მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/35730-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 22/02/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/35730-23
22/02/2024
ვებგვერდი, 11/03/2024
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №330211923008428350

საქმე №2/35730-23

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2024 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ალექსანდრე გზირიშვილი


განმცხადებელი (მოვალე) – შპს „ოპტიო“

წარმომადგენლები – შოთა გიორგობიანი (დირექტორი), შპს „მაკგილი“, ბერდია ახალბედაშვილი, სალომე გულუა

მოთხოვნა – შპს „ოპტიოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ოპტიოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და გამოარკვია:

2023 წლის 28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ოპტიოს“ წარმომადგენელმა, დირექტორმა შოთა გიორგობიანმა, რომელმაც მოითხოვა შპს „ოპტიო“-ს მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

2024 წლის 08 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა გაკოტრების სამართლებრივი მიზნის მიღწევას, კერძოდ განმცხადებლის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ დაკმაყოფილდებოდა არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარებოდა საპროცესო ხარჯებიც კი. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ოპტიოს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 იანვრის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2024 წლის 08 იანვარს, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში – 2024 წლის 17 იანვარს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არცერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის. გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ოპტიო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404520737) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და შესაბამისად, გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და დაადგინა:

1. შპს „ოპტიო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404520737) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე  ალექსანდრე გზირიშვილი