„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4048-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 050050000.05.001.102233
4048-XIVმს-Xმპ
21/02/2024
ვებგვერდი, 07/03/2024
050050000.05.001.102233
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია სასაქონლო, მომსახურების, კოლექტიური და სასერტიფიკაციო ნიშნების რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენცია – „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია 1972 წლის 30 ნოემბერს);“.

3. მე-3–მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი

1. სასაქონლო ნიშანი არის ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ჩამოყალიბებულია ნათლად და მკაფიოდ და აქვს უნარი, ერთი საწარმოს საქონელი ან/და მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან/და მომსახურებისგან (შემდგომ – საქონელი) განასხვაოს.  

2. სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა შეიძლება იყოს სიტყვა (სიტყვები), სახელი (სახელები), ასო (ასოები), ციფრი (ციფრები), ბგერა (ბგერები), გამოსახულება, ფერი (ფერები), საქონლის ან მისი შეფუთვის ფორმა. 

3. სასაქონლო ნიშანი დაცულია მისი საქპატენტში რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

4. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად.

მუხლი 4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები

1. სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ შესაბამისი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა:

ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;

ბ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ;

გ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, არის საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლის აღმნიშვნელი ან/და მიჩნეულია ასეთად;

დ) საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება, ან არის სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლის დამახასიათებელი, საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინი ან სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია;

ე) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;

ვ) შესაძლებელს ხდის, მომხმარებელს საქონლის ხარისხის, თვისების, გეოგრაფიული წარმოშობის ან/და საქონლის სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეექმნას;

ზ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის საფუძველზე რეგისტრაციას არ ექვემდებარება, და არ არსებობს შესაბამისი კომპეტენტური უწყების ნებართვა მის გამოყენებაზე, ან მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ/ისტორიულ დასახელებას და არ არსებობს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე;

თ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა გერბს, ემბლემას, სახელწოდებას ან ორგანიზაციის ნიშანს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის შესაბამისად დაცული არ არის, მაგრამ საქართველოში აღნიშნული ნიშნის დაცვის მიმართ საჯარო ინტერესი არსებობს და არ არსებობს ამ ნიშნის მფლობელის ან/და სხვა კომპეტენტური უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე;

ი) შეიცავს ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე დაცულია საქართველოში, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება მცენარის იმავე ან მსგავსი ჯიშისთვის;

კ) აღნიშნავს მხოლოდ საქონლის ფორმას ან სხვა მახასიათებელს, რომელიც:

კ.ა) განპირობებულია საქონლის თვისებებით;

კ.ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად;

კ.გ) საქონელს არსებით ღირებულებას სძენს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ეს სასაქონლო ნიშანი სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა.

მუხლი 5. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები

სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი:

ა) იდენტური საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;

ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;

გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;

დ) საქართველოში რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე დიზაინის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ამ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი ითხოვს. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული დიზაინის (დიზაინების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;

ე) საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების იდენტურია ან მსგავსია, შეიცავს მას ან ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის, ანდა ამ სასაქონლო ნიშნით სარგებლობით მოხდება საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების რეპუტაციის გამოყენება. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება მისი გამოყენების უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანში ჩართულია დაუცველი ნაწილის სახით;

ვ) შეიცავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პირის სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს ან პორტრეტს და მის გამოყენებაზე არ არსებობს ამ პირის ან მისი მემკვიდრის თანხმობა, ხოლო თუ იგი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა, − საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა;

ზ) შეიცავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან მუზეუმის სრულ ან შემოკლებულ დასახელებას ან გამოსახულებას და არ არსებობს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იდენტურია ან მსგავსია და რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, მიუხედავად საქონლის იდენტურობისა ან მსგავსებისა, თუ ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას.“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სასაქონლო ნიშნის საფირმო სახელწოდებად ან მის ნაწილად გამოყენება.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება:

ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა საქონლის შეფუთვაზე, ეტიკეტზე, იარლიყზე ან ნებისმიერ სხვა საშუალებაზე, რომელზედაც შესაძლებელია სასაქონლო ნიშნის დატანა;

ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის, შეფუთვის, ეტიკეტის, იარლიყის ან ნებისმიერი სხვა საშუალების, რომელზედაც დატანილია ეს სასაქონლო ნიშანი, გასაყიდად შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, გასაღება, გასაღებისთვის მომზადება, დასაწყობება, იმპორტი ან ექსპორტი.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არ აქვს უფლება, აუკრძალოს მესამე პირს, სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს:

ა) საკუთარი სახელი ან/და მისამართი, თუ მესამე პირი ფიზიკური პირია;

ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც არაგანმასხვავებელუნარიანია ან არის საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლის აღმნიშვნელი;  

გ) დაცული სასაქონლო ნიშანი, თუ ის აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისთვის ან საქონელზე მითითებისთვის, კერძოდ, საქონლის დანიშნულების მისათითებლად, მათ შორის, თუკი ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონელი გამოიყენება, როგორც შემადგენელი ან სათადარიგო ნაწილი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი სასაქონლო ნიშანს სამეწარმეო საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპის დაცვით იყენებს.“.

6. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება შესაბამისი განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით, თუ განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციით განსაზღვრულ ოფიციალურ ან ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილ ექსპონატზე გამოყენებული სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება ექსპონატის გამოფენაზე წარდგენის პირველი დღით (საგამოფენო პრიორიტეტი), თუ ამ დღიდან შესაბამისი განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღამდე გასულია არაუმეტეს 6 თვისა. საგამოფენო პრიორიტეტი და საკონვენციო პრიორიტეტი ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. განაცხადში მითითებულ სხვადასხვა საქონელს შეიძლება სხვადასხვა პრიორიტეტი დაუდგინდეს.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

„მუხლი 111. საქონლის მითითება და კლასიფიკაცია

1. საქონელი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, კლასიფიცირებული უნდა იქნეს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით.

2. განაცხადში საქონელი უნდა მიეთითოს ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს სასაქონლო ნიშნისთვის მოთხოვნილი დაცვის ფარგლების ზუსტად და ცხადად განსაზღვრა.

3. განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებები (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელება) შეიძლება მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ ეს დასახელებები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას.

4. თუ განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვალი ბუნდოვანია ან/და ზოგადია, განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. საწინააღმდეგო შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

5. განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებების (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელების) მითითებისას განაცხადში მოცემული საქონლის ჩამონათვალის ფარგლები განისაზღვრება ამ დასახელებების პირდაპირი მნიშვნელობის მიხედვით. სასაქონლო ნიშნისთვის საქონლის ზოგადი დასახელებებით მოთხოვნილი დაცვა არ ვრცელდება ისეთ საქონელზე, რომელსაც ამ დასახელებების შინაარსი არ მოიცავს.

6. თუ სასაქონლო ნიშნის დაცვა მოითხოვება საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთზე მეტ კლასში შემავალი საქონლისთვის, განაცხადში სათანადო საქონელი უნდა დაჯგუფდეს კლასების მიხედვით და უნდა მიეთითოს შესაბამისი კლასის ნომერი.

7. საქონელი არ შეიძლება მსგავსად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთსა და იმავე კლასში. ამასთანავე, საქონელი არ შეიძლება განსხვავებულად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის სხვადასხვა კლასში.“.

8. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქპატენტს უფლება აქვს, განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისთვის საჭირო დამატებითი მასალა. დამატებითი მასალა საქპატენტს წარედგინება მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 2 თვეს. ეს ვადა აითვლება განმცხადებლისთვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან. მისი დარღვევისას საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

3. განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან ორზე მეტ დასახელებას შეიცავს, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ განაცხადად პირველ განაცხადში მითითებული საქონლის თითოეულ განაცხადზე გადანაწილებით, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. საქონელი განაცხადებში ისე უნდა გადანაწილდეს, რომ არ მოხდეს გამოყოფილ განაცხადებში მითითებული საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა. გამოყოფილ განაცხადებს უნარჩუნდება პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს სხვადასხვა საქონლისთვის წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან ორზე მეტი განაცხადის გაერთიანება. განაცხადების გაერთიანებისას თითოეულ განაცხადში მითითებულ საქონელს უნარჩუნდება შესაბამისი განაცხადის პრიორიტეტის თარიღი.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯაროა შესაბამისი განაცხადის შეტანისთანავე.“.

9. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ განმცხადებელი ითხოვს საკონვენციო პრიორიტეტს ან საგამოფენო პრიორიტეტს, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;

ბ) თუ მოთხოვნილია სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 382 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;

გ) თუ მოთხოვნილია კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;

დ) თუ განმცხადებელს გაეგზავნა შეტყობინება ექსპერტიზისთვის საჭირო დამატებითი მასალის მოთხოვნის შესახებ, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა შეჩერდება შეტყობინებაზე პასუხის მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური არ გადაიხდება ან გადახდილი თანხა საქონლის ერთი კლასის წარდგენისთვის დადგენილ თანხაზე ნაკლებია, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. თუკი ამ ვადაში გადაიხდება განაცხადში მითითებული საქონლის კლასების წარდგენისთვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისთვის საკმარისი თანხისა, აღნიშნული ექსპერტიზა ტარდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო კლასების შეურჩევლობის შემთხვევაში − პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.“.

10. 15მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებელს უფლება აქვს, განაცხადის შეტანისას ან მისი შეტანის შემდეგ ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს განაცხადის განსახილველად მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 თვისა, მოითხოვოს განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება.“.

11. მე-16 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში, თუ:

ა) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ირღვევა ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები;

ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ირღვევა ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები;

გ) არსებობს ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41−4პუნქტები:

„41. დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში იმავე მოთხოვნითა და საფუძვლით გასაჩივრება.

42. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის სააპელაციო პალატაში შეტანის უფლება აქვს:

ა) ნებისმიერ პირს იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით;

ბ) ადრინდელი უფლების მფლობელს იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა;

გ) ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

43. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ასაჩივრებს საქპატენტის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, ვალდებულია, თუ ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, სააპელაციო პალატას წარუდგინოს მტკიცებულება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა საქართველოში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სააპელაციო საჩივრის საფუძვლად. სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენების მტკიცებულების წარუდგენლობის ან მისი გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება წყდება. თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქონლის მხოლოდ შესაბამისი ნაწილისთვის.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 19მუხლი:

„მუხლი 191. სასაქონლო ნიშნის დაყოფა

1. სასაქონლო ნიშანი შეიძლება დაიყოს ორ ან ორზე მეტ იდენტურ სასაქონლო ნიშნად მათთვის დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა, საქპატენტი სასაქონლო ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის გადაიხდება დადგენილი საფასური. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

4. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან.

5. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ განცხადების შეტანამდე გადახდილი ყველა საფასური გადახდილად და ყველა შესაბამისი მოთხოვნა წარდგენილად მიიჩნევა დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი თითოეული სასაქონლო ნიშნისთვის.

6. სასაქონლო ნიშნის დაყოფის საფუძველზე წარმოშობილ სასაქონლო ნიშნებს უნარჩუნდება თავდაპირველი სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისა და პრიორიტეტის თარიღები.

7. დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნები შეიძლება ერთ სასაქონლო ნიშნად გაერთიანდეს.“.

13. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. საფასური

განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებისთვის, პრიორიტეტის მოთხოვნისთვის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის, ცვლილებების რეგისტრაციისთვის, გამოქვეყნებისთვის, მოწმობის გაცემისთვის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემისთვის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერებისთვის, აღდგენისა და გაგრძელებისთვის, სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის, დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების გაერთიანებისა და სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

14. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი გამოყენება სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ, აგრეთვე ლიცენზიატის მიერ და სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით მესამე პირის მიერ.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-5 პუნქტები:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა აგრეთვე:

ა) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება მცირედით განსხვავებული ელემენტებით, რომლებიც არ ცვლის სასაქონლო ნიშნის განმასხვავებელ ხასიათს, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა სასაქონლო ნიშანი იმ ფორმით, რომლითაც ის გამოიყენება;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნის ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელზე ან მის შეფუთვაზე დატანა.

4. იმ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება ჩართულია დაუცველი ნაწილის სახით, დასაშვებია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რომ მათი განხორციელება ბაზარზე სასაქონლო ნიშნის რეალურ გამოყენებად იქნეს მიჩნეული.“.

15. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6პუნქტი:

„62. თუ სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა მხოლოდ რეგისტრირებული საქონლის ჩამონათვალის ნაწილს ეხება, სასაქონლო ნიშნის გადაცემის შედეგად ძირითადი სასაქონლო ნიშნისა და ნაწილობრივ გადაცემული სასაქონლო ნიშნის შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა არ უნდა მოხდეს.“.

16. 26-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიატი სარჩელს აღძრავს მხოლოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით. განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, სარჩელი აღძრას სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობის გარეშე, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი ოფიციალური შეტყობინების მიღების შემდეგ გონივრულ ვადაში თავად არ აღძრავს სარჩელს.“.

17. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით. თუ სასაქონლო ნიშანზე რეგისტრირებულია სალიცენზიო ხელშეკრულება, სასაქონლო ნიშნის გაუქმება დასაშვებია, თუკი სასაქონლო ნიშნის მფლობელი წარადგენს მტკიცებულებას, რომ მან სასაქონლო ნიშნის გაუქმების მოთხოვნამდე ლიცენზიატს შეატყობინა ასეთი განზრახვის ქონის შესახებ;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასაქონლო ნიშანი რეალურად არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი საქართველოში. თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული, 5-წლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე პერიოდში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელია;“.

18. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:

ა) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა;

ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა;

გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია პარიზის კონვენციის მონაწილე ერთ-ერთ სახელმწიფოში განახორციელა ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენელმა ან აგენტმა თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე და სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენელი ან აგენტი ვერ წარადგენს შესაბამის დასაბუთებას;

დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს ისეთ საფირმო სახელწოდებას, რომელზე უფლებებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა;

ე) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ან/და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისთვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე;

ვ) იგი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტურია ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა, თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება მის მფლობელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას;

ზ) სასაქონლო ნიშანი არის მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი, რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, და სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

თ) სასაქონლო ნიშანში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო, რომელზე უფლებებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე, და, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ამ სიმბოლოზე უფლებების მფლობელს უფლება აქვს, აკრძალოს სასაქონლო ნიშნის გამოყენება;

ი) სასაქონლო ნიშნის გამოყენება შეიძლება აიკრძალოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე.

2. სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი რეგისტრირებულია ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევით, მაგრამ ეს სასაქონლო ნიშანი სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც ის არის რეგისტრირებული, განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა.

3. სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვოს:

ა) ნებისმიერმა პირმა, იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 მუხლის ან მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები;

ბ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელმა, იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-5 მუხლის (გარდა იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნები;

გ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელმა, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაცვლად მოითხოვოს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მისთვის გადაცემა.

5. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, მისი რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.

6. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საქონლის მთელი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.

7. სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის ან შეგებებული სარჩელის აღძვრამდე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა ადრინდელი უფლების მფლობელმა გასცა წერილობითი თანხმობა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე.

8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა ადრინდელი უფლების მფლობელმა ამავე მუხლის საფუძველზე სარჩელით ან შეგებებული სარჩელით მოითხოვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, მას არ აქვს უფლება, ხელახლა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, თუკი მას შეეძლო შესაბამისი საფუძვლით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა პირველი სარჩელის ფარგლებში მოეთხოვა.

9. პირს არ აქვს უფლება, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის საფუძველზე მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც ის გამოიყენება, თუ იგი სასამართლოს შესაბამისი სარჩელით არ მიმართავს 5 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სადავო სასაქონლო ნიშნის საქართველოში გამოყენების შესახებ. ეს წესი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ადრინდელი სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელმა დაკარგა სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.

11. სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ითხოვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას, ვალდებულია, თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სარჩელის საფუძვლად. სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენების მტკიცებულების წარუდგენლობის ან მისი გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში სარჩელზე საქმისწარმოება წყდება.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული დავის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქონლის მხოლოდ შესაბამისი ნაწილისთვის.“.

19. 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, მისი რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა სასაქონლო ნიშანზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან.

3. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს:

ა) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, თუ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ბ) ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული გარიგების მიმართ.“.

20. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

21. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვიდან გამონაკლისის სახით დასაშვებია კოლექტიურ ნიშნად ისეთი სიმბოლოს რეგისტრაცია, რომელიც არის საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის აღმნიშვნელი (ადგილის, რაიონის, რეგიონის, ქვეყნის სახელი ან სხვაგვარი აღნიშვნა, რომელიც საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე მიუთითებს).“.

22. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოლექტიური ნიშნის განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებს. განაცხადს უნდა დაერთოს კოლექტიური ნიშნის დებულება. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა საქპატენტს წარუდგინოს კოლექტიური ნიშნის დებულება.“.

23. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის Vთავი:

 „თავი V1

სასერტიფიკაციო ნიშანი

მუხლი 38 1. სასერტიფიკაციო ნიშანი

1. სასერტიფიკაციო ნიშანი არის სასაქონლო ნიშნის სახე, რომელიც სერტიფიცირებულ საქონელს განასხვავებს არასერტიფიცირებული საქონლისგან საქონლის მასალის, წარმოების პროცესის, ხარისხის, სიზუსტის ან სხვა მახასიათებლის (გარდა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობისა) მიხედვით.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი (მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი), თუ მისი საქმიანობა დაკავშირებული არ არის იმ საქონლის წარმოებასთან ან მიწოდებასთან, რომლისთვისაც მოითხოვება სასერტიფიკაციო ნიშნის დაცვა.

3. სასერტიფიკაციო ნიშანზე სრულად ვრცელდება ამ კანონით სასაქონლო ნიშნისთვის დადგენილი მოთხოვნები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 38 2. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება

1. განმცხადებელი ვალდებულია სასერტიფიკაციო ნიშნის განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა საქპატენტს წარუდგინოს სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება უნდა განსაზღვრავდეს სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე პირებს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობებს, შესაბამის საქონელს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოსაყენებლად საჭირო პირობების შემოწმებისა და მისი გამოყენების მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობების დარღვევისთვის დაწესებულ სანქციებს.

მუხლი 38 3. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

1. ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასერტიფიკაციო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ:

ა) სასერტიფიკაციო ნიშნის განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 381 და 382 მუხლების მოთხოვნებს;

ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;

გ) შესაძლებელია, რომ სასერტიფიკაციო ნიშანმა მომხმარებელს მისი მნიშვნელობის ან შინაარსის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებითაც აღმოიფხვრება სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.

მუხლი 38 4. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები

ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, მესამე პირმა სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო პალატაში შეიძლება გაასაჩივროს, თუ დარღვეულია ამავე კანონის 383 მუხლის მოთხოვნები.

მუხლი 38 5. სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება

სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი ამ კანონის 382 მუხლით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ გამოყენება, თუ დაკმაყოფილებულია ამავე კანონით დადგენილი, სასაქონლო ნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები.

მუხლი 38 6. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში ცვლილებების შეტანა

1. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი ვალდებულია სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეტანილი ცვლილებები საქპატენტში დაარეგისტრიროს.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შესატანი ცვლილებები უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 382 და 383 მუხლების მოთხოვნებს.

3. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილება ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში, თუ დარღვეულია ამ კანონის 383 მუხლის მოთხოვნები.

4. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან.

მუხლი 38 7. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების გადაცემა

სასერტიფიკაციო ნიშანი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 381 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

მუხლი 38 8. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დაცვა

1. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დარღვევისას სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე პირების სახელით მოითხოვოს სასერტიფიკაციო ნიშნის უნებართვო გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

მუხლი 38 9. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები

ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასამართლო აუქმებს სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციას, თუ:

ა) სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს ამ კანონის 38 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს;

ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი არ იღებს შესაბამის ზომებს, რათა სასერტიფიკაციო ნიშანი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებით განსაზღვრული სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობების დაცვით იქნეს გამოყენებული;

გ) სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის;

დ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება ამ კანონის 386 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში არ შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებითაც აღმოიფხვრება აღნიშნული საფუძველი.

მუხლი 38 10. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები

ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასამართლო სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს, თუ ის რეგისტრირებულია ამავე კანონის 386 მუხლის მოთხოვნების დარღვევით და სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში არ შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებითაც აღმოიფხვრება აღნიშნული საფუძველი.“.

24. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა

1. იმ სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით (შემდგომ – საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი), ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა და მოწმდება საქონლის ჩამონათვალის ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის მიმართ ამ კანონის I–V1 თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „დაცვა“.“.

25. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:

„მუხლი 451. რეგისტრირებული, კონფლიქტის მქონე სასაქონლო ნიშნების ურთიერთობა

1. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევისას სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, თუ ამ კანონის 28-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9 ან მე-11 პუნქტის საფუძველზე დაუშვებელია უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელს სასაქონლო ნიშნის გამოყენება აუკრძალოს.“.

მუხლი 2

1. იმ სასაქონლო ნიშნის მფლობელს ან განმცხადებელს, რომელმაც განაცხადი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ ამ კანონის ამოქმედებამდე შეიტანა და აღნიშნულ განაცხადში საქონლის ჩამონათვალი საერთაშორისო კლასიფიკატორის კლასის სათაურის სახით მიუთითა, უფლება აქვს, დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი და მიუთითოს ის საქონელი, რომელიც საერთაშორისო კლასიფიკატორის კლასის სათაურში გამოყენებული საქონლის დასახელების პირდაპირ მნიშვნელობას არ შეესაბამება, თუ განაცხადის შეტანის მომენტისთვის ეს საქონელი საერთაშორისო კლასიფიკატორის მოქმედი რედაქციის ანბანურ ჩამონათვალში იყო მოცემული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ჩამონათვალის დაზუსტების შესახებ განცხადება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ უნდა წარედგინოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 5 წლისა. დაზუსტებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. დაზუსტებული საქონელი კანონით დადგენილი წესით შეიტანება სასაქონლო ნიშნების რეესტრში და შესაბამისი მონაცემები ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. ამ პუნქტის თანახმად საქონელი უნდა დაზუსტდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 42 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და 451 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასაქონლო ნიშანზე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოითხოვება უფლებების გადაცემა, ლიცენზიის რეგისტრაცია, სასაქონლო ნიშნების რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა, სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება, ან თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი მესამე პირის წინააღმდეგ სააპელაციო პალატაში შეიტანს საჩივარს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ აღნიშნულ მოთხოვნაზე საქმისწარმოების პროცესში განმცხადებელს/სასაქონლო ნიშნის მფლობელს გაუგზავნის შესაბამის შეტყობინებას და მისცემს საქონლის ჩამონათვალის დაზუსტების შესაძლებლობას.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის მფლობელი ან განმცხადებელი ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ან ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ დააზუსტებს საქონლის ჩამონათვალს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის მომენტიდან მიიჩნევა, რომ სასაქონლო ნიშანი დაცულია მხოლოდ იმ საქონლისთვის, რომელიც ცხადად გამომდინარეობს საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის სათაურში მითითებული საქონლის ჩამონათვალის შინაარსიდან (მნიშვნელობიდან).  

5. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქონლის ჩამონათვალი ზუსტდება საფასურის გადახდის გარეშე.

მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი ინარჩუნებს შესაბამის სტატუსს.

მუხლი 4

1. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 5

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 თებერვალი 2024 წ.

N4048-XIVმს-Xმპ