ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 300060000.18.011.016833
46/04
29/02/2024
ვებგვერდი, 01/03/2024
300060000.18.011.016833
ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №46/04

2024 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 50-ე პუნქტის, 28-ე, 32-ე და 38-ე მუხლების, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №171/01 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს:

ა) მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მისაღებად, სალიცენზიო განცხადების ფორმასა და წარდგენის პროცედურას, ასევე, ლიცენზიის გაცემისა და გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებსა და ლიცენზიის გაუქმების წესს;

ბ) მოთხოვნებს ცენტრალური დეპოზიტარის ორგანიზაციული სტრუქტურისა და მმართველი ორგანოს წევრთა მიმართ;

გ) ცენტრალური დეპოზიტარის წევრობის მიმართ მოთხოვნებს;  

დ) მოთხოვნებს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებით;

ე) მოთხოვნებს ცენტრალური დეპოზიტარის საინფორმაციო-ტექნიკურ საშუალებებსა და საოპერაციო რისკებთან დაკავშირებით;

ვ) მოთხოვნებს ცენტრალური დეპოზიტარის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ;

ზ) ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ანგარიშგებების შედგენისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარდგენის პერიოდულობასა და პროცედურებს;

თ) ცენტრალური დეპოზიტარის ძირითადი და დამატებითი მომსახურებების ჩამონათვალს.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ცენტრალური დეპოზიტარი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 50-ე პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი;

ბ) ანგარიშსწორება – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაცია;

გ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სისტემა;

დ) სისტემის მონაწილე (მონაწილე) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

ე) დეკლარაცია – ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სპეციალური ფორმა, რომელიც ასახავს ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის შესაბამისობას „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან;

ვ) აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ანგარიშგება, რომელიც აუდიტირებულია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ზ) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი – „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 


მუხლი 3. ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები
1. ლიცენზიის მაძიებელმა ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მიღების მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს განცხადებით (დანართი №1) და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა თან უნდა დაურთოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, მათ შორის, წესდება, შინაგანაწესი და წესები, მათში შეტანილი ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;

გ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ძირითადი და დამატებითი მომსახურებების ჩამონათვალი;

დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას, აგრეთვე ცენტრალური დეპოზიტარის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ინფორმაციას მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების/პარტნიორების და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე, შუალედური მფლობელების შესახებ და ადასტურებდეს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. კერძოდ, ასეთ ინფორმაციას თანდართული უნდა ჰქონდეს აღნიშნული პირების შესახებ შემდეგი დოკუმენტები:

დ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

დ.ა.ა) ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად შევსებული დეკლარაცია და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლი;

დ.ა.ბ) ინფორმაცია მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ;

დ.ა.გ) პირადი რეზიუმე;

დ.ა.დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

დ.ა.ე) მონაცემები ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლის წარმომავლობის შესახებ;

დ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

დ.ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტები;

დ.ბ.ბ) ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; იმ შემთხვევაში, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ეროვნული ბანკისთვის წერილობითი მიმართვის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (არსებობის შემთხვევაში აუდიტირებული);

დ.ბ.გ) ცნობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;

ე) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს ყველა წევრის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ე.ა) ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

ე.ბ) ინფორმაციას ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის განათლებისა და გამოცდილების შესახებ (მათ შორის, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლსა და პირად რეზიუმეს);

ე.გ) ნასამართლობის შესახებ ცნობას;

ე.დ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის განცხადებას, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილ კრიტერიუმებს და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;

ე.ე) ლიცენზიის მაძიებლის წერილობით დასტურს, რომ მის მიერ შემოწმებულია დასანიშნი/ასარჩევი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, რომ ის აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომ ეს ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;

ე.ვ) მმართველ ორგანოში დასანიშნი წევრების სამუშაოს აღწერილობასა და ინფორმაციას მათთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ;

ე.ზ) ყველა იმ გარემოების აღწერას, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი და საფრთხე შეუქმნას მმართველი ორგანოს წევრის დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას;

ვ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ამ წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ, აგრეთვე, ლიცენზიის მაძიებლის მიმდინარე ბალანსი და შესაბამისი შენიშვნები უახლესი შესაძლო თარიღისთვის (არააუდიტირებული);

ზ) ლიცენზიის მაძიებლის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ლიცენზიის განცხადების წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. აღნიშნული ფინანსური ანგარიშგება მომზადებული უნდა იყოს ისეთი აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს მხოლოდ მიმდინარე ბალანსს და შესაბამის შენიშვნებს (არააუდიტირებულს);

თ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა და ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის წყაროების შესახებ;

ი) ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული წესები, პოლიტიკა და პროცედურები, კერძოდ:

ი.ა) ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში მონაწილეობის წესები და პროცედურები, რომელიც უნდა იყოს მომზადებული ამ წესის მე-10 მუხლისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად;

ი.ბ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნასთან, წარმოებასა და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, რომლებიც მომზადებული უნდა იყოს ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად;

ი.გ) ცენტრალური დეპოზიტარის წევრებისა და მისი თანამშრომლების ეთიკის კოდექსი;

ი.დ) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომზადებული ცენტრალური დეპოზიტარის რისკების მართვის პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საოპერაციო რისკების მართვის პოლიტიკასა და ჩარჩოს, ბიზნესის უწყვეტობისა და უბედური შემთხვევებისგან აღდგენის გეგმას;

ი.ე) პოლიტიკა და პროცედურები ცენტრალური დეპოზიტარის, მისი მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების საქმიანობის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

ი.ვ) ლიცენზიის მაძიებლის, მისი მმართველი ორგანოს წევრებს (მათ შორის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ პირებს), მის თანამშრომლებსა და ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილეებს ან კლიენტებს შორის არსებული ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვის პოლიტიკა და პროცედურები;

ი.ზ) ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად მომზადებული ჩანაწერების წარმოების პოლიტიკა და პროცედურები;

კ) ლიცენზიის მაძიებლის საინფორმაციო და ტექნიკური საშუალებების აღწერა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და ამ წესის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

ლ) ლიცენზიის მაძიებლის ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს იმ თანამშრომელთა სახელებსაც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე;

მ) თუ ლიცენზიის მაძიებელი პირი ჯგუფის წევრია, ინფორმაცია ჯგუფის სტრუქტურის შესახებ;

ნ) ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ; ამასთან, სალიცენზიო განცხადებაში უნდა მიეთითოს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენებს იმ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მან ეროვნულ ბანკს წარუდგინა ლიცენზიის მიღებამდე;

ო) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

პ) ყველა სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ლიცენზიის გაცემის მომენტში, ლიცენზიის მაძიებელი შეძლებს უზრუნველყოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. ლიცენზიის მაძიებლის ტექნიკური აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა;

ბ) უნდა ჰქონდეს სერვერი ან/და ცენტრალური კომპიუტერი, რომელსაც აქვს დაცული წვდომა სისტემასთან, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს ოპერაციები.

3. ამ წესის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში წარსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უცხოენოვანი დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური ქართული თარგმანის სახით.

4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს  60 კალენდარულ დღეს.

5. ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები უნდა აკმაყოფილებდნენ ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

6. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებელს სალიცენზიო დოკუმენტაციაში წარდგენილი ინფორმაციის გარდა დამატებით მოსთხოვოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა.

8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის სისწორისა და შესაბამისობის დასადასტურებლად.


მუხლი 4. ლიცენზიის გაცემა და გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია გაიცემა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად.

2. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი, უფლებამოსილია, ლიცენზიის მაძიებელს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს ვადა, ფორმა და პროცედურა, რომლის განმავლობაშიც ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები.

3. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია არ გაიცემა, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, არ არის სრული, არის შეცდომაში შემყვანი ან/და არასწორი და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

ბ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) ლიცენზიის მაძიებლის საქმიანობა მიიჩნევა არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკად;

დ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

4. ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაცემის შესახებ ან აღნიშნული ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს ლიცენზიის მაძიებელს ამის თაობაზე. ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს.

5. ეროვნული ბანკის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში ჩერდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება და იგი განახლდება შესაბამისი  ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისთანავე.

6. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 5. ლიცენზიის გაუქმება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავითა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გაუუქმოს ცენტრალურ დეპოზიტარს ლიცენზია:

ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;

ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

დ) თუ ლიცენზიის მფლობელი გადახდისუუნარო გახდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფრთხილოს ცენტრალური დეპოზიტარი და დაუწესოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.

3. თუ ცენტრალური დეპოზიტარი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება.

4. ეროვნული ბანკი ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.


მუხლი 6. ცენტრალური დეპოზიტარის მმართველი ორგანოსა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის კრიტერიუმები
1. ცენტრალური დეპოზიტარის მმართველი ორგანოს წევრებსა და მნიშვნელოვანი წილის პირდაპირ და არაპირდაპირ მფლობელებს უნდა გააჩნდეთ კარგი რეპუტაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ცენტრალური დეპოზიტარის გონივრული და ჯანსაღი მართვა.

2. ცენტრალური დეპოზიტარის მმართველი ორგანოს წევრებს უნდა გააჩნდეთ მათზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილება, კომპეტენცია, შესაბამისი დრო და რესურსები, აგრეთვე, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ცენტრალური დეპოზიტარის მმართველი ორგანოს ყველა წევრი კომპანიის საქმიანობის ყოველ ეტაპზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ კრიტერიუმებს განათლებასთან და პროფესიულ გამოცდილებასთან დაკავშირებით. ამასთან, მმართველი ორგანოს წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ ექცეოდნენ ამ მუხლით დადგენილი აკრძალვების ქვეშ.

3. ცენტრალური დეპოზიტარის მმართველი ორგანოს ყველა წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება, პროფესიული გამოცდილება და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალიზაციით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;

ბ) უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება.

4. პირს ეკრძალება იყოს ცენტრალური დეპოზიტარის მმართველი ორგანოს წევრი ან ცენტრალური დეპოზიტარის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ცენტრალურ დეპოზიტარს ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა ფინანსური ინსტიტუტის კლიენტების უფლებები, ან/და გამოიწვია ცენტრალური დეპოზიტარის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ) ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;

გ) წარსულში იყო ცენტრალური დეპოზიტარის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მმართველი ორგანოს წევრი და მისი საქმიანობის შედეგად კომპანია გადახდისუუნარო გახდა;

დ) ცენტრალური დეპოზიტარის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მიმართ არ შეასრულა ერთი ან მეტი ფინანსური ვალდებულება;

ე) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;

ვ) ბოლო 5 წლის განმავლობაში დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის;

ზ)  მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, მას ჩამორთმეული აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება.


მუხლი 7. ზოგადი ორგანიზაციული მოთხოვნები
1. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს:

ა) ადეკვატური და მისი ზომის პროპორციული გამჭვირვალე ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლითაც მკაფიოდ და ზუსტად იქნება განსაზღვრული თანამშრომელთა და მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობები და ფუნქცია-მოვალეობები;

ბ) მის საქმიანობასთან დაკავშირებული არსებული თუ შესაძლო რისკების იდენტიფიცირების, შეფასების, მართვისა და მონიტორინგის პროცედურები, რომელიც უნდა მოიცავდეს საოპერაციო, ბიზნესის, სამართლებრივი და სხვა რისკების მართვის პროცედურებსაც;

გ) მისი საქმიანობის შესაბამისი თანამშრომელთა ანაზღაურების პოლიტიკა და შიდა კონტროლის მექანიზმები, მათ შორის, გამართული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურები;

დ) ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკა-პროცედურები;

ე) საინფორმაციო სისტემების აღწერა და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა;

ვ) ჩანაწერების წარმოების პოლიტიკა;

ზ) ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში მონაწილეობის, მონაწილეობის შეჩერებისა და გასვლის პოლიტიკა-პროცედურები;

თ) ფასიანი ქაღალდების ემისიასთან, ფასიანი ქაღალდების ანგარიშების წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურები;

ი) ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურები;

კ) კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, რომლებიც მათ შორის უნდა მოიცავდეს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის წესს.

2. ცენტრალური დეპოზიტარისთვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის როლი და პასუხისმგებლობა ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული.

3. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს პოლიტიკა და პროცედურები ცენტრალური დეპოზიტარის, მისი მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების საქმიანობის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

4. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისობის ოფიცრის დანიშვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის №13/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

5. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მას, მისი მმართველი ორგანოს წევრებს (მათ შორის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ პირებს), მის თანამშრომლებსა და ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილეებს ან კლიენტებს შორის არსებული ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვის პოლიტიკა და პროცედურები.

6. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული ტარიფები, რომლებიც ცალ-ცალკე უნდა იყოს განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურებების მიხედვით და უნდა მოიცავდეს ამ ტარიფებიდან გამონაკლისების (ფასდაკლებების) დაწესების შესაძლებლობას, ოდენობასა და იმ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი გამონაკლისით სარგებლობისთვის.

7. ცენტრალურმა დეპოზიტარმა საკუთარ ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს თავისი წესები, საოპერაციო პროცედურები, ტარიფები და ინფორმაცია მისი მფლობელობის სტრუქტურის შესახებ.

8. ცენტრალურ დეპოზიტარს საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა გააჩნდეს საკმარისი ოდენობის ფულადი სახსრები იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვა.


მუხლი 8. საოპერაციო რისკები და საინფორმაციო სისტემები
1. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და მართვა, რისთვისაც მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი საინფორმაციო სისტემები და პროცედურები.

2. ცენტრალური დეპოზიტარის საინფორმაციო სისტემები უნდა შეესაბამებოდეს მისი საქმიანობის სირთულეს, ოპერაციების მოცულობას და უნდა იყოს საკმარისი სიმძლავრის, იმისთვის, რომ უზრუნველყოს ოპერაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცულობა.

3. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩო, რომელიც უნდა იყოს მისი ზომის, სტრუქტურისა და საქმიანობის სირთულის შესაბამისი და რომელიც ინტეგრირებული უნდა იყოს ცენტრალური დეპოზიტარის მთლიანი რისკის მართვის პროცესში.

4. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ადეკვატური ბიზნესუწყვეტობის პოლიტიკა და უბედური შემთხვევებისგან აღდგენის გეგმა; აღნიშნული ემსახურება ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის უწყვეტობის მაღალი დონის მიღწევას, რაც შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას საჭიროების შემთხვევაში უბედური შემთხვევისგან დროულად აღადგინოს ოპერაციები და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ოპერაციების გამართულად განხორციელება მნიშვნელოვანი რისკის წინაშე დგას.

5. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა დააიდენტიფიციროს, აკონტროლოს და მართოს რისკები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მონაწილეებისაგან, ასევე, საფონდო ბირჟისა და სხვა პირებისაგან, რომელთაც ანგარიშსწორების სისტემაზე აქვთ წვდომა.

6. ცენტრალური დეპოზიტარის საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს, შესაბამის პოლიტიკებსა და სისტემებს აუდიტი უნდა ჩაუტარდეს და საჭიროების შემთხვევაში განახლდეს სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო ბიზნესუწყვეტობის გეგმის ტესტირება უნდა განხორციელდეს წელიწადში ერთხელ.

7. ცენტრალურმა დეპოზიტორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, რომელიც წარმოიშვა საოპერაციო რისკებიდან გამომდინარე.


მუხლი 9. ჩანაწერების წარმოების ვალდებულება
1. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა აწარმოოს და შეინახოს მისი ყველა საქმიანობისა და თითოეული მომსახურების, მათ შორის, დამხმარე მომსახურების ელექტრონული ჩანაწერები/დოკუმენტები ლიცენზიის მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში, ხოლო მატერიალური სახის დოკუმენტები – სულ მცირე 10 წლის განმავლობაში.

2. საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა განახორციელოს ჩანაწერების წარმოება იმ სახით, რომ უზრუნველყოს მათი სიზუსტე და სისრულე, ასევე, უზრუნველყოს შემდეგი პირობების დაცვა:

ა) შესაძლებელი უნდა იყოს ჩანაწერის წარმოების პროცესის თითოეული ნაბიჯის აღდგენა;

ბ) ჩანაწერები უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა;

გ) დანერგილი უნდა იყოს საშუალებები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას არაუფლებამოსილ პირს, შეიტანოს ცვლილებები ჩანაწერებში პასუხისმგებელი პირის ნებართვის გარეშე;

დ) დანერგილი უნდა იყოს საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩაწერილი ინფორმაციის დაცულობასა და კონფიდენციალურობას;

ე) უნდა არსებობდეს ჩანაწერების წარმოების სისტემაში აღმოჩენილი შეცდომების იდენტიფიკაციისა და შესწორების მექანიზმი;

ვ) სისტემის უმოქმედობის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს ჩანაწერების დროულად აღდგენა.

3. ცენტრალური დეპოზიტარის ჩანაწერები მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისათვის.


მუხლი 10. მოთხოვნები ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში მონაწილეობის მიმართ
1. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა ჰქონდეს სისტემაში მონაწილეობის საჯაროდ გამჟღავნებული, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები. აღნიშნული კრიტერიუმები უნდა უზრუნველყოფდეს ღია და სამართლიან ხელმისაწვდომობას ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაზე იმ იურიდიული პირებისთვის, რომელთაც სურთ ცენტრალური დეპოზიტარის წევრობა.

2. ცენტრალურმა დეპოზიტარმა სისტემაში დაშვებაზე მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში და გაასაჯაროოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

3.  ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია უარი უთხრას სისტემაში მონაწილეობის მსურველ პირს სისტემაში დაშვებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი გადაწყვეტილება დასაბუთებულია წერილობით და ეყრდნობა რისკების ღრმა და ყოვლისმომცველ შეფასებას.

4.  ცენტრალური დეპოზიტარის მიერ წერილობით დასაბუთებული უარის თქმის შემთხვევაში სისტემაში მონაწილეობის მსურველი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ეროვნულ ბანკს ცენტრალური დეპოზიტარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

5.  ეროვნული ბანკი განიხილავს სისტემაში მონაწილეობის მსურველი პირის განცხადებას სისტემაში დაშვებაზე უარის თქმის შესახებ და წარუდგენს მას დასაბუთებულ პასუხს. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ცენტრალური დეპოზიტარის მიერ სისტემაში დაშვებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის საკმარისად დასაბუთებული, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ცენტრალურ დეპოზიტარს პირის სისტემაში დაშვება.

6.  ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს სისტემაში მონაწილეობის შეჩერებისა და სისტემიდან გასვლის ობიექტური და გამჭვირვალე პროცედურები მაშინ, როდესაც სისტემაში მონაწილე პირები აღარ აკმაყოფილებენ სისტემაში მონაწილეობის კრიტერიუმებს. სისტემაში მონაწილეობისა და სისტემიდან გასვლის პროცედურა უნდა მოიცავდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილეების გადახდისუუნარობასთან დაკავშირებულ პროცედურებსაც.

7.  ცენტრალურმა დეპოზიტარმა თავის მონაწილეებთან და შესაბამის დაინტერესებულ პირებთან ერთად პერიოდულად უნდა შეაფასოს და გადახედოს ვალდებულების შეუსრულებლობის წესებსა და პროცედურებს, რათა დარწმუნდეს მათ პრაქტიკულობასა და ეფექტურობაში.


მუხლი 11. ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნასთან, წარმოებასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს ფასიანი ქაღალდების ემისიასთან, ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნასთან, წარმოებასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, რათა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ემისიის მთლიანობის დაცვა და შეამციროს და შესაბამისად მართოს ფასიანი ქაღალდების შენახვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები.

2. ფასიანი ქაღალდების ემისიის მთლიანობის დაცვის მიზნით, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკონსილაცია ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა განახორციელოს სულ მცირე ყოველდღიურად.

3. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება უნდა უზრუნველყოს იმგვარად, რომ:

ა) ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილის ანგარიშები გამიჯნული იყოს სხვა მონაწილის და ცენტრალური დეპოზიტარის საკუთარი ანგარიშებისგან;

ბ) ცენტრალური დეპოზიტარის თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს შესაძლებლობა გამიჯნოს საკუთარი ფასიანი ქაღალდები თავისი კლიენტის ფასიანი ქაღალდებისგან;

გ) ცენტრალური დეპოზიტარის თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს, საკუთარი კლიენტის სასარგებლოდ ფასიან ქაღალდებს ფლობდეს ომნიბუსსეგრეგირებულ ან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშებზე.

4. ცენტრალურ დეპოზიტარს ეკრძალება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს სხვა პირის კუთვნილი ფასიანი ქაღალდები ამ პირის წინასწარი თანხმობის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდის გამოყენებამდე, ცენტრალურმა დეპოზიტარმა, მონაწილეს უნდა მოსთხოვოს, რომ ფასიანი ქაღალდის გამოყენებაზე ინვესტორისგან მიიღოს შესაბამისი თანხმობა.

 


მუხლი 12. კაპიტალი და საინვესტიციო პოლიტიკა
1. ცენტრალური დეპოზიტარის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, რომელიც გაანგარიშებული იქნება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საკუთარი კაპიტალის პირველადი შენატანი (სულ მცირე 50 პროცენტი) ფულადი სახსრებით უნდა განხორციელდეს.

2. ცენტრალურმა დეპოზიტარმა თავისი ფინანსური აქტივები უნდა შეინახოს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში ან/და ცენტრალურ დეპოზიტარში, მათ შორის, უცხოურ ცენტრალურ დეპოზიტარში.

3.  ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის სულ მცირე 50% უნდა განათავსოს ფულადი სახსრებში, 1 წლამდე ვადიანობის დეპოზიტებში ან/და მაღალი ლიკვიდურობის მქონე ფინანსურ ინსტრუმენტებში, რომელთაც გააჩნიათ მინიმალური საბაზრო და საკრედიტო რისკი.

4. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია საანგარიშო წლის ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს საბანკო დაწესებულების (დაწესებულებების) მიერ დადასტურებული კვარტალური ამონაწერი ყოველდღიური ნაშთების შესახებ იმ ანგარიშიდან (ანგარიშებიდან), რომელზეც განთავსებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოდენობა ან ცნობა საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან), რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს საბანკო დაწესებულების ბლანკზე და მითითებული უნდა იყოს კვარტალის განმავლობაში ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული მინიმალური ნაშთის ოდენობა (ამ წესის დანართ №4-ში მოცემული ფორმის შესაბამისად).

 


მუხლი 13. ცენტრალური დეპოზიტარის მნიშვნელოვანი წილის შეძენა და გასხვისება
1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი რომელიც აპირებს შეიძინოს ცენტრალური დეპოზიტარის წილი იმ ოდენობით, რომ ცენტრალური დეპოზიტარის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

ბ) ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობის შესახებ ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში;

გ) ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ;

დ) მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია იმ ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრებაში აღმოჩენილი წილის რაოდენობის შესახებ, რომლის წილიც აჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს.

2. ცენტრალური დეპოზიტარის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს ცენტრალური დეპოზიტარის წილი იმ ოდენობით, რომ ამ ცენტრალური დეპოზიტარის კაპიტალში მისი ან ბენეფიციარი მესაკუთრის წილი 10, 25 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე.

3. ეროვნული ბანკი განიხილავს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით წარდგენილ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში და შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე გასცემს თანხმობას ან დასაბუთებულ უარს ეუბნება დაინტერესებულ პირს.

4. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური.


მუხლი 14. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი ანგარიშგება
1. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ეროვნულ ბანკს ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს შესაბამისი კალენდარული წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ფინანსური ანგარიშგება მომზადებული უნდა იყოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უნდა იყოს დადასტურებული ისეთი აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკს წაუდგინოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული კვარტალური ფინანსური ანგარიშგება კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო 45 კალენდარული დღისა.

3. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შეტყობინება ამ პუნქტით გათვალისწინებული მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 7 დღისა:

ა) აუდიტორის ცვლილების შესახებ;

ბ) წესდებაში, შინაგანაწესში ან/და პროცედურებში ცვლილებების განხორციელების შესახებ;

გ) არსებულ აქციონერთა/პარტნიორთა წილებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ (გარდა მნიშვნელოვანი წილის ცვლილებისა);

დ) ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ;

ე) ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მიზეზებისა და თარიღის მითითებით.

4. ცენტრალურმა დეპოზიტარმა წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს და მოიპოვოს თანხმობა ეროვნული ბანკისგან:

ა) თუ გადაწყვეტს ცვლილებების განხორციელებას ცენტრალური დეპოზიტარის წესებში; ასეთ შემთხვევაში, ცენტრალურმა დეპოზიტარმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს წესებში ცვლილების შინაარსის ამსახველი სრული დოკუმენტაცია;

ბ) მისთვის მინიჭებული ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების შესაბამისად, თუ გადაწყვეტს ახალი ტიპის საქმიანობის დაწყებას ან უკვე არსებული საქმიანობის შეწყვეტას;

გ) თუ გადაწყვეტს მმართველი ორგანოს წევრის შეცვლას; ასეთ შემთხვევაში ცენტრალურმა დეპოზიტარმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლით განსაზღვრული სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5. ეროვნული ბანკი ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ ცვლილებებს განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში და ცენტრალურ დეპოზიტარს აცნობებს წერილობით თანხმობას ან დასაბუთებულ უარს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 20 სამუშაო დღით, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. ეროვნული ბანკის თანხმობა გაცემულად ჩაითვლება, თუ იგი წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ აცნობებს განმცხადებელს უარს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებაზე ხელს აწერს და მასზე პასუხისმგებელია ცენტრალური დეპოზიტარის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.


მუხლი 15. ცენტრალური დეპოზიტარის ძირითადი და დამხმარე მომსახურებები
1. ცენტრალური დეპოზიტარის ძირითადი მომსახურებებია:

ა) ფასიანი ქაღალდების ემისიის რეგისტრაცია;

ბ) ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილისთვის „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნა და წარმოება;

გ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის ოპერირება (მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი).

2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით ცენტრალურმა დეპოზიტარმა შეიძლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ძირითად მომსახურებებთან დაკავშირებული შემდეგი დამატებითი მომსახურებები:

ა) ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მომსახურებები:

ა.ა) დეპოზიტარის, როგორც შუამავლის მიერ, ანგარიშსწორების სისტემის მონაწილეებს შორის ფასიანი ქაღალდების გასესხების მექანიზმის ორგანიზება;

ა.ბ) დეპოზიტარის, როგორც შუამავლის მიერ, ანგარიშსწორების სისტემის მონაწილეებისთვის გირავნობის საგნის მართვის მომსახურების გაწევა;

ა.გ) ვაჭრობის შემოწმება და დადასტურება, ვაჭრობასთან ანგარიშსწორების დაკავშირება და ინსტრუქციების დამუშავება;

ბ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნასა და წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურება:

ბ.ა) კორპორაციულ ქმედებებთან, საერთო კრებების მოწვევასთან და საინფორმაციო საკითხებთან დაკავშირებული მომსახურება;

ბ.ბ) ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული მომსახურება;

გ) სხვა ცენტრალურ დეპოზიტარებთან, მათ შორის, უცხოურ ცენტრალურ დეპოზიტარებთან, კასტოდიან ბანკებთან და საკლირინგო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, რომლითაც უზრუნველყოფს ანგარიშსწორების, გირავნობისა და სხვა დამხმარე საქმიანობებისთვის საჭირო ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნასა და წარმოებას;

დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურება;

ე) სხვა მომსახურებები:

ე.ა) ინფორმაციისა და სტატისტიკური თუ სხვა სახის მონაცემების მიწოდება სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის;

ე.ბ) საინფორმაციო-ტექნიკური მომსახურება.


მუხლი 16. გარდამავალი დებულებები
ამ წესის ამოქმედების მომენტისათვის მოქმედი ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია 2024 წლის 1 ივნისამდე მიმართოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს მას ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები (გარდა იმავე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა) სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით. ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, განახორციელოს ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე (გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციისა) და განსაზღვროს ვადა ამ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენისთვის.