არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ

არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016718
4/2024
18/03/2024
ვებგვერდი, 19/03/2024
010190020.15.008.016718
არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №4/2024

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მიზანს წარმოადგენს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის პროცედურების განსაზღვრა.

2. არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის მიზნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია სამუშაო დღის 18:00 საათამდე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაარჩევნო პერიოდი – კალენდარული წელი, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა;

ბ) კალენდარული წელი – დროის მონაკვეთი რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

გ) საარჩევნო კომისია – ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები;

დ) საარჩევნო სუბიექტი – ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებული პარტია.


მუხლი 3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაცია
1. ამ დადგენილებით განსაზღვრულმა საარჩევნო სუბიექტმა ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრულმა საარჩევნო სუბიექტმა საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს მდივანს.

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, რასაც ცესკოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 142-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

4. ცესკოს თავმჯდომარე/ცესკოს მდივანი ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში 2 სამუშაო დღის ვადაში განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და გასცეს წარმომადგენლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.


მუხლი 4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადა და ფორმა
1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადაა ერთი კალენდარული წელი.

2. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედება ჩერდება და მისი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადით.

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედება საკრებულოს შუალედური არჩევნების/მერის/საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დროს ჩერდება მხოლოდ ცესკოსა და იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში, სადაც ასეთი არჩევნები იმართება და განახლდება შესაბამისი საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადით.

4. საარჩევნო წელს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, შესაბამისი არჩევნების დანიშვნამდე რეგისტრაციის შემთხვევაში ჩერდება ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ დადგენილების შესაბამისად, ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედება და განახლდება შესაბამისი საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის მოქმედების ვადით.

5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით და ძალაშია საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

6. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ცესკოს/შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ახალი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება 2 სამუშაო დღის ვადაში.


მუხლი 5. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრება და საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება
1. არასაარჩევნო პერიოდში კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნულმა და შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულმა წარმომადგენელმა.

2. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ დადგენილების შესაბამისად.

3. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არასაარჩევნო პერიოდში ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნოს მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი. ცესკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.

4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის 21 და 22 პუნქტების მოთხოვნებს.

5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი სხვა უფლებებით.


მუხლი 6. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დანიშვნა/შეცვლა/უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი.

2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმომადგენლის დანიშვნა/გამოწვევა/შეცვლა შესაძლებელია ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით.

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია აცნობოს ცესკოს თავმჯდომარეს/ცესკოს მდივანს რის თაობაზეც 2 სამუშაო დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარე/ცესკოს მდივანი გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.