„სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 12/03/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016331
61
12/03/2024
ვებგვერდი, 12/03/2024
310150000.54.066.016331
„სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №61

2024 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი მე-17 დანართის, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 98-ე მუხლის მე-6 ნაწილის,  „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის  №556 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული  „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანება.
მუხლი 3
საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია ამ წესის ამოქმედებამდე, ინარჩუნებს იურიდულ ძალას ვადის ამოწურვამდე, ხოლო იმ სერტიფიკატის, რომლის ვადაც იწურება 2024 წლის პირველ ივნისამდე, მოქმედების ვადა გაგრძელდება არაუმეტეს 2024 წლის პირველი ივნისისა.
მუხლი 4
ა) ბრძანება, გარდა „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ პირველი მუხლის  მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

ბ) „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“ პირველი მუხლის  მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი



სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა

თავი I
ზოგადი დებულებები, სააგენტოს უფლებამოსილება, ავიასაწარმოების  უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია, საავიაციო უშიშროების დონის გაუმჯობესება და შენარჩუნება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომ – „სახელმწიფო პროგრამა“) განსაზღვრული პირების და სხვა პერსონალის შერჩევის, მომზადების,  შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების, ვადის გაგრძელების, შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირების გზით.

2. პროგრამა ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ  ყველა იმ საწარმოსა და მის პერსონალზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან  (აეროდრომის ექსპლუატანტის,  ავიაგადამზიდველი/ექსპლუატანტის, სატვირთო ტერმინალის, საწვავ-გასამართი საწარმოს,  რეგულირებადი/ცნობილი  მიმწოდებლის, ბორტკვების საწარმოს, აეროდრომის მოიჯარე საწარმოს, საჰაერო ხომალდის დასუფთავების სამსახურის, საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს პერსონალი, საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირი და სხვა).

3. პროგრამა  განსაზღვრავს:

ა) ავიასაწარმოს ვალდებულებებს მასში დასაქმებულ პირთა საავიაციო უშიშროების კუთხით მომზადების უზრუნველსაყოფად;

ბ)  საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის კრიტერიუმებს, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის და სხვა პერსონალის მომზადების მოთხოვნებს;

გ) შემოწმების ოპერატორის სერტიფიცირების და სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების, ვადის გაგრძელების პირობებს;

დ) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის სერტიფიცირების და სერტიფიკატის გაცემის,  მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების, ვადის გაგრძელების პირობებს;

ე)  მომზადების   ხანგრძლივობას, პერიოდულობას და შინაარსს;

ვ) უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორის (შემდგომში – უცხო ქვეყნის ინსტრუქტორი) აღიარების, უცხო  ქვეყნის პროგრამის აღიარების მოთხოვნებს. 

4. პროგრამა შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი მე-17 დანართის, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 98-ე მუხლის მე-6 ნაწილის, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  ოფიციალური გამოცემის Doc 8973, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემის Doc 30 საფუძველზე. 

5. პირს არ აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება სამოქალაქო ავიაციის სფეროში, თუ მას არა აქვს გავლილი ამ პროგრამით დადგენილი მიღებისა და შერჩევის პროცედურები და არ გააჩნია  შესაბამისი  მომზადება.

6. პირს არა აქვს შემოწმების ოპერატორის უფლებამოსილების განხორციელების უფლება, თუ მას არ გააჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაცემული შემოწმების ოპერატორის მოქმედი სერტიფიკატი. 

7. პირს არა აქვს  საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის უფლებამოსილების განხორციელების უფლება, თუ მას არ გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის მოქმედი სერტიფიკატი/არ არის აღიარებული სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად. 

8. ამ პროგრამით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს სააგენტო.   


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ პროგრამის მიზნებისათვის,  პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავიასაწარმო – საწარმო, რომლის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან;

ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი – ყველა ის პირი, რომელიც ჩართულია სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფაში:

ბ.ა) სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პერსონალი;

ბ.ბ)  შემოწმების ოპერატორები;

ბ.გ) ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირები,  საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ცვლის უფროსები;

ბ.დ) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორები;

ბ.ე) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები,  ავიასაწარმოს ხარისხის შიდა კონტროლის, რისკის შეფასების განმახორციელებელი პირები;

გ) სხვა პერსონალი – სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები, გარდა საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა;

დ) ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირი – სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი და ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი.

2. მომზადების პროგრამაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსითა და „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის  29 დეკემბრის №556 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა. 


მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილება
სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ითანხმებს   ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებულ  საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა და სხვა პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების საკითხებს;

ბ)  კონსულტაციებს უწევს ავიასაწარმოებს  საავიაციო უშიშროების სფეროში  მომზადების საკითხების შემუშავების მიზნით;

გ) ახორციელებს შემოწმების ოპერატორების  სერტიფიცირებას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას,  ვადის გაგრძელებას, სერტიფიკატის გაუქმებას და აწარმოებს სერტიფიცირებული შემოწმების ოპერატორებისა და საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების უწყებრივ რეესტრს;

დ) ახორციელებს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის ვადის შეჩერებას,  ვადის გაგრძელებას, სერტიფიკატის გაუქმებას და აწარმოებს სერტიფიცირებული შემოწმების ოპერატორებისა და საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების უწყებრივ რეესტრს;

ე) ახორციელებს უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორის აღიარებას/უცხო ქვეყნის პროგრამის აღიარებას;

ვ) შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების პრაქტიკული სწავლების პროგრამას და უზრუნველყოფს მათ მომზადებას ამ პროგრამის თანახმად;

ზ) მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის (ზედამხედველობის) ფარგლებში  ამოწმებს საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების მოთხოვნების შესრულებას;   

თ) ითანხმებს  საავიაციო უშიშროების მომზადების პროგრამებს, სასწავლო-საგამოცდო მასალებს (მაგ., საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამა, ტესტები და ა.შ.), რომლის მიხედვითაც  უნდა განხორციელდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის და სხვა პერსონალის მომზადება.


მუხლი 4. ავიასაწარმოს  ვალდებულებები    
1. ავიასაწარმო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ამ პროგრამის მოთხოვნების შესრულება;

ბ) უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა და სხვა პერსონალის შერჩევა და მომზადება მომზადების პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც ამ საწარმოში დასაქმებული პირების, ასევე იმ პირების, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე (ქვეკონტრაქტი) ახორციელებენ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფას ამ საწარმოში, ასევე უზრუნველყოს ამ შერჩევა-მომზადების პროცესში წარმოებული ყველა დოკუმენტის შენახვა და დაცვა ამ წესის მოთხოვნის შესაბამისად;

გ) შეიმუშაოს საავიაციო უშიშროების პროგრამაში შესატანი საავიაციო უშიშროების  მომზადების საკითხები,  დანერგოს და პერიოდულად განახორციელოს ცვლილებები მასში ამ პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად;

დ) ხარისხის შიდა კონტროლის ფარგლებში განახორციელოს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა და სხვა პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების მოთხოვნების შესრულების შემოწმება.

2. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების  მომზადების საკითხები უნდა ითვალისწინებდეს მოთხოვნებს როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე სხვა პერსონალის მიმართ და მოიცავდეს შემდეგს:

ა)  შერჩევის კრიტერიუმებს;

ბ) მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სხვადასხვა კატეგორიის პერსონალისთვის;

გ) პირველადი მომზადების პროგრამას (საკითხები, ხანგრძლივობა და ა.შ.);

დ) სამუშაო ადგილზე მომზადების საკითხებს (საჭიროების მიხედვით);

ე) პერიოდული მომზადების პროგრამას (საკითხების ჩამონათვალი, სიხშირე და სხვა).  


მუხლი 5. ინსტრუქტორის  უფლება-მოვალეობები და საგამოცდო კომისია   
1. საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადება ხორციელდება:

ა) სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამის თანახმად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული  ინსტრუქტორის მიერ;

ბ) ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში.

2. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორი:

ა) შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების პროგრამებს და წარადგენს სააგენტოში შესათანხმებლად ან ახორციელებს მომზადებას ავიასაწარმოს მიერ შემუშავებული ან სააგენტოსთან შეთანხმებული სხვა პროგრამით. პროგრამები ექვემდებარება გადახედვას და განახლებას, საკანონმდებლო და/ან კანონქვემდებარე აქტებში მოთხოვნების ცვლილებებისა და/ან ავიასაწარმოში ახალი პროცედურების დანერგვის შესაბამისად;

ბ) ათანხმებს სააგენტოსთან  საგამოცდო, სწავლების დამხმარე მასალებს, თვალსაჩინოებებს (მაგ., მომზადებისთვის საჭირო საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული  კომპიუტერული და სხვა  პროგრამა,  ტესტები,  საგამოცდო ტესტები,   მულიაჟები და ა.შ.);

გ) უზრუნველყოფს მომზადებისა და საგამოცდო პროცესისთვის შესაბამისი სივრცის, ტექნიკური მოწყობილობების (როგორიცაა, საჭიროებისამებრ, კომპიუტერები/ლეპტოპები, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობები, მულიაჟები და სხვა) არსებობას; მომზადება შეიძლება განხორციელდეს როგორც ავიასაწარმოს ბაზაზე, ასევე სხვა სივრცეში, რომელიც აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტის მოთხოვნას;

დ) ახორციელებს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა და სხვა პერსონალის მომზადებას და გასცემს სწავლების  დამადასტურებელ სერტიფიკატებს;

ე) შემოწმების ოპერატორების შეფასების მიზნით ქმნის საგამოცდო კომისიას (შემდგომში – კომისია), რომელიც შედგება  ინსტრუქტორისა და სააგენტოს წარმომადგენელისგან;

ვ) უზრუნველყოფს მის მიერ განხორციელებული როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების ფარგლებში, სხვა ნებისმიერი სწავლებისა და  საგამოცდო ჩანაწერების შეგროვებას/შენახვას.  

3. ამ  მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგამოცდო კომისიას თავმჯდომარეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. შეფასების პროცესში:

ა) კანდიდატი ფასდება კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა;

ბ) კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც აისახება კანდიდატის/მსმენელის მიერ მიღებული ცოდნისა და ჩვევების შეფასება. შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

5. როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების ფარგლებში სხვა ნებისმიერი სწავლების გამოცდის შედეგების  შესახებ კეთდება ჩანაწერი და  ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც აისახება კანდიდატის/მსმენელის მიერ მიღებული ცოდნისა და ჩვევების შეფასება. შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. 

6. მომზადებასთან დაკავშირებული მასალების შენახვაზე პასუხისმგებელია მომზადებას დაქვემდებარებული პერსონალის ავიასაწარმო. მასალები ინახება, სულ მცირე, 5 წლის  განმავლობაში.

7. ინსტრუქტორი  მომზადების გავლის  შემდეგ გასცემს შესაბამისი მომზადების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ამ მიზნით, ის ვალდებულია  შეიმუშაოს და სააგენტოსთან შეათანხმოს სერტიფიკატის ფორმები, რომელიც უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს:

ა) სასწავლო კურსის დასახელებას;

ბ) სწავლის პერიოდს;

გ)  მსმენელის სახელს და გვარს;

დ) ინსტრუქტორის  სახელს, გვარს, თანამდებობას, ხელმოწერას;

ე) სერტიფიკატის რიგით ნომერს.

8. ინსტრუქტორი ვალდებულია დაგეგმილი საავიაციო უშიშროების კურსის შესახებ, სულ მცირე, 5 (ხუთი) დღით ადრე, ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

9. თუ ინსტრუქტორი ახორციელებს მომზადებას ავიასაწარმოს ან სასწავლო დაწესებულების ბაზაზე, შეიძლება   ხელმომწერი უფლებამოსილი პირის სახელსა და გვართან ერთად  სერტიფიკატზე დაიწეროს ავიასაწარმოს/სასწავლო დაწესებულების დასახელება.

10. უცხო ქვეყნის ინსტრუქტორის აღიარების/პროგრამის აღიარების ფარგლებში, დაინტერესებული ინსტრუქტორი ან შუამავალი ავიასაწარმო მიმართავს სააგენტოს განცხადებით (დანართი №5),  რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ინსტრუქტორის  სერტიფიცირების  დამადასტურებელი, სამოქალაქო  ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, სასწავლო კურსის მითითებით;

ბ) მომზადების პროგრამა, მონაცემები თეორიული/პრაქტიკული მომზადების და მისი მოცულობის (საათების) შესახებ.

11. სააგენტო განიხილავს შემოსულ დოკუმენტაციას 20 კალენდარული დღის განმავლობაში და წერილობით აცნობებს პასუხს განმცხადებელს.

12. დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიცემა უცხო ქვეყნის ინსტრუქტორის აღიარების სერტიფიკატი (დანართი №6).

13. უცხო ქვეყნის ინსტრუქტორს, აღიარების ფარგლებში, უფლება აქვს განახორციელოს საქმიანობა იმ პერიოდით, რა დრომდეც მოქმედია უცხო ქვეყნის სამოქალაქო  ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.

14. სააგენტოს  უფლება აქვს, უარი უთხრას აღიარებაზე ინსტრუქტორს, თუ ის ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს ან შეუჩეროს აღიარების სერტიფიკატი, თუ არღვევს ინსტრუქტორისა და პროგრამის მიმართ წაყენებულ, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.


თავი II
სხვა პერსონალის შერჩევა და მომზადება

მუხლი 6. სხვა პერსონალის შერჩევა
სხვა პერსონალის შერჩევა ხორციელდება დამსაქმებლის მიერ, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე.  

მუხლი 7. სხვა პერსონალის მომზადება
1. სხვა პერსონალის საავიაციო უშიშროების პირველადი მომზადების პროგრამა მოიცავს  საავიაციო უშიშროების გაცნობით კურსს და შესაბამისი კატეგორიის პერსონალისათვის განკუთვნილ სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამას.

2. კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით სხვა პერსონალმა უნდა გაიაროს პერიოდული მომზადება.

3. სხვა პერსონალი პერიოდულ მომზადებას გადის პირველადი მომზადების ანალოგიურად.


მუხლი 8. საავიაციო უშიშროების  გაცნობითი კურსი
1. საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი (შემდგომ – გაცნობითი კურსი) გავლილი უნდა ჰქონდეთ: ავიასაწარმოს იმ პერსონალს, რომელიც ფლობს ავიასაწარმოს და/ან სამოქალაქო აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით გაცემულ  პიროვნების მუდმივ საშვს, ასევე, სახელმწიფო პროგრამის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებულ პირებს და აეროპორტის იმ მოიჯარეებსა და მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებს (მაგ., ბანკები, კვების ობიექტები, კომერციული ობიექტები, სატრასპორტო კომპანიები და ა.შ.), რომლებიც დასაქმებულნი არიან აეროპორტის არაკონტროლირებად ზონაში, მათ შორის, ტერმინალის შენობის გარეთ თუ მის უშუალო სიახლოვეს.

2. გაცნობითი კურსი მოიცავს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) სამოქალაქო ავიაციაში არსებულ საფრთხეებს, მომხდარი ტერორისტული აქტებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სტატისტიკას;

ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის უზრუნველმყოფ ეროვნულ მოთხოვნებს, საერთაშორისო სტანდარტებს და რეკომენდებულ პრაქტიკას;

გ) სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს ფუნქციებს და  უფლებამოსილებას;

დ)  ტერორიზმსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს;

ე) საავიაციო უშიშროების მიზნებს და ამოცანებს;

ვ) სააგენტოს, აეროპორტების და ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს;

ზ) აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიზნებს და ამოცანებს, აეროპორტის/ავიასაწარმოს სქემას, აეროპორტის/ავიასაწარმოს არაკონტროლირებად, კონტროლირებად, შეზღუდული დაშვების დაცულ  ზონებს, დაშვების კონტროლის პროცედურებს;

თ) სასაშვო სისტემას და საშვის ტარების ინსტრუქციას;

ი) ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს დამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი ზომების და პროცედურების გატარებას; 

კ) საფრთხის არსებობისას (მათ შორის, საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, აფეთქების მუქარის, საეჭვო საგნების აღმოჩენისას, მძევლების აყვანის შემთხვევაში და ა.შ.) გასატარებელ მოქმედებებს;

ლ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შეტყობინების პროცედურებს;

მ) გადასაზიდად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების იდენტიფიკაციას;

ნ) ადამიანურ ფაქტორებს საავიაციო უშიშროების სფეროში;

ო) ქცევის და კომუნიკაციის ეტიკეტს;

პ) სატელეფონო ზარით მიღებული მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:

პ.ა) საუბრის მოსმენის ტექნიკას, საუბრის დროს დამრღვევის მიერ გამოყენებული ზუსტი ფრაზების და სიტყვების ჩანიშვნას;

პ.ბ) ზარის წამოწყების ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციას;

პ.გ) სატელეფონო საუბრის ჩაწერას, თუ ეს ავტომატურად არ ხორციელდება;

პ.დ) სატელეფონო საუბრის გაგრძელებას მაქსიმალური ინფორმაციის მოსაპოვებლად;

პ.ე) გამოკითხვის მეთოდიკას მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით;

პ.ვ) მუქარის საფუძვლიანობის შეფასების მეთოდიკას;

პ.ზ) სატელეფონო მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს;

ჟ) ფიზიკური პირისაგან მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:

ჟ.ა) გამოკითხვის მეთოდიკას მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით;

ჟ.ბ) მუქარის საფუძვლიანობის შეფასების მეთოდიკას;

ჟ.გ) ურთიერთქმედებას შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან;

ჟ.დ) მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს;

რ) ფოსტის საშუალებით მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:

რ.ა) ფოსტის საშუალებით მიღებული აფეთქების მუქარის დროს განსახორციელებელი მოქმედებების თანამიმდევრობას;

რ.ბ) მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს;

ს) საავიაციო უშიშროების კულტურას და  როლს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად;

ტ) საავიაციო მოვლენათა შეტყობინების მიზანს, სავალდებულო და ნებაყოფილობით შეტყობინებას, სავალდებულო შეტყობინების წარდგენის წესს.

3. გაცნობითი კურსი მოიცავს თეორიულ სწავლებას და მისი პირველადი  და პერიოდული მომზადება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, სწავლების 3 (სამ) საათს.

4. საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლა სავალდებულოა 24 თვეში ერთხელ და იგი უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შეთანხმებული პროგრამის თანახმად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ ან ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში.

5. ავიასაწარმოს  პერსონალი გაცნობითი კურსის წარმატებით გავლას ადასტურებს ზეპირი ან წერითი გამოცდით. გამსვლელია ქულა, თუ საგამოცდო კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 70%-ს.

6. პირს, რომელმაც ვერ მიიღო დადებითი შეფასება, ეძლევა უფლება განმეორებით, მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს გამოცდა ინსტრუქტორთან შეთანხმებით, ინსტრუქტორის მიერ დადგენილ ვადაში.

7. გაცნობითი კურსის გავლის შემდეგ გაიცემა გაცნობითი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

8. სერტიფიკატის  მონაცემები  შეიტანება მონაცემთა ბაზაში. სერტიფიკატის ასლი ინახება პირის პირად საქმეში.

9. გაცნობითი კურსის გავლა შეიძლება განხორციელდეს როგორც  ადგილზე (აუდიტორიაში),  ასევე  დისტანციური სწავლების ფორმით. 

10. ავიასაწარმოს ის პერსონალი, რომელიც არ ფლობს პიროვნების მუდმივ საშვს, გაცნობილი უნდა იყოს  მუქარის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებების თანამიმდევრობას.


მუხლი 9. სხვა პერსონალის სპეციალიზებული მომზადება 
1. სპეციალიზებული მომზადება ესაჭიროება ავიასაწარმოს პერსონალის შემდეგ კატეგორიას:

ა) რეგულირებადი მიმწოდებლის პერსონალს, რომლებიც ჩართულნი არიან ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის,  მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღების, დახარისხების, დამუშავების პროცესში;

ბ) ცნობილი მიმწოდებლის პერსონალს, რომლებიც ჩართული არიან აეროპორტის მარაგის და მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღების, დახარისხების, დამუშავების პროცესში;

გ) საჰაერო ხომალდის დასუფთავებაში ჩართულ პერსონალს;

დ) სატვირთო ტერმინალების პერსონალს, რომლებიც ჩართულნი არიან ტვირთის/ფოსტის მიღების, დახარისხების, დამუშავების პროცესში;

ე) საჰაერო მოძრაობის   მეთვალყურეს;

ვ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალს;

ზ) ავიაგადამზიდველის პერსონალს: მფრინავებს, ბორტგამცილებლებს და საჰაერო ხომალდის მომსახურებაში ჩართულ ყველა სხვა პერსონალს.

2. სხვა პერსონალის სპეციალიზებული მომზადება უნდა განხორციელდეს  ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ შეთანხმებული პროგრამით სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ. სპეციალიზებული მომზადება შეიძლება განხორციელდეს  გაცნობითი კურსის ფარგლებში ან ცალკე.

3. პერსონალის, სპეციალიზებული  მომზადების  წარმატებით გავლა დასტურდება წერილობითი გამოცდის (ტესტირების) საფუძველზე. გამსვლელია ქულა, თუ საგამოცდო კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 70%-ს.

4. სპეციალიზებული მომზადების  შემდეგ პირზე გაიცემა  საავიაციო უშიშროების სფეროში  მომზადების დამადასტურებელი  სერტიფიკატი.

5. გამოცდის (ტესტირების) შედეგები, სერტიფიკატის ასლი ინახება პირის პირად საქმეში.

6. ავიასაწარმოს ხელმძღვანელების პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სწავლების, სულ მცირე, 8 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის უზრუნველმყოფი ეროვნული, საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკის მოთხოვნებს;

ბ) საავიაციო უშიშროების სახელმწიფო პროგრამები, აეროპორტის საავიაციო უშიშროების პროგრამას;

გ) ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამას;

დ) ავიასაწარმოს პერსონალის ცნობიერების განვითარებას საავიაციო უშიშროების კუთხით;

ე) მოქმედებებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და გაუთვალისწინებელი ვითარების დროს;

ვ) კრიზისული სიტუაციის მართვას. 

7. აეროპორტებში ავიაგადამზიდველის წარმომადგენელი პირების პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სწავლების, სულ მცირე,  5   საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა,  სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) აეროპორტისა და ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების პროგრამების დანიშნულებას და შინაარსს;

ბ) ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების ზომებს;

გ) ავიაგადამზიდველის საგანგებო ვითარებაში მომედების გეგმას;

დ) კრიზისული სიტუაციის მართვას.

8. მტვირთავებისა და  მიწისზედა მომსახურების პერსონალის პირველადი და პერიოდული  მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სწავლების, სულ მცირე, 5 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) საჰაერო ხომალდთან დაშვების წესს;

ბ) ხმელეთზე მოქმედების პროცედურებს აფეთქების მუქარის შემთხვევაში;

გ) საბარგო ნაკვეთურების შემოწმებას საავიაციო უშიშროებაზე.  

9. ტექნიკური და საინჟინრო სამსახურის პერსონალის პირველადი და პერიოდული  მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 5 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა,  სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) საჰაერო ხომალდთან და საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ცენტრში დაშვების წესს;

ბ) საჰაერო ხომალდის დაცვას;

გ) ხელსაწყოების, სატრანსპორტო საშუალებების, სათავსოებისა და მარაგის დაცვას.

10. რეგულირებადი მიმწოდებლისბორტკვების ობიექტების პერსონალის, რომლებიც ჩართულნი არიან ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის და მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღება/დახარისხება/დამუშავების პროცესში, ცნობილი მიმწოდებლის პერსონალის, რომლებიც ჩართულნი არიან აეროპორტის მარაგის და მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღება/დახარისხება/დამუშავების პროცესში, მათი პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, სწავლების 3 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა და, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად ბორტკვების ობიექტის მიერ განსახორციელებელ სამუშაოებს;

ბ) სამოქალაქო ავიაცია – ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების  სამიზნე;

გ) ბორტკვების ობიექტი – მოწყვლადი არე;

დ) პროცედურებს საეჭვო ნივთის აღმოჩენის დროს;

ე) დაშვებაზე კონტროლისა და საბორტო კვების დაცვის მიზანს;

ვ) დაშვებაზე კონრტოლისა და საბორტო კვების დაცვის მეთოდებს;

ზ) დაშვებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირების უფლება-მოვალეობებს;

თ) სასაშვო სისტემას;

ი) დაშვებაზე კონტროლის პროცედურებს;

კ) განსხვავებას საეჭვოსა და გადასაზიდად აკრძალულ ნივთებს შორის;

ლ)  საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების ნიმუშებს;

მ) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობის ძირითად კომპონენტებს;

ნ) მოქმედებებს საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენისას;

ო) მოქმედებებს გაუთვალისწინებელი ვითარების დროს;

პ) საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას – გაუთვალისწინებელ ვითარებაში დაკავშირების მიზნით;

ჟ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩაკეტვისა და დალუქვის მოთხოვნებს;

რ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში გასათვალისწინებელ პროცედურებს.

11. საჰაერო  ხომალდის დასუფთავებაში ჩართული პერსონალის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს მომზადების, სულ მცირე, 3 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) საავიაციო უშიშროების მიზნებს და ამოცანებს;

ბ) დასუფთავებასთან დაკავშირებული უშიშროების ზომებს;

გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად დასუფთავების სამსახურის მიერ განსახორციელებელ სამუშაოებს;

დ)  სამოქალაქო ავიაცია – ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების  სამიზნე;

ე) ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირებას;

ვ) დაშვებაზე კონტროლისა და დასუფთავების სამსახურის დაცვის მიზანს;

ზ) დაშვებაზე კონტროლისა და დასუფთავების სამსახურის დაცვის მეთოდებს;

თ) სასაშვო სისტემას;

ი) დაშვებაზე კონტროლის პროცედურებს;

კ) განსხვავებას საეჭვოსა და გადასაზიდად აკრძალულ საგნებს შორის;

ლ)  საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების ნიმუშებს;

მ) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობის ძირითად კომპონენტებს;

ნ) მოქმედებებს საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენისას;

ო) მოქმედებებს გაუთვალისწინებელი ვითარების დროს;

პ) საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას - გაუთვალისწინებელ ვითარებაში დაკავშირების მიზნით;

ჟ) ეფექტური პატრულირების ძირითად პრინციპებს;

რ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უყურადღებოდ დატოვებისას გასათვალისწინებელ  პროცედურებს.

12. სატვირთო ტერმინალების პერსონალის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 4 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

 ა) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილებას და მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს;

ბ) სამოქალაქო ავიაცია - ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების  სამიზნეს;

გ) სატვირთო ტერმინალი - მოწყვლადი არე;

დ) პირებს, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირებას;

ე) შეტყობინების მეთოდებს;

ვ) ტვირთს, როგორც უშიშროების უზრუნველყოფის ძირითად მიზანს;

ზ) საწარმოში მიღებული  ტვირთის დამუშავების პროცედურებს უშიშროების უზრუნველსაყოფად;

თ) ტრანსფერული ტვირთის უშიშროების ზომებს;

ი) სატვირთო ტერმინალის უფლება-მოვალეობებს;

კ) მაღალი რისკის ტვირთის განსაზღვრებას და  უშიშროების ზომებს;

ლ) შემოწმებისაგან გათავისუფლებული ტვირთების კატეგორიას;

მ)  განსხვავებას საეჭვოსა და გადასაზიდად შეზღუდულ ნივთებს შორის;

ნ)  საეჭვო და გადასაზიდად შეზღუდული საგნების  ნიმუშებს;

ო) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობის ძირითად კომპონენტებს;

პ) მოქმედებებს საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენისას;

ჟ) უცნობი ტვირთის მიმართ შემოწმების ყველაზე ეფექტურ მეთოდ(ებ)ს, მასში აკრძალული  საგნებისა და ნივთიერებების არსებობის გამორიცხვის მიზნით;

რ)  უშიშროების სტატუსის მინიჭების მიზნით დადგენილი  ტვირთის შემოწმების მეთოდებს, როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო საჰაერო ხომალდით გადასაზიდი ტვირთებისათვის;

ს) ტვირთის შემოწმების ყველა მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებს;

ტ) ტვირთის სატვირთო თუ სამგზავრო საჰაერო ხომალდით გადაზიდვაზე უარის თქმის, მისი გადასაზიდად დაშვების  ან უცნობი ტვირთის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

უ)  რენტგენული დანადგარით ტვირთის შემოწმების მიზანს;

ფ) გამოსაყენებელი რენტგენული დანადგარის ექსპლუატაციის წესს;

ქ) მეთოდებს, რომლითაც დასტურდება, რომ რენტგენული დანადგარი გამართულია და უსაფრთხო;

ღ) რენტგენული დანადგარის მონიტორზე ასახული ასაფეთქებელი ან ცეცხლგამჩენი მოწყობილობის და ნივთიერებების, იარაღისა და მისი კომპონენტების გამოსახულებების გაცნობას;

ყ) ტვირთში საეჭვო საგნების, გადასაზიდად საეჭვო, შეზღუდული და აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ამოცნობას და იდენტიფიცირებას;

შ) გაუთვალისწინებელ ვითარებაში განსახორციელებელ მოქმედებებს;

ჩ) ტვირთის უშიშროების დეკლარაციისა და სხვა დოკუმენტების  დანიშნულებას;

ც) მოქმედებებს აფეთქების მუქარის დროს;

ძ) მოქმედებებს მუქარის მიღებისა და საფრთხის შეფასების შემდეგ.

13. საჰაერო მოძრაობის  მეთვალყურის პირველადი და პერიოდული მომზადების  პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 4 საათს და   გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის უფლებამოსილებას, როგორც მოწყვლადი არე;

ბ) კომუნიკაციას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ   საჰაერო ხომალდთან;

გ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის შეტყობინების მიწოდების წესს;

დ) სხვა სახელმწიფოებისათვის შეტყობინების მიწოდების წესს;

ე)  ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის (AFTN) მეშვეობით ან სხვა საშუალებებით შეტყობინების მიწოდების წესს;

ვ) ინფორმაციას საჰაერო ხომალდის იზოლირებული სადგომის შესახებ.

14. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების (მფრინავები და ბორტგამყოლები)  პირველადი და პერიოდული  მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს  გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) საჰაერო ხომალდისა და მგზავრების დაცვის პროცედურებს;

ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში მისაღებ ზომებს, საფრთხის ან  მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად  გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;

გ) საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალული და შეზღუდული საგნებისა და ნივთიერებების, მათ შორის, სახიფათო ტვირთების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და სხვა მოწყობილობების შესახებ;

დ) საჰაერო ხომალდის შემოწმების პროცედურებს;

ე) განსახორციელებელ ღონისძიებებს დამრღვევი და უდისციპლინო მგზავრების მიმართ;

ვ)  საჰაერო ხომალდის გატაცებისა და მძევლების აყვანის დროს განსახორციელებელ ქმედებებს;

ზ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს საფრთხის დონის განსაზღვრას;

თ) თავდაცვის  პროცედურებს;

ი) შემბოჭავი ხელბორკილებისა და  დამრღვევის  გასაუვნებელყოფად იმ სხვა საშუალებების  გამოყენებას, რომელიც ნებადართულია კანონმდებლობით;

კ) დამნაშავის დახასიათებას და ქცევის თავისებურებებს, განსახორციელებელ  მოქმედებებს და მგზავრთა რეაგირებას;

ლ) ტერორიზმის მიმართულებებს;

მ) სიტუაციურ სწავლებას  საფრთხეების  გათვალისწინებით;

ნ) საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინის დაცვის პროცედურებს, მათ შორის, საკომუნიკაციო და საკოორდინაციო სისტემას ბორტგამყოლებსა და მფრინავებს შორის;

ო) პროცედურებს ფრენის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისას;

პ) საჰაერო ხომალდზე და ხმელეთზე შემოწმების პროცედურებს, მათ შორის, ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების ადგილებს.

ჟ) ტრანზიტული  მგზავრის მიერ საჰაერო ხომალდზე დატოვებული საგნის მოხსნის პროცედურას.

15. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების პირველადი მომზადება უნდა მოიცავდეს სწავლების, სულ მცირე, 24 საათს, ხოლო პერიოდული მომზადება – სულ მცირე, 8 საათს.

16. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის პერიოდული მომზადება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, 36 თვეში ერთხელ.

17. ამ მუხლით გათვალისწინებული პერიოდული მომზადებები უნდა განხორციელდეს  სულ მცირე  24 თვეში ერთხელ, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პერსონალის მომზადებისა, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების პერიოდული მომზადება  ხორციელდება, სულ მცირე, 12 თვეში ერთხელ, ხოლო  საჰაერო მოძრაობის  მეთვალყურის მომზადების პერიოდულობის ვადაა არა უმეტეს 36 თვისა.

18. სხვა პერსონალის პერიოდული მომზადება შეიძლება განხორციელდეს როგორც   ადგილზე,  ასევე  დისტანციური სწავლების ფორმით.

19. სპეციალიზებული მომზადების ფარგლებში სხვა პერსონალის პირველადი მომზადების დისტანციურად გავლა დაუშვებელია.

 


თავი III
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევა და მომზადება

მუხლი 10. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევა და მიღება
1. ავიასაწარმოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევისა და მიღების პროცედურა, რომელიც ასახული უნდა  იყოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის  პროგრამაში.

2. შერჩევის პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს  გასაუბრებას და ანკეტური მონაცემების შემოწმებას სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.

3. პირი, რომელსაც აქვს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურში მუშაობის სურვილი (შემდგომ – კანდიდატი), გადის გასაუბრებას ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელ პირთან  და/ან ავიასაწარმოს  ხელმძღვანელთან.

4. გასაუბრების შემდეგ კანდიდატი ავიასაწარმოში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლს;

ბ) ავტობიოგრაფიას, სადაც დეტალურად აისახება ინფორმაცია კანდიდატის შრომითი საქმიანობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განათლების შესახებ, მათ შორის: სრული ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

გ) დახასიათებას ბოლო სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასწავლო დაწესებულებიდან (სრული ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი);

დ) ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100, რომელშიც გათვალისწინებულია ამ პროგრამის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათალისწინებული მოთხოვნები შესაბამისი პეროსნალისთვის);

ე) ცნობას ნასამართლობის შესახებ;

ვ) ცნობას სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

5. ამ მუხლის შესაბამისად შერჩეული/მიღებული პირისათვის, ანკეტური მონაცემების შემოწმების შემდეგ, ავიასაწარმო უზრუნველყოფს  პირველადი მომზადების კურსის გავლას.

6. დოკუმენტაცია საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების  შესახებ ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.


მუხლი 11. სპეციალური მოთხოვნები საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისთვის
1. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელ პერსონალს  უნდა ჰქონდეს დაცვითი  ღონისძიებების  განხორციელებისთვის  საჭირო ფიზიკური მონაცემები, რაც გულისხმობს საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ადეკვატურ სმენას და მხედველობას (რომელიც შესაძლოა მიღწეულ იქნეს დამხმარე საშუალებების  გამოყენებით, როგორებიც არის სათვალე, კონტაქტური ლინზა, სმენის აპარატი და სხვა).

2. შემოწმების ოპერატორს უნდა ჰქონდეს:

ა) შემოწმების სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკური მონაცემები,  ასევე ფერთა ადეკვატურად აღქმა, რაც მისცემს შესაძლებლობას რენტგენური დანადგარის ეკრანზე გამოსახული საგნის სწორად ამოცნობის შესაძლებლობას, კარგი სმენა, რომელიც შესაძლოა მიღწეულ იქნეს დამხმარე საშუალებების გამოყენებით, კარგი მეტყველების უნარი, კომუნიკაციის მარტივად დამყარების მიზნით;

ბ) ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა იმ შემოწმების ოპერატორებს, რომელთაც უწევთ მგზავრთან კომუნიკაცია;

გ)  შემოწმების ოპერატორების მომზადების დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი.

3. საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ პირს, ცვლის უფროსს უნდა ჰქონდეს:

ა) საავიაციო უშიშროების სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 2 (ორი) წლის გამოცდილება;

ბ) ხელმძღვანელი პირებისათვის განკუთვნილი მომზადების დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი;

გ) საავიაციო უშიშროების  სფეროში ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციით განსაზღვრული  სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა;

დ) ინგლისურ ენაზე  კომუნიკაციის  წარმართვის უნარი (საჭიროებისამებრ, განსაზღვრავს ავიასაწარმო).

4. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საავიაციო უშიშროების სფეროში მინიმუმ სამი წლის სამუშაო გამოცდილება; 

გ) ხელმძღვანელი პირებისათვის განკუთვნილი მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

დ) საავიაციო უშიშროების  სფეროში ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციით განსაზღვრული  სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

5. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორს უნდა ჰქონდეს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საავიაციო უშიშროების სფეროში სამი წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის მომზადების გავლის დამადასტურებელი  და სააგენტოს მიერ გაცემული ინსტრუქტორის მოქმედი სერტიფიკატი;

დ) საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი ეროვნული ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის,  საავიაციო უშიშროების სფეროს მარეგულირებელი  ევრორეგულაციების,    სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელოს Doc 8973 და სხვა სახელმძღვანელო მასალის, ასევე ევროპის  სამოქალაქო ავიაციის ევროპის კონფერენციის (ECAC) სახელმძღვანელოს Doc 30 ცოდნა;

ე) გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;

ვ) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორს, რომელიც ახორციელებს შემოწმების ოპერატორების მომზადებას, უნდა ჰქონდეს შემოწმების ოპერატორად მუშაობის, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება.

6. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსაზღვრულია  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილებით  დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამით“.  

7. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსაზღვრულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებით.


მუხლი 12. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადება და სწავლების ზოგადი საკითხები

 

1. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს გავლილი უნდა ჰქონდეს საავიაციო უშიშროების პირველადი მომზადების პროგრამა და ასევე პერიოდული მომზადების პროგრამა – კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით. 

2. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის პირველადი მომზადების პროგრამა  მოიცავს საავიაციო უშიშროების სწავლების ზოგად  და სპეციალიზებულ  საკითხებს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის ცალკეული კატეგორიისთვის.

3. სწავლების (როგორც პირველადი, ასევე პერიოდული)  წარმატებით გავლის შემდეგ, პირზე გაიცემა შესაბამისი სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

4. პირზე, რომელიც ვერ გადალახავს შესაბამისი კურსისთვის ამ წესით დადგენილ საგამოცდო ბარიერს, სერტიფიკატი არ გაიცემა. სწავლების სერტიფიკატის გაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის სწავლების ზოგადი საკითხები უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს:

ა) სამოქალაქო ავიაციაში არსებულ საფრთხეებს, მომხდარი ტერორისტული აქტებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სტატისტიკას;

ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის უზრუნველმყოფ მოთხოვნებს, საერთაშორისო სტანდარტებს და რეკომენდებულ პრაქტიკას;

გ) ტერორიზმს და მასთან ბრძოლის მეთოდებს, სამოქალაქო ავიაცია, როგორც ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების  სამიზნე;

დ) საავიაციო უშიშროების მიზნებს და ამოცანებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების და ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებებს, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს;

ე) აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიზნებს და ამოცანებს, აეროპორტის სქემას, აეროპორტის არაკონტროლირებადი და კონტროლირებადი, შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს და ამ ზონებში დაშვების კონტროლის პროცედურებს;

ვ)  სასაშვო სისტემას და საშვის ტარების ინსტრუქციას;

ზ) საკონტროლო გამშვები პუნქტების აღჭურვილობას;

თ) ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებს დამრღვევი პირების მიმართ ზომების გატარებას და პროცედურებს;

ი) მოქმედებებს საფრთხის არსებობისას: საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, აფეთქების მუქარის, საეჭვო საგნების აღმოჩენისას, მძევლების აყვანის შემთხვევაში და ა.შ.;

კ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს განსახორციელებელ მოქმედებებს;

ლ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შეტყობინების პროცედურებს;

მ) გადასაზიდად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების იდენტიფიკაციას;

ნ) ადამიანურ ფაქტორებს საავიაციო უშიშროების სფეროში;

ო) ქცევის და კომუნიკაციის ეტიკეტს, მათ შორის, პოტენციურად დამრღვევ მგზავრებთან;

პ) საიდუმლო ინფორმაციის დაცვას;

ჟ) სატელეფონო ზარით მიღებული მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ მოქმედებებს;

რ) ფიზიკური პირისაგან მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ მოქმედებებს;

ს) ფოსტის საშუალებით მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ მოქმედებებს;

ტ)  საეჭვო და გადასაზიდად აკრძალულ საგნებს და მათ  ნიმუშებს;

უ) თვითნაკეთი ასაფეთქებელი  და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობების,  კომპონენტებს;

ფ) საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენის საფუძვლებს და მოქმედებებს მათი გამოვლენისას.


მუხლი 13. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების მომზადება  
1. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების მომზადება მოიცავს თეორიული სწავლების, სულ მცირე, 55 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) ხელმძღვანელი პირების ფუნქციებს;

ბ) ხარისხის შიდა კონტროლის მიზებს  და ღონისძიებებს;

გ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს განსახორციელებელ მოქმედებებს;

დ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადებას სამუშაო ადგილზე;

ე) კონფლიქტური სიტუაციების მართვას;

ვ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ მოწყობილობებს;

ზ) შემოწმების  მეთოდებს.

2. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების  მომზადება უნდა განხორციელდეს ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამის თანახმად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ;

3. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების  შესაბამისი სწავლების გავლა/მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის საფუძველზე. 

4. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდოდ  გამოყენებული კითხვების 75%-ს.

შენიშვნა: მ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.

5. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების  პირველადი თეორიული მომზადების წარმატებით გავლის შემდეგ, ავიასაწარმო ვალდებულია,  მათ გააცნოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პოლიტიკა, სტრუქტურა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალისწინებული მათი უფლებები და ვალდებულებები. აღნიშნულის შესახებ  დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში, სულ მცირე, 5 წლის ვადით.

6. ავიასაწარმოს საავიაციო უშიროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების პერიოდული მომზადება ხორციელდება, სულ მცირე, 36  თვეში ერთხელ, ამ მუხლის მოთხოვნების  შესაბამისად. 

 


მუხლი 14. ხარისხის  კონტროლის განმახორციელებელი პირების მომზადება
1. ხარისხის  კონტროლის განმახორციელებელი პირების თეორიული მომზადება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, სწავლების 55 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების  გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) საავიაციო უშიშროების სფეროში ხარისხის კონტროლის განხორციელების მიზნებს და პრინციპებს;

ბ) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვას;

გ) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მეთოდიკას;

დ) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში  ნაკლოვანებების გამოვლენას, ანგარიშის შედგენას და ა.შ.;

ე) მოთხოვნებს ხარისხის შიდა  კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;

ვ) შემოწმებისა და ინსპექტირების ტექნიკას.

2. ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი  პირების მომზადება უნდა განხორციელდეს ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოსთან  შეთანხმებული აღიარებული პროგრამის თანახმად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ.

3. ხარისხის  კონტროლის განმახორციელებელი  პირების მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა  წერითი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო   კითხვების 75%-ს.

შენიშვნა:  იმ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.

4. ხარისხის  კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ პირველადი თეორიული მომზადების  გავლის შემდეგ:

ა) ავიასაწარმო ვალდებულია  ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელ პირებს  გააცნოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პოლიტიკა, სტრუქტურა, საავიაციო უშიშროების პროგრამა,  ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალისწინებული  მათი უფლებები და ვალდებულებები; 

ბ) სააგენტო ვალდებულია გააცნოს  ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს სააგენტოს პოლიტიკა, სააგენტოს დებულება და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

5. დამსაქმებელი უზრუნველყოფს  ხარისხის  კონტროლის განმახორციელებელი პირის გამოცდილი პირის ზედამხედველობის ქვეშ მიბარებას – სამუშაო ადგილზე  დასაქმებულის პრაქტიკულ სწავლების განხორციელების მიზნით, რომელიც მოიცავს ხარისხის კონტროლის სამ ღონისძიებას შეგირდის რანგში და ერთ დამოუკიდებელ შემოწმებას.

6. პირს, რომელმაც  ვერ   მიიღო დადებითი შეფასება  პრაქტიკული მეცადინეობის დროს, ეძლევა ორი დამატებითი შემოწმების განხორციელების შესაძლებლობა  ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი გამოცდილი პირის ზედამხედველობის ქვეშ.

7. დამატებითი პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში უარყოფითი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ვერ განახორციელებს ხარისხის კონტოლის განმახორციელებელი პირის საქმიანობას.

8. პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

9. ხარისხის   კონტროლის განმახორციელებელი პირები პერიოდულ მომზადებას გადიან, სულ მცირე, 36 თვეში ერთხელ, რომელიც მოიცავს თეორიულ სწავლებას და ხორციელდება პირველადი მომზადების ანალოგიურად.

10. 6 თვით ან მეტი პერიოდით სამუშაო წყვეტის შემთხვევაში, ხარისხის   კონტროლის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, გაიაროს სამი პრაქტიკული მეცადინეობა ხარისხის  კონტროლის განმახორციელებელი პირის ზედამხედველობის ქვეშ. პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ  დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.


მუხლი 15. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების მომზადება და სერტიფიცირება
1. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების მომზადება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, სწავლების 55 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის როლს;

ბ) სწავლების ძირითად პრინციპებს;

გ) სასწავლო კურსის დაგეგმვას;

დ) მომზადებითვის საჭირო საშუალებებისა და მოწყობილობების მომზადებას;

ე) სასწავლო მასალის შემუშავებას;

ვ) სწავლების ჩატარებისა და შეფასების მეთოდიკას.

2. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების  მომზადება ხორციელდებICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამით, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ;

3. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების  მომზადება, დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75%-ს.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება მდებარე ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.

4. ინსტრუქტორების  პერიოდული მომზადება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, 36 თვეში ერთხელ. პირველადი მომზადების ანალოგიურად.

5. სააგენტო ახორციელებს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის სერტიფიცირებას, რომლის ფარგლებში  კანდიდატი სააგენტოში წარადგენს შემდეგ საბუთებს:

ა) განცხადებას (დანართი №3);

ბ) განათლების დამადასტურებელ საბუთებს;

გ) სასწავლო საგნის მასალებს (სახელმძღვანელო(ები), კონსპექტ(ებ)ი, ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია), თვალსაჩინოება, ინფორმაციას, მომზადების ფარგლებში გამოსაყენებელი კომპიუტერული პროგრამების,  საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ტექნიკური მოწყობილობების, მულაჟების და ა.შ. შესახებ;

დ) მომზადების პროგრამებს, იმ შემთხვევაში, თუ ის ახორციელებს მომზადებას  საკუთარი პროგრამის საფუძველზე და არსებული არ არის შეთანხმებული სააგენტოსთან.

შენიშვნა: კანდიდატს აქვს უფლება  განახორციელოს მომზადება ავიასაწარმოს მოქმედი  და სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამით, მასალების გამოყენებით.

6. სერტიფიცირების ფარგლებში, სააგენტო: 

ა) ამოწმებს  წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სახელმძღვანელო მასალას;

ბ) კანდიდატის საავიაციო უშიშროების ცოდნას,  წერითი გამოცდის საფუძველზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული  საგამოცდო ტესტების გამოყენებით.  გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 80%-ს;

გ) ზეპირი გამოცდით კანდიდატის მიერ ლექციის ჩატარების უნარს, საგნის რომელიმე თემის მიხედვით.   გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 80%-ს. დადებითი შეფასების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს  ინსტრუქტორის სერტიფიკატს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ყველა ის საგანი, რომელთა სწავლების უფლებაც ენიჭება კანდიდატს.

7. სერტიფიცირების შემდეგ, ინსტრუქტორი სამუშაო ადგილზე  პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში,  ვალდებულია  სწავლების პირველი 8 საათი ჩაატაროს გამოცდილი ინსტრუქტორის ან სააგენტოს წარმომადგენლის ზედამხედველობის ქვეშ. პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ  დგება ჩანაწერი, დასტურდება  ზედამხედველის ხელმოწერით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

8. სააგენტოს მიერ ინსტრუქტორის სერტიფიკატი გაიცემა არაუმეტეს 3 წლის ვადით (დანართი №4). ვადის გასვლის შემდეგ, რესერტიფიცირების ფარგლებში, სერტიფიკატის მიღების მიზნით, კანდიდატმა/ინსტრუქტორმა უნდა მიმართოს სააგენტოს სერტიფიცირების მიზნით დადგენილი მოთხოვნების  სრული დაცვით, სხვა შემთხვევაში სერტიფიკატი უქმდება.

9. რესერტიფიცირების ფარგლებში, კანდიდატი აბარებს მხოლოდ წერით გამოცდას, ამ მუხლით გათვალისწინებული წერითი გამოცდის მიმართ დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

10. სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს  გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო და/ან ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

11. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.

12. სააგენტო ასევე იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებაზე, თუ ინსტრუქტორი: 

ა) არღვევს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) არ ახორციელებს სწავლებებს, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ;

გ) ახორციელებს სწავლებას მომზადების პროგრამებით, რომელიც არ არის შეთანხმებული სააგენტოსთან;

დ) არღვევს სასწავლო პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

13. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არაუმეტეს 3 თვის ვადით.

14. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სააგენტოს გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ დარღვევები, რომელთა გამოც მოხდა სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღმოფხვრილია.

15. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა „დუბლიკატი“.

16. სერტიფიკატში ცვლილებები ხორციელდება სააგენტოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ის პირობები, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, ახალი პირობებით  პროფესიული მომზადების დაწყებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება, სერტიფიკატში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის, საჭიროებისამებრ,  სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

17. სააგენტოს, სერტიფიკატის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში.


მუხლი 16. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების დაგეგმვის, კრიზისების მართვის და  რისკის მართვი/შეფასების სწავლება
1. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების დაგეგმვა და კრიზისების მართვის სწავლება, რომელიც  განკუთვნილია ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების იმ პერსონალისთვის, რომელიც  ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის მიხედვით ჩართულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებების საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობაში, უნდა მოიცავდეს  თეორიულ კურსის,  სულ მცირე, 9 საათს და პრაქტიკულ სამუშაოს. მომზადება უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) სამოქალაქო  ავიაციაში არსებული საფრთხეები, მათ შორის: საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, დივერსიის აქტები საჰაერო ხომალდსა და აეროპორტებში ტერორისტული აქტები აეროპორტებსა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტებზე;

ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი ცალკეული პირების და ტერორისტული დაჯგუფებების მახასიათებლები;

გ) კრიზისულ-ექსტრემალური  სიტუაციების საერთო   მახასიათებელი;

დ)კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების  მართვის საერთო პრინციპები;

ე) კრიზისულ-ექსტრემალური  სიტუაციების კონტროლი;

ვ) კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის გეგმა;

ზ) ოპერატიული ცენტრისა და ოპერატიული შტაბის  დანიშნულება და მართვა;

თ) აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების სწავლების მიზანი, ორგანიზება, დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება. 

2. რისკის მართვა/შეფასების სწავლება, რომელიც  განკუთვნილია აეროდრომის ექსპლუატანტის  საავარიო-ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელი პირებისათვის. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების   ხელმძღვანელი პირებისთვის, საავიაციო უშიშროების იმ პერსონალისთვის, რომელნიც ჩართული არიან რისკის სახელმძღვანელოს/მეთოდოლოგიის შემუშავებაში, ახორციელებენ რისკის შეფასებას/მართვას. მოიცავდეს  თეორიულ კურსის,  სულ მცირე, 9 საათს და პრაქტიკულ სამუშაოს და უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) რისკის შეფასების მიზანი;

ბ) სამოქალაქო  ავიაციაში არსებული საფრთხეები, მათ შორის: საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, დივერსიის აქტები საჰაერო ხომალდსა და აეროპორტებში, ტერორისტული აქტები აეროპორტებსა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტებზე;

გ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  (ICAO) პოლიტიკა სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების  უზრუნველსაყოფად;

დ)  რისკების კატეგორიები;

ე) რისკების მართვა;

ვ) რისკების იდენტიფიცირება;

ზ) რისკების შეფასება და საფრთხის დონის განსაზღვრა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომზადებები დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75%-ს.

4.  გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების დაგეგმვა და კრიზისების მართვის სწავლების პერიოდული მომზადება და  რისკის მართვა/შეფასების პერიოდული მომზადება ხორციელდება, სულ მცირე, 36 თვეში ერთხელ.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.


მუხლი 17. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადება
1. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის თეორიული მომზადება, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებებს (ობიექტების დაცვას, საჰაერო ხომალდის დაცვის ღონისძიებებს, საჰაერო ხომალდის შემოწმებას, პატრულირებას, დაკვირვების საშუალებების ოპერირებას (მათ შორის ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის); ტვირთის, ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის კონტროლს) მოიცავს პირველადი თეორიული  სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) ობიექტების დაცვის, საჰაერო ხომალდის შემოწმების, საჰაერო ხომალდის დაცვის, პატრულირების, ტვირთის, ფოსტის,  ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტროლის მოთხოვნებს და მიზანს;

ბ) დაშვების კონტროლის სისტემებს;

გ) საკონტროლო გამშვები პუნქტების აღჭურვილობას;

დ) სასაშვო სისტემას;

ე) პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშვების იდენტიფიკაციას;

ვ) პატრულირების მიზანს;

ზ) პატრულირების ღონისძიებებს;

თ) არასანქცირებული წვდომის/დაშვების გამოვლენისას განსახორციელებელ პროცედურებს;

ი) საჰაერო ხომალდის შემოწმების მიზანს;

კ) შესამოწმებელი საჰაერო ხომალდ(ებ)ის კონფიგურაციას;

ლ) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების შენიღბვის ხერხებს და მეთოდებს;

მ) საჰაერო ხომალდების შემოწმების ტექნოლოგიას;

ნ) შენიღბული გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენას;

ო) საჰაერო ხომალდების დაცვის მიზანს;

პ) საჰაერო ხომალდის დაცვის მეთოდებს, არასანქცირებული წვდომის აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებებს;

ჟ) საჰაერო ხომალდის დალუქვის პროცედურებს;

რ) შემოწმებული ტვირთის, ფოსტის,  ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის დაცვას (მათ შორის, ტრანსპორტირების დროს), მათთან არასანქცირებული წვდომის აღკვეთას და შემდგომ მოქმედებებს;

ს) დაკვირვების სისტემების (მათ შორის, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემების) ოპერირებას;

ტ) არაკონტროლირებადი ზონის უშიშროების ზომებს, მათ შორის:

ტ.ა) აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლების ურთიერთქმედებას და ურთიერთკოორდინაციას აეროპორტის არაკონტროლირებადი ზონის დაცვის  უზრუნველსაყოფად;

ტ.ბ) არაკონტროლირებადი ზონების პატრულირებას  და დაკვირვებას როგორც დაკვირვების ფარული, ისე ღია მეთოდების გამოყენებით;

ტ.გ) არაკონტროლირებად ზონის იმ სივრცეებზე დაკვირვებას, რომელიც არ ხვდება ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის არეალში და  სადაც შეუმჩნევლად შეიძლება მოხდეს ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება;

ტ.დ) აეროდრომის ექსპლუატანტის პატრულირების  საკონტროლი ბარათს –  შესამოწმებელი სივრცეების შესამოწმებლად;

ტ.ე) აეროდრომის არაკონტროლირებად ზონაში მგზავრთნაკადის კონტროლს და მის დანიშნულებას;

ტ.ვ) მოქმედებებს საეჭვო ქმედების, პირების, საგნებისა და მიტოვებული ბარგის აღმოჩენის შემთხვევაში.

2. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადება  დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა  წერითი და/ან ზეპირი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, სერტიფიკატის გამცემმა უნდა უზრუნველყოს სერტიფიკატის გაცემა  10 სამუშაო დღის ვადაში.

3. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდოდ  გამოყენებული კითხვების 75%-ს. ტესტირების შედეგები ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

4. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პირების პირველადი  თეორიული მომზადების წარმატებით გავლის შემდეგ ავიასაწარმო ვალდებულია მათ გააცნოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პოლიტიკა, სტრუქტურა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამა  და ამ პროგრამით გათვალისწინებული  მათი უფლებები და ვალდებულებები.  

5. ავიასაწარმო უზრუნველყოფს, სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი იმ პერსონალის, რომელმაც გაიარა პირველადი თეორიული კურსი, სამუშაო ადგილზე   პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებას, რომლის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს  8 საათს.  

6. პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ  დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

7. დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პერსონალის პერიოდული მომზადება ხორციელდება  24 თვეში   ერთხელ და მოიცავს სწავლების, სულ მცირე,  24 საათს. 

8. პერიოდული მომზადების წარმატებით გავლა დასტურდება ზეპირი ან წერითი გამოცდით.  

9. დაცვის განმახორციელებელ პირს გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებისას, მხოლოდ ერთხელ, პირველადი მომზადების ფარგლებში, ეძლევა უფლება ინსტრუქტორთან შეთანხმებულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, ჩააბაროს  გამოცდა განმეორებით. პირველადი მომზადების ფარგლებში განმეორებით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების ან პერიოდული მომზადების დროს არადამაკმაყოფილებელი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, დაცვის განმახორციელებელი პირის უფლებამოსილება, განახორციელოს დაცვის ღონისძიებები,  უქმდება. პერიოდული მომზადების ფარგლებში დაცვის განმახორციელებელ პირს არ ეძლევა  განმეორებით გამოცდის ჩაბარების საშუალება.

10. 6 თვით ან მეტი პერიოდით სამუშაო წყვეტის შემთხვევაში, დაცვის განმახორციელებელი პირი ექვემდებარება მომზადებას, პირველადი მომზადების ანალოგიურად.


მუხლი 18. შემოწმების ოპერატორები და მათი პირველადი მომზადება
1. შემოწმების ოპერატორი ახორციელებს მგზავრის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირის, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას (სკრინინგი).

2. შემოწმების ოპერატორების  პირველადი მომზადება  მოიცავს:

ა) თეორიულ კურსს;

ბ) მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით;

გ) პრაქტიკულ მეცადინეობას სამუშაო ადგილზე.  

3. შემოწმების ოპერატორის მიერ მასალის ათვისება უნდა დადასტურდეს  პირველადი მომზადების თითოეული  ეტაპის  გავლის შემდეგ, გამოცდით.

4. შემოწმების ოპერატორების  თეორიული მომზადება და მომზადება საფრთხის გამოსახულების პროეცირების  სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამით, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ ან ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში.  

5. სწავლების დასრულებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, 10 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა  სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატმა/შემოწმების ოპერატორმა გაიარა შემოწმების ოპერატორის მომზადების კურსი.


მუხლი 19. შემოწმების ოპერატორების თეორიული მომზადება
1. მგზავრის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირის, ხელბარგის, ბარგის, თანმქონი ნივთების, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების განმხორციელებელი შემოწმების ოპერატორების თეორიული  მომზადება მოიცავს სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების  გარდა,  სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) ფიზიკური პირების ხელით შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

ა.ა)  ხელით შემოწმების მიზანი;

ა.ბ)  ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები;

ა.გ) ხელით შემოწმების წესი;

ა.დ) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდები;

ა.ე) შესამოწმებელი პირის მიერ ხელით შემოწმებაზე უარის თქმის დროს განსახორციელებელი მოქმედებები;

ა.ვ) აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის  დროს განსახორციელებელი პროცედურები;

ა.ზ) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრების შემოწმების სპეციფიკა;

ა.თ) შემოწმება პირადი შემოწმების სათავსში;

ბ) ხელბარგის, თანმქონი ნივთების შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

ბ.ა) ხელბარგის, თანმქონი ნივთების შემოწმების მიზანი;

ბ.ბ) ხელბარგში არსებული საგნების დაშვებისა და მათ გადაზიდვაზე უარის თქმის საფუძვლები;

ბ.გ) პირის მიერ ხელბარგის შემოწმებაზე უარის თქმის დროს განსახორციელებელი მოქმედებები;

ბ.დ) ხელბარგის, თანმქონი ნივთების  ხელით შემოწმების მოთხოვნები, შერჩევითი შემოწმება და გამონაკლისები, რომლებიც თავისუფლდება შემოწმებისაგან;

ბ.ე)   გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდები;

ბ.ვ) ხელბარგში, თანმქონ ნივთებში არსებული შენიღბული საგნის ამოცნობის მეთოდები;

ბ.ზ) ხელბარგში, თანმქონ ნივთებში არსებული აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენის  დროს განსახორციელებელი პროცედურები;

ბ.თ) შემოწმებული მგზავრის, მათი ხელბარგის, მათ შორის ტრანზიტული მგზავრებისა და მათი ხელბარგის დაცვის პროცედურებს.

გ) იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების, ფეთქებადი ნივთიერებების, აალებადი მოწყობილობების და სახიფათო ტვირთების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

გ.ა) გადასატანად აკრძალული და შეზღუდული საგნები, მათ შორის სახიფათო ტვირთები;

გ.ბ) ცეცხლსასროლი იარაღის ტიპები და მათი კომპონენტები;

გ.გ) საბრძოლო მასალა;

გ.დ) ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებების თვისებები;

გ.ე) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობების ძირითადი კომპონენტები;

გ.ვ) გადასატანად აკრძალული/შეზღუდული საგნების/ ნივთიერებების აღმოჩენის დროს განსახორციელებელი მოქმედებები;

გ.ზ) განსახორციელებელი მოქმედებები იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ მგზავრი შეიარაღებულია.

გ.თ) იარაღის გადაზიდვის წესი.

დ) რენტგენური დანადგარის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

დ.ა) შემოწმების მიზანი და ორგანიზება;

დ.ბ) რენტგენურ დანადგართან მუშაობისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;

დ.გ) რენტგენური დანადგარის მუშაობის პრინციპები და მისი ექსპლუატაცია;

დ.დ) რენტგენური დანადგარის შესაძლებლობები, თავისებურებები და შემოწმების პროცედურები:

დ.ე) რენტგენური დანადგარის გამოსახულების ამოცნობა და გამოსახული საგნების იდენტიფიკაცია;

ე) თაღური მეტალმძებნის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

ე.ა) თაღური მეტალმძებნის ტიპები და  მათი გამოყენება;

ე.ბ) თაღური მეტალმძენის შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა;

ე.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;

ვ) ხელის მეტალმძებნის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

ვ.ა) ხელის მეტალმძებნის შემოწმება და გამოყენება;

ვ.ბ) ხელის მეტალმძებნის სიგნალიზაცცის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;

ზ) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემის დანიშნულების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითები:

ზ.ა) შემოწმების მიზანი და ორგანიზება;

ზ.ბ) სატესტო ობიექტის გამოყენება;

ზ.გ) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემის მუშაობის პრინციპები და გამოსახულებების ამოცნობა;

ზ.დ) მიზეზები, რის გამოც საეჭვოდ შეიძლება ჩითვალოს საგანი;

ზ.ე) საფრთხის აღმოჩენისას განსახორციელებელი  მოქმედებები/ღონისძიებები;

ზ.ვ) საეჭვო/გადასატანად აკრძალული/შეზღუდული საგნის ან ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებები.

თ) ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

თ.ა) დანიშნულება, ტიპები და  მათი გამოყენება;

თ.ბ) შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა;

თ.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაცის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;

თ.დ) ასაფეთქებელი მოწყობილობის/ფეთქებადი ნივთიერების აღმოჩენისას განსახორციელებელი მოქმედებები.

ი) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

ი.ა) დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირების, ოფიციალური ვიზიტად მყოფი სახელმწიფოს მეთაურებისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირების შემოწმება;

ი.ბ) წესრიგის დამრღვევი მგზავრების შემოწმება;

ი.გ)პოტენციურად დამრღვევი მგზავრების შემოწმება;

ი.დ) ორსულების შემოწმება;

ი.ე) ჩვილებისა და ბავშვების შემოწმება;

ი.ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრები, რომლებიც თავისუფლდებიან შემოწმებისაგან;

ი.ზ) უშიშროების დამატებითი ზომები;

კ) შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირების შემოწმების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

კ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირებთან კომუნიკაცია;

კ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირების ხელით შემოწმების მეთოდები;

კ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირების, ასევე მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება;

კ.დ) შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირების  შემოწმება სამედიცინო პერსონალის დახმარებით;

კ.ე) ეტლის, საკაცის შემოწმება;

ლ) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების შემოწმების შესახებ, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

ლ.ა) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების   შემოწმების და დაცვის     მიზანი;

ლ.ბ) აეროპორტის/საბორტო  მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების შემოწმების მეთოდები;

ლ.გ) აეროპორტის/საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების,  აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის  დროს განსახორციელებელი პროცედურები;

მ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

მ.ა) სისტემის დანიშნულება და   გამოყენება;

მ.ბ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების სისტემაში მუშაობის ანალიზის დანიშნულება.

2. იმ შემოწმების ოპერატორების თეორიული  მომზადება, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის, ფოსტის შემოწმებას,  მოიცავს  სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების  გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) რას წარმოადგენს ტვირთი/ფოსტა (ტვირთის/ფოსტის არსი);

ბ) ტვირთის/ფოსტის შემოწმების მიზანს;

გ) ტვირთის/ფოსტის შემოწმების მეთოდებს;

დ) ტვირთის /ფოსტის შემოწმების თავისებურებებს;

ე) ტვირთის/ფოსტის სახეებს;

ვ) ტვირთის კატეგორიას, რომელიც თავისუფლდება შემოწმებისაგან;

ზ) ტვირთის /ფოსტის ხელით შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები :

ზ.ა) ტვირთის/ფოსტის ხელით შემოწმების მიზანი;

ზ.ბ) ტვირთის/ფოსტის ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები;

ზ.გ) ტვირთის/ფოსტის  ხელით შემოწმების წესი;

თ) გადასატანად აკრძალულ და შეზღუდულ საგნებს;

ი) ტვირთში/ფოსტაში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების, მოწყობილობების შენიღბვის მეთოდებს;

კ) ტვირთში/ფოსტაში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის  დროს განსახორციელებელ პროცედურებს;

ლ) ცეცხლსასროლი იარაღის ტიპებს და მათი კომპონენტებს;

მ) საბრძოლო მასალას;

ნ) ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებების თვისებებს;

ო) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობების ძირითად კომპონენტებს;

პ) ცოცხალი ცხოველების შემოწმების მეთოდებს;

ჟ) მაღალი რისკის ტვირთს/ფოსტას;

რ) ტვირთის/ფოსტის უშიშროების უზრუნველყოფას  (შემოწმება, დაცვა, მარკირება);

ს) ტვირთის უშიშროების დეკლარაციას, - დანიშნულებას და მის შევსებას;

ტ) ტექნიკურ მოწყობილობებს, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:

ტ.ა) რენტგენული დანადგარის დანიშნულება, შემოწმების მიზანი და ორგანიზება;

ტ.ბ) რენტგენულ დანადგართან მუშაობისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;

ტ.გ) რენტგენური დანადგარის მუშაობის პრინციპები და მისი ექსპლუატაცია;

ტ.დ) რენტგენური დანადგარის შესაძლებლობები, თავისებურებები და შემოწმების პროცედურები:

ტ.ე) რენტგენური დანადგარის გამოსახულების ამოცნობა და გამოსახული საგნების იდენტიფიკაცია;

უ) თაღური მეტალმძებნის დანიშნულებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:

უ.ა) თაღური მეტალმძებნის ტიპები და  მათი გამოყენება;

უ.ბ) თაღური მეტალმძებნის შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა;

უ.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;

ფ) ხელის მეტალმძებნის დანიშნულებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:

ფ.ა) ხელის მეტალმძებნის შემოწმება და გამოყენება;

ფ.ბ) ხელის მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;

ქ) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემის დანიშნულებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:

ქ.ა) ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით შემოწმების მიზანი, მუშაობის პრინციპები და  ორგანიზება, გამოსახულებების ამოცნობა;

ქ.ბ) სატესტო ობიექტის გამოყენება;

ქ.გ) მიზეზები, რის გამოც საეჭვოდ შეიძლება ჩაითვალოს საგანი;

ქ.დ) საფრთხის აღმოჩენისას განსახორციელებელი პროცედურები;

ქ.ე) საეჭვო/გადასატანად აკრძალული/შეზღუდული საგნის ან ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებები.

ღ) ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენ მოწყობილობას, რომელშიც შედის შემდეგი საკითები:

ღ.ა) ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის დანიშნულება, ტიპები და  მათი გამოყენება;

ღ.ბ) შემოწმება, სატესტო ობიექტის გამოყენება და ტექნიკური ხარვეზების ამოცნობა;

ღ.გ) თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების დროს განსახორციელებელი მოქმედებები;

ღ.დ) ასაფეთქებელი მოწყობილობის/ფეთქებადი ნივთიერების აღმოჩენისას განსახორციელებელი მოქმედებები;

ყ) ტვირთის/ფოსტის ვიზუალურ შემოწმებას და მის დანიშნულებას;

შ) სპეციალური ბარგის შემოწმებას;

ჩ) დიპლომატიური ფოსტის, საკონსულო ვალიზების და მათთან გათანაბრებულ სხვა ოფიციალური კორესპონდენციისადმი წაყენებულ მოთხოვნებს;

ც) ფიზიკური პირების შემოწმების მიზანს და მეთოდებს, რომელშიც შედის შემდეგი საკითხები:;

ც.ა) პირის ხელით შემოწმება:

ც.ბ) პირების ხელით შემოწმების დადებითი და უარყოფითი მხარეები;

ც.გ) ხელით შემოწმების წესი;

ც.ე) აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის  დროს განსახორციელებელი პროცედურები;

ც.ვ) შემოწმება პირადი შემოწმების სათავსში;

 ძ) განსაკუთრებული კატეგორიის, მათ შორის ორსულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა  განსაკუთრებული კატეგორიის პირების შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:

ძ.ა) განსაკუთრებული კატეგორიის მგზავრების შემოწმების თავისებურებები;

ძ.ბ) ორსულების შემოწმების წესი;

ძ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირებთნ კომუნიკაცია და მათი ხელით შემოწმების მეთოდიკა, ასევე მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება;

ძ.დ) შემოწმება სამედიცინო პერსონალის დახმარებით;

ძ.ე) ეტლის, საკაცის შემოწმება;

ძ.ვ) უშიშროების დამატებითი ზომები;

წ) ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმებას, რომელშიც შედის შემდეგი თემები:

წ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პირების  იდენტიფიცირება ;

წ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პირების შემოწმება; 

წ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების  მძღოლისა და მგზავრების შემოწმების  მიზანი;

წ.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების მეთოდი;

წ.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების შესამოწმებელი ზონები;

წ.ვ) შემოწმების განხორციელებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები;

წ.ზ) აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის  დროს განსახორციელებელი პროცედურები;

ჭ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელშიც შედის შემდეგი თემები::

ჭ.ა) სისტემის დანიშნულება და   გამოყენება;

ჭ.ბ) საფრთხის გამოსახულების პროეცირების სისტემაში მუშაობის ანალიზის დანიშნულება.

ხ) საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურით გადასატანი ბარგის შემოწმება, მათ შორის:

ხ.ა) საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურით გადასატანი ბარგის შემოწმების ეტაპები

ხ.ბ) მოქმედებები  გადასატანად აკრძალული საგნების და ნივთიერებების გამოვლენის შემთხვევაში.

ხ.გ) შემოწმებული ბარგის დაცვის პროცედურები.

ხ.დ) ბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენისა და ავტორიზაციის პროცედურა.

3. თეორიული მომზადების შემდეგ შემოწმების ოპერატორი აბარებს წერით გამოცდას, რომელიც მოიცავს გავლილი თეორიული მასალის საკითხებს. 

4. თეორიული ტესტის შეფასების ფარგლებში გამსვლელია ქულა თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო   კითხვების 80%.

5. შემოწმების ოპერატორს, გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებისას, მხოლოდ ერთხელ, პირველადი მომზადების ფარგლებში, ეძლევა უფლება ინსტრუქტორთან შეთანხმებულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, ჩააბაროს  გამოცდა განმეორებით. განმეორებით უარყოფითი შეფასების მიღებისას, კანდიდატი ვერ გააგრძელებს სასწავლო და საგამოცდო პროცესს და არ ექვემდებარება სერტიფიცირებას.


მუხლი 20. შემოწმების ოპერატორების მომზადება საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით
1. თეორიული გამოცდის შემდეგ, შემოწმების ოპერატორები გადიან მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების  სპეციალიზებული  კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, რომლის სწავლების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს და ხორციელდებოდეს დღეში არაუმეტეს ერთი საათისა.

2. თეორიული და საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მომზადებებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს.

3. მომზადება უნდა მოიცავდეს საფრთხის გამოსახულების ამოცნობის სწავლებას, რომლის დროსაც საფრთხის შემცველი გამოსახულებების შერჩევა უნდა ხორციელდებოდეს არაპროგნოზირებადობის საფუძველზე.

4. მომზადებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 250 სხვადასხვა საფრთხის შემცველი საგნის 1000 გამოსახულებას. მათ შორის, საფრთხის შემცველი საგნების შემადგენელი ნაწილების გამოსახულებებს. ყოველი გამოსახულება მოცემული უნდა იყოს მრავალი რაკურსით.

5. შემოწმების ოპერატორების საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის ცოდნა  დასტურდება საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამით ტესტირების საფუძველზე. 

6. კანდიდატს/შემოწმების ოპერატორს ეძლევა 25 წმ, რათა ამოიცნოს საფრთხის შემცველი ჩანთა/ტვირთი/მასალა  და განსაზღვროს  საფრთხის შემცველი საგნის ტიპი.

7. ტესტირების  შედეგი დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება, თუ სწორად ამოცნობილი საფრთხის შემცველი გამოსახულებ(ებ)ის  რაოდენობა შეადგენს 80%-ს.

8. ტესტირებისათვის განკუთვნილი გამოსახულების სირთულის დონე ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ საფრთხის შემცველი ჩანთები მოცემული იყოს სხვადასხვა რაკურსით და პოზიციით, ამასთანავე ჩანთაში/ტვირთში/მასალაში მოთავსებული საფრთხის შემცველი საგნ(ებ)ის გამოსახულებას უნდა ფარავდეს სხვა საგნების გამოსახულებები.

9. პირველადი მომზადების ფარგლებში, საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამით ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, შემოწმების ოპერატორზე გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატმა გაიარა შემოწმების ოპერატორებისთვის განკუთვნილი შესაბამისი სწავლება.

10. პირველადი თეორიული სწავლებისა  და საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მომზადების შემდეგ კანდიდატი/შემოწმების ოპერატორმა უნდა გაიაროს  შემოწმების ოპერატორის პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე.

11. პირებმა, რომლებმაც ვერ მიიღეს დამაკმაყოფილებელი შეფასება  ტესტირების დროს, მხოლოდ ერთხელ, პირველადი მომზადების ფარგლებში, ეძლევა უფლება ინსტრუქტორთან შეთანხმებულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, გაიაროს  ტესტირება განმეორებით.განმეორებით უარყოფითი შეფასების მიღებისას, კანდიდატი ვერ გააგრძელებს სასწავლო და საგამოცდო პროცესს და არ ექვემდებარება სერტიფიცირებას.

12. შემოწმების ოპერატორების მომზადებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის ბიბლიოთეკა  ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას და ცვლილებას სულ მცირე, 12 თვეში ერთხელ, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩანაცვლდეს საფრთხის შემცველი გამოსახულების სულ მცირე, 10 %.


მუხლი 21. შემოწმების ოპერატორების პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე
1. შემოწმების ოპერატორების პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე ხორციელდება იმ დასახელებისა და მოდელის ტექნიკურ მოწყობილობაზე, რომელზეც უნდა განახორციელოს სამუშაო სამომავლოდ შემოწმების ოპერატორმა.  

2. შემოწმების ოპერატორის პრაქტიკულ მეცადინეობას  უზრუნველყოფს  ავიასაწარმო (საკუთარი ძალებით ან ხელშეკრულების საფუძველზე).

3. პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე მოიცავს, სულ მცირე, 40 საათს და მოიცავს  საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ  მოწყობილობებთან და რენტგენურ დანადგართან მუშაობას, ფიზიკური პირების, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების პრაქტიკაში განხორციელებას, მათ შორის, ხელით შემოწმების განხორციელებას, მგზავრთნაკადის რეგულირებას, გაუთვალისწინებელი  ვითარების დროს მოქმედებებს, მგზავრთან  კომუნიკაციას/ეტიკეტს.

4.  პრაქტიკული მეცადინეობა ხორციელდება ავიასაწარმოს მიერ ამ მიზნით შესაბამისი აქტით (ბრძანებით) დანიშნული, სულ მცირე, 3 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე, მოქმედი შემოწმების ოპერატორ(ებ)ის (მწვრთნელ(ებ)ის) მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

5. თუ ავიასაწარმოს არ ჰყავს კვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც განახორციელებს ამ წესით გათვალისწინებული მწვრთნელის ფუნქციას, უფლება აქვს მოიწვიოს ასეთი კადრი ხელშეკრულების საფუძველზე,  კანდიდატის პრაქტიკული მეცადინეობისთვის განკუთვნილი პერიოდით ან გააფორმოს ხელშეკრულება სხვა ავიასაწარმოსთან, სადაც განხორციელდება კანდიდატის პრაქტიკული მეცადინეობა ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

6. პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში,  შემოწმების ოპერატორს არ აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება.

7. პრაქტიკული მომზადებისთვის განკუთვნილი საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამა  უნდა მოიცავდეს სულ მცირე  1500 სხვადასხვა საფრთხის შემცველი საგნის 6000 გამოსახულებას. მათ შორის საფრთხის შემცველი საგნების შემადგენელი ნაწილების გამოსახულებებს. ყოველი გამოსახულება მოცემული უნდა იყოს მრავალი რაკურსით.

8. თითოეული პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ  კეთდება ჩანაწერი მწვრთნელის მიერ, რომელსაც ის ადასტურებს ხელმოწერით.

9. პრაქტიკული მეცადინეობის შემდეგ შემოწმების ოპერატორები გადიან უნარების პრაქტიკულ შემოწმებას, რომლის დროსაც ფასდება საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ მოწყობილობებთან მუშაობის უნარი, რენტგენურ დანადგართან მუშაობის უნარი, მათ შორის რენტგენური დანადგარის მონიტორზე გამოსახული ფერების მნიშვნელობის ცოდნა, ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის დროს გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ზომების ცოდნა; მგზავრის, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების უნარი, მათ შორის ხელით შემოწმების ტექნიკის ცოდნა, გაუთვალისწინებელი ვითარების დროს განსახორციელებელი მოქმედების ცოდნა, მგზავრთან კომუნიკაცია/ეტიკეტი. ფიზიკური მომზადების დონე და ფიზიკური შესაძლებლობა, გამძლეობა, მოტივაცია.

10. 40 საათიანი პრაქტიკული მეცადინეობის დასრულების  შემდეგ,  ჩანაწერის საფუძველზე, რომელშიც მწვრთნელი ადასტურებს:

ა) კანდიდატი ფლობს შემოწმების ოპერატორის უნარებს და შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს შემოწმების ოპერატორის ფუნქცია, ან

ბ) კანდიდატი არ არის მზად, განხორციელოს დამოუკიდებლად შემოწმების ოპერატორის ფუნქცია.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის შემთხვევაში, კანდიდატს ეძლევა დამატებითი დრო პრაქტიკული მომზადებისათვის (არა უმეტეს  40 საათისა).

12. კანდიდატს/შემოწმების ოპერატორს უარი უნდა ეთქვას შემოწმების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებაზე, თუ დამატებით გამოყოფილი  საათების შემდეგ, მწვრთნელი თვლის, რომ კანდიდატი არ არის მზად, განხორციელოს დამოუკიდებლად შემოწმების ოპერატორის საქმიანობა.

13. პრაქტიკული მეცადინეობის შედეგები ინახება კანდიდატის/შემოწმების ოპერატორის  პირად საქმეში.


მუხლი 22. შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირება, სერტიფიკატის ვადის შეჩერება, ვადის გაგრძელება
1. შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო.

2. ავიასაწარმო წერილობით მიმართავს სააგენტოს შემოწმების ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ. წერილს თან უნდა დაერთოს განაცხადება (დანართი №1), შემოწმების ოპერატორის სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი და მწვრთნელის მიერ ხელმოწერით დადასტურებული პრაქტიკული მეცადინეობის დამადასტურებელი ჩანაწერის ასლები.

3. სააგენტო უფლებამოსილია, სერტიფიკატის გაცემამდე მოითხოვოს კანდიდატის/შემოწმების ოპერატორის  სწავლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, საგამოცდო ტესტი.

4.  შემოწმების ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

5. სააგენტო საბუთების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გასცემს შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატს (დანართი N2).

6. პირველადი მომზადების ფარგლებში, სწავლების რომელიმე ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, კანდიდატს აქვს უფლება განმეორებით (მხოლოდ ერთხელ) ჩააბაროს გამოცდა, ინსტრუქტორის მიერ განსაზღვრულ დროს, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა. განმეორებით უარყოფითად შეფასებისას კანდიდატი არ ექვემდებარება სერტიფიცირებას.

7. შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 (ორი) წელი. ვადის ამოწურვის შემდეგ ან 6 თვიანი ან მეტი დროით სამუშაო წყვეტის შემთხვევაში, შემოწმების ოპერატორმა მომზადება უნდა გაიაროს პირველადი მომზადების ანალოგიურად.

8. სააგენტო უფლებამოსილია, შეაჩეროს შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატის მოქმედების ვადა ან  გააუქმოს სერტიფიკატი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის (კომპეტენცია AVSEC) ან დამსაქმებელი  ავიასაწარმოს მოთხოვნის საფუძველზე, თუ გამოვლინდა, რომ სერტიფიკატის მფლობელი არაჯეროვნად  ასრულებს თავის მოვალეობას, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია,  არ აღუდგინოს ან აღუდგინოს (გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე) შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების ვადა მხოლოდ ერთხელ, თუ შემოწმების ოპერატორმა დამატებით გაიარა ამ წესით განსაზღვრული პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე და უნარების პრაქტიკული შემოწმება და მიიღო დადებითი შეფასება.


მუხლი 23. შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადება და რესერტიფიცირება
1. შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადება ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, რომლის ფარგლებში შემოწმების ოპერატორები გადიან მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების  სპეციალიზებული  კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მომზადების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს. შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადება და  შეფასება ხორციელდება  ამ წესის მე-20 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

2. შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადების წარმატებით გავლის შემდეგ, სააგენტო შემოწმების ოპერატორის მოქმედ სერტიფიკატში აკეთებს  ჩანაწერს სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, პერიოდული მომზადების გავლის შესახებ.

3. ავიასაწარმო ვალდებულია მკაცრად დაიცვას მომზადების პერიოდულობის 6-თვიანი ვადა.

4. შემოწმების ოპერატორების რესერტიფიცირება ხორციელდება 24 თვეში ერთხელ და მოიცავს თეორიულ მომზადებასა და მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.

5. რესერტიფიცირების ფარგლებში, პრაქტიკული მეცადინეობა ხორციელდება იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ახალი ტექნიკური მოწყობილობ(ებ)ის, განახლებული პროცედურ(ებ)ის ასათვისებლად.

6. რესერტიფიცირების ფარგლებში, შემოწმების ოპერატორების თეორიული სწავლება მოიცავს, სულ მცირე, 40 საათს.

7. რესერტიფიცირების ფარგლებში, სწავლების რომელიმე ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, შემოწმების ოპერატორს  უფლება აქვს განმეორებით (მხოლოდ ერთხელ) ჩააბაროს გამოცდა,  ინსტრუქტორის მიერ განსაზღვრულ დროს, მაგრამ პირველი გამოცდიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. განმეორებით უარყოფითად შეფასებისას დამსაქმებელი წერილობით მიმართვას სააგენტოს სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე.


თავი IV
სახიფათო ტვირთები

მუხლი 24. სახიფათო ტვირთები
1. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს, კერძოდ, შემოწმების ოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების, ავიაგადამზიდველის ფოსტის შემოწმებას, გავლილი უნდა ჰქონდეთ საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ სწავლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სახიფათო ტვირთების შესახებ სწავლებას ექვემდებარებიან ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ცვლის უფროსები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ავიასაწარმოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ოპერატორების ხელმძღვანელობას.

3. ავიასაწარმოს არა აქვს უფლება, დაავალოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულ საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პირს, თუ მას არა აქვს გავლილი საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ სასწავლო კურსი.

4. ავიასაწარმომ, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისთვის, უნდა შეიმუშაოს საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული, მომზადებისა და შეფასების პროგრამა (პროგრამები).  

შენიშვნა: საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული მომზადების პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციებისა“ (Doc 9284) და „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების კუთხით კომპეტენციაზე დაფუძნებული პერსონალის მომზადების და შეფასების სახელმძღვანელოს“ (Doc 10147) მოთხოვნებს.

5. პროგრამა მტკიცდება  ავიასაწარმოს მიერ და თანხმდება სააგენტოსთან.

6. პერიოდული მომზადების ფარგლებში სახიფათო ტვირთების სწავლება უნდა განხორციელდეს 24 თვეში ერთხელ.

7. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულად აღრიცხვა და შენახვა 3 წლის განმავლობაში.

8. პირები, რომლებმაც  სახიფათო ტვირთების  სწავლებით გათვალისწინებული საკითხები გაიარეს საავიაციო უშიშროების სპეციალიზირებული მომზადების ფარგლებში, საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ სწავლებას აღარ საჭიროებენ.

9. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების სწავლებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.