მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016829
34/04
14/02/2024
ვებგვერდი, 15/02/2024
220090000.18.011.016829
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №34/04

2024 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 და მე-16 პუნქტების, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 და 102 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაწყებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდაციის პროცესები დასრულდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესით. 
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის № 59/04 ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი (შემდგომში – წესი) გამოიყენება იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (შემდგომში – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) მიმართ, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) გაუუქმა რეგისტრაცია, გარდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 102​მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომელიც იწყება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის  მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტის მიღებისთანავე და რომლის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების/ქონების რეალიზაცია და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი.

3. ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

4. რეგისტრაციის გაუქმების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირი.

6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმება, ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ლიკვიდატორის დანიშვნა შეიძლება განხორციელდეს ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (აქტები) გამოცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge).

8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (აქტები) ეროვნული ბანკის მიერ წარედგინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

მუხლი 2. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები 

1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა.

2. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ წყდება იძულებითი აღსრულება.

3. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს ლიკვიდატორის ფუნქციების შესრულების დაწყებამდე  საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში გაიხსნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში) და მოხდება ყველა სხვა კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში არსებული თანხების აკუმულირება სალიკვიდაციო ანგარიშზე. ამასთან, აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით მოხდება ანგარიშსწორება.

5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების დღიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წყდება პროცენტებისა და სარგებლის დარიცხვა მიღებულ კრედიტებსა და სხვა ვალდებულებებზე და ამ თარიღისათვის დარიცხული გაუცემელი პროცენტები გაერთიანდება ძირითად ვალთან.

6. რეგისტრაციის გაუქმებისთანავე დაიბლოკება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გახსნილი ყველა  ანგარიში, ლიკვიდატორის შეტყობინების საფუძველზე.

7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი კრედიტორი ფიზიკური/იურიდიული პირის სახელზე სხვადასხვა ხელშეკრულებით რიცხული მოთხოვნები ერთიანდება და გადაიტანება შესაბამისი ფიზიკური/იურიდიული პირის ძირითადი მოთხოვნის ანგარიშზე. კრედიტორი ფიზიკური/იურიდიული პირის ძირითადი მოთხოვნის ანგარიშზე რიცხული ჯამური თანხა არის ამ პირის მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ.

8. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა შეიძლება მხოლოდ ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად ვადადამდგარი მოთხოვნების მიმართ. თუ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილებულა, დარჩენილ ნაწილში ის დაკმაყოფილდება ამ ბრძანებით დადგენილი საერთო წესით.

9. რეგისტრაციის გაუქმების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ფულადი საშუალებებისა და მატერიალური აქტივების დაცვის მიზნით, დალუქოს და აღრიცხოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები.

10. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სალიკვიდაციო ანგარიშიდან, რომელიც პირველ რიგში დაკმაყოფილდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

11. ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ექვემდებარება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.

12. რეგისტრაციის გაუქმების დღიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება ამ რეგისტრაციით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა და ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება.

13. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ისეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც ფილიალები ან/და შვილობილი საწარმოები აქვს საზღვარგარეთ, ეროვნული ბანკი შეტყობინებას უგზავნის იმ ქვეყნის ზედამხედველ ორგანოებს, სადაც მდებარეობს ფილიალი ან/და შვილობილი საწარმო.

14. ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

15. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდგომ შეძენილი ქონება შედის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.

მუხლი 3. ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელი ხარჯი

1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გასცეს თანხა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად, რომელიც  დაკმაყოფილდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიკვიდატორმა წერილობით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს.  ლიკვიდატორმა დეტალურად უნდა აღწეროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობა, დაასაბუთოს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად და შეუძლებელია ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, ასევე, მიუთითოს ამ წესის დანართი №1-ით დამტკიცებული იმ ხარჯების სრული ჩამონათვალი, რომელთა დასაფარადაც მიიმართება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხა.

3. ლიკვიდატორი პირველ ეტაპზე უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის ხარჯები. თუ ლიკვიდაციის პროცესში წარმოიშვა მეორე ეტაპის ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისთვის, ლიკვიდატორი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

4. ეროვნული ბანკი აფასებს ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ განცხადებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად თანხის გაცემაზე, თუ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს ან თანხის გაცემაზე უარის შესახებ.

5. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ლიკვიდატორი ვალდებულია ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ყოველთვიურად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხის გამოყენების თაობაზე.

მუხლი 4. ლიკვიდატორის უფლებები

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა ორგანოს ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.

2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაებას ახალ გარიგებებში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ დადებული გარიგებები ბათილია.

3. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ლიკვიდატორი უფლებამოსილია შექმნას სალიკვიდაციო კომისია.

4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე შეუძლია შეწყვიტოს:

ა)   მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლის დაქირავების შესახებ გარიგება;

ბ) იმ მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობდა;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (მეიჯარე 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აპირებს, გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც  შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის დაირიცხა და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას.

5. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული  ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.

6. ლიკვიდატორს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით, უფლება აქვს:

ა) ეროვნული ბანკის თანხმობით ლიკვიდაციის პროცესში, სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შესაბამისი (მათ შორის, შრომითი)  ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე შესაბამის სამსახურებთან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვის/შენახვის და დაარქივების უზრუნველსაყოფად;

ბ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა და სხვა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

გ) საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ეროვნულ ბანკს მოუკითხავი თანხების ანგარიშის გახსნის მოთხოვნით;

დ) ეროვნულ ბანკს გადასცეს მოუკითხავი ფულადი სახსრები, რომელიც ჩაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, ასევე, გადასცეს დაკავშირებული დოკუმენტაცია.

7. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ლიკვიდატორს უფლება აქვს:

ა) დროებით არ დახუროს კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში არსებული მიმდინარე ანგარიშები;

ბ) მიიღოს სესხი კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან;

გ) აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს და ორგანიზება გაუწიოს აღნიშნულ ვალდებულებათა გადაცემას.

8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე (ელექტრონულ აუქციონზე) გაყიდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა. ამისთვის მან ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს ის გათვლები და ვარაუდები, რომლებსაც დაეყრდნობა რეალიზაციის ფორმის შერჩევისას, კერძოდ, ამონაგები თანხის ოდენობის, რეალიზაციის ვადების, საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის, აქტივების ფლობასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯების შესახებ.

9. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა პირისათვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული პროცესის საფუძველზე, შესაბამისი მიმღები დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. ლიკვიდატორის ვალდებულებები

1. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.

2. ლიკვიდატორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყოფილი ადმინისტრატორები ვალდებული არიან, გადააბარონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმეები ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში, ხოლო ლიკვიდატორმა, თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმეები ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყოფილი ადმინისტრატორები თავს აარიდებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმეების ლიკვიდატორისთვის გადმობარებას, ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ადასტურებს მის მიერ შექმნილი სალიკვიდაციო კომისია. ამავდროულად, ლიკვიდატორმა უნდა მიიღოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები აღნიშნულ ადმინისტრატორთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.

5. ლიკვიდატორი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში:

ა) შეადგინოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

ბ) დაუგზავნოს შეტყობინებები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებს, საბარათე ინსტრუმენტების და ფულადი გზავნილების ანგარიშსწორებათა მომსახურე ორგანიზაციებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება;

გ) დაუგზავნოს შეტყობინებები საბარათე ინსტრუმენტების შესაბამის საგადახდო სქემების ორგანიზაციებს და მოითხოვოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ემიტირებული საბარათე ინსტრუმენტების გაუქმება;

დ) წერილობითი ფორმით გაუგზავნოს შეტყობინება  სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის  კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) გასხვისება;

ე) დაუგზავნოს შეტყობინებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა ყოფილ ადმინისტრატორს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

6. ლიკვიდატორმა, მის მიერ შექმნილ სალიკვიდაციო კომისიასთან ერთად, უნდა გაანადგუროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი და ამავდროულად უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება. ლიკვიდატორი ვალდებულია შესაბამისი განადგურების აქტი წარადგინოს ეროვნულ ბანკში. განადგურების აქტი ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის მონაწილე პირები.

7. მოთხოვნის შემთხვევაში ლიკვიდატორმა კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებს უნდა წარუდგინოს ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშები.

