ინომჯონ ბუვამირზაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ინომჯონ ბუვამირზაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/2/1661
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 01/03/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016900
2/2/1661
01/03/2024
ვებგვერდი, 19/03/2024
000000000.00.000.016900
ინომჯონ ბუვამირზაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/2/1661

2024 წლის 1 მარტი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ინომჯონ ბუვამირზაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1661) მომართა ინომჯონ ბუვამირზაევმა. №1661 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 26 ნოემბერს. №1661 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის პირველ მარტს.

2. №1661 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143–14310 მუხლების დებულებები, კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების მარეგულირებელი ნორმები.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს დაცვის უფლებას.

5. №1661 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელიც, ამასთანავე, მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მოსარჩელე განმარტავს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, საექსპერტო კვლევების უზრუნველყოფის მიზნით, ესაჭიროება დანაშაულის ადგილთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერიდან, მტკიცებულების სახით, ვიდეოჩანაწერის ამოღება. საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, თუმცა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ დანაშაული, რომლის ჩადენაშიც მოსარჩელეს ედება ბრალი, არ არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც და ანალოგიურ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი განჩინების გაუქმებისა და საგამოძიებო მოქმედებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

6. №1661 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დაცვის მხარეს არ აძლევს შესაძლებლობას, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, კომპიუტერული სისტემიდან დაცვის მხარისათვის სასარგებლო ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვაზე, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დანაშაულის ფაქტზე. მოსარჩელის აზრით, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება დაცვის მხარისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი – მოცემულ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

7. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლში მითითებული ზოგიერთი დანაშაულისათვის დადგენილია გაცილებით მსუბუქი სასჯელი, ვიდრე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენაც მოსარჩელეს ედება ბრალად. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული რეგულაციით არაპროპორციულად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებები.

8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმის კონსტიტუციურობა უკვე შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, თუმცა ხსენებულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, სასამართლო კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტად განიხილავდა მხოლოდ პროკურორს.

9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

10. №1661 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მისი განმარტებით, გასაჩივრებული რეგულაციით, მას შეეზღუდა კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლება. თავის მხრივ, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი, ორი თვის გასვლის შემდგომ, ექვემდებარება წაშლას, რამდენადაც არ ხდება მისი დაარქივება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მოკლებული იქნება მისთვის რელევანტური მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობას.

11. მოსარჩელე მხარე აგრეთვე შუამდგომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.

2. №1661 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან დოკუმენტის შენახვის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისა და შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების მიღების პროცესზე ვრცელდებოდა ამავე კოდექსის 143–14310 მუხლების დებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143–14310 მუხლები, თავის მხრივ, განსაზღვრავს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესსა და პრინციპებს. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის თანახმად, პროკურორის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს, მათ შორის, ის გარემოებები, რომ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, ან 1433 მუხლში ჩამოთვლილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებითა და თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე. მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც დაცვის მხარეს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის კომპიუტერული სისტემიდან დაცვის მხარისათვის სასარგებლო ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვაზე, მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობდა ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დანაშაულის ფაქტზე.

4. აღსანიშნავია, რომ №1661 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 24 მაისის №1575-VIIIმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმა ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან. ხსენებული კანონის გამოქვეყნებისა და ამოქმედების თარიღია 2022 წლის 6 ივნისი. ამრიგად, განსახილველ საქმეზე გასაჩივრებულმა ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში №1661 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა ამავე სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის „არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, სადავო ნორმის ძალადაკარგულობის პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რაც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი და შემდგომში ძალადაკარგული ნორმის არსებითად მსგავსი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც იწვევს მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებებით გარანტირებული ძირითადი უფლებების შეზღუდვას.

6. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის 2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის პროცესზე ვრცელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების მარეგულირებელი მუხლების დებულებები. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 24 მაისის საქართველოს კანონით, სადავო ნორმა სრულად ამოღებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან, რომლის შედეგადაც, კომპიტერული სისტემებიდან ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებელ წინაპირობას აღარ წარმოადგენს ამავე კოდექსის 143–14310 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. ამასთანავე, დასახელებული ცვლილების შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათში დასაბუთებულია სადავო ნორმის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან ამოღების მიზანი და მოტივაცია. კერძოდ, განმარტებითი ბარათის თანახმად, „ასეთი სამართლებრივი მოწესრიგება და ის მოცემულობა, რომ ცალკეულ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე არ ვრცელდება კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვის მექანიზმი, გაუმართლებელ დაბრკოლებას უქმნის გამოძიების ეფექტიანობას“.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ №1661 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა, ერთი მხრივ, ძალადაკარგულია, ხოლო, მეორე მხრივ, თავად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლი, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის/დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებასთან მიმართებით, წინაპირობად აღარ ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედების მარეგულირებელი დებულებების გავრცელების აუცილებლობას. სხვაგვარად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის ფარგლებში, სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, მოსარჩელეს გააჩნია შესაძლებლობა, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით კომპიუტერული სისტემიდან დაცვის მხარისათვის სასარგებლო ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვაზე, მათ შორის, მაშინაც კი, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დანაშაულის ფაქტზე. ამრიგად, ნათელია, რომ აღარ არსებობს სადავო ნორმის ის მოქმედი რედაქცია, რომელიც გაიმეორებს გაუქმებული სადავო ნორმის არსებითად მსგავს შინაარსს, რაც განაპირობებს მოსარჩელის უფლების შეზღუდვის განგრძობად ხასიათს და მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე.

8. ამასთან, ირკვევა, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, გამოკვლეულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ის ვიდეოჩანაწერი, რომლის გამოთხოვასაც ითხოვდა იგი. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის (საქმე №1-1284/21) განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის 30-ე პარაგრაფის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო ყველა საექსპერტო კვლევა, იყო შემთხვევის ადგილთან მდებარე „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურის კამერის ჩანაწერი, რომელზეც ავტოსაგზაო შემთხვევაა ასახული. ბრალდების მხარემ, იმ დროს მოქმედი საკანონმდებლო შეზღუდვის პირობებში, მხოლოდ ჩანაწერის დათვალიერების ოქმი მოიპოვა და წარადგინა სასამართლოში, მტკიცებულების სახით. ხოლო დაცვის მხარემ, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მოიპოვა უშუალოდ ვიდეო-ჩანაწერი (შეზღუდვის მიუხედავად, თუმცა სასამართლოს ნებართვის პირობებში), რომელიც გაუცვალა მხარეებს და დაცვის მხარის ორივე წარმომადგენლის მიერ დანიშნული ავტოტექნიკური ექსპერტიზები უშუალოდ ამ ჩანაწერის შესწავლის საფუძველზე ჩატარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელის მიმართ დამდგარ განაჩენზე ზემოქმედება არ მოუხდენია სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ საქმისწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით ინტერესის დაფიქსირება, რელევანტური არ არის, რაც, ერთმნიშვნელოვნად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას. შესაბამისად, №1661 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.

10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაფარვა/დაცვა არ წარმოადგენს თვითმიზნურ ღონისძიებას. საქართველოს კონსტიტუცია, ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევაში, მოსარჩელის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, უშვებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის შესაძლებლობას იმ პირობით, რომ დადგენილ იქნება სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, მოსარჩელის ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე, საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31). აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა გარემოებები ან/და იდენტიფიცირებადი საფრთხეები განაპირობებს მოსარჩელის ინტერესს პერსონალურ მონაცემთა დაფარვის ან სხვაგვარად დაცვის თაობაზე. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, განსახილველი საქმის შემთხვევაში, ვერ ხედავს მოსარჩელე მხარის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის იმგვარ საჭიროებას, რომელიც გადაწონიდა საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის საჯარო ინტერესს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების პერსონალური მონაცემების დაფარვის ან/და სხვაგვარად დაცვის თაობაზე.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. შეწყდეს საქმე №1661 კონსტიტუციურ სარჩელზე („ინომჯონ ბუვამირზაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში