„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016716
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2/2024
18/03/2024
ვებგვერდი, 19/03/2024
010190030.15.008.016716
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/03/2024 - 10/07/2024)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2/2024

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ცესკოს სხდომა

1. ცესკოს სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ ან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თავმჯდომარის მოადგილის მოთხოვნით.

2. ცესკო ვალდებულია სხდომის გამართვის წინა დღეს თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების დროისა და დღის წესრიგის პროექტის თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესებიდან გამონაკლისები დასაშვებია საარჩევნო პერიოდში. ამ შემთხვევაში ცესკო ვალდებულია, სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის პროექტის თაობაზე.

4. სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს ცესკოს მდივანი.

5. ცესკოს სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტები.

6. ცესკოს სხდომის დღემდე, არაუგვიანეს 24 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), ცესკოს მდივნის აპარატი ვალდებულია სხდომაზე განსახილველი დადგენილებების და/ან განკარგულებების პროექტები ელექტრონული ფოსტით გასაცნობად წარუდგინოს ცესკოს წევრებს. საარჩევნო პერიოდში დადგენილებების და/ან განკარგულებების პროექტები ცესკოს წევრებს გასაცნობად უნდა წარედგინოს სხდომის გამართვამდე მაინც.

7. ცესკოს სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თავმჯდომარის მოადგილე.

8. ცესკოს სხდომას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა ესწრებიან აპარატის სტრუქტურული ერთეულების/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელები, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი და პრესსპიკერი, საჭიროებისამებრ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, შესაბამისი განყოფილებების უფროსები და სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განსახილველად, სხდომაზე საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.

9. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

10. საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა არის საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთა რაოდენობის ჯამი, რომლებსაც, ამავე კოდექსის შესაბამისად, მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება.

11. როგორც წესი, ცესკოს წევრები ცესკოს სხდომაზე დასწრებას და კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ადასტურებენ.

12. ცესკოს სხდომაზე ცესკოს წევრის დასწრების ფაქტი დასტურდება ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციის გავლით.

13. სხდომის დაწყებამდე ცესკოს მდივნის აპარატის და საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების შესაბამისი თანამშრომლები, ასევე ცესკოს წევრები ვალდებულნი არიან, შეამოწმონ ელექტრონული სისტემის ტექნიკური ან/და პროგრამული გამართულობა. ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში ცესკოს შესაბამისმა თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრა, ხოლო ცესკოს წევრებმა ამის შესახებ უნდა განაცხადონ დაუყოვნებლივ.

14. ელექტრონული სისტემის ტექნიკური შეფერხებისას სხდომის თავმჯდომარე ან აცხადებს შესვენებას აღნიშნული შეფერხების აღმოსაფხვრელად ან/და იღებს სხვა გადაწყვეტილებას.

15. ცესკოს გასვლითი სხდომების დროს ელექტრონული სისტემა არ გამოიყენება.

16. ელექტრონული სისტემის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცესკოს წევრები ცესკოს სხდომაზე დასწრებას და კენჭისყრაში მონაწილეობას ადასტურებენ რეგისტრაციის ფურცელზე ხელმოწერით.

17. ცესკოს წევრს უფლება აქვს, დღის წესრიგის დამტკიცებამდე, მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი არ მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტას, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, არ დააყენოს საკითხი კენჭისყრაზე და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის კომისიაზე შეტანის დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ განხილვის შესახებ.

18. ცესკოს ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იმავე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს, მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. ცესკოს სხდომაზე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ ამ მუხლით დადგენილი წესით.

19. საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და სტრუქტურული ერთეულების  ხელმძღვანელებს, როგორც განსახილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა.

20. კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, ცესკოს წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს, შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთი და იმავე საკითხზე, ერთი და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.

21. ცესკოს სხდომაზე განცხადების/საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ ზეპირ მოსმენაში ან სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების დროს, განმცხადებლის/მომჩივნის, თავად ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტის ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების მიერ სხდომაზე საკუთარი პოზიციების გადმოცემისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში საკუთარი მოსაზრებების ზეპირად წარმოდგენისათვის მხარეს უნდა მიეცეს დრო, რაც მისცემს მას გონივრულ შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი ან მისი მარწმუნებლის პოზიცია.

22. მხარე უფლებამოსილია, მის მიერ წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში, წინასწარ მიუთითოს იმ დროის გონივრული ოდენობა, რაც მას დასჭირდება საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად გამართულ ზეპირ მოსმენაზე ან/და სხდომაზე გამოსვლის წინ მოითხოვოს დროის კონკრეტული ოდენობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. აღნიშნული დროის შემცირება დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის მიერ, თუ მხარე მის მიერ მოთხოვნილ დროს იმდაგვარად იყენებს, რომ აღნიშნული აშკარად ემსახურება საკითხის განხილვის ვადებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის გაჭიანურებას ან/და წარმოშობს მისი განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევის საშიშროებას.

23. ამ მუხლით დადგენილი დროის ამოწურვის შემდგომ, წინადადების შეწყვეტის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელს მიეცემა იმდენი დრო დამატებით, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ დასრულებულ იქნეს წარმოთქმული წინადადება.

24. სხდომაზე, საკითხის განხილვის პროცესში, მხარეებისათვის და მხარის მიერ  კითხვების დასმა და მათზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

25. ცესკოს სხდომის მიმდინარეობისას, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება გამოცხადდეს შესვენება.

26. სხდომის მიმდინარეობისას ცესკოს მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკო, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს ცესკოს თავმჯდომარე.

27. სხდომაზე საკითხის განხილვისას ცესკოს სხდომათა დარბაზში დამონტაჟებულ სპეციალურ მონიტორზე გამოისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) კენჭისყრაში მონაწილე ცესკოს წევრთა რაოდენობა;

ბ) კვორუმი სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;

გ) სხდომაზე განხილული საკითხის მომხრე და წინააღმდეგი ცესკოს წევრთა რაოდენობა, ასევე იმ წევრთა რაოდენობა, რომლებმაც თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან;

დ) საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

28. ცესკოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციის სახით, აუდიო-ვიდეო ჩაწერის რეჟიმში, ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელის გვერდზე და სხდომის სრული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, როგორც სხდომის ოქმის შემადგენელი ნაწილი, სხდომიდან 1 დღის ვადაში ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე.

29. გამონაკლის შემთხვევებში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია არ განხორციელდეს სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია, მათ შორის, გასვლითი სხდომების გამართვისას და თუ სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია ტექნიკურად შეუძლებელია, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ სხდომა წარიმართა დახურულ რეჟიმში.

30. ცესკოს სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს ცესკოს მდივნის აპარატი და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

31. ცესკოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) სხდომის ოქმის ნომერი, სხდომის გამართვის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი;

ბ) სხდომის დაწყების დრო;

გ) სხდომაში მონაწილე და სხდომაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი და სტატუსი;

დ) სხდომის დღის წესრიგის პროექტი;

ე) დამტკიცებული სხდომის დღის წესრიგი;

ვ) სხდომაზე განსახილველი საკითხები და მიღებული სამართლებრივი აქტები;

ზ) სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლების მქონე პირთა მიერ გამოთქმული აზრები/მოსაზრებები/ალტერნატიული წინადადებები, საოქმო ჩანაწერები და სხვა, რომელიც დაფიქსირდა ტექნიკური საშუალებით (მიკროფონი), ერთვის ოქმს მხოლოდ აუდიო-ვიდეო ჩანაწერის სახით;

თ) კენჭისყრის/სახელობითი კენჭისყრის შედეგები, მათ შორის, ამ მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

32. ცესკოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

33. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ცესკოს მდივნის აპარატი ელექტრონული ფორმით უგზავნის ცესკოს წევრებს/დეპარტამენტებს. ასევე გადაწყვეტილებების ასლებს, მოთხოვნისთანავე, გადასცემს დაინტერესებულ მხარეებს.“.

2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. კენჭისყრა

1. თითოეულ საკითხზე, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ, ცესკოს წევრები გადიან რეგისტრაციას.

2. კენჭისყრა ტარდება ხელის აწევით ან კენჭისყრის ელექტრონული სისტემით, აგრეთვე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში იმართება სახელობითი კენჭისყრა.

3. ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის დროს, ცესკოს წევრი, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რეგისტრაციას გადის და ხმას აძლევს პირადად, სხდომის დარბაზში საკუთარი ადგილიდან,  ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ღილაკის მონიშვნით.

4. ცესკოს წევრის მიერ კენჭისყრის დროს საკუთარი ნების გამოხატვის ფორმებია: მომხრე, წინააღმდეგი ან თავი შეიკავა.

5. ყოველი კენჭისყრის წინ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას.

6. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე საკითხს აყენებს წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.

7. თუ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა:

ა) სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო ცესკოს წევრთა შესაბამისმა რაოდენობამ, სხდომის თავმჯდომარე სხდომას დასრულებულად აცხადებს;

ბ) კენჭისყრისათვის საჭირო ცესკოს წევრთა რაოდენობამ, კენჭი ეყრება სხდომის დღის წესრიგში რიგით მომდევნო საკითხს.

8. თუ ცესკოს სხდომაზე საკითხმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ამ შემთხვევაში საკითხს/საკითხებს, რომელიც გამომდინარეობს აღნიშნული საკითხიდან, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კენჭი არ ეყრება.

9. ცესკოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ცესკო გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.

10. ხმათა თანაბრად გაყოფისას სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.

11. ცესკოს სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სხვა რამ არ არის დადგენილი.

12. ცესკოს იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ცესკოს გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ, წერილობით გამოთქვან განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია, პატივი სცეს და დაემორჩილოს ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

13. კენჭისყრის შედეგები, მათ შორის, სახელობითი კენჭისყრის შედეგები, ცესკოს სხდომის ოქმთან ერთად ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
დაევალოს ცესკოს მდივნის აპარატს (დეპარტამენტს) (ლ. კიკნაძე), არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა, ცესკოს წევრებისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის გამოყენების სახელმძღვანელო ინსტრუქციის შემუშავება.
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად ცესკოს სხდომის საპილოტე რეჟიმში გამართვა შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით 2024 წლის 1 აგვისტომდე.
მუხლი 5
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 6
ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი აგვისტოდან.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი