დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 50/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 29/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016834 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-16 პუნქტების, 52-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 21 პუნქტის, 311 მუხლის მე-2 პუნქტისა და 312 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესი თანდართულ დანართთან ერთად. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესი (შემდგომში – წესი) გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმებისას. 2. ეროვნული ბანკის მიერ ცენტრალური დეპოზიტარისათვის ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყება ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცედურა. 3. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომლის მიზანია ცენტრალური დეპოზიტარის აქტივების რეალიზაცია და ცენტრალური დეპოზიტარის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ლიკვიდაციის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი. 4. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge) დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს აქტის გამოცემიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. 6. ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს ამ ცენტრალურ დეპოზიტართან დაკავშირებული პირი. 7. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების, აგრეთვე ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ეროვნული ბანკის მიერ იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის. მუხლი 2. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები 1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ ბანკის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა. 2. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება. 3. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში გაიხსნება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში) და მოხდება კომერციულ ბანკებში/მიკრობანკებში ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ყველა არსებული ანგარიშის დაბლოკვა, რის შემდეგაც თანხები აკუმულირდება სალიკვიდაციო ანგარიშზე. ამ ანგარიშის მეშვეობით მოხდება ანგარიშსწორება. 4. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება ცენტრალური დეპოზიტარის სალიკვიდაციო ანგარიშიდან. 5. ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. 6. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე ფულადი საშუალებებისა და მატერიალური აქტივების დაცვის მიზნით, ლიკვიდატორი უფლებამოსილია დალუქოს და აღრიცხოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები. 7. ცენტრალური დეპოზიტარის სალიკვიდაციო მასა შედგება სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისთვის ცენტრალური დეპოზიტარის კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისგან. სალიკვიდაციო მასაში არ გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც ცენტრალური დეპოზიტარის საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება (მათ შორის, აქტივები, რომლებსაც ცენტრალური დეპოზიტარი ფლობს, როგორც ანგარიშის მწარმოებელი ან ნომინალური მფლობელი), აგრეთვე კანონის 312 მუხლის მე-3 პუნქტითა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული აქტივები. 8. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეძენილი ქონება შედის ცენტრალური დეპოზიტარის აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად. 9. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს ეკრძალება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა და ის ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა/ვალდებულება. 10. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტზე ლიკვიდაციის დასრულებამდე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები. მუხლი 3. ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები 1. ლიკვიდატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საფინანსო საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება. 3. პირს ეკრძალება იყოს ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან/და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 4. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია. 5. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 6. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად რამდენიმე ცენტრალურ დეპოზიტარში. 7. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. შრომით ხელშეკრულებაში განისაზღვრება ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურების ოდენობა. მუხლი 4. ლიკვიდატორის უფლებები 1. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე ცენტრალური დეპოზიტარის ხელმძღვანელ ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორზე გადადის ცენტრალური დეპოზიტარის ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი ორგანოს) სრული უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ცენტრალურ დეპოზიტარს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. 2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ ცენტრალური დეპოზიტარის ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების მიერ დადებული გარიგებები ბათილია. 3. ლიკვიდატორს ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმათვის მიზნით, უფლება აქვს: ა) წარმართოს ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური დეპოზიტარის სახელით დადოს ახალი გარიგებები. ბ) დანიშვნის დღიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე, შეწყვიტოს ნებისმიერი გარიგება, მათ შორის: ბ.ა) ცენტრალური დეპოზიტარის თანამშრომლის დაქირავების შესახებ; ბ.ბ) ხელშეკრულება იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ცენტრალური დეპოზიტარი მონაწილეობდა; ბ.გ) ცენტრალური დეპოზიტარის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს,რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ცენტრალური დეპოზიტარი საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლების გამოყენებას აპირებს, არ აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და იგი არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას; გ) სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში ცენტრალური დეპოზიტარის სახელით განხორციელებული ქმედება ან/და დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად ცენტრალურ დეპოზიტართან დაკავშირებულმა პირმა ამ ცენტრალური დეპოზიტარის ხარჯზე მიიღო ქონებრივი სარგებელი ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც ცენტრალუი დეპოზიტარს ან/და მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა; დ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის კრედიტორთა და სხვა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 4. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს: ა) გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში სხვადასხვა ვალუტით; ბ) დროებით არ დახუროს კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშები; გ) აიღოს სესხი კომერციული ბანკებისგან ან/და მიკრობანკებისგან ან სხვა ეკვივალენტური ფორმით მესამე პირის წინაშე იკისროს ფინანსური ვალდებულება; დ) გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენებს ან სხვა პირს აქტივების მოთხოვნის უფლება; ე) აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით; ვ) ორგანიზება გაუწიოს მესამე პირებისათვის ვალდებულებათა გადაცემას; ზ) შექმნას სალიკვიდაციო კომისია. 5. ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ცენტრალური დეპოზიტარის აქტივები (გარდა კანონის 312 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა) საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს აქტივების რეალიზაციის სხვა ფორმა. 6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივების ან/და ვალდებულებების მესამე პირისთვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის ან/და მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივებისა და ვალდებულებების სხვა პირისთვის გადაცემისას არ იცვლება ამ აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ სუბიექტს გადასცემს ამ აქტივებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5. ლიკვიდატორის ვალდებულებები 1. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. ლიკვიდატორმა პროცესის წარმოებისას უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად. იგი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ანალოგიურ პირობებში უნდა ემოქმედა ჩვეულებრივ, საღად მოაზროვნე ადამიანს. მოვალეობათა არასათანადო შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ცენტრალური დეპოზიტარის დროებითი ან ყოფილი ლიკვიდატორები/ ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, გადააბარონ ცენტრალური დეპოზიტარის საქმეები ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში, ხოლო ლიკვიდატორმა თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს ცენტრალური დეპოზიტარის საქმეები ყოფილი ლიკვიდატორების/ხელმძღვანელებისგან ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები თავს აარიდებენ ცენტრალური დეპოზიტარის საქმეების გადაბარებას, ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ადასტურებს სალიკვიდაციო კომისია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამავდროულად მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები აღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად. 4. ლიკვიდატორი ვალდებულია, ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 10 (ათ) სამუშაო დღეში: ა) გაუგზავნოს შეტყობინებები შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს (მათ შორის, კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებს), რომლებთანაც, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, განთავსებულია ცენტრალური დეპოზიტარის საკუთარი ან/და კლიენტების სასარგებლოდ ცენტრალური დეპოზიტარის მფლობელობაში არსებული აქტივები, რათა მათ ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ განკარგონ ეს აქტივები. ასეთი შეტყობინება ფინანსურ ინსტიტუტს უნდა გაეგზავნოს ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ ლიკვიდატორისათვის ცენტრალური დეპოზიტარის საკუთარი ან/და კლიენტების სასარგებლოდ ცენტრალური დეპოზიტარის მფლობელობაში არსებული სხვა აქტივების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მოგვიანებით; ბ) აცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) განკარგვა; გ) აცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმდინარე ლიკვიდაციის შესახებ, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) განკარგვა; დ) გაუგზავნოს შეტყობინებები ცენტრალური დეპოზიტარის მმართველი ორგანოს ყოფილ წევრს/წევრებს ყველა ბეჭდისა და შტამპის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს; ე) გამოაქვეყნოს განცხადება ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე; ეს განცხადება პირველად გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, რომ კრედიტორებს უფლება აქვთ არაუგვიანეს ამ განცხადების განმეორებით გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინონ ლიკვიდატორს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით. 5. ლიკვიდატორმა უნდა გაანადგუროს ცენტრალური დეპოზიტარის ყველა ბეჭედი და შტამპი და შესაბამისი განადგურების აქტი წარმუდგინოს ეროვნულ ბანკს. ლიკვიდატორმა ამავდროულად უნდა უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება. 6. ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია: ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით; ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეადგინოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს; გ) დანიშვნიდან ორ თვეში დაუბრუნოს კლიენტებს მათ სასარგებლოდ ცენტრალური დეპოზიტარის მფლობელობაში არსებული ყველა აქტივი აღნიშნული აქტივების სხვა ცენტრალური დეპოზიტარისათვის ან/და ეროვნული ბანკისათვის გადაცემით ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად; დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს ცენტრალური დეპოზიტარის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება; ე) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში, შეადგინოს ცენტრალური დეპოზიტარის აქტივ-პასივების დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი); ვ) უზრუნველყოს ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება; ზ) ცენტრალური დეპოზიტარის ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტების ან/და სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე შეატყობინოს ეროვნულ ბანკს, რის შემდეგაც საქმეები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით; თ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის; ი) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; კ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი; ლ) ცენტრალური დეპოზიტარის გადახდისუუნარობის ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს; მ) საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ეროვნულ ბანკს მოუკითხავი თანხების ანგარიშის გახსნის მოთხოვნით; ნ) ეროვნულ ბანკს გადასცეს მოუკითხავი ფულადი სახსრები (არსებობის შემთხვევაში), რომელიც ირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, ასევე, გადასცეს დაკავშირებული დოკუმენტაცია; ო) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ცენტრალური დეპოზიტარის კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას, მათ შორის, მოვალეების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით; პ) დაიცვას ეთიკის ნორმები და მოეპყროს ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტებს კეთილსინდისიერად. 7. ლიკვიდაციის პროცესში ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში, იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე გადააბაროს სალიკვიდაციო პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის საქმეები. მუხლი 6. ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა 1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია: ა) ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების განზრახ გაჭიანურებისათვის; ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში ნებისმიერი პირების, მათ შორის, ცენტრალური დეპოზიტარის ყოფილი ლიკვიდატორების ან/და ხელმძღვანელი პირის/პირების მიერ ცენტრალური დეპოზიტარის აქტივების მითვისების ან/და გაფლანგვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის; გ) კომერციული ბანკებისგან და მიკრობანკებისგან მიღებული სესხის, ასევე, სხვა ეკვივალენტური ფორმით მესამე პირის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების არამიზნობრივად გამოყენებისათვის; დ) ლიკვიდაციის პროცერსში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის; ე) ცენტრალური დეპოზიტარის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისათვის და ამ ინფორმაციის წარდგენისათვის; ვ) ფინანსური დარღვევებისათვის; ზ) მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისათვის; თ) ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტებთან არაეთიკური მოქცევისათვის. 2. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული ლიკვიდატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით. ეს პუნქტი ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. მუხლი 7. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტების აქტივების გადატანა, რესტიტუცია 1. ლიკვიდატორი ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტების აქტივების გადატანის მიზნით მიმართავს სხვა ცენტრალურ დეპოზიტარს. 2. თუ ლიკვიდატორისგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობის გამო აქტივების სხვა ცენტრალურ დეპოზიტარში გადატანა ვერ ხერხდება, აქტივები შესაძლებელია დროებით გადავიდეს ეროვნულ ბანკში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული აქტივების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ სუბიექტს გადასცემს ამ აქტივებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას. მიმღები სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 4. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებსაც ცენტრალური დეპოზიტარი თავისი კლიენტების ფასიანი ქაღალდების საკუთარი ფასიანი ქაღალდებისგან განცალკევებით აღრიცხვისთვის იყენებს, განთავსებული შესაბამისი კლასის ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა არ არის საკმარისი ცენტრალურ დეპოზიტარის კლიენტების ანგარიშებზე დარიცხული იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, რესტიტუციაზე კლიენტების მოთხოვნები ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროპორციით ვრცელდება აგრეთვე იდენტური კლასის იმ ფასიან ქაღალდებზე, რომლებსაც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარი ფლობს თავის სასარგებლოდ. 5. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებიც კლიენტთა აქტივების ერთობლივი აღრიცხვისთვის გამოიყენება, არსებული აქტივების ერთობლიობა სრული რესტიტუციისთვის საკმარისი არ არის, ეს აქტივები შესაბამის კლიენტებს შორის მათი უფლებების პროპორციულად განაწილდება. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია ხორციელდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8. კრედიტორთა დაკმაყოფილება 1. კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 312 მუხლით გათვალისწინებული წესითა და რიგითობით. 2. მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კლიენტი. 3. იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 4. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს, შეყვანილი ხომ არ არის პირი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში. 5. ლიკვიდაციის დასრულებამდე კრედიტორის მიერ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი ვერ წარადგენს ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და ის არ არის დაკავშირებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ან/და ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებულ ქვეყნებთან, სალიკვიდაციო მასაში არსებული მოუკითხავი ფულადი სახსრები ლიკვიდატორის მიერ გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოუკითხავი თანხების ანგარიშიდან ეროვნული ბანკის მიერ ფულადი სახსრების კლიენტისათვის გადარიცხვის ხარჯებს გაიღებს კრედიტორი. მუხლი 9. მოუკითხავი თანხების დაბრუნება 1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრალური დეპოზიტარის კრედიტორი თანხის დაბრუნების მიზნით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნის შინაარსი და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ან/და ლიკვიდირებული იმ ცენტრალური დეპოზიტარის დასახელება, რომლის მიმართაც კრედიტორს ჰქონდა მოთხოვნები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიერ გაცემულ და დამოწმებულ საბანკო რეკვიზიტებთან ერთად უნდა დაერთოს, ასევე: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების უფლებამონაცვლე პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ამონაწერი და იურიდიული პირის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების იმ პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება ამონაწერის საფუძველზე, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; გ) იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ეკვივალენტური დოკუმენტები. 3. განცხადებისათვის დართული საბანკო რეკვიზიტები უნდა ეკუთვნოდეს კრედიტორს და კრედიტორი/საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ექცეოდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების/პირების ნუსხაში, ამასთან, წარმოდგენილი საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ეკუთვნოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ქვეყნებში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს/მიკრობანკს. 4. ეროვნული ბანკი კრედიტორის განცხადებას განიხილავს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. 5. თუ კრედიტორის განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეესაბამება ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი დოკუმენტების მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მოუკითხავი თანხების დაბრუნების თაობაზე იმ მოცულობით, რაც მითითებულია ლიკვიდატორის მიერ გადაცემულ მონაცემებში. 6. თუ კრედიტორის განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან განცხადებაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილ მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს მიზეზების მითითებით. მუხლი 10. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის ქონების/აქტივების საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ფორმით ჩატარების პროცედურა 1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ცენტრალური დეპოზიტარის აქტივები/ქონება საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდოს აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარის კუთვნილი ფიქსირებული აქტივების/ქონების აუქციონი წარიმართება აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და შემდეგი პირობების დაცვით: ა) საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი ქონების/აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი www.eauction.ge ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო ქონების/აქტივების მოკლე აღწერას. აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში; ბ) ლიკვიდატორი განცხადების პროექტს საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების შესახებ, შესათანხმებლად, აუქციონის ჩატარებამდე სულ მცირე 14 კალენდარული დღით ადრე წარუდგენს ეროვნულ ბანკს; გ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე შეძენილი ქონების/აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება; დ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გამარჯვებულს ქონების/აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას; ე) თუ პირველი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში ქონების/აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონს, პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველ საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75-% ის ფარგლებში; ვ) თუ განმეორებითი საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ვერ მოხერხდა აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75-% ის ფარგლებში, შემდეგ საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე სარეალიზაციო აქტივის საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისის ფასის არანაკლებ 50-% ის ფარგლებში. 2. საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გასაყიდი აქტივი/ქონება შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გარდა, ცენტრალური დეპოზიტარის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, აქტივების რეალიზაციის მიზნით საჯარო (ელექტრონული) აუქციონი ჩაატაროს დამატებით. 4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის აქტივები/ქონება, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არც ერთი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით ჩამოწეროს საბალანსო უწყისიდან. 5. ამ წესის საფუძველზე შემძენის საკუთრებაში ცენტრალური დეპოზიტარის აქტივის გადასვლის შედეგად (იმის მიუხედავად თუ რომელი რეალიზაციის ფორმა იქნა გამოყენებული) მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება უქმდება. მუხლი 11. ცენტრალური დეპოზიტარის გადახდისუუნაროდ გამოცხადება 1. ცენტრალური დეპოზიტარი გადახდისუუნარო შეიძლება გახდეს როგორც ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ისე ლიკვიდაციის პროცესის დროს. 2. ცენტრალური დეპოზიტარი შეიძლება გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) თუ ცენტრალური დეპოზიტარის აქტივები (განურჩევლად ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით; ბ) ცენტრალური დეპოზიტარი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა. 3. ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ცენტრალური დეპოზიტარის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აუქმებს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიას და იწყებს ლიკვიდაციის პროცესს ამ წესის შესაბამისად. 4. ლიკვიდაციის პროცესის დროს ცენტრალური დეპოზიტარი ეროვნულმა ბანკმა გადახდისუუნაროდ შეიძლება გამოაცხადოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლიკვიდატორის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე. 5. ცენტრალური დეპოზიტარის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. აღნიშნული განკარგულება ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. მუხლი 12. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება 1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტების აქტივებისა და ანგარიშების სხვა ცენტრალურ დეპოზიტარში გადატანის ხანგრძლივობით, აგრეთვე ცენტრალური დეპოზიტარის ვალდებულებების დაფარვის ხანგრძლივობით, რაც დამოკიდებულია ცენტრალური დეპოზიტარის აქტივების რეალიზაციისა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმეები, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. 2. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: ა) სრულადაა დაფარული ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ არსებული ყველა კრედიტორული მოთხოვნა; ბ) ცენტრალურ დეპოზიტარს აქვს დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარად; გ) უნდა განხორციელდეს გარდაქმნა ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული წესით; 3. ცენტრალურ დეპოზიტარს აქტივები აღარ აქვს, თუ: ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი; ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია; გ) დარჩენილი აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება; 4. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს ცენტრალური დეპოზიტარის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ, მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით; ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ცენტრალური დეპოზიტარის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია; გ) ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებას; დ) ინფორმაციას კრედიტორთა მოთხოვნის დაფარვის შესახებ; ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ. 5. ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდატორი თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული ცენტრალური დეპოზიტარის სალიკვიდაციო აქტს ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს. 6. სალიკვიდაციო სამუშაოების დამთავრებისთანავე ლიკვიდატორი ვალდებულია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგუროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის ბეჭედი და შტამპი, რაზეც ფორმდება განადგურების აქტი. აღნიშნული აქტი ლიკვიდატორის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ უნდა იქნეს ხელმოწერილი. 7. განადგურების აქტის ერთი ეგზემპლარი, განადგურებული (ნაწილებად დაჭრილი) ბეჭდებისა და შტამპების ეტიკეტებთან, თაბახის ფურცელზე დატანილი ბეჭდისა და შტამპების ნიმუშებთან ერთად, ინახება ეროვნულ ბანკში, მეორე ეგზემპლარი კი გადაეცემა ლიკვიდატორს. 8. ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. 9. ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვულ სააგენტოს ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოღების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურით გარდაქმნისას, რა შემთხვევაშიც ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებე ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება გარდაქმნის რეგისტრაციის მიზნით. 10. თუ ლიკვიდაციის დასრულებისას, ცენტრალურ დეპოზიტარს სრულად აქვს დაფარული ვალდებულებები და დარჩა აქტივები, ლიკვიდატორი ამ აქტივებს ცენტრალური დეპოზიტარის პარტნიორებს/აქციონერებს გადასცემს მათთან შეთანხმებით და სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით. 11. გამონაკლის შემთხვევებში, ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ცენტრალურმა დეპოზიტარმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას სხვა ტიპის საქმიანობის საზოგადოებად ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით. 12. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ცენტრალურმა დეპოზიტარმა, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის მიმართვამდე, ცენტრალური დეპოზიტარის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილება გარდაქმნასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარის გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ცენტრალური დეპოზიტარის ვალდებულებების შესრულებას.ასეთ შემთხვევაში საჭიროა ცენტრალური დეპოზიტარის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი კრედიტორის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ ცენტრალური დეპოზიტარის აქციონერთა/პარტნიორების გადაწყვეტილება. გარდაქმნის შემდგომ იგი აღარ ექვემდებარება კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. 13. ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის შემდგომ აღმოჩენილი აქტივის რეალიზაცია და ამოღებული თანხების განაწილება ცენტრალური დეპოზიტარის დარჩენილ კრედიტორებზე განხორციელდება კანონის 312 მუხლის მე-6 პუნქტის წესების დაცვით. მუხლი 13. ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯი 1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ცენტრალურ დეპოზიტარს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გასცეს თანხა ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად, რომელიც დაკმაყოფილდება კანონის კანონის 312 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიკვიდატორმა წერილობით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს. ლიკვიდატორმა დეტალურად უნდა აღწეროს ცენტრალური დეპოზიტარის ფინანსური მდგომარეობა, დაასაბუთოს, რომ ცენტრალურ დეპოზიტარს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად და შეუძლებელია ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, ასევე, მიუთითოს ამ წესის დანართი №1-ით დამტკიცებული იმ ხარჯების სრული ჩამონათვალი, რომელთა დასაფარადაც მიიმართება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხა. 3. ლიკვიდატორი პირველ ეტაპზე უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის ხარჯები. თუ ლიკვიდაციის პროცესში წარმოიშვა მეორე ეტაპის ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისთვის, ლიკვიდატორი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 4. ეროვნული ბანკი აფასებს ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ განცხადებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად თანხის გაცემაზე, თუ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს ან თანხის გაცემაზე უარის შესახებ. 5. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ლიკვიდატორი ვალდებულია, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე, ყოველთვიურად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხის გამოყენების თაობაზე. მუხლი 14. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება 1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს: ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ცენტრალური დეპოზიტარი; ბ) გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი; გ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა; დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ; ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღდეგება კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს. 2. თუ ლიკვიდაციის პროცესში ლიკვიდატორის მიერ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლიკვიდატორის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე არსებულ ლიკვიდატორს უწყდება უფლებამოსილება. 3. ეროვნული ბანკი ლიკვიდატორის მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საქმეს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს. |
დანართი №1
|
|
დოკუმენტის კომენტარები