეგმაში მიუთითებს საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის თაობაზე, თუკი ამ აქტის მიღებიდან გასულია, სულ მცირე, 3 და არაუმეტეს 6 თვე.

5. კომისია საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, აგრეთვე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს ახორციელებს მისი ძალაში შესვლის დღიდან.

6. კომისია საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების, აგრეთვე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის განხორციელების თაობაზე შეიმუშავებს დასკვნას, რომლითაც აფასებს მათი აღსრულების მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს.

7. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტ(ებ)ის აღსრულების საკითხი.

8. კომისიის მოხსენების მოსმენის შემდეგ საკრებულო აფასებს სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობას და უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.“.

„მუხლი 332. კონტროლი მერიის სამსახურების საქმიანობაზე

1. საკრებულოს კომისიები, გამგებლობის სფეროს მიხედვით, აკონტროლებენ მერიის შესაბამისი სამსახურების საქმიანობას, წელიწადში ერთჯერ ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, დასკვნებს და საჭიროების შემთხვევაში წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს სხდომას განსახილველად.

2. მერიის ერთი და იმავე სამსახურის საქმიანობის ანგარიში შესაძლოა განიხილოს რამდენიმე კომისიამ.

3. კომისია/კომისიები მერიის შესაბამისი სამსახურის წლიურ ანგარიშს განიხილავს კომისიის წლიური სამუშაო გეგმით დადგენილ ვადაში. განხილვის შედეგად კომისია აფასებს მერიის შესაბამისი სამსახურის საქმიანობას, რის თაობაზეც იღებს დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს.

4. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს მერიის შესაბამისი სამსახურის ანგარიშის მოსმენის საკითხი.

5. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულო კომისიის მიერ დასკვნის წარდგენიდან უახლოეს სხდომაზე ისმენს მერიის შესაბამისი სამსახურის ანგარიშს. მოსმენის შემდეგ საკრებულო აფასებს სამსახურის საქმიანობას, რის თაობაზეც იღებს დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს.“.

„მუხლი 333. კომისიის თემატური მომხსენებელი

1. საკრებულოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებზე ზედამხედველობის უკეთ წარმართვის, აგრეთვე, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფისა და საკრებულოს წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომისიის წევრი, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლით დადგენილი წესით ინიშნება თემატურ მომხსენებლად.

2. თემატური მომხსენებლის სამუშაო სფერო/სფეროები ან მიმართულება/მიმართულებები, როგორც წესი, განისაზღვრება ყოველწლიურად, კომისიის სამუშაო გეგმით.

3. შესაბამისი ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრი თემატურ მომხსენებლად შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერ დროს.

4. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით, ნიშნავს თემატურ მომხსენებლებად. თუ კომისიის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხზე მომხსენებლად საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი წევრია განსაზღვრული, ოპოზიციის სურვილის შემთხვევაში, ერთი თემატური მომხსენებელი შეიძლება განისაზღვროს იმ ფრაქციების წევრთაგან და საკრებულოს უფრაქციო წევრთაგან, რომლებიც შედიან ოპოზიციაში. თუ საკრებულოში უმრავლესობა არ არის შექმნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი მოქმედებს ფრაქციებისა და უფრაქციო წევრების მიმართ.

5. თემატური მომხსენებლების ერთიანი სია, შესაბამისი სამუშაო სფეროს/მიმართულების მითითებით, კომისიების მიხედვით ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

6. თემატური მომხსენებელი აანალიზებს მისთვის მიკუთვნებულ თემატურ საკითხს, ამზადებს მოხსენებას, რომელსაც საკითხის განხილვისას წარუდგენს კომისიას.“.

„მუხლი 334. თემატური მოკვლევა

1. აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, საკრებულოს წევრთაგან კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნეს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს.

2. კომისიის წევრი უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს შემოსული განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები. აღნიშნულ საკითხზე/საკითხებზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

3. თემატური მოკვლევის საკითხი და ინფორმაცია საკრებულოს იმ წევრთა შესახებ, რომლებმაც დაადასტურეს მოკვლევაში მათი მონაწილეობა, წარედგინება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის სურვილი გამოითქვა სხვადასხვა კომისიაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მოკვლევაში მონაწილე საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ.

4. მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თემატური მოკვლევის ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსება. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საკითხის დასახელებასა და მოკლე აღწერას, ინფორმაციას საკითხზე მომუშავე საკრებულოს წევრის/წევრების შესახებ, აგრეთვე, დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი მოსაზრებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესსა და ვადებს.

5. საკითხზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მის შესწავლაში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია საკითხის დამუშავებასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაზე, სწავლობს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, უფლება აქვს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს საკითხის შესასწავლად საჭირო ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. მოკვლევის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

6. საკითხის მოკვლევის ფარგლებში სავალდებულოა გაიმართოს საკითხის მოსმენა, რომელზედაც მოწვეული იქნებიან დაინტერესებული პირები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რომელთაც უშუალოდ ეხებათ საკითხი. საკითხის მოსმენის გამართვის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირით ადრე ქვეყნდება საკრებულოს ვებ გვერდზე.

7. თემატური მოკვლევის ჯგუფი, მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში, ამზადებს დასკვნას, რომელიც წარედგინება საკრებულოს ბიუროს ან შესაბამის კომისიას. ეს ვადა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დასკვნა საკრებულოს ბიუროს წარედგინება თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით თემატური მოკვლევის ჯგუფი სხვადასხვა კომისიის წევრებისგან.

9. თუ საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო, თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა წარედგინება კომისიას. კომისია უფლებამოსილია, ეს დასკვნა წარუდგინოს საკრებულოს ბიუროს.

10. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხი შეიტანოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში. საკრებულოს სხდომაზე საკითხი განიხილება რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.

11. დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომისია ან საკრებულო შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც ეგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვეყნდება საკრებულოს ვებ გვერდზე.“.

„მუხლი 335. კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრება, კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენა

1. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომისიის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, კომისიის სხდომას დაესწროს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე. ფრაქციას კომისიის სხდომაზე სავალდებულო წესით, პირის მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში თუ მას ჰყავს ამ კომისიაში წევრი.

3. კომისიის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომისიის მოთხოვნას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, ფრაქციის მიმართვიდან ან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, უგზავნის კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომისიის სხდომამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა. კომისია მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე სხდომაზე. ამ ვადის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.

4. კომისიის სხდომაზე მოწვევის შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომისიის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი.

5. კომისიის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ, მოხსენების დასრულების შემდეგ, საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს ფრაქციებს/უფრაქციო წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი საკრებულოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

7. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია, საჭიროებისამებრ, პერიოდულად შეისწავლის კომისიების სხდომებზე თანამდებობის პირთა სავალდებულო დასწრებისა და კომისიის სხდომებზე თანამდებობის პირთა მოსმენის საკითხს. ამ მიზნით, საკრებულოს კომისიები აანალიზებენ ინფორმაციას რომელი თანამდებობის პირი იქნა მოწვეული სხდომაზე და გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კალენდარული წლის ყოველი კვარტლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, იურიდიულ საკითხთა კომისიას უგზავნიან კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე, ინფორმაციას კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის გამოუცხადებლობის თაობაზე.

8. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია, ამ მუხლის მე-7 პუნქტით კომისიებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში, შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია უფლებამო­სილია, აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგები წარუდგინოს საკრებულოს ბიუროს. საკრებულო უზრუნველ­ყოფს შესაბამისი ინფორმაციის საკრებულოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებას.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვა კომისიის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები ქვეყნდება საკრებულოს ვებ გვერდზე.“.

8. 34-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი

მუხლი 341. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა

1. საკრებულო დროებით სამუშაო ჯგუფს ქმნის მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს.

3. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივაში მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა.

4. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. საკრებულოს გადაწყვეტილებაში მიეთითება ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა.

5. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო უახლოეს სხდომაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული კვოტების შესაბამისად, კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქციები დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგენენ კანდიდატურებს. საკრებულოს ის წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრი ხდება პირადი განცხადების საფუძველზე. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, მათ შორის, თავმჯდომარეს, ამტკიცებს საკრებულო ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი კვორუმით.

7. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

8. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევებში.

9. საკრებულოს შეუძლია, დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ, არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

10. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო, უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს, ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი.

11. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადარჩევა, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის წარმართვის, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების, დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის, მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

12. დროებითი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჯგუფის წევრად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირები დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით.“.

10. დადგენილების დანართის 392 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 392 . საბჭოს ძირითადი ამოცანები

1. გენდერული თანასწორობის საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო, საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

2. საბჭო ხელს უწყობს გენდერულ სფეროში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების იმგვარად შემუშავებას, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია, გენდერულად პასუხისმგებლიანი საჯარო ფინანსების მართვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებით (მ.შ. კონცეფციებით) მუნიციპალიტეტის დონეზე განსაზღვრული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფასა და გენდერული სტატისტიკის წარმოებას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფას, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვასა და დამტკიცებას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგს, გენდერულ მეინსტრიმინგთან დაკავშირებული ანგარიშების მოსმენასა და შეფასებას, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.

11. დადგენილების დანართის 393 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 394 მუხლი

„მუხლი 394 . საბჭოს ძირითადი ფუნქციები

1. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ) გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების „ex-ante“ და „ex-post“ გენდერული ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება;

გ) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის რეკომენდაციის წარდგენა;

დ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ე) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება–დანერგვა, ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე, წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

თ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ, წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;

ი) 134-ე მუხლით დადგენილი წესით, საბჭოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე. ასევე, მისი გაგზავნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის;

კ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგი, გენდერულ მეინსტრიმინგთან დაკავშირებული ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სტრატეგიული დოკუმენტების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

მ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის, ბიუჯეტის პროექტის, მისი თანდართული მასალების, მ.შ. პრიორიტეტების დოკუმენტის, ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და მისი თანდართული მასალების, აუდიტის ანგარიშების განხილვა, გენდერულ ჭრილში შეფასება და ანალიზი, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ნ) საბჭოს მუშაობის პროცესში მოპოვებული ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების დაცვა;

ო) აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგი;

პ) საჭიროების შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწვევა და მათგან ინფორმაციის მიღება გენდერულ მეინსტრიმინგთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ჟ) კვლევითი დოკუმენტების მომზადება;

რ) მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალი­ტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში;

ბ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და ანალიზის მიზნით ითანამშრომლოს და მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

გ) საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის დაწესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია დაესწროს საბჭოს სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში;

დ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვისთვის მოიწვიოს შესაბამის დარგის სპეციალისტები ან/და ექსპერტები;

ე) საკრებულოს წარუდგინოს საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტები.“.

12. დადგენილების დანართის 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საკრებულოში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით შემოტანილი საკითხი შესაძლებელია, განსახილველად გადაეცეს საკრებულოს მომდევნო სხდომას.“.

13. დადგენილების დანართის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. დადგენილების დანართის 82-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტის (გარდა საკრებულოს რეგლამენტის პროექტისა) ინიცირების (შეტანის) უფლება აქვს:

ა) მერს;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) საკრებულოს წევრს;

დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს, პეტიციის წესით (საკრებულოს დადგენილების პროექტის).“.

15. დადგენილების დანართის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის პროექტსა და გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას, საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი, ან თუ მერი საპატიო მიზეზით არ ესწრება საკრებულოს სხდომას, მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტზე დასკვნებს წარადგენენ ფრაქციებიც.“.

16. დადგენილების დანართის 90-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა–განმარტებას. საკრებულო თანამომხსენებლის ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას, აგრეთვე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში).“.

17. დადგენილების დანართის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საკითხებთან მიმართებაში დასმული კითხვები და შესაბამისი პასუხები;“.

18. დადგენილების დანართის 112-ე - 116-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 112. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები

1. საკრებულო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე, მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. საკრებულოსა და კომისიების მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებია:

ა) საკრებულოს წევრის წერილობითი და ზეპირი შეკითხვები;

ბ) ინტერპელაცია;

გ) მერიის თანამდებობის პირებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ანგარიშების მოსმენა;

დ) დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა;

ე) კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრება;

ვ) თანამდებობის პირის საკრებულოს სხდომაზე გამოცხადება;

ზ) წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის მოსმენა;

თ) თემატური მოკვლევა;

ი) ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენა და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;

კ) საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლი;

ლ) საკრებულოს წევრის შეხვედრა აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირთან;

მ) დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

ნ) მერისთვის უნდობლობის გამოცხადება;

ო) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება.

3. საკრებულოს მიერ მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს საკითხის კომისიის ან/და საკრებულოს სხდომაზე განხილვა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.“.

„მუხლი 113. საკრებულოს წევრის წერილობითი და ზეპირი შეკითხვები

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, წერილობითი შეკითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი.

2. წერილობითი შეკითხვის წესით შესაბამისი თანამდებობის პირისგან მოითხოვება წერილობითი ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.

3. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულია ერთი კვირის ვადაში უპასუხოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის წერილობით შეკითხვას.

4. კითხვის ავტორთან შეთანხმებით წერილობით შეკითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით.

5. წერილობითი შეკითხვის გაგზავნისას საკრებულოს წევრი უფლებამოსილია შესაბამის წერილში დასვას როგორც კონკრეტული შეკითხვა, ისე გამოითხოვოს დოკუმენტები.

6. ზეპირი შეკითხვის დასმის უფლება საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომებზე.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული წერილობითი შეკითხვები და მიღებული პასუხები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე, გარდა ისეთი პასუხებისა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კითხვაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაცილების თაობაზე აღინიშნება მისი გამოქვეყნებისას.

8. საკრებულოს წევრის ზეპირი შეკითხვები და მასზე გაცემული პასუხები აისახება შესაბამისად, საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის ოქმში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სხდომის ოქმში ასახულ შეკითხვებს, რომლებზეც კითხვის ავტორმა პასუხი ვერ მიიღო საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე, საკრებულოს აპარატი წერილობით უგზავნის ადრესატებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას.

10. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია, კალენდარული წლის კვარტლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, შეისწავლის ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრებულოს წევრის წერილობით შეკითხვაზე რეაგირების საკითხს. კომისია საკრებულოს წევრის წერილობით შეკითხვაზე რეაგირების არქონის შემთხვევაში, ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს. ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში. საკრებულო უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას.“.

„მუხლი 114. ინტერპელაცია

1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს წევრთა არანაკლებ 3-კაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის მერს ან მის მოადგილეს.

2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს მერის ან მისი მოადგილის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის საკითხებს.

3. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა იყოს ზუსტად და ლაკონური ფორმით ჩამოყალიბებული. მას შეიძლება ახლდეს დასაბუთებაც.

4. ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა ჩაჰბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და არაუგვიანეს მე-2 დღისა უგზავნის შესაბამის ადრესატს.

5. მუნიციპალიტეტის მერი ან მისი მოადგილე ინტერპელაციის წესით გაგზავნილ შეკითხვაზე წერილობით პასუხს საკრებულოს უგზავნის მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 კვირისა.

6. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი შეიტანება ადრესატის მიერ პასუხის წარმოდგენის შემდეგ ჩანიშნულ საკრებულოს უახლოესი მორიგი სხდომის დღის წესრიგში.

7. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე ფრაქცია ან საკრებულოს წევრთა არანაკლებ 3 კაციანი ჯგუფი გამოყოფს მომხსენებელს, რომელიც წარადგენს შეკითხვას. თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

8. შეკითხვის ავტორს შესაძლებელია მიეცეს დამატებითი დრო კითხვის დასაზუსტებლად, ხოლო ადრესატს – დამატებითი დრო პასუხის გასაცემად.

9. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ ინტერპელაციის წესით დაყენებული შეკითხვის/შეკითხვების დასმა.

10. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ იმართება დებატები. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან საკრებულოს უფრაქციო წევრები, შემდეგ − ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 10 წუთი დასკვნითი გამოსვლისათვის.

11. ინტერპელაციაზე არ ვრცელდება ამ რეგლამენტის 61-ე მუხლით გათვალისწინებული დებატების შეზღუდვის წესი.

12. ინტერპელაციის დასრულების შემდეგ ინტერპელაციის ავტორის ინიციატივით საკრებულო კენჭს უყრის საკითხს, გაიცეს თუ არა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ რეკომენდაციები.“.

„მუხლი 115. საკრებულოს ბიუროს მიერ ანგარიშების მოსმენა

1. საკრებულოს ბიურო საკუთარი გადაწყვეტილებით ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათი პასუხისმგებლობის საკითხს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად, საკრებულოს ბიურო ყოველი წლის არაუგვიანეს 1-ლი მარტისა ადგენს ანგარიშების მოსმენის გრაფიკს. შესაბამისი სამსახურის ანგარიშის მოსმენის თარიღი შესაძლოა დაემთხვეს რეგლამენტის 116-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების კომისიის მიერ განხილვის პერიოდს.“.

„მუხლი 116. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კონტროლი

1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, საკრებულოს შესაბამის კომისიას წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. კომისია განიხილავს წარმოდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს რეკომენდაციას.

2. კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროებისამებრ, იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას, რომელსაც წარუდგენს საკრებულოს ბიუროს.

3. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი ანგარიში განხილულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო, უახლოეს სხდომაზე, ისმენს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

5. საკრებულო აფასებს კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას.

6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საკრებულოს კომისიასა და საკრებულოს ბიუროს, მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.“.

19. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1161 – 1164 მუხლები:

„მუხლი 1161. საკრებულოს მიერ მერის საქმიანობის ანგარიშის განხილვა

1. მერი საკრებულოს, წელიწადში ერთხელ მაინც, წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

2. მერი წლიურ ანგარიშს საკრებულოში წარადგენს არაუგვიანეს, საანგარიშო წლის ნოემბრის თვისა.

3. მერის ანგარიში ეგზავნება ფრაქციებსა და საკრებულოს უფრაქციო წევრებს.

4. საკრებულოს ბიუროს, მერის მიერ ანგარიშის წარდგენიდან არაუადრეს 7 დღისა, ანგარიში შეაქვს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

5. მერის ანგარიში განიხილება რეგლამენტის 57-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

6. განხილვის შემდეგ საკრებულო იღებს განკარგულებას, რომლითაც აფასებს ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს.

7. მერი, საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს. რიგგარეშე ანგარიშის განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3–მე-6 პუნქტების მოთხოვნები.“.

„მუხლი 1162. საკრებულოს მიერ წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის განხილვა

1. მუნიციპალიტეტის მერი, არაუგვიანეს თებერვლისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ანგარიშს განიხილავს შესაბამისი დარგობრივი კომისია/კომისიები. კომისია განხილვის შედეგად შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს საკრებულოს ბიუროს.

3. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ანგარიში განსახილველად შეიტანოს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

4. საკრებულო ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშს განიხილავს არაუგვიანეს 1-ლი მაისისა.

5. წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის განხილვის შემდეგ საკრებულო აფასებს ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს შესაბამისი ორგანოების მიმართ.“.

„მუხლი 1163. თანამდებობის პირის გამოცხადება საკრებულოს სხდომაზე

1. საკრებულო, კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომაზე იწვევს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს. იგი ვალდებულია გამოცხადდეს საკრებულოს სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.

2. საკრებულოს სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე კომისიის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრამდე, შესაბამისი კომისიის ან ფრაქციის წარმომადგენელი უფლებამო­სილია, დაასაბუთოს საკრებულოს სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის მოთხოვნა. საკრებულოს გადაწყვეტი­ლება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი საკრებულოს წინაშე წარდგება და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა სხდომამდე სულ მცირე, 10 დღით ადრე.

4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთჯერ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი საკრებულოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს. თანამდებობის პირს ეძლევა გონივრული დრო.

5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლოა, გაიმართოს დებატები რეგლამენტის 59-ე მუხლის შესაბამისად. დებატების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ საკრებულო კენჭს უყრის საკითხს, გაიცეს თუ არა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ რეკომენდაციები. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითება რეკომენდაციების წარდგენის ვადა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი განკარგულების პროექტის ინიცირების უფლება აქვს რეგლამენტის მიხედვით სამართლებრივი აქტის ინიცირების უფლების მქონე სუბიექტებს. განკარგულების პროექტი განიხილება და მიიღება რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

„მუხლი 1164. დამოუკიდებელი აუდიტი

1. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა.

2. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე, რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

3. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი.

4. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

5. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელ აუდიტორზე გასაცემი დავალების (გასაწევი აუდიტორული მომსახურების) შინაარსი.

6. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა ხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე.

7. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.

8. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეულ იქნეს არაუმეტეს, წელიწადში ერთჯერ.“.

20. დადგენილების დანართის 130-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშში საკრებულოს წევრი უთითებს აგრეთვე, რეგლამენტით მისთვის მინიჭებული კონტროლის ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე.“.

21. დადგენილების დანართის 134-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის წლიური ანგარიში – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;“.

22. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1361–1362 მუხლები:

„მუხლი 1361. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისათვის

1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრებათ მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებს, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, რომლებსაც ევალებათ საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობა.

2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის:

ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;

ბ) არღვევს საკრებულოს წევრის შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;

გ) არ ცხადდება საკრებულოს სხდომის მიერ დანიშნულ მოსმენაზე;

დ) საკრებულოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;

ე) არ ასრულებს საკრებულოს გადაწყვეტილებებს;

ვ) დაბრკოლებებს უქმნის საკრებულოს წევრს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს შესაბამისი სუბიექტის მიმართვის საფუძველზე იურიდიულ საკითხთა კომისია განიხილავს რეგლამენტის დარღვევის ფაქტს და საკითხს რეაგირებისათვის გადასცემს საკრებულოს ბიუროს.“.

„მუხლი 1362. თანამდებობის პირების მიმართ რეაგირების ფორმები

1. რეგლამენტის დარღვევისათვის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის მერიის კონკრეტული თანამდებობის პირის, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის საქმიანობა შეაფასოს უარყოფითად და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მერს, შემდგომი რეაგირების მიზნით.

2. საკრებულოს სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის საკრებულოს ან საკრებულოს წევრს ფუნქციების შესრულებაში. წესრიგის დამრღვევ მოწვეულ პირებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი.“.

23. დადგენილების დანართის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს რეგლამენტის პროექტის ინიცირების უფლება აქვთ:

ა) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) საკრებულოს ფრაქციას;

გ) საკრებულოს კომისიას;

დ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს;

ე) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია