გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/4485-24
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/02/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/4485-24
28/02/2024
ვებგვერდი, 04/03/2024
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
    
  

საქმე №330210324008766674 №2/4485-24

 

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 2024 წლის 28 თებერვალი 

 ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა დიდავა

 

განმცხადებელი – მოვალე – შპს „ოარი“ (ს/ნ 405173057)

წარმომადგენელი – რევაზ ორჯონიკიძე;

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება;

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „ოარის“  განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:     

 

2024 წლის 23 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ოარის“ წარმომადგენელმა რევაზ ორჯონიკიძემ, რომელმაც მოითხოვა შპს „ოარის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „ოარის“ ( ს/კ 405173057) მიმართ უნდა დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმე გაკოტრების რეჟიმით, რადგან ამჟამინდელი მდგომარეობით მისი საქმიანობა სრულად გაჩერებულია. კომპანიის ვადამოსული ვალდებულებები აღემატება მის ლიკვიდურ აქტივებს. კერძოდ, შპს „ოარის“ ბალანსზე დღეის მდგომარეობით არ ირიცხება არანაირი ტიპის მოძრავი თუ უძრავი ქონება, ხოლო კომპანიის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი შეადგენს 4.42 ლარსა და 11.30 ევროს.

განმცხადებლის განმარტებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ოარი“ დაფუძნდა 2016 წელს და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ინოვაციური „სტარტ აპ“ კომპანიის შექმნა, რომელიც ორიენტირებულია საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა სახის პროდუქციის, მათ შორის, ვიდეოთამაშების შექმნა და წარმოება. ზემოაღნიშნული მიზნების ფარგლებში, მთავარი საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ვირტუალური რეალობის ტიპის თამაშის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემდა სამედიცინო სფეროს სტუდენტებსა თუ დამწყებ ექიმებს, ჩაეტარებინათ სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ოპერაციები ვირტუალურ რეალობაში, რომელიც იქნებოდა მათთვის კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება, უსაფრთხოდ, ინოვაციური და სახალისო მეთოდებით. ვირტუალური რეალობის ტიპის თამაშის შექმნა და პროგრამული უზრუნველყოფა სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ფინანსების მოძიების მიზნით, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში, მათ შორის, სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელშიც ინოვაციური იდეისა და წარმატებული პრეზენტაციის საფუძველზე კომპანიამ მიიღო გრანტი 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით. კომპანიასა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა დაარეგისტრირეს ახალი მეწარმე სუბიექტი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ოარი“ (ს/ნ 405173157), რომელშიც. 95%-იანი წილის მფლობელია შპს „ჰეჯჰოგი“, ხოლო გრანტის სახით - ახლად დაარსებულ კომპანიაში განხორციელებული შენატანის, 100 000 (ასი ათასი) ლარის სანაცვლოდ, სააგენტოს მფლობელობაში არსებული წილის მოცულობა განისაზღვრა 5%-ის ოდენობით. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა ზემოთ ხსენებული 5%-იანი წილის გამოსყიდვის უფლებისა და გამოსყიდვის ვალდებულების პირობები. კომპანიის მხრიდან გრანტის სახით მიღებული თანხა სრულად გახარჯულია საგრანტო შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობით. შესაბამისად, ფაქტობრივად შეუძლებელია კომპანიის რეაბილიტაცია. ამჟამად მოვალის საქმიანობა სრულად შეჩერებულია და შესაბამისად არ ჰყავს დასაქმებული პირები. შპს „ოარს“ აღარ სურს საქმიანობის გაგრძელება მისი შეუძლებლობის გამო და მის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა ერთადერთი გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან.

სასამართლო  გაეცნო  წარმოდგენილ  განცხადებას,  თანდართულ  მასალებს  და  მიაჩნია, რომ შპს „ოარის“ (ს/ნ 405173057) უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, განცხადების წარმოებაში მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის /კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან). როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა კომპანიას აქვს ვალდებულება 100 000 ლარის ოდენობით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არათუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „ოარის“ (ს/ნ 405173057) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.   

 

მოსამართლე                                                                                 გოჩა დიდავა