არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე

არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016719
5/2024
18/03/2024
ვებგვერდი, 19/03/2024
010190020.15.008.016719
არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №5/2024

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-40 მუხლის მე-11 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მიზანს წარმოადგენს არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის პროცედურების განსაზღვრა.

2. არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის მიზნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია სამუშაო დღის 18:00 საათამდე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაარჩევნო პერიოდი – კალენდარული წელი, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდეექსი) განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა;

ბ) კალენდარული წელი – დროის მონაკვეთი რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

გ) საარჩევნო კომისია – ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები;

დ) დამკვირვებელი ორგანიზაცია – ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია;

ე) ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია – ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია;

ვ) საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია – ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია.


მუხლი 3. დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაცია
1. ამ დადგენილებით განსაზღვრულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დამკვირვებლების წარდგენის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, რასაც ცესკოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამოწმებს საარჩევნო კოდექსის მე-40 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, მისამართის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

2. ადგილობრივ დამკვირვებელთა რეგისტრაციის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს ცესკოს განკარგულებით დადგენილი ფორმით და შინაარსით. წარდგენილ სიაში შეყვანილი ადგილობრივი დამკვირვებლები უნდა აკმაყოფილებდნენ საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ამ დადგენილებით განსაზღვრულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ შესაბამის საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს მდივანს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაცია და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. საერთაშორისო დამკვირვებელთა დანიშვნის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების შესახებ ინფორმაცია საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს ცესკოს განკარგულებით დადგენილი ფორმით და შინაარსით.

4. შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის  წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.


მუხლი 4. დამკვირვებლის მოწმობის მოქმედების ვადა და ფორმა
1. დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლის მოწმობის მოქმედების ვადაა ერთი კალენდარული წელი.

2. საარჩევნო პერიოდში დამკვირვებლის მოწმობის მოქმედება ჩერდება და მისი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლის მოწმობის მოქმედების ვადით.

3. დამკვირვებლის მოწმობის მოქმედება საკრებულოს შუალედური არჩევნების/მერის/საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დროს ჩერდება მხოლოდ ცესკოსა და იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში, სადაც ასეთი არჩევნები იმართება და განახლდება შესაბამისი საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან დამკვირვებლის მოწმობის მოქმედების ვადით.

4. დამკვირვებლის მოწმობის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით. ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

5. დამკვირვებლის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ახალი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება 2 სამუშაო დღის ვადაში.


მუხლი 5. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრება და საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება
1. არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წარდგენილმა და შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულმა დამკვირვებელმა.

2. არასაარჩევნო პერიოდში შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს მხოლოდ:

ა) შესაბამის საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს;

ბ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.


მუხლი 6. დამკვირვებელთა დამატება/უფლებამოსილების შეწყვეტა
1. არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დაამატოს დამკვირვებელი ან შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება.

2. დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებლების წარდგენა/უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელია ამ დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით.

3. დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ დამკვირვებლის ცვლილების შემთხვევაში დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 2 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.