დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/76 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/76 2024 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 25 სექტემბრის №01/1935 (სამინისტროში რეგისტრირებულია №14592/20) განცხადება – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი - სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული 2019 წლის 19 თებერვლის ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ ნაწილის დაბოლოებას განეკუთვნება. მაგისტრალი იწყება თურქეთის საზღვართან, რომელიც ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის გავლით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე მიდის. პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია TEM სტანდარტების შესაბამისად. რუსთავიდან ალგეთის გადაკვეთამდე მონაკვეთის (ლოტი 1) სიგრძე 21 კმ-ს შეადგენს, ხოლო ალგეთის კვანძიდან აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე წითელ ხიდამდე მონაკვეთის სიგრძე 10.9 კმ-ია (ლოტი 2). ლოტი 1-ს აქვს ოთხი ორდონიანი გადაკვეთა. ავტომაგისტრალს კვეთს ოთხი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართკუთხა კვეთის გზაგამტარების მოწყობა. საავტომობილო გზის მონაკვეთისთვის გათვალისწინებულია 11 ხიდი (საიდანაც 7 მათგანი სახიდე გადასასვლელს წარმოადგენს), რომლებიც ოთხ საგზაო კვანძთან მოეწყობა. ლოტი 2 იწყება ალგეთის კვანძიდან. ამ მონაკვეთზე წარმოდგენილია ორი კვანძი, სადაც მოეწყობა სახიდე გადასასვლელები. ასევე აშენდება ერთი ორმაგი ხიდი. გარდა ამისა, მონაკვეთზე მოეწყობა ორი დიდი 8.0მ*4.5მ მიწისქვეშა გასასვლელი. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული პროექტისთვის ყველაზე შესაფერისია არაარმირებული ბეტონის ხისტი საფარის გამოყენება. ხიდებისთვის, გადასასვლელებისთვის და მისასვლელ გზებთან დამაკავშირებელი კვანძებისთვის გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა საპროექტო სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ, ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს მიენიჭა პრიორიტეტი, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ელნარა მამედოვას (პ/ნ 28001023353) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე 288 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.03.16.020) ნაწილის 18715 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი - სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე 288 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N 83.03.16.020) მესაკუთრეა ელნარა მამედოვა (პ/ნ 28001023353). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ელნარა მამედოვას საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე 288 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N 83.03.16.020) ნაწილი - 18 715 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის. ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის 08 თებერვლის ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი - სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ელნარა მამედოვას (პ/ნ 28001023353) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე 288000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კN83.03.16.020) ნაწილზე – 18715 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ენუქიძე |
დოკუმენტის კომენტარები