ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016552
5
23/02/2024
ვებგვერდი, 27/02/2024
010250020.35.104.016552
ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის განხორციელების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია



დანართი

 

ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის განხორციელების წესი

მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. პროგრამის მიზანია „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 12 იანვარის №1/ნ  ბრძანებისა და „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის №01-129/ნ ბრძანების გათვალისწინებით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის საჭიროების მომსახურებასა  და მათი ოჯახების გაძლიერება, ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება, ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის ხელშეწყობა.

2. პროგრამა მოემსახურება ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ სოციალური კომუნიკაციის თვისებრივი ცვლილებები და ურთიერთობის დეფიციტი, ინტერესების, ქცევისა და აქტივობების შეზღუდული შესაძლებლობები და ეს დარღვევები პრობლემებს უქმნის ბავშვის ადაპტურ ფუნქციონირებას და ვლინდება განვითარების ადრეულ ეტაპზე.                                 

მუხლი 2.  პროგრამის სერვისებით მოსარგებლენი

 1. პროგრამა პირველ ეტაპზე მოემსახურება ბავშვებს აუტიზმის სპექტრის აშლილობებით (შემდგომში  „ასა“), რომლის დიაგნოსტიკა ხდება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის  (ICD-10) სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების საფუძველზე. ესენია:

ა) ბავშვთა აუტიზმი (F 84.0);

ბ) ატიპური აუტიზმი (F 84.1);

გ) ასპერგერის სინდრომი (F 84.5);

დ) განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი (F 84. 9).

2. ასა-ს გარდა, პროგრამა ასევე მოემსახურება ბავშვებს შემდეგი დარღვევებით:

ა) სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა (F 78);

ბ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R 62.0);

გ) მეტყველებისა და ენის განვითარების დარღვევები (F 80.9).

მუხლი 3. შესათავაზებელი სერვისები

1. თერაპიული ინტერვენციის ძირითადი პაკეტი მოიცავს:

ა)  ოკუპაციურ თერაპიას;

ბ) მეტყველებისა და ენის თერაპიას;

გ) ფსიქოლოგიურ დახმარებას.

2. საჭიროების შემთხვევაში პროგრამით ასევე შეიძლება ჩატარდეს:

ა) ქცევითი თერაპია;

ბ)  ხელოვნებით თერაპია;

გ) სპეციალური მასწავლებლის მომსახურება;

დ) გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად მშობელთა, უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსები.

3. პროგრამის სუპერვიზორი ვალდებულია მოსარგებლის ინდივიდუალური საჭიროებიდან  გამომდინარე, შესაბამის სპეციალისტებთან ერთად შეარჩიოს თერაპიული ინტერვენციის სახეობა, მათი ერთობლიობა, სეანსების რაოდენობა და აღნიშნულიდან გამომდინარე შეადგინოს ბავშვის აბილიტაცია/რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა, რომელიც დასტურდება ყველა სპეციალისტისა და მოსარგებლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით.

4. პროგრამა პირველი ეტაპისთვის მოსარგებლეს მიაწვდის ქცევით გამოყენების (ABA) თერაპიას, რაც წარმოადგენს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ მიმართულებას, რომელიც ფართოდ გამოიყენება განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებთან. ამისთვის მას ჰყავს ქცევის თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, არტ. თერაპევტი.

მუხლი 4. პროგრამის მიერ შეთავაზებული  სერვისებით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. სერვისით სარგებლობისათვის აუცილებელია მოსარგებლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბავშვთა ფსიქიატრის მიერ გაცემული მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N IV-100/ა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი, სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი;

ე) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.  წარმოდგენილი დოკუმენტების შემდეგ, რითაც უნდა დასტურდებოდეს ამ წესის მე-2 მუხლში ჩამოთვლილი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, მიიღება გადაწყვეტილება პროგრამით მომსახურებაში სერვისით მოსარგებლის ჩართვის თაობაზე.

მუხლი 5. ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა

1. პროგრამაში ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციას ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული მომსახურებას ახორციელებენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 

2. პროგრამის ორგანიზაციულ-ტექნიკური  მუშაობის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ: მენეჯერი, რეგისტრატორი, ტექნიკური მუშაკი, რომლებთანაც შრომით ხელშეკრულებას დებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საქმიანობას კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.

მუხლი 6. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

1. ამ წესში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.