8. ლიკვიდატორმა ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწყისი ბალანსის შედგენიდან ერთ თვეში:

ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ კრედიტორებს წერილობით  უნდა გაუგზავნოს შეტყობინება, ხოლო ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განცხადების გამოქვეყნებით, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მათ, დადგენილ ვადებში, ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით;

ბ) მოვალეებს გაუგზავნოს შეტყობინება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინაშე არსებული დავალიანების (ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი) თაობაზე. მოითხოვოს მათგან 1 თვის ვადაში წერილობითი დასტურის წარმოდგენა, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სრულად დაფარვის თაობაზე.

9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით, ლიკვიდატორი ვალდებულია:

ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;

ბ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შეადგინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივ-პასივების დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი) და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

დ) უზრუნველყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნისა და მოვალეთა მიერ დავალიანების თაობაზე მიწოდებული ინფორმაციის კანონიერების შემოწმება;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მოვალეების დავალიანებების  რესტრუქტურიზაციას, რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ვადაში დასაფარავად;

ვ) მოვალეების მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;         

ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ქონების გაფლანგვის ან/და მითვისების ფაქტების ან სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე აცნობოს ეროვნულ ბანკს და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მიზნით;

თ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება ან აქტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;

ი) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში;

კ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;

ლ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და აღნიშნული წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რის შემდეგაც ლიკვიდატორი მოქმედებს მხოლოდ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მის შესაბამისად;

მ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას;

ნ) უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს სამართლიანობის პრინციპისა და ეთიკის ნორმების დაცვით.

10. ლიკვიდაციის პროცესში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში, იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე, გადააბაროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმეები და ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და დაკავშირებული დოკუმენტაცია.

მუხლი 6. კრედიტორების დაკმაყოფილება 

1. ლიკვიდატორმა, ლიკვიდაციის დროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნები, რომელთა საფუძველია ფინანსური გირავნობა, უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი შეთანხმების პირობების დაცვით (ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი თანამიმდევრობით: 

ა) კრედიტორები, რომელთა მიმართაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშვა ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ;

ბ) კრედიტორ ფიზიკურ პირთა მოთხოვნები;

გ) კრედიტორ იურიდიულ პირთა მოთხოვნები;

დ) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ დანარჩენი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით არსებული მოთხოვნებისა;

ვ) სუბორდინირებული ვალდებულებები დაფარვის თარიღების თანმიმდევრობის  მიხედვით;

ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სხვა ვალდებულებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.

2. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

3. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად არსებობს საკმარისი ფულადი სახსრები და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის თითოეულ ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნების დაფარვის უზრუნველსაყოფად, ლიკვიდატორს უფლება აქვს მოახდინოს აქტივების რეალიზაციის შედეგად ნაწილ-ნაწილ შემოსული თანხების აკუმულირება.

5. პირობითი ვალდებულებები, რომელიც არსებობდა ლიკვიდაციის დაწყებამდე და რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ, წარმოშობილად ითვლება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული მოთხოვნა წარმოშობილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც წარმოიშვა კრედიტორის მოთხოვნა დავის საგანზე, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კლიენტი.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

8. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს პირი შეყვანილი ხომ არ არის გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში.

9. ლიკვიდატორი ვალდებულია მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას.

10. ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში  კრედიტორის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ  კრედიტორი ვერ წარადგენს ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და ის არ არის დაკავშირებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ან/და ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებულ ქვეყნებთან, ასეთი ფულადი სახსრები ლიკვიდატორის მიერ გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოუკითხავი თანხების ანგარიშიდან ეროვნული ბანკის მიერ ფულადი სახსრების კლიენტისათვის გადარიცხვის ხარჯებს გაიღებს კლიენტი.

მუხლი 7. მოუკითხავი თანხების დაბრუნება

1. ამ წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორი კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნის შინაარსი და ლიკვიდაციაში მყოფი ან/და ლიკვიდირებული იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დასახელება, რომლის მიმართაც კრედიტორს ჰქონდა მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას კომერციული ბანკის ან მიკრობანკის  მიერ გაცემულ და დამოწმებულ საბანკო რეკვიზიტებთან ერთად უნდა დაერთოს, ასევე:

ა)  ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი, ხოლო განცხადების უფლებამონაცვლე პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ასევე,  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;  

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული  ამონაწერი და იურიდიული პირის წარმომადგენლის  პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების იმ პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება ამონაწერის საფუძველზე, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ეკვივალენტური დოკუმენტები.

3.  განცხადებისათვის დართული საბანკო  რეკვიზიტები უნდა ეკუთვნოდეს კრედიტორს და კრედიტორი/საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ექცეოდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების/პირების ნუსხაში, ამასთან, წარმოდგენილი საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ეკუთვნოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ქვეყნებში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს/მიკრობანკს.

4. ეროვნული ბანკი კრედიტორის განცხადებას განიხილავს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

5. თუ კრედიტორის  განცხადება  აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეესაბამება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი დოკუმენტების მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მოუკითხავი თანხების დაბრუნების თაობაზე იმ მოცულობით, რაც მითითებულია ლიკვიდატორის მიერ გადაცემულ მონაცემებში.

6. თუ კრედიტორის განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან განცხადებაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის  ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში  წარდგენილ  მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს მიზეზების მითითებით.

მუხლი 8. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ფორმით ჩატარების პროცედურა

1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე (შემდგომში − აუქციონი) გაყიდოს აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილი ფიქსირებული აქტივების აუქციონი წარიმართება აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და  შემდეგი პირობების დაცვით:

ა) აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი ქონების/აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო ქონების/აქტივების მოკლე აღწერას. აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) ლიკვიდატორი განცხადების პროექტს აუქციონის  ჩატარების შესახებ, აუქციონის  ჩატარებამდე სულ ცოტა 14 კალენდარული დღით ადრე, შესათანხმებლად წარუდგენს ეროვნულ ბანკს;

გ) აუქციონზე შეძენილი ქონების/აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;

დ) აუქციონზე გამარჯვებულს ქონების/აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ე) აუქციონზე გაყიდული ქონების/აქტივის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ქონებასთან/აქტივთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე;

ვ) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში ქონების/აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით აუქციონს პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით აუქციონზე ქონების/აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი, შესაძლებელია განისაზღვროს პირველ აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზე ვერ მოხერხდა ქონების/აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ აუქციონზე სარეალიზაციო ქონების/აქტივის საწყისი ფასი, შესაძლებელია განისაზღვროს პირველი  აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში.

2. აუქციონზე გასაყიდი ქონება/აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით  აუქციონი  ჩაატაროს დამატებით.

4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის მოთხოვნის უფლებები, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არცერთი აუქციონის დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტებით შესაბამისი გატარებების მეშვეობით ჩამოწეროს საბალანსო უწყისიდან.

მუხლი 9. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება

1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო საქმეები, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

2. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ სრულადაა დაფარული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა.

3. ლიკვიდაციის პროცესი წყდება, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ერიცხება დაუფარავი ვალდებულებები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი ვალდებულებების დასაფარავად. აღნიშნულ შემთხვევაში ლიკვიდატორი მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები აღარ აქვს, თუ:

ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;

ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;

გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებულნი არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.

5. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;

დ) ინფორმაციას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;

ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.

6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სალიკვიდაციო აქტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს. სალიკვიდაციო სამუშაოების დამთავრებისთანავე ლიკვიდატორი ვალდებულია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგუროს  ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბეჭედი და შტამპი, რაზეც ფორმდება განადგურების აქტი. აღნიშნული აქტი ლიკვიდატორის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი. განადგურების აქტის ერთი ეგზემპლარი, განადგურებული (ნაწილებად დაჭრილი) ბეჭდებისა და შტამპების ეტიკეტებთან, თაბახის ფურცელზე დატანილი ბეჭდისა და შტამპების ნიმუშებთან ერთად, ინახება ეროვნულ ბანკში, ხოლო მეორე ეგზემპლარი  გადაეცემა ლიკვიდატორს.

7. ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. აღნიშნული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

8. იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების ნიშნები, ლიკვიდატორი ადგენს სალიკვიდაციო აქტს, რომელსაც წარუდგენს ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიცემა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რის შემდგომაც ლიკვიდატორი მოქმედებს მხოლოდ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მის შესაბამისად.

9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღების მიზნით.

10. იმ შემთხვევებში, თუ ლიკვიდაციის დასრულებისას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სრულად აქვს დაფარული ვალდებულებები და დარჩა აქტივები, ლიკვიდატორი ამ აქტივებს გადასცემს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქციონერებს/პარტნიორებს მათთან შეთანხმებით და სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქციონერის/პარტნიორის ან უფლებამონაცვლის წერილობითი თანხმობით, აქციონერი/პარტნიორი ან უფლებამონაცვლე, სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით, ეროვნულ ბანკს გადასცემს ლიკვიდირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოპერაციული სისტემის ელექტრონულ ასლს მონაცემთა ბაზითა და ბუღალტრული ჩანაწერებით. ამასთან, ეროვნული ბანკი წინასწარ, წერილობით იღებს თანხმობას, აქციონერისგან/პარტნიორისგან ან უფლებამონაცვლისგან, რეორგანიზაციის შემდგომ, მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციის შემთხვევაში, დაარქივებული (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტიური სტატუსის პერიოდის) დოკუმენტები გადასცეს ეროვნული ბანკს.

11. გამონაკლის შემთხვევებში, ეროვნული ბანკის თანხმობით შეიძლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას ისეთ მეწარმე-სუბიექტად, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას. ამასთან, საქმიანობის საგნის შეცვლა უნდა ემსახურებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დანარჩენი ვალდებულებების გასტუმრებას, რისთვისაც საჭიროა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი კრედიტორის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. 

12. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლის შემთხვევაში წყდება ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი და იგი აღარ ექვემდებარება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

მუხლი 10. ეროვნული ბანკის უფლებები

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:

ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;

ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;

დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ;

ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება ლიკვიდაციის მიზნებს.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოვლენილი დარღვევების გამო, ლიკვიდატორის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის სერიოზულობის გათვალისწინებით, საქმე გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს.

მუხლი 11. ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა

1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:

ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით წარმართვაზე, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების შეგნებულად გაჭიანურებისათვის;

ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების გაფლანგვის ან/და მითვისების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყოფილი ადმინისტრატორების ან თავად ლიკვიდატორის მხრიდან ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;

გ) მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის;

დ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;

ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისათვის;

ზ) ფინანსური დარღვევებისათვის;

თ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტებთან/კრედიტორებთან არაეთიკური მოპყრობისათვის.

2. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

მუხლი 12. ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები

1. ლიკვიდატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

3. პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

4. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია.

5. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის, სულ მცირე, 3 წლის სტაჟი.

6. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად ერთდროულად რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტში.

7. იმ შემთხვევაში, თუ ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ არის, მისი დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.

8. შრომით ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი ლიკვიდატორის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.


დანართი 1

 


 

I ეტაპის ხარჯები:

ლიკვიდატორის ბეჭდის დამზადება;

ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი) ლიკვიდაციაში

მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ;

ცნობები სსიპ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ლიკვიდაციაში მყოფი მიკროსაფინანსო

ორგანიზაციის უძრავი ქონებისა და სხვა კომპანიებში წილის ფლობის შესახებ;

სსიპ  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე კრედიტორთა ვალდებულებების

დაზუსტების თაობაზე განცხადების გამოქვეყნება;

თარჯიმნის, ნოტარიუსის, ტრანსპორტირების ხარჯი;

ბუღალტრის ხელფასი (დარიცხული ) მინიმუმ 3 თვის;

იჯარის ხარჯი  მინიმუმ 3 თვის;

კომუნალური გადასახადები 3 თვის;

ფოსტის მომსახურება.

II ეტაპის ხარჯები:

დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ სასესხო პორტფელის შეფასება (დამოკიდებულია პორტფელზე 25-მდე

სესხის შეფასების ღირებულებაა გათვალისწინებული)  აუცილებლობის ან/და მიზანშეწონილობის შემთხვევაში;

უძრავი/მოძრავი ქონების და არამატერიალური აქტივის შეფასება;

სსიპ  აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადასახდელი თანხა (იმ შემთხვევაში, თუ აღსრულებას

გადაეცემა სესხი, წინასწარ უნდა ჩაერიცხოს მოთხოვნილი თანხის  სასამართლოთი დაკისრებული თანხის 2%);

სასამართლო ბაჟი სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე (მოთხოვნილი თანხის) (შეიძლება გადავადდეს,

გადახდის დაკისრება მოხდება საქმის წაგების შემთხვევაში);

საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე მონაწილეობის გადასახადი;

საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდული ქონების გადასახადი (ქონების გაყიდვის ხარჯის %);

ლიკვიდაციაში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დოკუმენტების დაარქივება  აუცილებლობის ან/და

მიზანშეწონილობის შემთხვევაში;

სხვა ხარჯი.