ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 390000000.22.023.016859
2-389
25/03/2024
ვებგვერდი, 26/03/2024
390000000.22.023.016859
ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-389

2024 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ :


მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქცია“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია




დანართი

ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქცია

მუხლი 1. ინსტრუქციის მიზანი

ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქცია (შემდგომ – ინსტრუქცია) ადგენს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის (შემდგომ – FIMS) სტრუქტურას, გამოყენების წესს და განსაზღვრავს მის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მონაწილე – FIMS-ზე წვდომის უფლების მქონე შიდა და გარე მონაწილე;

ბ) შიდა მონაწილე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), რომელიც პასუხისმგებელია FIMS-ის მართვასა და მისი წესების განსაზღვრაზე;

გ) გარე მონაწილე – სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და სამინისტროს სისტემის გარეთ არსებული ტყის მართვის ორგანოები, რომელიც ამ ინსტრუქციის შესაბამისად სამინისტროს მიერ დაშვებულ იქნება FIMS-ში და უფლება აქვს მასში საკუთარი სახელით განახორციელოს მისთვის ნებადართული ქმედებები;

დ) FIMS-ის მომხმარებელი (შემდგომ – მომხმარებელი) – ფიზიკური პირი, რომელიც FIMS-ის გამოყენების მიზნით რეგისტრირდება და ეთანხმება FIMS-ის გამოყენების წესებსა და პირობებს;

ე) FIMS-ის შეზღუდვა (შემდგომში – შეზღუდვა) – სამინისტროს მიერ დადგენილი დრო როდესაც ხდება გარე მონაწილის ან/და მომხმარებლისათვის FIMS-ით სარგებლობის უფლების სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვა.

მუხლი 3. FIMS – ის შექმნის მიზნები და ამოცანები

FIMS – ის შექმნის მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს:

ა) საქართველოს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის ასახვა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო ორგანოებისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სწრაფი ანალიზის შესაძლებლობის შექმნა;

ბ) სახელმწიფო ორგანოებისთვის ანალიზის შედეგების შესაბამისად შემდგომში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მონაცემების მიწოდება;

გ) დროული წვდომა თანმიმდევრულ და ზუსტ მონაცემებზე;

დ) გაუმჯობესებული კომუნიკაცია ტყის სექტორში ჩართულ ინსტიტუციებს შორის;

ე)სწრაფი, ეფექტური მომსახურება, როგორც სამთავრობო უწყებებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

მუხლი 4. FIMS-ის სტრუქტურა

1. FIMS-ი წარმოადგენს კომპლექსურ სისტემას, რომელიც აერთიანებს სატყეო სექტორში წარმოქმნილ ყველა სახის ინფორმაციას, რაც წარმოიქმნება სხვადასხვა წყაროდან (ტყის აღრიცხვა, ტყითსარგებლობა, ტყის მოვლა, აღდგენა-გაშენება, სამეცნიერო კვლევები და სხვა).

2. FIMS-ის საფუძველზე შესაბამისმა ორგანომ (სამინისტრო, ტყის მართვის ორგანოები, საზედამხედველო ორგანოები) უნდა უზრუნველყოს ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების, ტყის ეკოლოგიურ და სტრუქტურულ მდგომარეობაზე და მიმდინარე ცვლილებებზე რეგულარული მონიტორინგი, ტყის შეფასება, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვება, ტყის ანალიზი და პროგნოზირება.

3. FIMS-ში განთავსებული ინფორმაცია საჯაროა.

4. FIMS-ი შედგება შემდეგი მოდულებისგან:

ა) ცენტრალური მოდულისგან, რომელიც მოიცავს:

ა.ა) მონაცემთა ცენტრალური მართვის მოდულს;

ა.ბ) ტყის რესურსების მონაცემთა ბაზას;

ა.გ) „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილების შესაბამისად, ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ არსებული მონაცემებს;

ბ) ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის მოდული (NFI);

გ) ტყის მართვის გეგმის სტატისტიკური ინვენტარიზაციისა და ტყის მართვის დაგეგმვის მოდული (FMI-FMP), რომელიც მოიცავს:

გ.ა) ტყის მართვის გეგმის სტატისტიკურ ინვენტარიზაციას (FMI);

გ.ბ) ტყის მართვის დაგეგმვას (FMP);

გ.დ) ტყის მოდელირების ინსტრუმენტთა ნაკრებს;

დ) სატყეო ოპერაციების მოდული, რომელიც მოიცავს:

დ.ა) ტყითსარგებლობის ისეთ ქვემოდულებს, როგორიცაა:

დ.ა.ა) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;

დ.ა.ბ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;

დ.ა.გ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა (საძოვარი, სათიბი, ფუტკრის დროებითი სადგომი);

დ.ა.დ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა;

დ.ა.ე) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;

დ.ა.ვ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა;

დ.ა.ზ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;

დ.ა.თ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა;

დ.ა.ი) ინფორმაცია განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ;

დ.ბ) ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის მოდული, რომელიც მოიცავს შემდეგ ქვემოდულებს:

დ.ბ.ა) ტყის აღდგენა-გაშენება;

დ.ბ.ბ) სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე მავნებელდაავადებათა გავრცელება;

დ.ბ.გ) სახელმწიფო ტყეში დაფიქსირებული ხანძრები და სხვა სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ეროზია, ზვავები, ღვარცოფი და ძლიერი ქარების შედეგად გამოწვეული მასიური ჯგუფური ჩახერგილობა და სხვა);

დ.გ) მერქნული რესურსებით სარგებლობის მოდული, რომელიც მოიცავს შემდეგ ქვემოდულებს:

დ.გ.ა) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა;

დ.გ.ბ) საქმიანი ეზოების მოდული;

ე) ტყის ინსპექტირების მოდული  საველე ინსპექტირების აქტის შემდგენი მოდული(DES).

მუხლი 5. სამინისტროს კომპენტენცია

1.სამინისტრო ადმინისტრირებას უწევს FIMS-ის ფუნქციონირებას, განსაზღვრავს მის ტექნიკურ კონფიგურაციასა და პარამეტრებს, აკონტროლებს და მართავს მას.

2. სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა)FIMS-ზე გარე მონაწილეთა და ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას/რეგისტრაციის გაუქმებას ან/და დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების ცვლილებას;

ბ)FIMS-ში, სამინისტროში არსებული (წარმოებული/შედგენილი, ტყესთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე ამ ინფორმაციის განახლებული მონაცემები) ინფორმაციის ასახვას;

გ)FIMS-ში გარე მონაწილეთა და მომხმარებელთა დაშვებას;

დ)FIMS-ის გამართულ ფუნქციონირებას და ინფორმაციის დაცულობას;

ე) FIMS-ზე მოხმარების წესების განთავსებას;

ვ) FIMS-ის ტექნიკურ მხარდაჭერას.

3. სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) გამოიყენოს FIMS-ი ანგარიშგებების მიღების/დამუშავებისა და FIMS-ის გარე მონაწილეთა და მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის;

ბ) გამოიყენოს FIMS-ი დოკუმენტებისა და სიახლეების განთავსებისათვის;

გ) საჭიროებისამებრ მოახდინოს FIMS-ის მოდიფიკაცია;

დ) ზედამხედველობა გაუწიოს გარე მონაწილეებისა და მომხმარებელთა მიერ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

ე) დაამატოს ახალი გარე მონაწილე და მომხმარებელი;

ვ) დაუდგინოს შეზღუდვა FIMS-ის ნებისმიერ გარე მონაწილესა და მომხმარებელს, მათ შორის, FIMS-ის გარე მონაწილისა და მომხმარებლის მიერ ამ ინსტრუქციის დარღვევის ან/და მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში;

ზ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც საჭიროა FIMS-ის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის.

4. სამინისტრო, FIMS-ის ხარვეზის ან/და მისი არასათანადო ფუნქციონირების შემთხვევაში უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას და მის ფუნქციონირებას.

5. შემაფერხებელი გარემოების დროს სამინისტრო უფლებამოსილია, გამოიყენოს ანგარიშგებების მიწოდების/მიღების ალტერნატიული საშუალებები.

მუხლი 6. FIMS-ის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. FIMS-ის მონაწილეები არიან შიდა და გარე მონაწილე.

2. FIMS-ის გამოყენების მიზნით გარე მონაწილე ვალდებულია:

ა) საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს FIMS-ის გამოყენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და შიდა სისტემების თავსებადობა FIMS-ის გამოყენების მოთხოვნებთან;

ბ) ასახოს მის ხელთარსებული (წარმოებული/შედგენილი ტყესთან დაკავშირებული) ინფორმაცია, კომპეტენციის ფარგლებში განაახლოს მონაცემები, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება შესაბამისი მონაწილე;

გ) სამინისტროს შეატყობინოს ინფორმაცია იმ მომხმარებლის (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა) შესახებ, რომელსაც ექნება წვდომა და შესაბამისი პასუხისმგებლობა FIMS-ის გამოყენებაზე;

დ) შეატყობინოს სამინისტროს FIMS-ზე არსებული მომხმარებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რაც გამოიწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმება;

ე) შეატყობინოს სამინისტროს FIMS-ზე უწყვეტ წვდომასთან ან/და ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით ხარვეზის არსებობის შესახებ;

ვ) ანგარიშგების გაგზავნასთან დაკავშირებული პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში სამინისტროსთვის ანგარიშგების მიწოდება უზრუნველყოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული ალტერნატიული საშუალებით;

ზ) დაიცვას უსაფრთხოების პროცედურები FIMS-ზე არარეგისტრირებული პირის წვდომის თავიდან არიდების მიზნით და დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, თუ მას გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი ან მიიღო შესაბამისი ინფორმაცია FIMS-ზე განხორციელებული არარეგისტრირებული წვდომების შესახებ.

3. მომხმარებლისა და გარე მონაწილის რაოდენობა FIMS-ზე შეზღუდული არ არის და განისაზღვრება მათი მოთხოვნის შესაბამისად.

4. FIMS-ის მომხმარებელსა და გარე მონაწილეს, რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია და დროებითი პაროლი ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.

5. FIMS-ის გამოყენების მიზნით, მომხმარებელი და გარე მონაწილე ვალდებულია, FIMS-ზე პირველი რეგისტრაციისთანავე შეცვალოს სამინისტროს მიერ მისთვის გადაცემული დროებითი პაროლი (password).