დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040230000.18.011.016832
48/04
29/02/2024
ვებგვერდი, 01/03/2024
040230000.18.011.016832
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №48/04

2024 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, იმავე ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ა“ და„ზ“ ქვეპუნქტების, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და 561 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების თანდართული წესი.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობის შესახებ" წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №26 დადგენილება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების წესით (შემდგომში   წესი) რეგულირდება ანგარიშის მწარმოებლის მიერ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნისა და წარმოების პირობები და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფასიანი ქაღალდების ანგარიში  „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიში;

ბ) ანგარიშის მწარმოებელი – „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი;

გ) პირველი საფეხურის ანგარიშის მწარმოებელი – ანგარიშის მწარმოებელი, რომელიც ფასიან ქაღალდებს უშუალოდ ინვესტორის სასარგებლოდ ფლობს;

დ) მომდევნო საფეხურის ანგარიშის მწარმოებელი – ანგარიშის მწარმოებელი, გარდა პირველი საფეხურის ანგარიშის მწარმოებლისა;

ე) უცხოური ანგარიშის მწარმოებელი – ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ანგარიშის მწარმოებლის საქმიანობა;

ვ) ცენტრალური დეპოზიტარი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 50-ე პუნქტით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარი;

ზ) იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები – ერთი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ფასიანი ქაღალდები;

თ) ინვესტორი – „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

ი) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემი – ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები;

კ) ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 69-ე პუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების ანგარიში;

ლ) ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 70-ე პუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების ანგარიში;

მ) წევრი/მონაწილე - ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილე ცენტრალური დეპოზიტარის წესების შესაბამისად;

ნ) კორპორაციული ქმედება – ემიტენტის მიერ ან მისი სახელით ინიცირებული ქმედება, რომელიც ითვალისწინებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე უფლებების განხორციელებას, მათ შორის დივიდენდის/პროცენტის განაწილება და ინვესტორთა საერთო კრება;

ო) წერილობითი ფორმა – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 51-ე პუნქტით განსაზღვრული წერილობითი ფორმა.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ანგარიშის მწარმოებელი

1. ანგარიშის მწარმოებელი შეიძლება იყოს ცენტრალური დეპოზიტარი, საბროკერო კომპანია, კომერციული ბანკი ან საქართველოში ლიცენზირებული სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც უფლებამოსილია კლიენტს გაუხსნას და აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ანგარიში.

2. ანგარიშის მწარმოებლის მიერ ანგარიშის მფლობელის ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების ანგარიშების წარმოება ხორციელდება ანგარიშის მფლობელის სასარგებლოდ და არ გულისხმობს მათზე საკუთრების უფლების გადაცემას ანგარიშის მწარმოებლისთვის.

3. ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია:

ა) აწარმოოს შიდა ჩანაწერები და ანგარიშები იმგვარად, რომ ნებისმიერ დროს შეეძლოს განასხვავოს ერთი კლიენტის აქტივები მეორე კლიენტისა და საკუთარი აქტივებისგან, ამ აქტივების სხვადასხვა ანგარიშებზე აღრიცხვის მეშვეობით;

ბ) მიიღოს აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს მის მიერ მომდევნო საფეხურის ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) განთავსებული კლიენტების ფასიანი ქაღალდების განსხვავება როგორც საკუთარი, ასევე მომდევნო საფეხურის ანგარიშის მწარმოებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისგან, ამ ფასიანი ქაღალდების მომდევნო საფეხურის ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ სხვადასხვა ანგარიშზე აღრიცხვის მეშვეობით;

გ) მიიღოს ადეკვატური ორგანიზაციული ზომები, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კლიენტების აქტივების დაკარგვის ან ამ აქტივებთან დაკავშირებული კლიენტების უფლებების დარღვევის რისკი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კლიენტების აქტივების არამართლზომიერად გამოყენებით, თაღლითობით, არასათანადო ადმინისტრირებით, არასათანადო აღრიცხვით ან დაუდევრობით;

დ) გააჩნდეს სათანადო ინფორმაციული უზრუნველყოფა და ტექნიკური საშუალებები ამ წესით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად;

ე) გასცეს კლიენტის  ანგარიშიდან ამონაწერი ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად ფასიან ქაღალდებზე/ფულად სახსრებზე კლიენტის მფლობელობის უფლების დასადასტურებლად, ხოლო თუ კლიენტი ინვესტორია, საკუთრების უფლების დასადასტურებლად;

ვ) განახორციელოს კანონმდებლობითა და კლიენტთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჭირო მოქმედებები კლიენტის მიერ ფასიანი ქაღალდებიდან სარგებლისა (დივიდენდი, პროცენტი) და ძირითადი თანხის მისაღებად;

ზ) კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, დაუბრუნოს მას ფულადი სახსრები კლიენტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ან გადაიტანოს კლიენტის კუთვნილი ფასიანი ქაღალდები კლიენტის მიერ შერჩეულ სხვა ანგარიშის მწარმოებლთან, სადაც კლიენტს გახსნილი აქვს ფასიანი ქაღალდების ანგარიში, კლიენტის შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, თუ კლიენტთან განსხვავებული ვადა წერილობითი ფორმით არ არის შეთანხმებული ან თუ ამგვარი გადატანისთვის ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე უფრო დიდი ვადა არ არის აუცილებელი;

თ) განახორციელოს რეკონსილაცია წინა სამუშაო დღის მდგომარეობით სულ მცირე იმ იდენტურ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე, რომლებზედაც განხორციელდა ოპერაცია წინა სამუშაო დღეს, თავის შიდა ჩანაწერებსა და მომდევნო საფეხურის ანგარიშის მწარმოებლის, მათ შორის, უცხოური ანგარიშის მწარმოებლის, ჩანაწერებს შორის, სადაც განთავსებულია მისი კლიენტების ფასიანი ქაღალდები. განხორციელებული ოპერაციების სიხშირის მიუხედავად, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკონსილაცია შეასრულოს, სულ მცირე, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით;

ი) დაიცვას კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა (მათ შორის, კლიენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდეგ) და უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მესამე პირებისათვის მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

კ) უზრუნველყოს სხვა მოთხოვნების შესრულება, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 4. ანგარიშის მწარმოებლის მიერ ანგარიშების გახსნა და წარმოება

1. ანგარიშის მწარმოებლის მიერ კლიენტისთვის გახსნილი ფასიანი ქაღალდების ანგარიში შეიძლება იყოს:

ა) საკუთარი ფასიანი ქაღალდების ანგარიში;

ბ) ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში;

გ) ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში.

2. ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში ან ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში შეიძლება გაეხსნას მხოლოდ ანგარიშის მწარმოებელს (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელს). უცხოური ანგარიშის მწარმოებელი ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის  (FATF)  რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ახორციელებდეს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავდეს ინფორმაციას/დოკუმენტებს და ექვემდებარებოდეს რეგულირებას/ზედამხედველობას.

3. ანგარიშის მწარმოებელი უფლებამოსილია, მომდევნო საფეხურის ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) კლიენტის ფასიანი ქაღალდები განათავსოს ომნიბუსსეგრეგირებულ ან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე კლიენტთან დადებული ხელშეკრულებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. თუ ანგარიშის მწარმოებელი ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეა, ის ვალდებულია, შესთავაზოს თავის კლიენტს ცენტრალურ დეპოზიტარში ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშსა და ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშს შორის არჩევანის გაკეთება და აცნობოს მას თითოეული მათგანის არჩევასთან დაკავშირებული რისკებისა და ხარჯების შესახებ. 

5. კლიენტის ფასიანი ქაღალდების ანგარიშის წარმოება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ:

ა) შესაძლებელი იყოს ამონაწერის გაკეთება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად;

ბ) თითოეული კლიენტის სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ფასიანი ქაღალდები აღრიცხული იყოს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კლიენტის სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ფასიანი ქაღალდების იდენტიფიკაცია.

6. ანგარიშის მწარმოებელმა ანგარიშები არამატერიალიზებული ფორმით უნდა აწარმოოს.

7. ანგარიშის მწარმოებელმა საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა განახორციელოს ჩანაწერების და ანგარიშების წარმოება იმ სახით, რომ უზრუნველყოს მათი სიზუსტე და სისრულე.

8. ჩანაწერები უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდე არსებული ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა.

9. ფასიანი ქაღალდების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს:

ა.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი; პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;

ა.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება; სამართლებრივი ფორმა; იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე ძირითადი დაწესებულების მისამართი); მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი; საიდენტიფიკაციო ნომერი; ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად);

ბ) ანგარიშის უნიკალურ ნომერს;

გ) მითითებას იმის შესახებ, აღნიშნული ანგარიში არის საკუთარი ფასიანი ქაღალდების ანგარიში, ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში თუ ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში;

დ) კლიენტის სახელზე აღრიცხულ ფასიან ქაღალდებს, შესაბამისი ფასიანი ქაღალდის ემიტენტის სახელწოდების, სამართლებრივი ფორმისა და საიდენტიფიკაციო ნომრის, ფასიანი ქაღალდის ტიპის, კლასის, ერთეულის ნომინალური ღირებულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასიანი ქაღალდის საიდენტიფიკაციო ნომრისა და რაოდენობის მითითებით;

ე) ოპერაციების ისტორიულ-ქრონოლოგიურ მონაცემებს (ოპერაციების თარიღების და ღირებულების ჩათვლით), რომელთა საფუძველზეც კლიენტს ერიცხება შესაბამისი ფასიანი ქაღალდები და, შესაბამის შემთხვევაში, მათთან დაკავშირებული სარგებელი (დივიდენდი, პროცენტი);

ვ) ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლების არსებობის ან ანგარიშის ბლოკირების შემთხვევაში, ინფორმაციას დაგირავებული/ბლოკირებული ფასიანი ქაღალდის ემიტენტის სახელწოდების, სამართლებრივი ფორმისა და საიდენტიფიკაციო ნომრის, ფასიანი ქაღალდის ტიპის, კლასის, ერთეულის ნომინალური ღირებულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასიანი ქაღალდის საიდენტიფიკაციო ნომრისა და რაოდენობის მითითებით;

ზ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ყოველი თანამფლობელის შესახებ, თუ ფასიანი ქაღალდები ერთობლივ ანგარიშზეა განთავსებული;

თ) სხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და კლიენტთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

10. ანგარიშის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ანგარიშის მფლობელმა ანგარიშის მწარმოებელს დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს ცვლილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება ანგარიშის მწარმოებელმა ჩანაწერებში უნდა ასახოს შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთ) სამუშაო დღეში.

11. ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია კლიენტების ანგარიშებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ჩანაწერები (გარდა მატერიალური სახით არსებული დოკუმენტებისა) შეინახოს მისი ლიცენზიის მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში. მატერიალური სახით არსებული დოკუმენტები ანგარიშის მწარმოებელმა უნდა შეინახოს სულ მცირე 10 (ათი) წლის ვადით.

12. ანგარიშის მფლობელთან დაკავშირებული ინფორმაცია მესამე პირებს ანგარიშის მწარმოებელმა შეიძლება გაუმჟღავნოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

მუხლი 5. ამონაწერი კლიენტის ანგარიშიდან

1. ანგარიშის მწარმოებელი კლიენტის ფასიანი ქაღალდების ან/და ფულადი სახსრების ანგარიშიდან ამონაწერის გაცემის გზით ადასტურებს, რომ ფასიანი ქაღალდები ან/და ფულადი სახსრები, რომლებიც განთავსებულია კლიენტის ფასიანი ქაღალდების ან ფულადი სახსრების ანგარიშზე, არის კლიენტის მფლობელობაში, ხოლო თუ კლიენტი ინვესტორია – კლიენტის საკუთრებაში.

2. ანგარიშის მწარმოებელმა კლიენტისგან შესაბამისი წერილობითი ან წინასწარ შეთანხმებული სხვა ალტერნატიული ფორმით მიღებული მოთხოვნის საფუძველზე  კლიენტს უნდა მიაწოდოს:

ა) ამონაწერი კლიენტის ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან კონკრეტული თარიღისთვის არსებული ფასიანი ქაღალდების ნაშთის შესახებ, ყველა ფასიანი ქაღალდის ან მხოლოდ კონკრეტული საიდენტიფიკაციო ნომრის ფასიანი ქაღალდების ჭრილში;

ბ) ამონაწერი, რომელშიც შევა ინფორმაცია კლიენტის მიერ ამ ანგარიშის მწარმოებელთან კონკრეტული თარიღისთვის განთავსებული ფულადი სახსრების ნაშთზე, სრულად ან ცალკეული ვალუტების ჭრილში;

გ) ამონაწერი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ კონკრეტული პერიოდისთვის;

დ) ამონაწერი, რომელიც მოიცავს ფულადი სახსრების ანგარიშზე ბრუნვას კონკრეტული პერიოდისთვის.

3. ამონაწერში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის შემთხვევაში, მითითება იმის თაობაზე, იგი არის საკუთარი ფასიანი ქაღალდების ანგარიში, ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში თუ ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში;

გ) ფასიანი ქაღალდების/ფულადი სახსრების ანგარიშის უნიკალური ნომერი;

დ) ამონაწერის გაცემის თარიღი;

ე) თარიღი, რომლის მდგომარეობითაც ასახავს ამონაწერი მასში მოცემულ ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების/ფულადი სახსრების შესახებ;

ვ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის შემთხვევაში, ანგარიშზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა და საიდენტიფიკაციო ნომერი, ფასიანი ქაღალდების ტიპი, კლასი, ერთეულის ნომინალური ღირებულება (არსებობის შემთხვევაში), ფასიანი ქაღალდის საიდენტიფიკაციო ნომერი და რაოდენობა;

ზ) ფულადი სახსრების ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ოდენობა (ვალუტების მიხედვით);

თ) ფასიანი ქაღალდების გირავნობის უფლებით დატვირთვის ან ანგარიშის ბლოკირების შემთხვევაში, ინფორმაცია დაგირავებული/ბლოკირებული ფასიანი ქაღალდების შესახებ, კერძოდ: ფასიანი ქაღალდის ემიტენტის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა და  საიდენტიფიკაციო ნომერი, ფასიანი ქაღალდის ტიპი, კლასი, ერთეულის ნომინალური ღირებულება, ფასიანი ქაღალდის საიდენტიფიკაციო ნომერი და დაგირავებული/ბლოკირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა;

ი) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ყოველი თანამფლობელის შესახებ, თუ ფასიანი ქაღალდები ერთობლივ ანგარიშზეა განთავსებული;

კ) ფულადი სახსრების გირავნობის უფლებით დატვირთვის ან ანგარიშის ბლოკირების შემთხვევაში, ინფორმაცია დაგირავებული/ბლოკირებული ფულადი სახსრების შესახებ;

ლ) სასესხო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში – ფასიანი ქაღალდის გამოშვებისა და დაფარვის თარიღები და კუპონის განაკვეთი.

4. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშის მწარმოებლმა უნდა გასცეს სათანადოდ დამოწმებული ამონაწერი.

5. თუ კლიენტთან სხვა ვადა არ არის შეთანხმებული, ანგარიშის მწარმოებელმა კლიენტის ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერი უნდა გასცეს კლიენტის მიერ ამონაწერის მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 6. ოპერაციები დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე

1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება ხდება ანგარიშის მფლობელის ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებით. 

2. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების გადაცემა ხდება ანგარიშის მფლობელის ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დადებეტებით. 

3. ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია, შეასრულოს ანგარიშის მფლობელის დავალება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღების/გადაცემის თაობაზე ანგარიშის მფლობელსა და ანგარიშის მწარმოებელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

4. ანგარიშის მფლობელმა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღების/გადაცემის თაობაზე ანგარიშის მწარმოებლისთვის მიცემული დავალება შეიძლება გამოითხოვოს მხოლოდ ანგარიშის მწარმოებელთან დადებული ხელშეკრულებით ან, შესაბამის შემთხვევაში, ცენტრალური დეპოზიტარის წესებით გათვალისწინებულ მომენტამდე. დაუშვებელია დავალების გამოთხოვა ფასიანი ქაღალდების ანგარიშის დადებეტების შემდეგ.

5. ანგარიშის მწარმოებელმა შეიძლება ფასიანი ქაღალდების გადაცემა განახორციელოს ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დაარეგისტრიროს/გააუქმოს გირავნობა/ბლოკირება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების გადაცემა:

ა.ა) ანგარიშის მფლობელის დავალების საფუძველზე, ხოლო თუ ფასიანი ქაღალდები დაგირავებულია, ანგარიშის მფლობელის დავალებისა და მოგირავნის თანხმობის საფუძველზე;

ა.ბ) სახეზეა რეორგანიზაციით ან მემკვიდრეობით გამოწვეული უფლებამონაცვლეობა;

ა.გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ) თუ ხორციელდება დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის რეგისტრაცია, ანგარიშის მფლობელის მიერ შესაბამისი გირავნობის ხელშეკრულების ანგარიშის მწარმოებლისათვის წარდგენის საფუძველზე;

გ) თუ ხორციელდება დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის გაუქმება, მოგირავნის დავალების საფუძველზე;

დ) თუ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ბლოკირების რეგისტრაცია, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) თუ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ბლოკირების გაუქმება, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლება (გარდა ფინანსური გირავნობისა) წარმოიშობა ანგარიშის მწარმოებლის მიერ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გირავნობის შესახებ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებით. ფინანსური გირავნობის წარმოშობა და ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით.

7. თუ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლება წარმოიშვა ანგარიშზე ჩანაწერის გაკეთებით, დაგირავებული ქაღალდები კვლავ ირიცხება დამგირავებლის (ანგარიშის მფლობელის) ანგარიშზე, თუმცა, არ არის მისთვის ხელმისაწვდომი ოპერაციებისთვის მანამ, სანამ არ დადგება გირავნობის მოხსნის საფუძველი ან მოგირავნე არ განაცხადებს თანხმობას.

8. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელებისთვის  ანგარიშის მწარმოებელს უნდა წარედგინოს ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული სრულყოფილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლები არიან დოკუმენტაციის წარმდგენი/ხელმომწერი პირი/პირები.

9. ანგარიშის მწარმოებელმა უნდა შეიმუშაოს კლიენტებისგან მიღებული დავალებების აღსრულების დეტალური წესები და პროცედურები, რომლებიც ასევე უნდა მოიცავდეს დავალებების აღსრულების ვადებს.

10. ანგარიშის მწარმოებელი (ცენტრალური დეპოზიტარის შემთხვევაში – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურებების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით) ფასიანი ქაღალდების ან/და ფულადი სახსრების ანგარიშის ბლოკირებას ახორციელებს:

ა) ანგარიშის მფლობელის წერილობითი მოთხოვნით;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით.

11. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საეჭვო გარიგების ვარაუდის არსებობისას, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით ანგარიშის ბლოკირების შემთხვევაში, ანგარიშის მწარმოებლის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ აქვთ უფლება, შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

12. ბლოკირების ინიციატორ პირს შეუძლია, მოსთხოვოს ანგარიშის მწარმოებელს ამონაწერი ბლოკირების თაობაზე.

13. ბლოკირება უნდა გაუქმდეს:  

ა) იმ პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის ინიციატივითაც განხორციელდა ბლოკირება;

ბ) იმ პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც, კანონმდებლობის  თანახმად, უფლებამოსილია, რომ გააუქმოს ბლოკირება, შემდეგ შემთხვევებში:

ბ.ა) ბლოკირების შესახებ განკარგულებაში მითითებული ვადის გასვლისას;

ბ.ბ) პირობის დადგომის შემდეგ, რომელიც ბლოკირების შესახებ განკარგულებაში არის მითითებული;

ბ.გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

14. ანგარიშის მწარმოებლის ჩანაწერებში შესაბამისი ოპერაციის შესახებ უნდა აისახოს შემდეგი ინფორმაცია: მოთხოვნის შემოსვლის თარიღი, ოპერაციის შინაარსი, ფასი (არსებობის შემთხვევაში) ოპერაციის განხორციელების თარიღი, დრო და ნომერი, ემიტენტი, ემიტენტის საიდენტიფიკაციო ნომერი, ფასიანი ქაღალდის ტიპი, კლასი, საიდენტიფიკაციო ნომერი, რაოდენობა, ერთეულის ნომინალური ღირებულება (არსებობის შემთხვევაში), ოპერაციაში მონაწილე მხარეების ან იმ უფლებამოსილი ორგანოს/სუბიექტის დასახელება, რომლის გადაწყვეტილებითაც ხორციელდება ოპერაცია.

15. ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების შინაარსიდან გამომდინარე, ანგარიშის მწარმოებელს უნდა წარედგინოს, სულ მცირე, შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) თუ ოპერაციის საფუძველია ანგარიშის მფლობელის დავალება – შესაბამისი ფორმით შედგენილი წერილობითი ფორმის დავალება;

ბ) თუ ოპერაციის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება ან სააღსრულებო ფურცელი;

გ) თუ ოპერაციის საფუძველია მემკვიდრეობით გამოწვეული უფლებამონაცვლეობა – ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა;

დ) თუ ოპერაციის საფუძველია რეორგანიზაციით გამოწვეული უფლებამონაცვლეობა – რეორგანიზაციის დასრულების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება;

ე) თუ ოპერაციის საფუძველია ემიტენტის გადაწყვეტილება – შესაბამისი გადაწყვეტილება და დოკუმენტები;

ვ) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაგირავების შემთხვევაში – გირავნობის ხელშეკრულება, ხოლო გირავნობის გაუქმებისას – მოგირავნის თანხმობა წერილობითი ფორმით;

ზ) ბლოკირების განხორციელების ან ბლოკირების მოხსნის შემთხვევაში – ამ მუხლის მე-10 და მე-13 პუნქტებით განაზღვრული პირების მოთხოვნა/გადაწყვეტილება.

16. ანგარიშის მწარმოებელი ანგარიშის მფლობელის დავალებას არ შეასრულებს, თუ:

ა) ანგარიშის მფლობელისგან მიღებული დავალება ან/და დოკუმენტაცია  არ შეესაბამება:

ა.ა) ამ წესს ან/და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობას;

ა.ბ)  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას;

ა.გ) ანგარიშის მფლობელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს ან ანგარიშის მწარმოებლის  პროცედურებს;

ბ) ანგარიშის მფლობელს არ აქვს დავალების შესრულებისთვის საკმარისი ფულადი სახსრები ან ფასიანი ქაღალდები;

გ) დავალება მიღებულია არაუფლებამოსილი პირისგან.

მუხლი 7. ანგარიშის მწარმოებლის ჩართულობით ინვესტორისთვის და ემიტენტისთვის ინფორმაციის მიწოდება

1. პირველი საფეხურის ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია, ინვესტორს ან ინვესტორის მიერ განსაზღვრულ პირს დაუყოვნებლივ მიაწოდოს:

ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე უფლებების განსახორციელებლად საჭირო, ემიტენტისგან/მომდევნო საფეხურის ანგარიშის მწარმოებლისგან მიღებული ინფორმაცია, რომლის ინვესტორისთვის მიწოდება ემიტენტის ვალდებულებაა და რომელიც შესაბამისი კლასის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მფლობელ ყველა ინვესტორს მიემართება;

ბ)  ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად, შეტყობინება კონკრეტულ ელექტრონულ მისამართზე მისი ხელმისაწვდომობის შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ემიტენტი უზრუნველყოფს ინვესტორთათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებით ან სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროს (მათ შორის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პორტალის) მეშვეობით.

2. ემიტენტი ვალდებულია, ინვესტორთათვის განკუთვნილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/შეტყობინება დროულად მიაწოდოს ცენტრალურ დეპოზიტარს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ემიტენტი იმავე პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას ინვესტორს/ინვესტორის მიერ განსაზღვრულ პირს თავად პირდაპირ აწვდის.

4. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია ემიტენტს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინვესტორისგან/ანგარიშის მწარმოებლისგან მიღებული ინფორმაცია ინვესტორის მითითების შესაბამისად დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

5. თუ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში ერთზე მეტი ანგარიშის მწარმოებელია ჩართული, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ანგარიშის მწარმოებლებს შორის დაუყოვნებლივ უნდა გაზიარდეს, რათა შესაბამისმა ანგარიშის მწარმოებელმა ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეძლოს ინფორმაციის შესაბამისად, ინვესტორისთვის/ინვესტორის მიერ განსაზღვრული პირისთვის ან ემიტენტისთვის მიწოდება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ანგარიშის მწარმოებლებს შორის ინფორმაციის გაზიარებაზე არ ვრცელდება, თუ ანგარიშის მწარმოებელი ამ მუხლის საფუძველზე ინფორმაციას ინვესტორს/ინვესტორის მიერ განსაზღვრულ პირს ან ემიტენტს პირდაპირ აწვდის.

მუხლი 8. კორპორაციული ქმედებები

1. ემიტენტს უფლება აქვს, ანგარიშის მწარმოებლისგან მოითხოვოს კორპორაციული ქმედებების განსახორციელებლად საჭირო, შესაბამისი სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით არსებულ ინვესტორებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინვესტორის სახელი/სახელწოდება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი და საკონტაქტო დეტალები;

ბ) ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, რომლებსაც ინვესტორი თავის სასარგებლოდ ფლობს, ფასიანი ქაღალდების კლასების/ტიპების მითითებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ ინვესტორი პირველი საფეხურის ანგარიშის მწარმოებელს ხელშეკრულებით ანიჭებს მისი ინტერესებისათვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას ემიტენტის კორპორაციულ ქმედებებთან დაკავშირებით. ამგვარი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, პირველი საფეხურის ანგარიშის მწარმოებელი შესაბამისი კლასის/ტიპის და რაოდენობის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ემიტენტს (ან თუ ფლობის ჯაჭვში ერთზე მეტი ანგარიშის მწარმოებელია – შემდეგი საფეხურის ანგარიშის მწარმოებელს) აწვდის საკუთარ საიდენტიფიკაციო მონაცემებს და საკონტაქტო დეტალებს, იმ დათქმით, რომ ის მოქმედებს, როგორც ამ ფასიანი ქაღალდების ანგარიშის მწარმოებელი.

3. ემიტენტის მიერ, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების კონსოლიდაციის, დანაწევრების ან კონვერტაციის შემთხვევაში ცენტრალურმა დეპოზიტარმა ემიტენტისგან მიწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, თავის ჩანაწერებსა და შესაბამის მონაწილეთა ანგარიშებში უნდა შეიტანოს სათანადო ცვლილება, რომელიც ასახავს შესაბამისი კლასის ფასიანი ქაღალდების რაოდენობის შეცვლას ან ერთი კლასის ფასიანი ქაღალდების სხვა კლასში კონვერტაციას. სისტემის მონაწილე ვალდებულია ოპერაციის განხორციელების შესახებ შეტყობისთანავე შეიტანოს ცვლილება შესაბამისი კლიენტის ფასიანი ქაღალდების ანგარიშში და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს კლიენტს.

4. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია, ემიტენტის დავალების საფუძველზე, სააღრიცხვო თარიღის მიხედვით მოამზადოს იმ ინვესტორთა სია, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ კორპორაციულ ქმედებაში. ხოლო ამ  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ინვესტორი პირველი საფეხურის ანგარიშის მწარმოებელს ხელშეკრულებით ანიჭებს მისი ინტერესებისათვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას ემიტენტის კორპორაციულ ქმედებებთან დაკავშირებით, ცენტრალური დეპოზიტარი ემიტენტს მიაწვდის აღნიშნული ანგარიშის მწარმოებლის შესახებ ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. თუ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში ერთზე მეტი ანგარიშის მწარმოებელია ჩართული, ანგარიშის მწარმოებლებს შორის ინფორმაციის გაზიარება განხორციელდება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, ემიტენტს ან მის მიერ განსაზღვრულ პირს უფლება აქვს მიიღოს ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში შესაბამისი საფეხურის ანგარიშის მწარმოებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

მუხლი 9. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული, სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები (მათ შორის, ფულადი ჯარიმა).