საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/3/1773
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 01/03/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016905
2/3/1773
01/03/2024
ვებგვერდი, 19/03/2024
000000000.00.000.016905
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

 საოქმო ჩანაწერი№2/3/1773

ქ. ბათუმი

2024 წლის 1 მარტი

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1773) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1773 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 9 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის პირველ მარტს.

2. №1773 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში“. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, პირს შეუწყდება პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია შეზღუდვა სოციალური პაკეტის მიღებაზე, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, „სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“. ამავე წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იმეორებს ზემოაღნიშნულ დათქმას და განმარტავს, რომ, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, სოციალური პაკეტი შეუწყდებათ პირებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.

5. №1773 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანმა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის შეწყვეტასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირის განმარტებით, საჯარო სამსახურში დასაქმების გამო, მას შეუწყდა სახელმწიფო დახმარება, რომლის ამჟამინდელი ოდენობა შეადგენს 100 ლარს. სახალხო დამცველის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვეტერანს სახელმწიფო დახმარება შეუწყდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-12 მუხლის საფუძველზე.

6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, ვეტერანის კერძო სექტორში დასაქმება არ იწვევს მისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის შეწყვეტას მაშინ, როდესაც საჯარო სექტორში დასაქმება წარმოადგენს აღნიშნული სუბსიდიის შეწყვეტის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ვეტერანთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის შეწყვეტა საჯარო სამსახურში დასაქმების საფუძვლით დისკრიმინაციულია და იწვევს გაუმართლებელ უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. ამავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ სადავო ორი აქტი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ადგენს ვეტერანთათვის დახმარების შეწყვეტის საფუძვლად საჯარო სექტორში საქმიანობის განხორციელებას.

7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, განსახილველ საქმეზე შესადარებელ ჯგუფებს განეკუთვნებიან, ერთი მხრივ, ვეტერანები, რომლებიც დასაქმებულები არიან კერძო სექტორში, ხოლო, მეორე მხრივ, ვეტერანები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს დასაქმების ადგილი.

8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, პირის დასაქმების სფერო, შრომითი აქტივობა, პროფესიული კვალიფიკაცია და სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მის მიერ დასაქმების ადგილის არჩევაზე, არ არის კორელაციაში ვეტერანის საჭიროებებთან და, განსაკუთრებით, ვეტერანთა სოციალური დაცვის სიმბოლურ მიზანთან. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირი შესაძლოა, იღებდეს იდენტურ ანაზღაურებას, ჰქონდეს ანალოგიური შრომითი პირობები და ასრულებდეს ფუნქციურად მსგავს სამსახურებრივ საქმიანობას, ეკისრებოდეს რა იგივე შინაარსის ანდა მოცულობის პასუხისმგებლობა და მუშაობდეს კერძო ან საჯარო ორგანიზაციაში. გამომდინარე აქედან, მოსარჩელე მხარის პოზიციით, იმგვარი საკითხი, როგორიცაა სახელმწიფოსგან გარკვეული ცალმხრივი ფინანსური სარგებლის მიღება, შესადარებელ ჯგუფებს არსებითად თანასწორებად აქცევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ასკვნის, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, ვინაიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ ვეტერანებს სრულად უწყდებათ სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება, სოციალური პაკეტის მნიშვნელობიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, რომელიც თავისი არსით, ერთი მხრივ, ატარებს სიმბოლურ ხასიათს და წარმოადგენს ვეტერანთა სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან დაფასებისა და მათდამი ერთგვარი მადლიერების გამოხატულების ჟესტს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს, შესაბამის პირთა საზოგადოებაში რეაბილიტაციასა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას, აღნიშნული დიფერენცირება უნდა ჩაითვალოს თანასწორობის უფლებაში მაღალი ინტენსივობის ჩარევად და, შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა გადაწყდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით.

9. კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა, თუმცა საბიუჯეტო რესურსის განკარგვის დისკრიმინაციულობაზე მსჯელობისას, საბიუჯეტო რესურსის დაზოგვა არ შეიძლება იყოს შეზღუდვის ლეგიტიმური გამართლება. მოსარჩელის პოზიციით, შეზღუდული საბიუჯეტო რესურსის არსებობის პირობებშიც კი, კანონმდებელი არ თავისუფლდება თანასწორობის უფლებით დაწესებული მოთხოვნებისგან. შესაბამისად, კანონმდებელმა შეზღუდული საბიუჯეტო რესურსი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ არ გამოიწვიოს დისკრიმინაციული მოპყრობა არსებითად თანასწორ პირებს შორის.

10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, სადავო რეგულაციიდან იკვეთება, რომ კანონმდებელი საყოფაცხოვრებო სუბსიდიასა და საჯარო სამსახურში მიღებულ ანაზღაურებას აღიქვამს ერთმანეთის ალტერნატივად. მოსარჩელის მოსაზრებით, მიზანშეუწონელია, საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში, ხელფასი ითვლებოდეს სოციალური ბენეფიტის ჩამნაცვლებლად, ხოლო კერძო სექტორში დასაქმების შემთხვევაში კი, ამგვარ სოციალურ პაკეტს გააჩნდეს განსხვავებული ბუნება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სოციალური პაკეტი, ისევე როგორც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფულადი სახის გასაცემლები, ეფუძნება პირის მიერ გარკვეული ობიექტური კრიტერიუმის დაკმაყოფილებას, რომელიც ხშირად არცაა დამოკიდებული პირის ნება-სურვილზე, არამედ გარემოებებიდან გამომდინარე ხდომილებას წარმოადგენს, ხოლო საჯარო სამსახურში შრომითი ანაზღაურება დაკავშირებულია ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეული შრომის ღირებულებასთან, მის ხარისხსა და ბუნებასთან. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემა პირზე ხდება სახელმწიფოს მიერ სამომავლო მოლოდინების გარეშე მაშინ, როცა საჯარო სამსახურში მიღებული ანაზღაურების მიღება არის ორმხრივი ვალდებულების შემცველი ხელშეკრულების საფუძველზე შემდგარი ურთიერთობა. შესაბამისად, ეს ორი გასაცემელი განსხვავდება ერთმანეთისაგან და ვერ ჩაითვლება ერთმანეთის ალტერნატივად.

11. ამ მიმართულებით, კონსტიტუციურ სარჩელში ასევე ხაზგასმულია, რომ საჯარო სამსახურში ანაზღაურების მიღებისა და სოციალური პაკეტის გაცემის კონსტიტუციური საფუძვლები განსხვავებულია, კერძოდ, პირველი მათგანი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ გარანტიას, ხოლო მეორე, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის მანიფესტაციას.

12. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სოციალური პაკეტით გათვალისწინებული გასაცემლის მიღების მიზნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს შემოსავლის წყაროს, არ არის რელევანტური შრომითი ბაზრის რომელი სფეროდან, კერძო თუ საჯარო სექტორიდან მიიღებს პირი ანაზღაურებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო კერძო დაწესებულებაში მომუშავე ვეტერანს არ უწყვეტს სოციალური დახმარების პაკეტს, არაგონივრულია იმავე ლოგიკის გაუვრცელებლობა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ვეტერანზე.

13. კონსტიტუციურ სარჩელში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ რაოდენობრივად საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ ვეტერანთა სიმცირის გათვალისწინებით, მათი სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა ვერ იქნება განხილული საბიუჯეტო სახსრების იმგვარ ზრდად, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ამდენად, ნათელია, რომ ამგვარ დიფერენცირებას არ გააჩნია ლოგიკური ახსნა. შეუძლებელია, მოიძებნოს დაუძლეველი საჯარო ინტერესი, რომელიც სადავო ნორმებით დადგენილ დიფერენცირებას გაამართლებდა.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც დადგენილია, რომ სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება ვეტერანთა მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

15. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1773 კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში“, ხოლო ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, პირს შეუწყდება პენსიის გაცემა შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება მათ მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

3. დასახელებულ ნორმებში სადავო ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის საილუსტრაციოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახალხო დამცველისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელშიც მოსარჩელის განცხადებით, განმარტებული იყო, რომ საჯარო სამსახურში დასაქმების გამო, ვეტერანს სოციალური დახმარების მიღება შეუწყდა, მათ შორის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე.

4. განსახილველ საკითხთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, დამოუკიდებლად არის მოწესრიგებული სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიღების საფუძვლები, ისევე როგორც მათი ვერმიღების/შეწყვეტის წესი. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მომენტისათვის, ვეტერანის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება, როგორც სოციალური პაკეტის მიღების უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელი გარემოება და აღნიშნული პაკეტის მიღების შეწყვეტის საფუძველი, განსაზღვრულია „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ იმ ნორმებით, რომლებიც ამავე კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, ხოლო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით, იგივე პირობა, კერძოდ, საჯარო საქმიანობის განხორციელება, განხილულია, როგორც პენსიაზე უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელი და პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი გარემოება.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო პენსია არის პირისათვის კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი, რომლის მიღების პირობები განსხვავდება სოციალური პაკეტის დანიშვნის პირობებისაგან. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმების რეგულირების სფეროს წარმოადგენს პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელი და წარმოშობილი უფლების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძვლის განსაზღვრა. კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, აშკარაა, რომ ეს ნორმები, საკუთარ თავში არ მოიაზრებს ვეტერანთათვის სოციალური პაკეტით გათვალისწინებული გასაცემლის რეგულირებასთან დაკავშირებულ დათქმებს, მათ შორის, არ განსაზღვრავს არც ამგვარი პაკეტის მიღების შემზღუდველ ან გაცემული პაკეტის შეწყვეტის საფუძვლებს, რომლებიც დამოუკიდებლად წესრიგდება გასაჩივრებული დადგენილების შესაბამისი ნორმებით.

6. თავის მხრივ, ისიც ნათელია, რომ №1773 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის და არა პენსიის მიღების შეწყვეტას. აღნიშნულზე დამატებით მეტყველებს ის გარემოებაც, რომ კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ვეტერანი, რომელმაც მიმართა სახალხო დამცველს, ასაჩივრებდა სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების შეწყვეტას, რომლის ოდენობაც განისაზღვრებოდა თავდაპირველად 22, ამჟამად კი, 100 ლარით, რაც ემთხვევა სწორედ სადავო დადგენილებით ვეტერანებისთვის განსაზღვრული სოციალური პაკეტის და არა სახელმწიფო პენსიის ოდენობას.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დებულებებიდან, რომლებიც აწესრიგებს პენსიის ვერმიღების/შეწყვეტის საფუძვლებს, არ გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული შეზღუდვა, კერძოდ, საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის ვერმიღების/შეწყვეტის მარეგულირებელი წესი. სადავო ნორმები არეგულირებს სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს, რაც მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს. ამრიგად, მოსარჩელე სადავო ნორმებს ანიჭებს ისეთ შინაარსს, რომელიც მათ არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა, ამ თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, დამატებით აღნიშნავს, რომ გარდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონკრეტულ წერილზე მითითებისა, №1773 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები ან ავტორიტეტული ორგანოს პრაქტიკა, რომელიც დაარწმუნებდა საკონსტიტუციო სასამართლოს, შეზღუდვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმებიდან მომდინარეობის შესახებ.

9. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1773 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1773 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1773 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1773 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში