დავით ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ

დავით ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/3/1672
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 01/03/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016901
2/3/1672
01/03/2024
ვებგვერდი, 19/03/2024
000000000.00.000.016901
დავით ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

 მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/3/1672

2024 წლის 1 მარტი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე  სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: დავით ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №189 განკარგულებისა და ამავე განკარგულების დანართით დამტკიცებული „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1672) მომართა დავით ანანიძემ. №1672 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 27 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის პირველ მარტს.

2. №1672 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №189 განკარგულებით დამტკიცებული პროგრამით დადგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძის დასახლებაში ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და შესაბამისი კომპენსაციის სპეციალური პირობები და წესი, რომლებიც მოქცეულია კურორტ გოდერძის განაშენიანების რეგულირების გეგმაში. პროგრამის მიზანია აღნიშნულ დასახლებაში ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, დასახლებებში მიწის ათვისებისა და მისი სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის წახალისება. სამინისტროს გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირზე კომპენსაციის გაცემას უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო სამინისტროსა და ინვესტორს შორის მიღწეული შეთანხმების შემთხვევაში – ინვესტორი.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება სისხლის სამართლის, სასჯელაღსრულების, სამოქალაქო სამართლის, ინტელექტუალური საკუთრების, ადმინისტრაციული სამართლის, შრომის სამართლის, საპროცესო კანონმდებლობა; მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა; ფარმაცევტული საშუალებების კანონმდებლობა; კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების, აკრედიტაციისა და აკადემიური ხარისხების შესახებ; კანონმდებლობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი კი განამტკიცებს საკუთრების უფლებას, ასევე განსაზღვრავს მისი შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლებსა და წესს.

5. №1672 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ დამტკიცებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ კურორტის განაშენიანების ზონაში მცხოვრები მოსახლეობისათვის და მათ მფლობელობაში არსებული ქონების გამოსასყიდად შექმნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ალტერნატივა. მოსარჩელის პოზიციით, ხსენებული პროგრამით დადგენილია რიგი საკითხები, მათ შორის, კურორტ გოდერძის განაშენიანების ზონაში მცხოვრები მოსახლეობის თუ რომელ ნაწილს შეუძლია, მიიღოს კომპენსაცია ქონების გამოსყიდვის სანაცვლოდ, ასევე, თუ რა რაოდენობით უნდა გაიცეს კომპენსაცია მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ქონების, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებისთვის და თვითნებურად დაკავებული მიწის გამოსყიდვისთვის. მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელიც თანახმაა პროგრამით სარგებლობაზე, ფორმდება ხელშეკრულება. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კურორტ გოდერძზე მდებარე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აქვს კომუნიკაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, რის შედეგადაც, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები გოდერძზე არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელებს/მესაკუთრეებს უქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან აღიარებისათვის.

6. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ისარგებლა იმ ფაქტობრივი მდგომარეობით, რომ აჭარაში მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული მამაპაპისეული მიწის ნაკვეთები, რამაც შესაძლებლობა მისცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, გადაეფორმებინა ფიზიკური პირების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწები. ამასთანავე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შეითავსა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ფუნქციები ექსპროპრიაციის უფლებების თაობაზე.

7. მოსარჩელის პოზიციით, კურორტის მოსახლეობა ვერ სარგებლობს უძრავ ქონებაზე დაწესებული ამა თუ იმ შეღავათებით და ვერ ხდებიან უძრავი ქონების მესაკუთრეები მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი ცხოვრობენ საკურორტო ზონაში. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება სხვა დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შედარებით. იგი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტით, თანაბრად ირღვევა როგორც მესაკუთრის, ასევე მართლზომიერი მფლობელის, მოსარგებლის და თვითნებურად დაკავებული მიწის მფლობელის უფლებები. მისი აზრით, სადავო აქტი საკუთრების მაძიებელ სუბიექტს ფაქტობრივ ბარიერს უქმნის საკუთრების უფლების მოპოვებაზე. ამასთან, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საკუთრების უფლებაში ჩარევა ხდება სხვა, მესამე პირების სასარგებლოდ.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და მე-19 მუხლს. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ იგი შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.

2. საყურადღებოა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „actio popularis“ შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე, უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა, მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რელევანტური კანონმდებლობა აღჭურავს უფლებამოსილებით, წარმოებაში მიიღოს კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადავო საკანონმდებლო აქტი ან მისი ნაწილი ზღუდავს უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს. ამგვარი ზოგადი წესი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სპეციფიკის გათვალისწინებით, მათ შორის, ვრცელდება მაშინ, როდესაც მოსარჩელე დავობს იმ პირთა უფლებების დარღვევაზე, რომელთა უფლებების დაცვა მისი პროფესიული საქმიანობის ნაწილია. კანონმდებლობით უშუალოდ გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს ინდივიდუალურ კონსტიტუციურ სარჩელს, თუ მოსარჩელე ვერ უთითებს, რომ სავადო ნორმას კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით აქვს უფლების შეზღუდვის უშუალო და ინდივიდუალური ეფექტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №2/5/1654 განჩინება საქმეზე „ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

4. №1672 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №189 განკარგულებისა და ამავე განკარგულებით დამტკიცებული პროგრამის კონსტიტუციურობას. ხსენებული განკარგულებითა და პროგრამით დადგენილია ხულოს მუნიციპალიტეტ კურორტ გოდერძის დასახლებაში ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კომპენსაციის სპეციალური პირობები და წესი, რომელიც მოქცეულია კურორტ გოდერძის განაშენიანების რეგულირების გეგმაში.

5. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სადავო განკარგულებითა და შესაბამისი დანართით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კურორტ გოდერძზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და კომპენსაციის შესახებ, პირთა კონკრეტული წრის – კურორტ გოდერძზე მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მფლობელების მიმართ. №1672 კონსტიტუციურ სარჩელზე და თანდართულ მასალებზე დაყრდნობით, არ იკვეთება, რომ მოსარჩელე ფიზიკურ პირს საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი. ამავდროულად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო ნორმატიული აქტის საფუძველზე, განხორციელდა ჩარევა უშუალოდ მის ინტერესსა ან უფლებაში. გასაჩივრებული რეგულაციის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელე აპელირებს სხვა, კურორტ გოდერძზე მცხოვრებ პირთა მიმართ არსებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელთა წარმომადგენლობას თავად ახორციელებდა.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი, არამედ სხვა პირების, კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელების/მესაკუთრეების უფლებების დასაცავად. შესაბამისად, №1672 კონსტიტუციური სარჩელი არის „actio popularis“ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1672 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

ლეგიის წევრები:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში