საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება N136/1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება N136/1
დოკუმენტის ნომერი 136/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 01/03/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016907
136/1
01/03/2024
ვებგვერდი, 26/03/2024
000000000.00.000.016907
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება N136/1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის  დადგენილება №136/1

2024 წლის 1 მარტი

ქ. ბათუმი 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) განსაზღვრავს კოლეგიის სხდომის თარიღს;

ბ) უძღვება კოლეგიის სხდომებს;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ ფუნქციებს;

დ) ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ე) უზრუნველყოფს კოლეგიის საქმიანობასთან დაკავშირებული პრესრელიზების მომზადებას.

2. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი კოლეგიის უხუცესი წევრი.“.

2. საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დასაკითხი პირის ადგილსამყოფელზე მიავლინოს წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს დასაკითხი პირის იდენტიფიცირებას და მოწმეს, ექსპერტს ან/და სპეციალისტს გააფრთხილებს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.“.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები:

„11. თუ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციიდან ან მისი არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელ მოსამართლესთან კონსულტაციის შედეგად, გამოარკვევს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხდომის ჩანიშვნის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე ვერ შეძლებს შესაბამისი სასამართლოს აქტის პროექტის წარდგენას, პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე უფლებამოსილია სასამართლოს აქტის პროექტის მომზადება დაავალოს საქმის განმხილველი სასამართლოს სხვა მოსამართლეს და მასთან კონსულტაციის შედეგად ჩანიშნოს სასამართლოს სხდომა.

12. თუ საქმეზე ზეპირი მოსმენით განმწესრიგებელი სხდომის ან/და არსებითი განხილვის დასრულებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელ მოსამართლესთან კონსულტაციის შედეგად გამოარკვევს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხდომის ჩანიშვნის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე ვერ შეძლებს შესაბამისი სასამართლოს აქტის პროექტის წარდგენას, პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე უფლებამოსილია სასამართლოს აქტის პროექტის მომზადება დაავალოს საქმის განმხილველ სხვა მოსამართლეს და მასთან კონსულტაციის შედეგად ჩანიშნოს სასამართლოს სხდომა.

13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების საფუძველზე სასამართლოს სხდომის ჩანიშვნა არ აბრკოლებს მომხსენებელი მოსამართლის მიერ სასამართლოს აქტის პროექტის წარმოდგენას.

14. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ სხდომასთან მიმართებით გამოიყენება ამ მუხლის მე-2-მე-8 პუნქტებით დადგენილი წესი, სასამართლოს სხდომის თავისებურებების გათვალისწინებით.“.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

5. ეს დადგენილება გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

მერაბ ტურავა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

გიორგი თევდორაშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი